სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 27 იანვარს განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 12:00 საათი -  გიორგი მელაძე ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების, ირაკლი ჩიხლაძის და თამარ გოგესაშვილის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი 23 დეკემბერს გავიდა ეთერში და ეხებოდა ხადის ხეობაში აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობას და ამ საქმეზე ბრალდებულს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ბრალდებული წარმოაჩინეს დამნაშავედ მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება ამ საქმეზე ჯერ არ არსებობს.

25.01.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ლევან კოჭლამაზაშვილის განცხადება სააგენტო dianews.ge-ს წინააღმდეგ. 

სადავო გახდა 16 იანვარს თბილისში, დიდ დიღომში საცხვრებელი სახლის აფეთქების ამსახველი ფოტოს გამოქვეყნება. მძიმე გამოსახულების შემცველი ფოტო გამოქყვენდა სათაურით "დღის ფოტო",  რაც განმცხადებლის აზრით, შეურაცხმყოფელია, ადამიანის ტრაგედია გამოყენებულია მნახველთა რაოდენობის გასაზრდელად. ამიტომ ლევან კოჭლამაზაშვილი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეოთხე პრინციპი, რომლის თანახმადაც, ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს

18.01.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მარიამ ჯიქიას განცხადება "ალიას",  Newposts.ge-ს და news.coa.ge-ს წინააღმდეგ. სადავო გახდა ფოკაში მომხდარი შემთხვევის შესახებ მომზადებული მასალები. ამ სტატიების მიხედვით ფოკაში თანასოფლელის სახლი გადაწვეს. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ  მასალის შინაარსი ქსენოფობიური ხასიათისაა და დისკრიმინაციის წახალისების საფრთხის მატარებელია, ვინაიდან სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა საფრთხედ არის წამორჩენილი, რაც ვერ პასუხობს ქარტიის მეშვიდე პრინციპით დადგენილ მოთხოვნებს. ამ პრინციპის თანახმად ჟურნალისტმა თავიდან უნდა აირიდოს დისკრიმინაცია.  გარდა ამისა, მარიამ ჩიქოვანის აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპები, ვინაიდან ჟურნალისტებმა გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია და წარმოჩენილი არ იყო ყველა მხარის პოზიცია.

17.01.2019

2019 წლის დასაწყისში მაღალი თანამდებობის პირებმა არა ერთი განცხადება გააკეთეს ცილისწამებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.

13.01.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი მელაძის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების, ირაკლი ჩიხლაძის და თამარ გოგესაშვილის წინააღმდეგ.  სადავო სიუჟეტი 23 დეკემბერს გავიდა ეთერში და ეხებოდა ხადის ხეობაში აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობას და ამ საქმეზე ბრალდებულს. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ბრალდებული წარმოაჩინეს დამნაშავედ მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება ამ საქმეზე ჯერ არ არსებობს 

"ასეთი სიუჟეტი არა მარტო სიზუსტის პრინციპს არღვევს, არამედ აზიანებს სასამართლოში საქმის განხილვის პროცესსაც. ბრალდებულმა მოითხოვა ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვა და ჩვენს მიერ გასაჩივრებული სიუჟეტი ნაფიც მსაჯულობის კანდიდატებზე გავლენას მოახდენს, ხელს შეუშლის მათ მიუკერძოებლად ჩამოიყალიბონ საკუთარი პოზიცია", - აღნიშნულია ქარტიისთვის გაგზავნილ გაცხადებაში.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს. 

04.01.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს თეა ადეიშვილს ქარტიის  პრინციპები არ დაურღვევია. მის წინააღმდეგ ქარტიას მომართა პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ გადაცემა PS-ში გასულ სიუჟეტში დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები. სადავო მასალაში საუბარი იყო საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევასა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“.

