დღეს, 2021 წლის 08 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის სამინისტროში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით მინისტრმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე დასასწრებად მისული ტელეკომპანია „TV პირველის” წარმომადგენლები კი შეხვედრაზე არ შეუშვეს. მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას შეზღუდვის მიზეზის შესახებ, უპასუხა, რომ ის არის არა კრიტიკული, არამედ „აღვირახსნილი” მედიის წარმომადგენელი.
ჟურნალისტი, რომელიც კულტურის სამინისტროს შენობაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ საშვთა ბიუროში წინა პრაქტიკის მსგავსად კონკრეტული ტელევიზიები შეუშვეს, რომლებიც წინასწარ გადაცემულ სიაში ჰყავდათ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კულტურის სამინისტრო მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენს. 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ასევე არ მიიწვიეს მედიის ნაწილი. 2021 წლის 11 ნოემბრის იდენტური ფორმით შეიზღუდა ჟურნალისტთა უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ.
მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.
საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. აღნიშნული შემთხვევები კი ეწინააღმდეგება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ წესებს.
კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.
ამასთანავე, კოალიცია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველ პირს, რათა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში:
შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია;
მოამზადოს და შესაბამის დაწესებულებებს / პირებს გაუგზავნოს ზოგადი წინადადებები დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მზადაა წარმოადგინოს ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციების ინტერესები სადავო საკითხის განხილვისას.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტურის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში კოალიციის წევრების მიერ საინფორმაციო წყაროებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქტიურად გამოიყენებოდა მანიპულაციური ინფორმაცია.
წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად და მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არა მხოლოდ გადაუმოწმებელი და ოპონენტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ამბები, არამედ ცრუ და, უმეტეს შემთხვევაში, რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად გაკეთებული განცხადებები. დეზინფორმაციას ყველაზე ხშირად სოციალური მედიის საშუალებით არაავთენტური ანგარიშები, ანონიმურად მოქმედი და ცრუ მედია გვერდები ავრცელებდნენ.
აღსანიშნავია, რომ დისკრედიტაციის კამპანიების ძირითადი სამიზნე
პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება
- დემოკრატიული საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ იყვნენ,
თუმცა რეპუტაციის შემლახველი გზავნილები შეეხო „ლელოს“
და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. დისკრედიტაციის კამპანიები
წინასაარჩევნო პერიოდში, ერთი მხრივ, რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის
ხარისხის გაზრდას უწყობდა ხელს, მეორე მხრივ – საზოგადოებაში ჯანსაღი
დებატებისა და მსჯელობის შესაძლებლობებს მკვეთრად ზღუდავდა.
სოციალურ მედიაში არსებული საინფორმაციო გამოწვევა
საარჩევნო პროცესებზე მიზანმიმართულად დამაზიანებელი ეფექტი არაოფიციალურად, ხშირად კი ანონიმურად წარმოებულმა კამპანიებმა იქონიეს. არადა წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამების შეთავაზებას, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ამომრჩევლებისთვის გაცნობას უნდა ისახავდეს მიზნად. სამწუხაროდ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინაასაარჩევნო კამპანია ძირითადად მადისკრედიტებელი განცხადებებით იყო გაჯერებული. აღნიშნულს კიდევ უფრო ამწვავებდა სოციალურ ქსელში წარმოებული არაოფიციალური კამპანია, რომელიც მანიპულირებული მასალებით ოპონენტების დაზიანებას, ამომრჩეველთა დაბნევასა და დეზორგანიზებას ემსახურებოდა.
ანონიმური დისკრედიტაციის კამპანია სოციალურ მედიაში სხვადასხვა ტაქტიკით წარიმართებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებული ორგანიზება და დამაზიანებელი ეფექტის მქონე გზავნილები ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიებში ვლინდებოდა. ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებოდა ღია დისკრედიტაციის, ცრუ მედიის, ცრუ მხარდაჭერისა და ცრუ დისკრედიტაციის ტაქტიკები, რაც სხვადასხვა აღქმის მქონე სოციალური მედიის მომხმარებლის დაბნევასა და მოტყუებას ისახავდა მიზნად. მუნიციპალური არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიქმნა კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე მიმართული ანონიმური გვერდებიც, რომლებიც მეტწილად ცრუ მედიის ტაქტიკით მოქმედებდნენ.
მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ძირითადად ღია დისკრედიტაციის კამპანია შეინიშნებოდა. გამოვლინდა ყალბი ანგარიშები, რომელთაგან ერთი ნაციონალური მოძრაობის ყალბი მხარდაჭერის გვერდის ადმინისტრატორი იყო.
საგულისხმოა, რომ ანონიმური დისკრედიტაციული კამპანიის სამიზნეები, ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების პარალელურად, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებები, მათი მენეჯერები და ცალკეული ჟურნალისტები იყვნენ. ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმართული ნეგატიური შინაარსის კამპანია სოციალურ მედიაში თავისი მასშტაბით, სიმძაფრითა და ნეგატიური ხასიათით უპრეცედენტო იყო წინა არჩევნებთან შედარებით. ცალკეულ შემთხვევებში მმართველი პარტიის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ტელეკომპანია იმედისა და პოსტივის საწინააღმდეგო პოსტებიც გამოქვეყნდა.
