სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილბით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა დავით დვალიშვილმა ქარტიის მერვე (ბავშვის ინტერესი) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები დაარღვია. 

სადავო გახდა გურიაში არასრულწლოვნის სუიციდის შესახებ 18 აგვისტოს მომზადებული სიუჟეტი. ამ მასალის გამო დავით დვალიშვილის წინააღმდეგ ქარტიამ ორი განცხადება მიიღო. ორგანიზაციები, სუიციდის პრევენციის ცენტრი და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მიიჩნევდნენ, რომ სიუჟეტი არ შეესაბამებოდა მედიის ეთიკურ პრინციპებს, ვინაიდან გასაჯაროვდა პირადი ცხოვრების ისეთი დეტალები, რომლის გამოქვეყნებითაც დაცული არ იყო ბავშვის საუკეთესო ინტერესი. 

ქარტიის საბჭომ დაადგინა მერვე და მეათე პრინციპის დარღვევა, თუმცა არ გაიზიარა განმცხადებლების არგუმენტაცია მეშვიდე პრინციპის (დისკრიმინაცია) დარღვევასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, რომ სადავო სიუჟეტში ეს პრინციპი დარღვეული არ ყოფილა.

საქმის განხილვას ესწრებოდა PHR-ის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს ტელეფონის მეშვეობით უპასუხა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება
17.11.2018
17-18 ნოემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მართავენ სემინარს უფროსკლასელებისათვის - “მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”

ორდღიანი სემინარი იმართება თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში. (მის.: ალ. ჭავჭავაძის 10). პრაქტიკულ ტრენინგებში მონაწილეობენ XI და XII კლასების მოსწავლეები თბილისისა და რეგიონების სკოლებიდან.

სემინარი იმართება პროექტის - “ბავშვთა საკითხების გაშუქება - კონტენტ ანალიზი და მედიაწიგნიერება” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

სემინარის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს გახდნენ მედიაწიგნიერები, კრიტიკულად მოაზროვნენი, რათა შეძლონ იმის ინტერპრეტაცია და გააზრება, რასაც ხედავენ, კითხულობენ და ისმენენ. სწავლებისას გამოყენებული იქნება მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავდა გაეროს ბავშვთა ფონდის კოსოვოს ოფისის მიერ შედგენილი პროგრამის PONDER-ის ადაპტირების შედეგად. სახელმძღვანელოს ქართული ვერსია მომზადდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით და მედია ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობით.

მედიაწიგნიერების შესახებ სემინარი დაეხმარება ახალგაზრდებს, აიმაღლონ ცოდნის დონე მასობრივი კომუნიკაციის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ, გააძლიერებს მათ უნარს კრიტიკულად გაანალიზონ რა კავშირი არსებობს მედიას, აუდიტორიასა და ინფორმაციას შორის.

პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით მონაწილეები შეძლებენ დაინახონ:

  • როგორ ანიჭებს ადამიანი სხვადასხვა მნიშვნელობას მოვლენას, საკითხს, მონაცემს თუ ინფორმაციას
  • როგორ იცვლება ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მედია და მისი ურთიერთკავშირი აუდიტორიასთან.
  • რა გავლენა აქვს სურათებს მოვლენათა აღქმისას, როგორ შეიძლება ფოტოები იქნას გამოყენებული მანიპულაციისთვის და როგორ ცვლის კონტექსტი, დრო, ადგილი, სოციალური გარემო ერთი და იმავე კადრის აღქმას.

სემინარს გაუძღვებიან:
  • ნათია კუპრაშვილი, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;
  • ნინო დანელია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

***
საკონტაქტო ინფორმაცია
ნინო ნარიმანიშვილი, პროექტის კოორდინატორი
ტელ: 593926429
ელ.ფოსტა: narimanishvili.n@gmail.com
16.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადება. მას პრეტენზია აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტზე (1tv.ge) გამოქვეყნებულ მასალასთან, რომელიც გამოქვეყნდა სათაურით "გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე - ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს [ვიდეო]". ტექსტი ეხება გიორგი ვაშაძის მიერ პირველი არხის გადაცემა "პრეზიდენტის არჩევნები 2018-ში" გასულ მის კომენტარს, სადაც ის საყოველთაო ჯანდაცვაზე საუბრობს.

