გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივლისს ქარელის მუნიციპალიტეტში არაფხიზელ მდგომარეობაში პირები „ტვ მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი და ოპერატორი თორნიკე გელიტაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მოძალადეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს.
გარდა ამისა, ტელეკომპანიის განცხადებით, მოძალადე ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს პასუხს იმის გამოც სთხოვდა, რომ ტელევიზიას “დასავლური კურსი აქვს აღებული და მათი მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას ეწინააღმდეგება”.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს “ტვ მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ძალადობას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტები.
დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.
შსს-ს ცნობით, ამ დღეს მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა.
2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა. ამასთან, სათანადოდ არ გამოუძიებია ეს საქმეები და არ მიუცია პასუხისგებაში ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას.
ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება.
ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.
გუშინ, 2022 წლის 30 ივნისს კრიტიკული მაუწყებლის „ტელეკომპანია პირველის” დირექტორს ვატო წერეთელს ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხნენ „ქართული ოცნების” დეპუტატები. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება უკვე დაადასტურა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტით, ასევე ძალადობრივი ქმედებების შემდეგი შეფასებებით, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს მედიაგარემოს და საშიშს ხდის ქვეყანაში ჟურნალისტურ საქმიანობას.
კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ წევრებს და გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წამომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ. TV პირველის მფლობელის განცხადებით, შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
ქარტია ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.
ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს მედიის წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და აქტივისტებს გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით.
ტრენინგს 2022 წლის 6-7 ივლისს ტელეკომპანია „ფორმულას" ციფრული დეპარტამენტის მთავარი რედაქტორი, ტოქშოუს წამყვანი სალომე უგულავა, ხოლო 2022 წლის 14-15 ივლისს ონლაინმედია „ნეტგაზეთის" რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი ჩაატარებს.
რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას - ამ საკითხებს მოიცავს 2 დღიანი ტრენინგ-კურსი.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე - https://bit.ly/3QW1lGY
პირველ ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 4 ივლისი 18:00 საათი, ხოლო მეორე ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 12 ივლისი 18:00 საათი.
ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 30 ივნისს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - ფონდი ფემინა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ
სადავო მედიაპროდუქტი 2022 წლის 31 მაისს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო გადაცემაში ჩატარებული გამოკითხვა დისკრიმინაციულია და ხელს უწყობს გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნორმალიზაციას.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.
19:00 საათზე - ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართვველო” რუსთავი 2-ის წინააღმდეგ
სადავო გადაცემა 2022 წლის 31 მაისს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, მასალა ქალთა მიმართ ძალადობის გამართლებასა და ძალადობის „ახსნის” მცდელობას ისახავს მიზნად. ასევე, განმცხადებელს მიაჩნია, რომ გადაცემაში კონკრეტული ქალების იდენტიფიცირება და ფოტოების გავრცელება, ფემიციდისა და ძალადობის სისტემურ პრობლემაზე საუბარს, არ სძენდა დამატებით შინაარსს.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი.
სხდომები გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მათზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
2022 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისამდე „თბილისი პრაიდის“
ორგანიზებით „პრაიდის კვირეული“ იგეგმება, 2021 წლის მძიმე გამოცდილების
ფონზე, უმცირესობებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“
გამართვაზე.
გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად, კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან
შედგება. ესენია:
ყველასთვის ცნობილია, რომ პრაიდის დემონსტრაციები ლგბტქ თემის პოლიტიკური ადვოკატირების იარაღი, გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, როცა თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს. თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.
ვფიქრობთ, ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები - ისევ საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ.
უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა. 2021 წლის 5 და 6 ივლისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა უმცირესობის უფლებებს, რაც შესაძლებლობას უქმნის მოძალადე ჯგუფებს გააძლიერონ და გაიმეორონ თავდასხმები როგორც აქტივისტების, ისე მედიის წარმომადგენლების მიმართ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავიდან აირიდოს 2021 წელს დაშვებული შეცდომები, მიიღოს ეფექტიანი ზომები, რათა:
- უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება
- დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან
- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო.
გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმი” 2022 წლის 31 მაისს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის, ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართვველო”, პოზიციით, სადავო მასალაში ფემიციდის შემთხვევა არასწორად და არაეთიკურად გაშუქდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემამ ქალის ობიექტივიზაციას და სტერეოტიპების გამყარებას შეუწყო ხელი.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.