24.06.2021

პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება და 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება. ამასთან დაკავშირებით ულტრარადიკალურმა ჯგუფებმა კვირეულის წინააღმდეგ აქციები დააანონსეს. 

ქარტია მოუწოდებს მედიას გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და მისი შეზღუდვის უფლება არავის აქვს. შესაბამისად, აუცილებელია მედიამ გამოიჩინოს წინდახედულება და ეთიკურად გააშუქოს პრაიდის კვირეული.

მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო ქმედებები განახორციელოს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

  • ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაშუქებისას საზოგადოებას მიაწოდეთ ინფორმაცია მათი მიზნებისა და მოტივაციების შესახებ; 
  • ეცადეთ ხელი არ შეუწყონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას;
  • სიძულვილის ენის შემცველი მასალის განთავსებისას ცხადად უნდა გამოკვეთოთ გაშუქების მიზანი. აჩვენეთ, რომ ემიჯნებით ამგვარ გამონათქვამებსა და პოზიციას. გამიჯვნა არ გულისხმობს მაინცდამაინც სიტყვიერად მითითებას „ვემიჯნებით რესპონდენტის მოსაზრებებს”. შესაძლებელია, სხვა ფორმით და სხვა ტექსტით არ გაიზიაროთ რესპონდენტის პოზიცია;
  • არ დაუთმოთ ეთერი ძალადობისკენ მოწოდებებს, სიძულვილის ენას. 
04.06.2021

ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას მედიასაშუალებებში ვრცელდება ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერები, სადაც მათი იდენტიფიცირება არის შესაძლებელი. გავრცელებულ ვიდეოში ისმის ბავშვებისა და ერთ-ერთი მშობლის სახელი-გვარი, ასევე, მისი ტელეფონის ნომერი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენები. მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, და­იცვას ბავშვის ინტერესები და ხელი არ შეუწყოს მათი უფლებების დარღვევას. მოვუწოდებთ ჟურნალისტებს თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების ისეთი ფორმით გავრცელებისა და გასაჯაროვებისგან, სადაც იდენტიფიცირებული იქნება ბავშვების და მათი მშობლების  პერსონალური ინფორმაცია. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

  • უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის;
  • წინასწარ შეაფასეთ ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს;
  • ეცადეთ თავიდან აიცილოთ ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოთ ის ამბავი, რაც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს. 
28.05.2021
2021 წლის 27 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა ნუგზარ სოლომონიძემ „Factcheck.ge"-ს ანალიტიკოსს ნაზი რეხვიაშვილს მუქარის შემცველ შეტყობინებები გაუგზავნა.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი ფაქტი.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მიმართავენ კოალიცია "ქართულ ოცნების" ლიდერებს მიიღონ სათანადო ზომები ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტებზე სისტემატური თავდასხმების შესაჩერებლად.

27.05.2021

გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ნუგზარ სოლომონიძე „Factcheck.ge"-ს ანალიტიკოსს ნაზი რეხვიაშვილს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის. „რომ მოვა დრო, მერე მიხვდები რა საფრთხეში გაბი შენი მომავალი, ვერ გიცნივარ,“ „საომრად მეორედ გამოიწვიე მელოდე“ - წერს ნუგზარ სოლომონიძე ჟურნალისტს მას შემდეგ, რაც ნაზი რეხვიაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ტვ 25-ის მასალიდან ამონარიდი გამოაქვეყნა, სადაც საკრებულოს წევრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ“ მოიხსენიებს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, ხელისუფლების წარმომადგენელს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან მედიის წარმომადგენლის მიმართ მუქარის ფაქტი. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.

24.05.2021

ბელარუსის ხელისუფლებამ ცრუ შეტყობინების საფუძველზე მინსკში ავარიულად დასვა თვითმფრინავი და დააკავა მასში მყოფი ჟურნალისტი და ბლოგერი რომან პროტასევიჩი, რომელსაც ხელისუფლება არეულობის მოწყობაში ადანაშაულებს.


