12.06.2024

გადაწყვეტილება საქმეზე - ა(ა)იპ საქართველოს კინოინსტიტუტი TV იმედისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ

 

განმცხადებელი: ა(ა)იპ საქართველოს კინოინსტიტუტი

მოპასუხეები: შოთა ფალავანდიშვილი, მამუკა სირაძე, ფატი მდორეული და TV იმედის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.

დარღვეული პრინციპები: მე-7 პრინციპი

 

11 მაისი, 2024 წელი

საქმე N 735, 736

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, გელა მთივლიშვილი, ირმა ზოიძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე.

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ა(ა)იპ საქართველოს კინოინსტიტუტმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 26 თებერვალს TV იმედის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდსა და 2024 წლის 26 თებერვალს რუსთავი 2-ის 21:00 სთ.-იანი კურიერის ერთ-ერთ სიუჟეტში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპი.

მოპასუხე ჟურნალისტებად რუსთავი 2-ის შემთხვევაში განისაზღვრნენ: შოთა ფალავანდიშვილი, მამუკა სირაძე და ფატი მდორეული, ხოლო TV იმედის ნაწილში - არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.

 

საქმის განხილვის თავისებურებები

 

საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულად. სხდომას ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობა მიიღო განმცხადებლის წარმომადგენელმა, ნინო კუხალაშვილმა.

ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.


განმცხადებელმა ერთსა და იმავე თემასთან დაკავშირებული ორი მედია საშუალების მასალის წინააღმდეგ მომართა ქარტიის საბჭოს. განცხადებები დარეგისტრირდა ცალ-ცალკე, თუმცა განსახილველი საკითხის იდენტურობის გამო, საბჭომ ორივე მედია პროდუქტის შესახებ მოამზადა საერთო გადაწყვეტილება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

მეშვიდე პრინციპი. ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

 

განმცხადებლის პოზიცია 2024 წლის 26 თებერვალს TV იმედის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდზე

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია აღვივებს აგრესიას და სიძულვილს ლგბტქ თემის მიმართ, ამასთან, ცდილობს დაჩრდილოს ლევან აკინის ფილმის წარმატება, რის გამოც აქცენტს აკეთებს არა თავად ფილმსა და მის შემქმნელებზე, არამედ პროდიუსერ ანა ხაზარაძის მამაზე, პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძეზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  “ტელეკომპანია მიუთითებს ფილმის დაჯილდოების ფაქტზე, მაგრამ არ ასახელებს ფილმის რეჟისორს, მსახიობებს, არ გამოაქვს [ფეისბუკ] სტატუსზე შემოქმედებითი ჯგუფის არცერთი წევრის ვინაობა ან ფოტო და არც ფილმის კადრი. სამაგიეროდ, ანთავსებს პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძის ფოტოს, რომელიც არის ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერის, ანა ხაზარაძის მამა, მაგრამ არანაირი კავშირი არ აქვს ფილმის შექმნასთან. მომხდარი ფაქტი მიწოდებულია საზოგადოებისთვის მანიპულაციურად, რაც მიზნად ისახავს პირველ რიგში ნეგატიურ კონტექსტში წარმოადგინოს თავად ფილმი, მისი თემიდან გამომდინარე, დააკნინოს ფილმის დაჯილდოვების ფაქტი და ამ ფილმზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფი.”

 

განმცხადებლის პოზიცია 2024 წლის 26 თებერვალს რუსთავი 2-ის 21:00 სთ.-იან კურიერში გასულ სადავო სიუჟეტზე

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტის გაშვებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიზანია, მაყურებელს დააჯეროს, რომ ლგბტქ თემაზე ფილმის გადაღება და მისი ფესტივალზე წარდგენა ძირს უთხრის ქართულ კულტურას.

განმცხადებელი მიუთითებს, რომ “სიუჟეტის ავტორს ფილმის ფესტივალზე წარდგენისა და დაჯილდოების ფაქტზე ჩაწერილი ჰყავს მხოლოდ პოლიტიკოსები, რომელთაგან პოლიტიკური პარტიების - “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” წარმომადგენლები, ლევან აკინის ფილმის გადაღებისა და ბერლინის კინოფესტივალზე წარდგენის ფაქტს წარმოაჩენენ, როგორც ქართული კულტურის დამაკნინებელ მოვლენას.”

 

ქარტიის საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.

ჟურნალისტები სადავო მასალებში ერთმნიშვნელოვნად ცდილობენ დააკნინონ ქვიარ თემი, მათი არსებობა, მათზე საჯაროდ საუბარი და, მათ შორის, ქვიარ თემის ფილმის თემატიკად არჩევა წარმოაჩინონ სირცხვილად ქართული კულტურისათვის.

ქარტიის მიერ წლების განმავლობაში დადგენილი სტანდარტით, ქარტის მე-7 პრინციპმა, დისკრიმინაციასთან ერთად, მოიცვა სიძულვილის ენა და სტიგმის გაძლიერება. შესაბამისად, ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ თავიდან აიცილოს დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა და სტიგმის გაძლიერება. ამასთან, ჟურნალისტი უნდა უპირისპირდებოდეს მსგავს მიდგომას, არათუ ახალისებდეს რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციას.

