08.07.2022

2022 წლის 7 ივლისს, „ქართული ოცნების” ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე პასუხის ნაცვლად, “მთავარ არხს” და მის ჟურნალისტს, თენგო გოგოტიშვილს რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდის გავრცელებაში დასდო ბრალი. მან თენგო გოგოტიშვილი “ომში ჩართვისკენ” მოწოდებებში დაადანაშაულა და იქვე დასძინა, რომ მსგავსი “პროპაგანდის გავრცელებით” სხვებიც გამოირჩევიან და პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველთან ერთად, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაიაც დაასახელა. 

გუშინვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემის” სტუმარი, ოპოზიციური პარტიის, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აგრესიულად ესაუბრა წამყვანს, თამთა სანიკიძეს და მას კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევდა. გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტს, არამხოლოდ მისთვის, არამედ წინა სტუმრისთვის დასმული შეკითხვებიც დაუწუნა: “მე მგონი, ამ კითხვით მარტო მე კი არ დამცინით, თქვენს თავსაც დასცინით და საზოგადოებასაც”. ამასთან, სანიკიძის კითხვებს მან “აუტანელი” უწოდა და რამდენჯერმე გაუმეორა ჟურნალისტს, რომ ის წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც კერძო ტელევიზიისგან განსხვავებით, არ შეუძლია ჰქონდეს ისეთი სარედაქციო პოლიტიკა, როგორსაც თავად გადაწყვეტს: “თქვენ არ ხართ კომერციული ტელევიზია, რომ სარედაქციო პოლიტიკა ისე მართოთ, როგორც გინდათ”.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევა - სახელისუფლო და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ამგვარი თავდასხმა შემაშფოთებელია, მით უმეტეს, ჟურნალისტების მიმართ უკვე გამოვლენილი ძალადობის ფაქტების ფონზე.

შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა და არ აქვს მნიშვნელობა, მათ მოსწონთ თუ არა ეს შეკითხვები. მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაა - პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია და უპასუხონ დასმულ კითხვებს.

პარლამენტის წევრებს ასევე შევახსენებთ, რომ ინფორმაციის საზოგადოებისთვის და მედიისთვის მიწოდება მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, არა ნება, არამედ, პირდაპირი მოვალეობაა. 

აქვე დავძენთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება სწორედაც რომ მისი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი უნდა იყოს და მაუწყებელს არათუ შეუძლია, არამედ ვალდებულია, ჰქონდეს კიდეც სრულიად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. საზოგადოებას ყოველთვის აქვს უფლება, მაუწყებელს მისი ყველა ჯგუფის ინტერესების დაკმაყოფილება მოსთხოვოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლება აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ან ცალკეულ პოლიტიკოსებს, განურჩევლად იმისა, ისინი მიეკუთვნებიან მმართველ ძალას თუ ოპოზიციას. 

პოლიტიკოსების, მით უფრო, დეპუტატების მხრიდან მედიაზე თავდასხმა აღიქმება ზეწოლად, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად და ხელს უწყობს ძალადობასა და აგრესიას ჟურნალისტების მიმართ. ქარტია მოუწოდებს მათ, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და აგრესიული რიტორიკით ნუ ახალისებენ მედიაზე თავდასხმას. 

06.07.2022
2022 წლის 05 ივლისს ,,TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს შოთა სადაღაშვილს და თორნიკე გელიტაშვილს ჟურნალისტური საქმიანობის დროს თავს დაესხნენ. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში მოხდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, მოძალადეები ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფის ,,ალტ-ინფოს“ პარტიის მხარდამჭერებად გაეცნენ, არხის სარედაქციო, პროევროპული პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიულ საქმიანობაში.

იმავე დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, „TV მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივ და პრორუსულ ჯგუფთან ,,ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებულმა პირებმა 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და დაუმტვრიეს ტექნიკა. მთლიანობაში 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა. ამ მძიმე გამოცდილების ფონზე, ხელისუფლება ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პრორუსული ჯგუფთან დაკავშირებული პირების მიერ გამოხატულ აგრესიას. მით უფრო, როცა Რეგიონებში მცხოვრები ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას შესაძლოა კიდევ უფრო დაუცველები აღმოჩნდნენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში გამოიკვლიოს „TV მონიტორინგისთვის“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევა.

კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაატაროს პრევენციული ზომები მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.
06.07.2022

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივლისს ქარელის მუნიციპალიტეტში არაფხიზელ მდგომარეობაში პირები „ტვ მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. 

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი და ოპერატორი თორნიკე გელიტაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მოძალადეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს. 