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი არ შეესაბამება მის კომენტარს, შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. გარდა ამისა, განცხადების თანახმად, მათ მიმართეს შესწორებისთვის თავად ვებსაიტის რედაქტორს, თუმცა, უარი მიიღეს, შესაბამისად დარღვეულია ქარტიის მეხუთე პრინციპიც (შესწორება). განმცხადებელი ასევე დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 პრინციპის (ფაქტის განზრახ დამახინჯება) დარღვევაზეც.

ქარტიის საბჭო საქმეს შაბათს, 17 ნოემბერს 13:00 საათზე განიხილავს
15.11.2018
17 ნოემბერს საქართველოს ჟურნალისტური ერთიკის ქარტია განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 12:00 საათი - ვასილ ცინაძე თამთა ონოფრიშვილის წინააღმდეგ
არასწორი ინფორმაცია გაავრცელა სტატიით "QNET ლეგალური ბიზნესია და ფინანსურ პირამიდასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს". ვასილ ცინაძის აზრით, სტატია ეყრდნობა მხოლოდ "QNET-ის" წამომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და არა ფაქტებს.
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე)
13.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "კვირის აქცენტების" წამყვანმა  ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. მის წინააღმდეგ ქარტიას დაჩი ცაგურიამ მიმართა.
სადავო გახდა 4 ნოემბერს გადაცემის მსვლელობისას ნიკა გვარამიას მიერ დაჩი ცაგურიას შესახებ საუბრის ეპიზოდი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გვარამიამ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. მისი თქმით, ასევე დარღვეული იყო მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა. 

საბჭოს სხდომას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
07.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის წამყვანმა გიორგი გვიმრაძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.  მის წინააღმდეგ ქარტიას "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიმართა. ის სადავოდ ხდიდა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირველ არხზე გამართული დებატებისას წამყვანის, გიორგი გვიმრაძის იმ ფრაზას, რომელიც მას შეეხებოდა.

საქმის განხილვას ქარტიაში განმცხადებელი და მისი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი გვიმრაძეს მონაწილეობა არ მიუღია. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
07.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო დაჩი ცაგურიას განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "აქცენტების" წამყვანის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.  სადავო გახდა 4 ნოემბერს ეთერში გასული გადაცემის ის ნაწილი, სადაც ნიკა გვარამია დაჩი ცაგურიას შესახებ საუბრობს. საკუათარ განცხადებაში დაჩი ცაგურია აღნიშნავს, რომ წამყვანის მიერ მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა. შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპები. 

ქარტიის საბჭო საქმეს 7 ნოემბერს განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას, დაირღვა თუ არა აღნიშნული პრინციპები


06.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, itv.ge-ს ჟურნალისტმა ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია. სადავო გახდა მასალა, რომელიც ვებსაიტზე 24 მაისს გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით "თემურ ხუბულური: ძიუდოისტები ქუჩაში არ უნდა იდგნენ, მათი ადგილი დარბაზში და ტატამზეა". სტატია ეხებოდა ძიუდოისტების საპროტესტო აქციას, რომლის ორგანიზატორად მოხსენიებული იყო შოთა ხაბარელი, რაც განმცხადებლის აზრით, არაზუსტი ინფორმაცია იყო.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა მხოლოდ განმცხადებელი, მოპასუხე მედიასაშულება სხდომას არ დასწრებია და არც სტატიის ავტორი ჟურნალისტის ვინაობა უცნობებია. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
03.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწვეტილებით რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს ქარტიის მეათე პრინციპი არ დაურღვევია. ეს პრინციპი ჟურნალისტს ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემას ავალდებულებს.

მის წინააღმდეგ განცხადება სალომე ბელქანიამ შემოიტანა. საქმე ეხებოდა საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ეთერში გასულ სიუჟეტს -  "რატომ ხოცავთ ხალხს," - ტყიბულში გარდაცვლილი მეშახტის და დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართავს". მასალა ეხებოდა მეშახტეების დაღუპვას და ნაჩვენები იყო გარდაცვლილთა ახლობლები პირადი ტრაგედიის დროს. 