დისკრიმინაციის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ის სახეზეა, როდესაც პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ, არ არსებობს კანონით განსაზღვრული მიზანი, განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია. თავის მხრივ, ქარტიის საბჭო მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია ისეთი ტერმინები, რომლებიც თანხვედრაშია ჰომოფობიური ჩაგვრის პრაქტიკაში დამკვიდრებულ ტერმინებთან, ატარებს დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს ლგბტქ ადამიანების მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში საბჭომ ეს პრინციპი დარღვეულად მიიჩნია ორივე სადავო მასალაში, რამდენადაც ქვიარ თემი სადავო მასალებში უარყოფით კონტექსტში, დამაკნინებლადაა წარმოჩენილი.                                                                                                    

ქარტიის საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას და აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის სადავო სიუჟეტებში ასახულია მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების პოზიცია, რომლებიც ქვიარ თემის უფლებებზე საუბარს “პროპაგანდას” უწოდებენ და ამ თემაზე ფილმის გადაღებას ქვეყნის კულტურისათვის სამარცხვინოდ მიიჩნევენ.

ჟურნალისტებმა ამ საკითხზე მმართველი პარტიის წევრების რესპონდენტების შერჩევით წაახალისეს თემის დისკრიმინაცია, ვინაიდან მათ აუცილებლად უნდა სცოდნოდათ “ქართული ოცნების” დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. აღნიშნულს კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ქვიარ თემის დისკრედიტაცია წლებია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკური თუ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხაზია, რაც ცალსახად პირდაპირი დისკრიმინაციის მაგალითია.                                                                                                   

TV იმედის მიერ გამოქვეყნებულ ქარდში ფოტოზე ასახულია პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძე და გაკეთებულია შემდეგი სახის წარწერა: „მამუკა ხაზარაძის შვილის, ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის ფილმმა "გზაჯვარედინზე", ბერლინის კინოფესტივალზე ლგბტ ფილმებისთვის განკუთვნილი ჯილდო The Teddy Award მიიღო“.

ქარტიის საბჭოს პოზიციით, TV იმედს თემის საზოგადოებისთვის ასე წარდგენით განზრახული ჰქონდა ოპოზიციური პარტიის ლიდერის დისკრედიტაცია, თითქოსდა მამუკა ხაზარაძეს ლგბტქ თემთან აქვს კავშირი, რაც, TV იმედის სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით, დამაკნინებლად მიიჩნევა. ამ ქარდში ჩანს TV იმედის სარედაქციო პოლიტიკაც, სადაც ხშირად ხდება ქვიარ თემის დისკრიმინაციაა და თემთან რაიმე კავშირი წარმოჩენილია, როგორც უარყოფითი მოვლენა.

აღნიშნულს ისიც განამტკიცებს, რომ ქარდზე ფილმის რეჟისორის, შემოქმედებითი ჯგუფის, ან/და საპროდიუსერო კომპანიის მესაკუთრის (ანა ხაზარაძის) ნაცვლად გამოტანილია საპროდიუსერო კომპანიის მესაკუთრის პოლიტიკოსი მამის ფოტო, რითაც TV იმედი მიზნად ისახავს პოლიტიკოსის  „გაშავებას“.

ეს ყოველივე კი, ისედაც ნეგატიურად განწყობილ საზოგადოებაში, ხელს უწყობს სტიგმისა და სიძულვილის გაძლიერებას ქვიარ თემის მიმართ. ამის დასტურია TV იმედის მიერ გავრცელებულ სადავო ქარდზე გაკეთებული ჰომობობიური კომენტარები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო მასალებში ჟურნალისტებმა წაახალისეს ლგბტქ თემის დისკრიმინაცია და სტიგმატიზაცია, ასევე, თემთან რაიმე ფორმით ასოცირება წარმოაჩინეს როგორც მადისკრედიტირებელი, საზოგადოებისთვის მიუღებელი ქმედება, რითაც ხელი შეუწყეს ჰომოფობიური განწყობების გაღვივებასა და გავრცელებას.

ევროპის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (CM/Rec(2010)5 სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ) პირდაპირ მიუთითებს, რომ მინისტრთა კომიტეტი, ევროპის საბჭოს წესდების 15.b მუხლის ფარგლებში, “აღიარებს, რომ “ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრასგენდერი ადამიანები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ და დღესაც არიან ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და სხვადასხვა სახის შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი (მათ შორის, მათსავე ოჯახებში), როგორიცაა კრიმინალიზაცია, მარგინალიზაცია, სოციალური გარიყვა და ძალადობა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე და რომ აღნიშნული ჯგუფის მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ქმედებებია საჭირო.“

ეს კი მედიის კონტექსტში გულისხმობს დისკრიმინაციის შემცველი პოზიციისაგან ცალსახა გამიჯვნას. კეთილსინდისიერი მედია ვალდებულია, არათუ არ მოამზადოს ჰომოფობიური მასალები, არამედ საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო პროაქტიული ქმედებები განახორციელოს და ყველა ღონე იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში, განმცხადებლის მითითებულ ფრაგმენტებში დარღვეულია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა შოთა ფალავანდიშვილმა, მამუკა სირაძემ და ფატი მდორეულმა და TV იმედის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 პრინციპი.