წინასაარჩევნო პერიოდში (განსაკუთრებით – არჩევნების მეორე ტურის დროს) გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტრადიციული მედიის სახელით ვრცელდებოდა გაყალბებული ციტატები. მათთვის მეტი დამაჯერებლობის მინიჭებისა და მკითხველის შეცდენის/მოტყუების მიზნით გამოყენებული იყო ტრადიციული მედიასაშუალებების ლოგოები და ვიზუალი. წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა რეგიონული მედიის სახელით მოქმედი და ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი ან ოპონენტების მადისკრედიტებელი 11 ფეისბუქგვერდი.
გარდა ამისა, მუდმივი თავდასხმის სამიზნეები იყვნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა წინააღმდეგ დისკრედიტაციის მცდელობებს კოორდინირებულად მოქმედ გვერდებზე პერმანენტული ხასიათი ჰქონდა. აღნიშნულ გვერდებზე კომენტარების ორგანიზებისთვის ყალბი ანგარიშები გამოიყენებოდა. გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ყალბი ანგარიშით მომზადებულ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადანაშაულა პლატფორმა „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“ დეზინფორმაციის გავრცელებაში (კომისია მოძრაობა „სირცხვილიას“ და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის მიერაა დაფუძნებული).
არაოფიციალურად მიმდინარე დისკრედიტაციული პოსტების ნაწილი სექსისტური და ჰომოფობიური შინაარსისაც იყო. ამგვარი გზავნილები როგორც ოპოზიციის წინააღმდეგ, ასევე მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებში შეინიშნებოდა.
მედიის პოლარიზაცია
2021 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ეროვნული სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებული იყო. ეს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ სწორედ ტელევიზიას ასახელებს.
პოლიტიკური გავლენა მედიის დღის წესრიგზე ზრდის პოლარიზაციის ხარისხს და ხელს უშლის ჯანსაღ დებატებს. ამასთანავე, პოლარიზებულ გარემოში აგრესიული განწყობებისა და ფიზიკური ძალადობის სამიზნე, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების გარდა, ჟურნალისტებიც ხდებიან. მედია, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი, წლების განმავლობაში განიცდის შეტევებს როგორც ციფრულ სივრცეში, ისე მის მიღმაც. ეს კი ინსტიტუტისადმი უნდობლობას ზრდის და პრობლემების პროფესიულ წრეებში განხილვისთვის სივრცეს ავიწროებს. ამასთანავე, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების მიმართ დაუსჯელობისა და სიძულვილის წახალისების პოლიტიკამ, მედიის წარმომადგენლებზე საჯარო თავდასხმებმა კიდევ უფრო გააძლიერა ექსტრემისტული ჯგუფები და ხელი შეუწყო 5 ივლისის მოვლენებს. ამ დღეს ხელისუფლებამ არ დაიცვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გზა გაუხსნა ექსტრემისტ ჯგუფებს ძალადობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქციაზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, ორგანიზატორები და ყველა დამნაშავე ამ დრომდე პასუხისგებაში არ არიან მიცემულები. აღნიშნული კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციისა და საზოგადოების მტრულ ბანაკებად დაყოფას, ასევე ხელს უშლის მედიის პროფესიული საქმიანობის უსაფრთხო გარემოში განხორციელებას.
ცესკოს საინფორმაციო პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის „ინფორმაციული დაცულობის ცენტრი“ მონიტორინგს უწევდა ტელევიზიებს, ონლაინ მედიასა და ფეისბუქის გვერდებს. დაკვირვების შემდეგ 4 ანგარიში გამოქვეყნდა. მათგან პირველი ორი – მეთოდოლოგიის განმარტების გარეშე. მეთოდოლოგიის ახსნა არც ბოლო ორ ანგარიშში იყო წარმოდგენილი. ანგარიშებში პრობლემურია ტერმინთა განმარტებაც (მაგალითად, განუმარტავია, რას მოიაზრებს ცესკო დეზინფორმაციაში). დეზინფორმაციის კვლევისას აუცილებელია მისი ერთ-ერთი კომპონენტის, მიზანმიმართულობის, ანუ განზრახვის დამტკიცება. ის, თუ როგორ იკვლევდა „ინფორმაციის დაცულობის ცენტრი” ამ კომპონენტს, ანგარიშში არსად გვხვდება.