გარდა ამისა, ტელეკომპანიის განცხადებით, მოძალადე ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს პასუხს იმის გამოც სთხოვდა, რომ ტელევიზიას “დასავლური კურსი აქვს აღებული და მათი მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას ეწინააღმდეგება”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს “ტვ მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ძალადობას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტები.

04.07.2022

დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.

შსს-ს ცნობით, ამ დღეს მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. 

2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა. ამასთან, სათანადოდ არ გამოუძიებია ეს საქმეები და არ მიუცია პასუხისგებაში ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია. 

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას. 

ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება. 

ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.

01.07.2022

გუშინ, 2022 წლის 30 ივნისს კრიტიკული მაუწყებლის „ტელეკომპანია პირველის” დირექტორს ვატო წერეთელს ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხნენ „ქართული ოცნების” დეპუტატები. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება უკვე დაადასტურა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტით, ასევე ძალადობრივი ქმედებების შემდეგი შეფასებებით, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს მედიაგარემოს და საშიშს ხდის ქვეყანაში ჟურნალისტურ საქმიანობას.

კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ წევრებს და გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წამომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.

30.06.2022

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ. TV პირველის მფლობელის განცხადებით, შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 

ქარტია ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა. 

ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით.  მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი.

27.06.2022

2022 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისამდე  „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „პრაიდის კვირეული“ იგეგმება, 2021 წლის მძიმე გამოცდილების ფონზე, უმცირესობებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ გამართვაზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება. ესენია:

  • ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება
  • რეგიონული კონფერენცია, საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან ლგბტქ აქტივისტების მონაწილეობით
  • პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს

ყველასთვის ცნობილია, რომ პრაიდის დემონსტრაციები ლგბტქ თემის პოლიტიკური ადვოკატირების იარაღი, გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა,  როცა თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს. თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.

ვფიქრობთ, ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები - ისევ  საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ. 

უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა. 2021 წლის 5 და 6 ივლისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ  სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა უმცირესობის უფლებებს, რაც შესაძლებლობას უქმნის მოძალადე ჯგუფებს გააძლიერონ და გაიმეორონ თავდასხმები როგორც აქტივისტების, ისე მედიის წარმომადგენლების მიმართ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავიდან აირიდოს  2021 წელს დაშვებული შეცდომები, მიიღოს ეფექტიანი  ზომები, რათა:

- უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება

- დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან

- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.

24.06.2022
2022 წლის 24 ივნისს, თბილისში, “TV პირველის” ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის მიზეზი მათი პროფესიული საქმიანობა გახდა.

გარდა ამისა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ასევე “TV პირველის” ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგნაირად მიმართა: “თვალებგადმოყრილი ლაპარაკობ კორიდორში”, “დაკარგე ადამიანის სახე”, “ცუდად ხარ, გატყობ, რომ გაგიჟებული ხარ”, რის შემდეგაც ჟურნალისტმა მას სამარცხვინო უწოდა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობას და ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას. ქარტია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.

ქარტია, მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. მოვუწოდებთ უწყებას, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი და დამნაშავეები დაისაჯონ კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომით.

 

24.06.2022
დღეს, 2022 წლის 24 ივნისს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ნანუკა ქაჯაიასა და მის ოპერატორს თავს დაესხნენ. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ გადამღებ ჯგუფს აგრესიული პირები ხელს უშლიან ჟურნალისტურ საქმიანობაში. 

გუშინ, 2022 წლის 23 ივნისს  “TV პირველის” კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ნატა ქაჯაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის მხრიდან დისკრიმინაციის და აგრესიული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა საჯარო შეხვედრისას მის მიმართ არაერთხელ გამოიყენა არაკორექტული ლექსიკა, ისევე როგორც შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი, ასევე დისკრიმინაციული ფრაზები.

კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დოლიძის ქუჩაზე  “TV პირველის”  გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ეთიკის საბჭოს ფარგლებში შეისწავლოს პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შესაძლო დარღვევის შესახებ.
19.06.2022

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 19 ივნისს, ბათუმში, სამუშაო პროცესის დროს „TV პირველის” ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი ბათუმის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, როდესაც „TV პირველის" ოპერატორი ღამის ეთერში რესპონდენტის ჩასართავად ემზადებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ოპერატორს თავდაპირველად ჰკითხეს, წარმოადგენდა თუ არა ის „TV პირველს”, შემდეგ შეაგინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოწმეების თქმით, მედიის წარმომადგენელი ხუთამდე ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით გახდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ძალადობას და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.