სიახლეები

2021 წლის 05 აგვისტო

საბჭოს წევრები: კამილა მამედოვა [თავმჯდომარე], ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი, ზვიად ქორიძე, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე.

 

ქარტიის საბჭოს საკუთარი ინიციატივით მომართა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ, რათა საბჭოს შეეფასებინა რამდენად იყო შესაბამისობაში ქარტიის პირველ პრინციპთან  2021 წლის 27 იანვარს, რადიო „Georgian Time“, ეთერში გასული გადაცემა „განსაკუთრებული აზრი“.

ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

განსახილველ გადაცემაში წამყვანმა, ლალი მოროშკინამ სტუმრად მოიწვია იანა ბიკოვა და ლადო აფხაზავა. გადაცემის ძირითადი თემა იყო იანა ბიკოვას პრეტენზიები „თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის“ მიმართ, კერძოდ, ბიკოვას განცხადებით, მისი შვილი, ნიკოლოზ ღუღუნიშვილი უკვე რამდენიმე წელია, სწავლობს ამ სკოლაში და მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ბავშვი არ არის რეგისტრირებული საქართველოს განათლების სამინისტროს ერთიან ბაზაში/სასწავლო სისტემაში.

გადაცემის მიმართ სამართლებრივი შინაარსის პრეტენზია გამოთქვა თბილისის გერმანულმა საერთაშორისო სკოლამ და ლალი მოროშკინას წინააღმდეგ მიმართა სასამართლოს. თავის მხრივ, ლალი მოროშკინამ, თვითინიციირების საფუძველზე წარმოადგინა განცხადება ქარტიის საბჭოში, რათა საბჭოს ემსჯელა ქარტიის პრინციპების  [კერძოდ, პირველი პრინციპის] შესაძლო დარღვევაზე.

მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით, საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცა თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის წარმომადგენლებს, რომელთაც წარმოადგინეს წერილობით თავიანთი პოზიცია, ასევე მონაწილება მიიღეს  საბჭოს სხდომაში.

როგორც უკვე აღინიშნა, გადაცემის თემა იყო ნიკოლოზ ღუღუნიშვილის მოსწავლის სტატუსი, რომლის მშობელი, იანა ბიკოვა სკოლას ადანაშაულებდა კანონდარღვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი რამდენიმე წელი სწავლობდა სკოლაში და იხდიდა სწავლის საფასურს, იგი არ იყო რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, და მასზე საქართველოს განათლების სამინისტრო ვერ გასცემდა ცნობას, რომ ნიკოლოზი განათლებას იღებდა საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის შესაბამისად.

ამ ფაქტს არაერთხელ გამოეხმაურა თავად ჟურნალისტიც, რომელმაც ისაუბრა არა მხოლოდ ამ კონკრეტული ფაქტის, არამედ ზოგადად სკოლის შესახებაც:

  1. „აღმოჩნდა, რომ პატარა ნიკუშა ღუღუნიშვილი... აღმოჩნდა კანონგარეშე, აღმოჩნდა საერთოდ უსაბუთოდ, ანუ არსად არ არის აღრიცხული, თქვენ გესმით ხო, როდესაც მშობელი იხდის ამდენ ფულს სკოლაში ეს ნიშნავს, რომ სკოლა იხდის გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტში ხო, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტში ღუღუნიშვილების ოჯახიდან არ მომხვდარა არც ერთი კაპიკი“.
  2. ვინაიდან განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში მყოფი კიდევ 29 ბავშვი არ იყო რეგისტრირებული ერთიან სისტემაში, ეს ფაქტი ჟურნალისტმა გადასახადების დამალვად შეაფასა: „ეხლა ლადო უყურე, ჩვენ მინიმუმ მივიღეთ რა 88 000 ლარი, ეს არის ერთი ნიკუშა ღუღუნიშვილის ოჯახიდან რაც არის გადახდილი ეს ციფრი უნდა გავამრავლოთ 29-ჯერ, აი ამდენი ათასი ლარი არ შესულა საქართველოს ბიუჯეტში“.
  3. ლალი მოროშკინა გადაცემაში მტკიცებით ფორმაში უთითებდა, რომ სკოლა სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის და სახეზეა „საოცარი დარღვევები“.