ცესკო ორი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, თავის განცხადებაში, ამბობდა, რომ აღრიცხავს კონკრეტული სუბიექტის (პიროვნების, პარტიის, ორგანიზაციის და ა.შ.) მიერ დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებს, თუმცა „დეზინფორმაციას“ მაინც მედიასაშუალებებს მიაწერდა. შემდგომ ანგარიშებში მითითებულია, რომ ცენტრის მიერ გამოქვეყნებული რაოდენობრივი სტატისტიკა შესაძლებელია მოიცავდეს ისეთ შემთხვევებს, როცა მედიასაშუალებებმა ესა თუ ის ინფორმაცია გაავრცელეს რესპონდენტის გაშუქების ჭრილში. თუმცა, ამ შემთხვევაში მედიასაშუალება ამ რაოდენობრივ სტატისტიკაში მოხვდება არა როგორც მედია სტანდარტის დამრღვევი, არამედ როგორც საშუალება, რომლის გამოყენებითაც ამა თუ იმ სუბიექტმა მოახერხა დამაზიანებელი ინფორმაციის ტირაჟირება. ეს მიდგომა ცესკოს მხრიდან არასწორია.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს „ინფორმაციული დაცულობის ცენტრი“ თავდაპირველად საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა. 24 სექტემბერს, USAID-მა ცენტრს აღნიშნული მხარდაჭერა შეუწყვიტა და ცენტრმა ამერიკის მთავრობის დახმარების გარეშე განაგრძო ოპერირება.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი - IWPR საქართველო
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
დღეს, 02 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დარბაზიდან გაშუქების შესაძლებლობა მედიასაშუალებების ნაწილს არ მიეცა, რითაც შეიზღუდა მათი მუშაობა.
სასამართლომ არ განმარტა, რის საფუძველზე უთხრა უარი მედიის ნაწილს დასწრებოდა სხდომას.
საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხდომათა დარბაზში დამსწრეთა, მათ შორის, ჟურნალისტების რაიმე ფორმით კვოტირებას. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია რა კრიტერიუმებით არ მისცა სასამართლომ უფლება მედიის ნაწილს დასწრებოდა და გაეშუქებინა სასამართლო სხდომა, რითაც, ერთი მხრივ, შეზღუდა ჟურნალისტის უფლებები, მეორე მხრივ, კი საზოგადოებას წაართვა შესაძლებლობა ამ სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია მიეღო სხვადასხვა წყაროდან.
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და ის ხელმისაწვდომი იყო სხვა მედიებისთვისაც, სასამართლო დარბაზში მოხვედრილი ჟურნალისტების ნაწილს არ მიეცა აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლება, რაც ეწინააღმდეგება ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონს, რომელიც ადგენს, რომ ,,სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლოს სხდომის აუდიოჩაწერა”.
ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სასამართლომ მედიას წაართვას უფლება დაესწროს და ადგილიდან გააშუქოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ასევე მიუღებელია სხვადასხვა მედია არათანაბარ პირობებში ჩააყენოს. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის საჯაროობა ყველა ჟურნალისტისთვის და სასამართლო სხდომაზე დამსწრეთა შერჩევის შემთხვევაში იხელმძღვანელოს თანაბრობის პრინციპით.
დღეს, 2021 წლის 29 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „კავკასიის” ოპერატორმა, ნიკო კოკაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით გამართული აქციის გადაღებისას გონება დაკარგა. მისი თქმით, ცუდად მას შემდეგ გახდა, როცა, სავარაუდოდ, თვალებში წიწაკის გაზი შეასხეს. ამჟამად ის, სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, თავს უკეთ გრძნობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, წიწაკის გაზი გამოიყენა. მოქალაქეების განცხადებით, სამართალდამცავებს ისინი სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე არ გაუფრთხილებიათ.
სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტოს წარმომადგენლებმა დაკისრებული ფუნქციის შესრულებას თავი სათანადოდ ამჯერზეც ვერ გაართვეს და დღემდე პრობლემად რჩება პოლიციის მხრიდან აქციების გაშუქებისას მედიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაითვალისწინოს პროცესისადმი მაღალი საჯარო ინტერესი და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის სათანადო პირობები, რათა მათ თავისუფლად, ჯანმრთელობის დაზიანებისა და უფლებების დარღვევის გარეშე, შეძლონ პროფესიული მოვალეობის შესრულება.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოვლენილი ფაქტის შესწავლა და მოხდეს სათანადო რეაგირება.
დღეს, 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები არ მიიწვიეს და დასწრება მხოლოდ მედიის ნაწილისთვის იყო შესაძლებელი.
„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის წარმომადგენლებს სამინისტროს დაცვის სამსახურმა ნახევარი საათის განმავლობაში არ მისცა შენობაში გადაადგილების და გადაღების შესაძლებლობა, ბრიფინგზე ასევე არ დაუშვეს „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფიც.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამთავრობო უწყებები მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ. 2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ასევე არ მიიწვიეს მედიის წარმომადგენლების ნაწილი.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.
მოვუწოდებთ საქართველოს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.
დღეს, 2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს და დასწრება მხოლოდ მედიის ნაწილისთვის იყო შესაძლებელი. კოალიციისთვის ცნობილია, რომ ბრიფინგის ანონსი არ მიუღიათ ზოგიერთ ონლაინ მედიასაშუალებასაც.
„TV პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელევიზიის წარმომადგენლები შეხვედრის დასასრულს დაუშვეს, თუმცა მათ არ მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გლდანის ციხეში გადაყვანის შესახებ.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.
მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.