სიახლეები

112საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო სახალხო დამცველის, უჩა ნანუშავილის განცხადება "ლიბერალისა" და საგამოძიებო სტუდია "მონიტორის" მიერ მომზადებულ მასალებთან დაკავშირებით.

განცხადების თანახმად, 2016 წლის 16 ივნისს ლიბერალის მიერ გამოაქვეყნებულ მასალაში "105 000-ლარიანი მანქანა ნათია კაციტაძისთვის" - დამალა თუ არა ნანუაშვილმა ინფორმაცია", სათაური და ტექსტი არ ემთხვევა ერთმანეთს. "მოყვანილი ფაქტები არის არსებითად მცდარი, არასწორი, სექსისტური და სინამდვილესთან შეუსაბამო". ამასთან მასალისთვის თანდართულ ფოტოში გამოყენებულია ფოტოშოპი. განცხადების თანახმად დარღვეულია პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები

სახალხო დამცველი "ლიბერალის" მეორე სტატიასაც ("ჭანტურაია: სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ჭორაობის გამო დამსჯიდა" ) ხდის სადავოდ - და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით მოამზადა მასალა და მასთან ინფორმაციის გადამოწმებას არ შეეცადა. ამ მასალაში კი განცხადების მიხედვით დარღვეულია პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

უჩა ნანუაშვილის განცხადება ეხება სტუდია მონიტორის მასალებსაც. მისი აზრით, 2016 წლის 10 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეო სიუჟეტში "ვისთვის შეიძინა ომბუდსმენმა 105 ათასლარიანი ავტომანქანა" ნახსენები მანქანა სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია კაციტაძისთვის რომ იყო შეძენილი, როგორც დადასტურებული ფაქტი ისეა გადმოცემული მაშინ, როდესაც სახალხო დამცველის განმარტებით, დოკუმენტები "სხვა რამეზე მეტყველებს".

ნათია კაციტაძესა და მანქანასთან დაკავშირებით "მონიტორმა" კიდევ ერთი მასალა 15 ივნისს გამოაქვეყნა. სახალხო დამცველი მიჩნევს, რომ ამ სიუჟეტში ფაქტები განზრახ იყო დამახინჯებული.

შესაბამისად, სტუდია მონიტორის ფილმებში, მისი აზრით, დარღვეულია პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

13.09.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადება "ტაბულას" წინააღმდეგ. სადავო მასალა "საია: ივანიშვილს კანონი არ დაურღვევია, საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა" 2016 წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნდა.

საია მიიჩნევს, რომ  სტატიაში დარღვეულია პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და მესამე პრინციპი - ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.

მასალა ეხებოდა საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქების (ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი) მონაწილეობას და საიას განმარტებებს ამ საკითხზე.

განცხადების თანახმად, "ტაბულამ" არასრულად დაბეჭდა საიას პოზიცია,  გამოცემის რედაქტორის კითხვას მათ წერილობით უპასუხეს, მიუხედავად ამისა, "ტაბულამ" "შეფასებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტი მიჩქმალა" და არ წარმოაჩინა ფაქტი, რომლიც საფუძვლად ედო საიას პოზიციას ამ თემაზე.

08.09.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ick.ge-ს ჟურნალისტებს, გელა მთივლიშვილსა და გელა შაშიაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

პირველი განცხადება გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი გერგიძემ შემოიტანა. ის მიიჩნევდა, რომ მასალა "გურჯაანის გამგებელი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის კანონს არღვევს" არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.

ასევე მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური გელა შაშიაშვილს. სადავო მასალა "კორუფციული სქემა ახმეტის მუნიციპალიტეტში"  ეხებოდა თუშეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, კერძოდ, ე.წ. "ნიამორის გადასახედის" აშენებას.

საქმის განხილვას მხოლოდ მოპასუხე მხარე, გელა შაშიაშვილი ესწრებოდა.

საბჭომ მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არც ერთ საქმეში სადავო მუხლი დარღვეული არ ყოფილა.

03.09.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მუხრან ავალიანის განცხადება "ტელეარხი 25-ის" ჟურნალისტის დიანა თურმანიძის და წამყვანის თამილა ზოიძის წინააღმდეგ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მუხრან ავალიანის განცხადება "ტელეარხი 25-ის" ჟურნალისტის დიანა თურმანიძის და წამყვანის თამილა ზოიძის წინააღმდეგ. განცხადების მიხედვით, 2016 წლის 22 ივნისს ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვება "მაცნეში" გავიდა სიუჟეტი "სახლი გზის გარეშე", რომელიც მუხრან ავალიანის საკუთრებაში არსებულ მიწასთან დაკავშირებულ დავას ეხებოდა.  ავალიანი მიიჩნევს, რომ მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადსტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

19.07.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო პაატა ლაგვილავას განცხადება, გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორის ელისო კილაძის წინააღმდეგ.