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. საბჭო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
03.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს განაცხადების მიღებას "ქარტიის პრიზი 2018-ის" მოსაპოვებლად. ყოველწლიური კონკურსის მიზანია პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების და ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელის შეწყობა.

კონკურსი ცხადდება შემდეგ ხუთ ნომინაციაში:

  • ვიდეორეპორტაჟი
  • მულტიმედია პროექტი (1 მასალა ან სერია)
  • სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
  • ჟურნალისტური გამოძიება
  • ბავშვთა საკითხები
პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი ცხადდება IREX-ის პროექტის მხარდაჭერით, ხოლო "ბავშვთა საკითხები" დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ. 

გარდა ამისა, კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში გაიცემა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სპეციალური ფულადი პრიზი 1000 ლარის ოდენობით. ამ პრიზის მფლობელი შესაძლებელია გახდეს ნებისმიერ ფორმატში მომზადებული მასალა (ან პროექტი) ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად:
  • საქართველოს ევროინტეგრაცია;
  • ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია;
  • ევროპული სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობა სხვადასხვა სფეროში;
  • ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
  • რუსული პროპაგანდის გამოვლენა;
  • საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები;

გამარჯვებულებს ნომინირებული კონკურსანტებიდან და მათ მიერ წარმოდგენილი მასალებიდან შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური.

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:
  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2018 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში.
  • საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ინდივიდუალურ ჟურნალისტს, ისე მედიასაშუალებას.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ვიდეო რეპორტაჟის და მულტიმედიის შემთხვევაში ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია. დამატებითი მასალები კი გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Ethicscharter@gmail.com
  • თითოეულ აპლიკანტს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ერთ ნომინაციაში
  • საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედ რომელიმე მედიასაშუალებაში
  • საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 ნოემბერი. 18.00 საათი.
ზოგადი კრიტერიუმები:
  • ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უპირატესობა ენიჭება ნამუშევარს, რომელიც პასუხობს ქარტიის 11 პრინციპს
  • ქარტიისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის გარდა საკონკურსო ნამუშევრების თემატიკა არ არის შეზღუდული, იგი შესაძლოა ეხებოდეს საზოგადოების ცხოვრების ნებისმიერ სფეროს, თუმცა შერჩევის ამოსავალი პრინციპი იქნება ის, თუ როგორ უმკლავდება ავტორი პროფესიულ და ეთიკურ დილემებს.
მასალის შეფასებისას ყურადღება გამახვილდება შემდეგ ფაქტორებზე:
  • თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
  • თხრობის სტილი და ტექნიკა/ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება. სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში ასევე დრამატურგია და ვიზუალური მხარე
  • ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
  • ინფორმაციის სიზუსტე
  • ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა
  • მხარეთა ბალანსი
  • სიძულვილის ენისა და შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/ გამოუყენებლობა
01.11.2018
3 ნოემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 12:00 საათი - ფეხბურთის ფედერაცია ipress.geს ჟურნალისტის, მაგდა კლდიაშვილის წინააღმდეგ
მასალა გამოქვეყნდა სათაურით "სფფ-მ ირლანდიასთან თამაშის უსაფრთხოებისთვის 73 725 ლარი დახარჯა". სტატია ეხება საქართველოსა და ირლანდიის საფეხბურთო ნაკრების შეხვედრის ორგანიზებისთვის დახარულ თანხას. 

სადავო პრინციპები
:
პირველი (სიზუსტე), მესამე (ინფორმაციის მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტს განზრახ დამახინჯება).
31.10.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის წინააღმდეგ.

საქმე ეხება 24 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ წინასაარჩევნო დებატებს, რომელსაც გიორგი გვიმრაძე უძვღებოდა. ის ამავე დროს არის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი. კითხვის დასმისას მან ნიკა გვარამია მოიხსენია როგორც საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი. ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ არასდროს დაუფიქსირებია ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა. შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ გიორგი გვიმრაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.


25.10.2018

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.