  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს რომან პროტასევიჩს  და მიაჩნია, რომ იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 
  • ქარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰქონდეს სათანადო რეაქცია მედიის წარმომადგენლის დაკავებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო შემთხვევას მხოლოდ Twitter-ზე  გამოეხმაურა, სადაც მიესალმა რეისის უსაფრთხო დაშვებასა და ბორტზე მყოფი ადამიანის დაკავება მიუღებლად შეაფასა. ქარტია მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არანაირად არ ასახავს შექმნილი ვითარების სიმწვავეს. ლიეტუვამ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა უკვე მოითხოვეს ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი სანქციები, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებასაც ჰქონდეს სათანადო რეაქცია და დაგმოს ჟურნალისტის დაკავება.
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ერთად დავიცვათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. 
17.05.2021

დღეს, 2021 წლის 17 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, დმანისის შესასვლელთან, სადაც სამართალდამცველებმა გზა დროებით გადაკეტეს, დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფსაც, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფლად ასახონ დმანისში მიმდინარე პროცესები.

17.05.2021

ტელეკომპანია „პირველი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დმანისში დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ასევე დაშავდნენ სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც და ხელი შეეშალათ მუშაობაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

09.05.2021

ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გუშინ 8 მაისს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა - მეუფე ანტონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, აუკრძალა ეპარქიაში გადაადგილება და ფიზიკურად დაუპირისპირდა. კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტის გამოჩენასა და მის შეკითხვებზე ღიზიანდება და ბოლოს ფიზიკურადაც უპირისპირდება. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომელზე განხორციელებულ ძალადობას. ქარტია ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევა და დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. 

ეს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. 

2021 წლის 08 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. კადრებში ჩანდა, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 

2021 წლის 4 მაისს დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა „მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქარტია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს ახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია.

თითოეულ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა შესაბამისი ინციდენტი იქნება ადეკვატურად და გამჭვირვალედ გამოძიებული, დამნაშავე პირებს კი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. 

ქარტიას მიაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება და მედიისთვის შეიქმნას თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო. 

04.05.2021

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი თქმით, დაზიანდა მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკაც. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 

ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ  ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ფაქტი სათანადოდ იყოს გამოძიებული.

14.04.2021
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ კომუნიკაციების კომისიის ინიციატივითა და დაფინანსებით სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიებისათვის საერთაშორისო აუდიტის ჩატარდება სცდება მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციას და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების საზღვრებს.

კომისიის განცხადებით, „სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიებში საერთაშორისო აუდიტის ჩატარების საჭიროება იმითაა განპირობებული, რომ დღეს საქართველოში ორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია არსებობს, რომელთა მონაცემებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება. მაშინ, როდესაც საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ყველა განვითარებულ ქვეყანაში სატელევიზიო აუდიტორიას ერთი კომპანია ზომავს”.

საერთაშორისო გამოცდილებით, კომუნიკაციების კომისია და სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყება არ არის აღჭურვილი შესაძლებლობით თავად მოიწვიოს საერთაშორისო დამოუკიდებელი აუდიტი. ეს განსაკუთრებული უფლებამოსილება უმეტესად სატელევიზიო ბაზრის მონაწილეებს - მაუწყებელ ტელეკომპანიებსა და სარეკლამო სააგენტოებს გააჩნიათ. საუკეთესო პრაქტიკის შემთხვევაში კი, იქმნება ე.წ. "ინდუსტრიული კომიტეტი" რომელშიდაც კერძო და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, გამონაკლის შემთხვევებში მარეგულირებელი ორგანოც მონაწილეობს. 

მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადების მიღება დღეს, 14 აპრილს მთავრდება. საერთაშორისო აუდიტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 169, 697 ლარია. შესასრულებელი სამუშაოს ფინანსური ხარჯი კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის კომისიის მოტივაციას არამიზნობრივად, კანონით დადგენილი უფლებამოსილების მიღმა გახარჯოს საკუთარი ბიუჯეტი.

მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას თავი შეიკავოს ქმედებისაგან, რომელიც მედიაგარემოს დააზიანებს და გააღრმავებს ეჭვებს კომისიის საქმიანობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.