ქარტიის საბჭომ განხილვის შემდეგ მიიჩნია, რომ სადავო სიუჟეტში არც ერთი სადავო პრინციპი არ დარღვეულა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
21.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებმა ირაკლი ჩიხლაძემ პირველი  (სიზუსტე) და ვარლამ წიკლაურმა კი ქარტიის პირველი და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას განცხადებით მომართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ. ის სადავოდ ხდიდა სიუჟეტს, რომელიც ოზურგეთის მერიაში არსებულ სავარაუდო კანონდარღვევაზე "იმედის" მიერ რამდენიმე ხნით ადრე მომზადებული მასალის გაგრძელება იყო. სიუჟეტში ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია მართლაც დაისაჯა თუ არა აუდიტის სამსახურის უფროსი "იმედისთვის" მიცემული ინტერვიუს გამო.

გარდა პირველი და მეხუთე პრინციპისა, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ასევე დარღვეული იყო მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა საბჭომ ამ სტანდარტების დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
21.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "ობიექტივის" ჟურნალისტმა ქრისტინე ქარჩხაძემ ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. 

სადავო სიუჟეტი ეთერში გავიდა სათაურით "წყალტუბოში საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს". განმცხადებელი, სოფიკო ყანჩაველი მიიჩნევდა, რომ "ობიექტივმა" გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან არ დასტურდება რომ წყალტუბოში წყალი დაბინძურებულია და კანალიზაციის სისტემა არ არსებობს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ პირველი პრინციპის გარდა ასევე დარღვეული იყო შემდეგი პრინციპებიც: მესამე (მიჩქმალვა), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

საქმის განხილვას ქარტიაში არ დასწრებიან არც განმცხადებელი და არც მოპასუხე ჟურნალისტი
21.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა მარიკა გოცირიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. 

მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ ქარტიის საბჭოს გოჩა გოგინავამ მიმართა.სადავო გახდა 2018 წლის 16 ნოემბერს „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 9-საათიან "კურიერში" გასული სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა გოჩა გოგინავასთვის მიწის დაკანონებას. განცხადების თანახმად, გოგინავა მასალაში მოხსენიებულია როგორც "ოცნების მოქმედი კოორდინატორი" და "პარტიის აქტივისტი".

ქარტიაში საქმის განხილვას არც განმცხადებელი და არც მოპასუხე არ დასწრებია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
21.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებმა ლევან ჯავახიშვილმა, თეონა გეგელიამ და  ანუკი გუმბერიძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტებს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს. 

ქარტიას მათ წინააღმდეგ მიმართა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა. სადავო სიუჟეტი ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს, მათ შორის ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტს. "იმედის" მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღიარეს, რომ ამ თემაზე მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასანდო იყო. იგივე შინაარსის მასალა გამოქვეყნდა "იმედის" ვებსაიტზეც.

ქარტიაში  საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
21.12.2018

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 21 დეკემბერს განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 12:00 საათი - სოფიკო ყანჩაველი "ობიექტივის" ჟურნალისტის, ქრისტინე ქარჩხაძის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი გავიდა სათაურით "წყალტუბოში საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს". განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "ობიექტივმა" გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან არ დასტურდება რომ წყალტუბოში წყალი დაბინძურებულია და კანალიზაციის სისტემა არ არსებობს.
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

17.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ქარტიის 2 პრინციპი დაარღვიეს: პირველი, რომელიც ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს ჟურნალისტს და მეთერთმეტე, რომლის თანახმადაც,  უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევა ფაქტის განზრახ დამახინჯება.

მათ წინააღმდეგ ქარტიას დავით მახარაშვილმა მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს საინფორმაციო გადაცემა "კურიერში" კახა კალაძის ბრიფინგიდან ინფორმაცია არასწორად გაავრცლეს. კერძოდ, ისე წარმოაჩინეს თითქოს თბილისის მერი ქართველ სამხედროებს 2008 წლის ომში თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში ადანაშაულებდა. განმცხადებლის თქმით, მსგავსი რამ კახა კალაძეს არ უთქვამს. ამის დასტურად კი ბრიფინგის სრული ვერსია წარმოადგინა.

ქარტიის საბჭომ მსჯელობის შემდეგ დაადგინა როგორც სიზუსტის დარღვევა, ისე ფაქტის განზრახ დამახინჯება.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
15.12.2018

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.