მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროს დაკავებული ჟურნალისტების, კერძოდ ონლაინ-გამოცემა „პუბლიკას“ დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის და ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის 2200-2200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული გადაწყვეტილებები ჟურნალისტების, მათი საქმიანობის და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.
ჟურნალისტები 2023 წლის 2 მარტს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, როდესაც მედია და სამოქალაქო სექტორი პარლამენტში რუსული კანონის საპროცედურო განხილვებს აპროტესტებდა. ზურა ვარდიაშვილი აქციის მიმდინარეობის დროს, ხოლო ბექა ჯიქურაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს დააკავეს, ორივე მათგანის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის" ბრალდებით. სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად ადასტურებდა, რომ ბექა ჯიქურაშვილი დაკავების დროს ჟურნალისტური საქმიანობის ახორციელებდა. შესაბამისად, მისდამი სასამართლოს მხრიდან სამართალდამრღვევად ცნობა ორმაგად საგანგაშოა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ორივე საქმის განხილვა სასამართლოში ღამის 5 საათზე დასრულდა. ძირითად მტკიცებულებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების ოქმი და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ჩვენება ჰქონდათ წარმოდგენილი. ზურა ვარდიაშვილის შემთხვევაში კი დაკავების ბრძანების გამცემი, ვაჟა სირაძე მოწმის სახით არ დაკითხულა, ვინაიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერები. შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშეც ცხადია, რომ მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ საპატრულო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტების დაჯარიმება სახიფათო პრეცენდენტს ქმნის და მედიაგარემოსთვის დამაზიანებელია. ცალსახაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასა და შეზღუდვას ისახავს მიზნად.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს პარლამენტის მიერ ტელეკომპანია “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებას. აღნიშნული გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე.
მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ ტვ „პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა.
პარლამენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მედიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტებისას დეპუტატებისათვის პარლამენტის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და პროსამთავარობო მედია POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.
ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. კრიტიკული მედია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების, ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, დეზინფორმაციისა თუ უკანონო მოსმენის სამიზნეა. ხელისუფლება კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმშია და ამით, ართმევს საზოგადოებას განსხვავებული მოსაზრებებისა და პოზიციის მოსმენის შესაძლებლობას. ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში ჟურნალისტებისათვის აკრედიტაციის წესებს იღებს.
მედიის ადვოკატირების კოალიციამ არაერთგზის განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, მედიის ჩართულობისა და მათი ლეგიტიმური პოზიციების გათვალისწინების გარეშე, ჟურნალისტებისათვის საფრთხის შემცველია და შესაძლოა მედიისათვის კრიტიკული კითხვების შეზღუდვისა თუ სარედაქციო პოლიტიკაზე წნეხის მექანიზმად იყოს გამოყენებული.
ჩვენი შეშფოთება დადასტურდა კიდეც, როგორც პარლამენტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების დროს, ასევე რუსული კანონის განხილვისას, როდესაც მედიას ხელისუფლებამ საკანომდებლო ორგანოში პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები უკანონოდ შეუზღუდა, მათ შორის აკრედიტაციის შეჩერებით. საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი გასაჩივრებულია სასამართლოში.
ამ ვითარებაში, პარლამენტის გადაწყვეტილება კრიტიკული ტელევიზიების
ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებასთან
დაკავშირებით, ზღუდავს განსხვავებულ აზრის გამოხატვისა და მმართველი
პარტიის წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის
შესაძლებლობას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს
სასწრაფოდ აღუდგინოს ტელეკომპანიების თანამშრომლებს აკრედიტაცია და
შეწყვიტოს ამ ფორმით კრიტიკულ მედიაზე დამატებითი ზეწოლის ახალი,
მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება.
2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, პარლამენტში აკრედიტაცია 1 თვის ვადით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, სოფიო გოზალიშვილს.
აკრედიტაციის შეჩერებას საფუძვლად დაედო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის შესახებ. კერძოდ, ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს, რომ „ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ".
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებით შეუძლებელია დადგინდეს, რა მოკვლევა ჩატარდა საკითხზე და რა სტანდარტით მოქმედებს პარლამენტის აპარატის უფროსი გადაწყვეტილების მიღებისას. ჩნდება ეჭვი, რომ ეს უკავშირდება კონკრეტული მედიაპროდუქტის შინაარსს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციები რიგი მედიასაშუალებებისთვის შეუძლებელს ხდის ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის მიწოდებას.
ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არ დაუშვას, რომ საფრთხე შეექმნას დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა, ღიაობა და გააუქმოს მიღებული ბრძანება, რომელიც გამოიწვევს ფორმალურ დაბრკოლებებს და საქმიანობის შეზღუდვას მედიისთვის.
მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ეხმიანება „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტზე ნატო გოგელიაზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტს, რათა სახელმწიფომ სათანადო ყურადღება დაუთმოს ჟურნალისტის მიმართ გავრცელებულ მუქარას, დაუყოვნებლივ მიიღოს ქმედითი ზომები მის მიმართ დაფიქსირებული უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.
2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. იგივე პირი 14 მარტს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციასა და შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საფუძველზე დაიწყო და დააკავა ერთი პირი.
პარალელურად, მოძალადე პირის მხარდამჭერთა მხრიდან, ჟურნალისტის მიმართ დაფიქსირდა არაერთი მუქარა, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.
ნატო გოგელიას ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” იცავს. ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ შეისწავლოს ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების უფლებების შელახვის ფაქტები, მიანიჭოს მათ სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები.
პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა სწორედ ეს მედია ასრულებს. ამასთან, არის დისკუსიები, რომლის მიზანიც მხოლოდ ევროსკეპტიციზმის გაზრდაა მოსახლეობაში.
მედიის როლი არ არის კონკრეტული პირების მიმართ მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება. მედია ხელს არ უნდა უწყობდეს სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებას.
ამასთან, მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, არ უნდა ცდილობდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ქვეყნის კურსის საწინააღმდეგო კამპანიების წარმოებას.
მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია.
გარდა ამისა, მედია ვალდებულია დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის POSTV-ის, უნდა ახსოვდეს მედიის როლი და დანიშნულება.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებული ფაქტი. მნიშვნელოვანია მსგავსი შემთხვევის სწრაფი და ეფექტური გამოძიება და თავდამსხმელი პირის კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მიცემა.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, რა დროსაც ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. იგივე პირი 14 მარტს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციასა და შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმიან. ხელისუფლების მხრიდან მსგავს ფაქტებზე არასათანადო რეაგირება და კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ უფრო ახალისებს მსგავსი სახის ძალადობას.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს ხელისუფლებას,
უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, საჯაროდ
დაგმოს და ეფექტურად გამოიძიოს მსგავსი ფაქტები.
2023 წლის 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ძალადობრივი ჯგუფის, კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფოს მიერ გამართულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ მამუკა ანდღულაძე დაესხა თავს ჟურნალისტს და დაუზიანა ტექნიკა.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაწყებული გამოძიების ფარგლებში სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ ნატო გოგელიაზე თავდასხმის ფაქტი.
2023 წლის 14 მარტს „დოჟდის“ ჟურნალისტმა, ანა მონგაიტმა გაავრცელა
ინფორმაცია, რომ მათი კორესპონდენტი, საშა შვედჩენკო
საქართველოში არ შემოუშვეს და საზღვარზე დეპორტაციის ცნობა
მისცეს.
ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს. ამის შესახებ ქარტიას არაერთი განცხადება გაუკეთებია.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „დოჟდი“ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელი იყო რუსეთში. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა. რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს საქართველოს და სხვა ქვეყნების დახმარება სჭირდებათ.