თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე დასწრების აკრძალვა აჩენს ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დასაბუთებულ ეჭვს. მთავრობის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში.
2022 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს მთავრობა BMG-ის რედაქტორს თელარა გელანტიას არ მისცა საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასწრების საშუალება. მთავრობის ადმინისტრაციამ ჟურნალისტს ზეპირად განუმარტა, რომ მისი არ დაშვების მიზეზი იყო ბევრი კითხვის დასმა და კოლეგების შეწუხება.
აღსანიშნავია, რომ თელარა გელანტია დაახლოებით 10 წელია რეგულარულად ესწრება და აშუქებს მთავრობის სხდომებს, სვამს კითხვებს. მთელი ამ დროის განმავლობაში მას არ მიუღია გაფრთხილება ან შენიშვნა რომელიმე ქცევის წესის დარღვევასთან დაკავშირებით.
გარემოებების ანალიზი მიუთითებს, რომ ჟურნალისტის სხდომაზე დაშვების აკრძალვა განპირობებული იყო მთავრობის ადმინისტრაციის სავარაუოდ დისკრიმინაციული მოპყრობით. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციას არ უთქვამს უარი ოპერატორის შეშვებაზე ასევე BMG-ის განემარტა, მათი აკრძალვა მიემართება მხოლოდ პერსონალურად თელარა გელანტიას და არა ზოგადად ტელევიზიას.
ჟურნალისტთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში. აღწერილი შემთხვევა არ წარმოადგენს ჟურნალისტის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის პირველ ფაქტს. მედიის ადვოკატირების წევრი ორგანიზაციის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით, თელარა გელანტია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესასწავლად.
მოვუწოდებთ მთავრობის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება თელარა გელანტიას მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თელარა გელანტიას დაუბრკოლებელი დასწრება მთავრობის მომდევნო სხდომაზე.
2022 წლის 12 სექტემბერს მედიასაშუალება BMG-ის მთავარმა რედაქტორმა, თელარა გელანტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის სხდომის გასაშუქებლად ადმინისტრაციის შენობაში შესვლა აუკრძალეს. თელარა გელანტიას თქმით, ადმინისტრაციის პრესასა და საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მიზეზად მისი მხიდან „ბევრი შეკითხვის დასმა და კოლეგების შეწუხება” დაასახელა. ჟურნალისტის ვარაუდით, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა 9 სექტემბერს ეთერში გასულმა მისმა რეპორტაჟმა, რომელიც მთავრობის განკარგულებებს ეხებოდა.
ქარტიის საბჭოს აცხადებს, რომ საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა დაუშვებელი და დისკრიმინაციულია. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი თანაბარ პირობებში იყოს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები.
2022 წლის 24 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას" გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.
ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” მოთხოვნას კომუნიკაციების კომისიამ დაასანქციროს სამი კრიტიკული მაუწყებელი „ფორმულა”, „მთავარი არხი” და „ტელეკომპანია პირველი” კამპანია „შინ ევროპისკენ” კლიპის ეთერში განთავსების გამო.
სადავო რგოლი მაუწყებლების ეთერში 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ანონსის სახით გადაიცა. „ქართული ოცნების” შეფასებით, 2022 წლის 23-25 ივნისს გავრცელებული მასალა წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა, ემსახურება „ქართული ოცნების” და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას. ამდენად, თავადვე მიუთითებს, რომ წარმოების მიზანი მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა.
მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში. ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედიის მიერ პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი განიხილება. 2020 და 2021 წლებში კომისიამ „მთავარი არხი” უმაღლესი ზომით ორჯერ დაასანქცირა, მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის და თანაზომიერების პრინციპების სრული უგულვებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებები კოალიციის მიერ ცენზურის მცდელობად შეფასდა.
მნიშვნელოვანია, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნევა რგოლი, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, უნდა შეფასდეს საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს მისი ფორმალური მხარე. კამპანია „შინ ევროპისკენ” სახელით გავრცელებულ რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი. აქედან გამომდინარე, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები.
2022 წლის 25 ივლისს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ნატალი ჯახუტაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აგრესიული სიტყვიერი თავდასხმის სამიზნედ იქცა. პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართავდა და სექსისტური ენით ესაუბრებოდა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტზე თავდასხმას და მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას”, მიიღოს ზომები ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, რაც მოიცავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას გააუმჯობესოს მედიაგარემო ქვეყანაში.
გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის
კოდექსი” საქართველოს პარლამენტის წევრებს უზღუდავს,
მოქალაქეებთან ურთიერთობისას არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ლექსიკით
საუბარს. ასევე, ვალდებულები არ შელახონ საჯარო ფუნქციის შესრულებისას
მათთან კომუნიკაციაში მყოფი პირებს არ შეულახონ პატივი და
ღირსება.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს პარლამენტს
საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის ფარგლებშიც განიხილოს
აღნიშნული მძიმე შემთხვევა და მიიღოს სათანადო ზომები.
კოალიცია კიდევ ერთხელ მიმართავს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. პოლიტიკოსებმა თმენის ვალდებულების ფარგლებში კორექტულად უნდა უპასუხონ ისეთ კითხვებსაც, რაც მათთვის შესაძლოა არაკომფორტული იყოს.
2022 წლის 25 ივლისს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნატაშკა ჯახუტაშვილს „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა, მათ შორის გამოიყენა სექსისტური ენა: „ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე”. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისას მედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც. მან ჟურნალისტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ ბრძანდებით, ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები… თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ”.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე ხელისუფლების აგრესიას და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.
ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა განაპირობებს.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.
ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.
დღეს, 2022 წლის 19 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე.
საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტის უსაფრთხოების შესახებ მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი გმობს ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გადახედვას. ამდენად, ნიკა გვარამიას საქმის განხილვით, სააპელაციო სასამართლოს ეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა ცვლილება შეიტანოს არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, არამედ უზრუნველყოს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაც.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორმა ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა.
კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიქტურად შეაფასებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გაითვალისწინებს სახალხო დამცველისა თუ სხვა ორგანიზაციების მოსაზრებებს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას.
გუშინ, 2022 წლის 7 ივლისს პირველი არხის ეთერში პოლიტიკური პარტიის “სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჩართვისას არხის წამყვანს თამთა სანიკიძეს არაერთხელ მიუთითა კითხვების ფორმულირების ცვლილებისკენ და უხეშად მიმართა.
2022 წლის 7 ივლისს, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თავდასხმის სამიზნედ იქცა „მთავარ არხი“ და მისი ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილიც. ბრიფინგზე მმართველი პარტიის ლიდერმა ჟურნალისტს რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდის გავრცელებაში დასდო ბრალი, “ომში ჩართვისკენ“ მოწოდებებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მსგავსი „პროპაგანდის გავრცელებით“ სხვებიც გამოირჩევიან. - პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან ერთად, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ვახო სანაიაც დაასახელა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიუღებლად მიიჩნევს, მედიის წარმომადგენლებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას. ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა იწვევს უარყოფით შედეგს, რომელსაც საზოგადოებაზე აქვს გავლენა. პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ახალისებს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობას. ამასთან, წარმოადგენს საზოგადოების თითოეული წევრის ინფორმაციისა და იდეების მიღების უფლებაში ჩარევას.
კოალიცია მოუწოდებს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე საპარლამენტო უმცირესობის წევრებს პატივი სცენ ჟურნალისტების პროფესიულ თავისუფლებას.