სიახლეები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 23-24 თებერვალს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა (ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში) და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

12.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ლგბტქი ასოციაცია თემიდას განცხადება ინგლისურენოვანი გაზეთის Georgia Today-ს მიერ გამიქვეყნებული op-ed-ის ავტორის, ნუგზარ რუხაძის წინააღმდეგ. მისი მოსაზრება  სათაურით Feminism, Gayism, Drugism & All That Jazz  31 იანვარს გამოქვეყნდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი (დისკრიმინაცია), ვინაიდან ტექსტი შეიცავს არასწორ ინფორმაციას, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში ფობიების გავრცელებას და აღვივებს საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს. 

11.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო ინიციატივა საჯარო სივრცისთვის განცხადება Business Media Georgia-ს ჟურნალისტის, თათია ჩაფიჩაძის და პროდიუსერის ეკა ბაშარულის წინააღმდეგ.  სადავო მასალა გავიდა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში. სიუჟეტი ეხებოდა კომპანია "მ2- ის" "ხრუშოვკების" ჩანაცვლების პროექტს.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტით აუდიტორიამ არაზუსტი ინფორმაცია მიიღო, ვინაიდან ჟურნალისტის მიერ გაცემული რამდენიმე ფაქტი არასწორი იყო.  "ემ კვადრატს" არ უხსენებია, რომ ანაცვლებს არსებულ მშენებლობებს და ახალ სახლებში გადაჰყავს მოსახლეობა", - ნათქვამია განცხადებაში.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს. 

11.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის განცხადება გაზეთ "ასავალ დასავალის" წინააღმდეგ. 

სადავო მასალა  "შირაქმა ასავალ-დასავალს და ჯაბა ექიმს სასამართლოში უჩივლა!" 2019 წლის 4 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა და ეხებოდა შპს "შირაქის" მიერ წარმოებულ პროდუქტს და მათ მიერ "ასავალ დასავალის" მასალის გასაჩივრებას. ასოციაცია მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები, ვინაიდან განმცხადებლის აზრით, აუდიტორიამ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიიღო.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს

11.02.2019

ორშაბათს, 11 თებერვალს 20:00 საათზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს გიგი თევზაძის განცხადებას ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორისა და გადაცემა "კვირის აქცენტების" წაყვანის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

08.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, გიგი თევზაძის განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის და გადაცემა "კვირის აქცენტების" წამყვანის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

გიგი თევზაძე მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ 3 თებერვლის გადაცემაში დაარღვია სიზუსტის პრინციპი, როდესაც განათლების სისტემაზე საუბრისას ახსენა გიგი თევზაძეც.  მისი თქმით, კავშირი არ აქვს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან, რაზეც ნიკა გვარამია მიუთითებდა.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

05.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ელმადდინ მამედოვის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ. 

2 თებერვალს ეთერში გასული სადავო სიუჟეტი ეხებოდა ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციას. ჟურნალისტმა ამბის თხრობისას აღნიშნა ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებულის ეთნიკური წარმომავლობა, რაც განმცხადებლის აზრით, არღვევს ქარტიის მეშვიდე პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა უნდა აირიდოს პირის რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია.  

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს. 

05.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებმა ირაკლი ჩიხლაძემ და თამარ გოგესაშვილმა ქარტიის ორი პრინციპი დაარღვია -  პირველი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ჟურნალისტის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და მეათე, რომელიც ჟურნალისტს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას ავალდებულებს.

სადავო სიუჟეტი 23 დეკემბერს გავიდა ეთერში და ეხებოდა ხადის ხეობაში აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობას და ამ საქმეზე ბრალდებულს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალაში ბრალდებული წარმოაჩინეს დამნაშავედ მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება ამ საქმეზე ჯერ არ არსებობს.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება

04.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება შემდეგი მედიასაშუალების ჟურნალისტების წინააღმდეგ:  versia.ge, marshalpress.ge,  digest.pia.ge,  exclusivenews.ge, resonancedaily.com, ITV.ge

სადავო გახდა სტატია სათაურით "ეკა ბესელიას იჭერენ?! რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ბესელიას კომპრომატები". მასალა თავდაპირველად "ვერსიამ" გამოაქვეყნა. დანარჩენმა ზემოთ აღნიშნულმა ვებსაიტებმა კი იდენტური ინფორმაცია "ვერსიაზე" დაყრდნობით გაავრცელეს.

ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სტატიებში პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან ერთად "პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახავ, მკვეთრად შეურაცხმყოფელ კონტექსტშია ნახსენები საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის მზია თოდუას სახელი და საქმიანი რეპუტაცია. მეტიც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჟურნალისტის მიერ პირდაპირ, მტკიცებითი ფორმით დადანაშაულებულია კორუფციულ გარიგებებსა და ქრთამის აღებაში."

შესაბამისად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე(შესწორება) პრინციპები.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს

30.01.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო გამოცემა "ჩაი ხანას" განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის წინააღმდეგ.  სადავო მასალა "გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან" პირველი არხის ეთერში 27 იანვარს გავიდა და ეხება მასწავლებელს, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. 

"ჩაიხანა" საზოგადოებრივ მაუწყებელს პლაგიატში ადანაშაულებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სადავო მასალა მსგავსია მათი ჟურნალისტების მიერ 4 იანვარს გამოქვეყნებული მასალისა "გოგონს მზის ჩასვლის მხარიდან". 

"პირველ არხზე გაშვებული სიუჟეტის სათაური Chai Khana-ს ვებგვერდზე განთავსებული ვიდეომასალის სათაურის იდენტურია. ასევე პირველ არხზე გასული სიუჟეტი თემატურად Chai Khana-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომასალის იდენტურია. პირველ არხზე გაშვებულ სიუჟეტში ავტორები არ უთითებენ პირველწყაროს და არც Chai Khana-ზე განთავსებული ვიდეომასალის ავტორებს ახსენებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს

29.01.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით Newpost-ის, News.coa-ს და Alia.ge-ს ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვიეს.

ქარტიას განცხადებით მარიამ ჯიქიამ მომართა. სადავო მასალები ფოკაში მომხდარ შემთხვევას ეხება, სადაც თანასოფლელის სახლი გადაწვეს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალების შინაარსი ქსენოფობიური ხასიათისაა, რაც ახალისებდა დისკრიმინაციას. ასევე გავრცელებული იყო არასწორი ინფორმაცია და არ იყო წარმოჩენილი ყველა მხარის პოზიცია.

გარდა ამისა, განმცხადებელი დავობდა ქარტიის მესამე პრინციპზე (დადასტურებული წყარო), მაგრამ საბჭომ ამ პრინციპზე დარღვევა არ დაადგინა.

ქარტიაში საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხეები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

27.01.2019

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის"  ცნობით, მისი სპორტული ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო,  რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს, რათა მყისიერდ გამოიძიონ საქმე და განუმარტონ საზოგადოებას, უკავშირდება თუ არა მომხდარი დავით ერაძის ჟურნალისტურს საქმიანობას. სწორედ მან მოიპოვა კადრები, სადაც ასახულია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავეს შორის კონფლიქტი. მასალის ეთერში გასვლის შემდეგ კი ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს.

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები დაცულად გრძნობდნენ თავს და შეუფერხებლად ახორციელებდნენ პროფესიულ საქმიანობას. ყოველი გაჭიანურებული გამოძიება ახალისებს ძალადობას ქვეყანაში და ხელს უწყობს მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიის ზრდას. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს და საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით.

25.01.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.