პაატა ლაგვილავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსია. განცხადება ეხება 2016 წლის 05 ივლისს, გაზეთში გამოქვეყნებულ მასალას: "თამაზაშვილი, დიმიტრი რაგოზინი, სერგეი ჩაბანი - ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს ზუგდიდში?" რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას შესახებ ინფორმაციას შეიცავს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებული სტატიით დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე ( ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

ქარტიის სხდომა იქნება ღია და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
07.07.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ქეთი ციცქიშვილმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

სადავო გახდა 2016 წლის 23 აპრილს, ტელეკომპანია "ტვ პირველში" გასული სიუჟეტი, რომელიც ირაკლი ჯაშისა და ირაკლი ბჟალავას ცემის ფაქტს ეხებოდა. განმცხადებელი, ადვოკატი დავით ჯაფარიძე მიიჩნევდა, რომ "ტვ პირველმა" მიზანმიმართულად გაუშვა ეთერში ყალბი ვიდეომასალა, რათა დაცვის მხარისათვის მოეყენებინა ზიანი." შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ პირველი და მეხუთე პრონციპის გარდა დარღვეული იყო  ქარტიის მესამე და მეოთხე პრინციპი, თუმცა აღნიშნულ პრინციპებზე დარღვევა არ დადგინდა.

სხდომას არც ერთი მხარე არ დასწრებია, ქეთა ციცქიშვილმა საბჭოს კითხვებს ტელეფონის მეშვეობით უპასუხა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანდებით გამოქვეყნდება.

04.07.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" ჟურნალისტმა ელისო კილაძემ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

განმცხადებელი გიორგი გაბედავა სადავოდ ხდიდა "ქრონიკა+-ში" გამოქვეყნებულ მასალას "პირადი ცხოვრების ფირები გიორგი გაბედავამ ატვირთა?" მისი აზრით, გაზეთში მის მიმართ მძიმე ბრალდებებია წაყენებული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

გიორგი გაბედავას მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა, სადავო მასალაში ასევე დარღვეული იყო შემდეგი პრინციპები: 3 (დადასტურებული წყარო), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 5 (შესწორება), 7 (დისკრიმინაცია), 10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) თუმცა საბჭომ არ გაიზიარა მისი მოსაზრება და მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

საქმის განხილვას არც განმცხადებელი და არც მოპასუხე ჟურნალისტი არ დასწრებია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანდებით გამოქვეყნდება.

04.07.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო შალვა მეკრავიშვილის განცხადება, ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ჟურნალისტის ირინე კეჭაყმაძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი, რომელიც "რუსთავი 2-ის" ეთერში 9 ივნისს გავიდა, ეხება ქალაქ რუსთავში მეორე საჯარო სკოლაში ბავშებისათვის ლევან ვასაძის მსოფლიო კონგრესზე გამოსვლის და წამების კადრების ჩვენების ფაქტს.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიერ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები. ქარტიის სხდომა იქნება ღია და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
30.06.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი ყიფიანის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის, მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ. სადავო მასალა გადაცემა "იმედის დროში" 12 ივნისს გავიდა. სიუჟეტი კაცხის სვეტიდან მეკლდეურების გამოძევებას და ამის გამო სასულიერი პირებთან დაპირისპირებას ეხება. განმცხადებელი მიიჩნევს რომ ჟურნალისტის მიერ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) , მესამე (მიჩქმალვა) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები. ქარტიის საბჭოს სხდომა იქნება ღია და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
23.06.2016
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო შპს ჯიბითაიმს ჯორჯიას (ჯაკო FM) ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო შპს ჯიბითაიმს ჯორჯიას (ჯაკო FM) განცხადება ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ სადავო მასალა განმცხადებელი კომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა - "სკანდალი – ტარიელ ხეჩიკაშვილისგან საბურთალოს – საჩუქარად მძლეოსნობის სტადიონი" მასალა მძლეოსნობის სტადიონის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხება. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპები, ვინაიდან ჟურნალისტმა დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელა. ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს
21.06.2016
2016 წლის 16-17 ივნისს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან ერთად გამართა მედიის თვითრეგულირების ორგანოების ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ პრესის საბჭოების წარმომადგენლები 11 ქვეყნიდან მათ შორისაა - უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელორუსი, სერბეთი, მონტენეგრო, რუსეთი, ალბანეთი, მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ორდღიან კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა თვითრეგულირების ორგანოების გამოწვევები, მედიაში არსებული თანამედროვე ეთიკური დილემები, მისის გადაწყვეტის გზები, პროპაგანდასთან ბრძოლა და სხვა. გამოცდილების გაზიარების გარდა, მედიის თვითრეგულირების ორგანოების რეგიონული ქსელმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია და რუსეთი, დაამტკიცა ქსელის მუშაობის განმსაზღვრელ დოკუმენტი.
20.06.2016

საქართველოს ჟურნლისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "ბინა 18-ის" წამყვანებმა, ლევან გოგორელიანმა და თემო მჟავიამ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვიეს, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."

ქარტიის საბჭოს განცხადებით ირაკლი მანაგაძემ მიმართა, ის მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 23 აპრილს ეთერში გასული გადაცემა "ბინა 18" შეიცავდა სიძულვილის ენას და ახალისებდა დისკრიმინაციას ლგბტ ადამიანების მიმართ. საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და მეშვიდე პრინციპის დარღვევა დაადგინა.

 

15.06.2016

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.