საქმის განხილვის დროს ასევე წარმოდგენილი იქნა:

  1. თბილისის გერმანული სკოლის დირექტორის  [შტეფანი დროლლი] წერილი განათლების მინისტრის მიმართ, სადაც ის აღნიშნავს, რომ „[სკოლამ] 2015 წლის ზაფხულში, მოსწავლეთა რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ, მშობლების დაჟინებული თხოვნის საფუძვეზე, პირველ კლასში მიიღო ნიკოლას ღუღუნიშივილი. მიუხედავად იმისა, რომ იგი 2015/2016  სასწავლო წლის დასაწყისში არ იყო 6 წლის. მშობლების არგუმენტი იყო ის, რომ ნიკოლასი იყო რუსეთის მოქალაქე და ისინი დროებით იმყოფებოდნენ საქართველოში. სკოლის დირექცია ძალიან წუხს ამ ფაქტის გამო, მოგმართავთ თხოვნით, მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე საშუალება მოგვცეთ ნიკოლას ღუღუნიშვილი ჩარიცხოთ მოსწავლეთა ელექტრონულ ბაზაში. გარანტიას გაძლევთ, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება“.
  2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოს მიერ, თბილისის გერმანული სკოლაში, 09.09.2020 – 11.09.2020 პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის დასკვნა, რომლის თანახმად: 2020 წლის 9-11 სექტემბრის მონაცემებით, 29 მოსწავლე, რომელიც დარეგისტრირებულია სკოლის შიდა ბაზაში, არ არიან რეგისტრირებულნი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. იქვე აღნიშნულია რომ სკოლას ამის საშუალება მიეცა ქართულ და გერმანულ სამინისტროებს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმების და სამინისტროს 2011 წლის 06 ივნისით დათარიღებული წერილის საფუძველზე, რაც მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით ქმნის სამართლებრივ კაზუსს.

თავის მხრივ, თბილისის გერმანული სკოლის წარმომადგენლებმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს: ნიკოლოზ ღუღუნიშვილს თავდაპირველად უარი ეთქვა სკოლაში ჩარიცხვაზე, ვინაიდან მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობა, რომლის თანახმად, თუ ბავშვს სწავლის დაწყების მომენტში არ ჰქონდა შესრულებული ექვსი წელი, ის არ დაიშვებოდა საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში [ე.წ. „ქართულ პროგრამაზე“]. ამასთან,  საქართველოს და გერმანიის სამინისტროებს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, სკოლას ჰქონდა ორი პროგრამა ქართული, რომელსაც აღიარებს [აკრედიტირებულია] საქართველოს განათლების სისტემა და გერმანული, რომელსაც აღიარებს [აკრედიტირებულია] გერმანული განათლების სისტემა.  თავის მხრივ, გერმანული განათლების სისტემა არ აწესებს ასაკობრივ ზღვარს. შესაბამისად, ბავშვის მშობლების მოთხოვნით ნიკოლოზ ღუღუნიშვილი მიიღეს მხოლოდ გერმანულ განათლების პროგრამაზე და იგი არ აისახა ქართული განათლების სისტემაში.

განსახილველ შემთხვევაში საბჭოს არც კომპეტენცია და არც უფლებამოსილება არ გააჩნია, იმსჯელოს სამართლებრივად სწორად მოხდა თუ არა ნიკოლოზ ღუღუნიშვილის სკოლაში ჩარიცხვა, ან/და დაირღვა თუ არა მისი უფლებები. საბჭო განსახილველ გადაცემას აფასებს მხოლოდ ეთიკური პრინციპის ჭრილში: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. თავად ეს პრინციპი გულისხიობს იმას, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ აუდიტორიას მიაწოდოს დაბალანსებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ყველა შესაძლო მხარის პოზიციას, განმარტებას, კომენტარს, რათა საზოგადოებამ შეძლოს, რაც შეიძლება მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაციის მიღება.

გადაცემაში წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი მხარე - იანა ბიკოვა და ისმოდა მხოლოდ მისი ბრალდებები და პრეტენზიები სკოლის მიმართ. აღსანიშნავია, რომ თავად ჟურნალისტიც ავრცელებდა დაუდასტურებელ ინფორმაციას სკოლის შესახებ [სკოლა გადასახადებს მალავს და ა.შ].  ერთადერთი, რაც სკოლის პოზიციის წარმოჩინებად შეიძლება ჩაითვალოს, არის წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული, თბილისის გერმანული სკოლის დირექტორის,  შტეფანი დროლლის წერილი, რომელიც მაყურებელს გააცნო ჟურნალისტმა. მეორე მხრივ, დაუზუსტებელი იყო ინფორმაცია, თუ რის საფუძველზე ედებოდა ბრალი სკოლას გადასახადების დამალვაში და თან დიდი ოდენობით [88 000X29]. განათლების სისტემაში ბავშვის ასახვა/არ ასახვა არავითარ კავშირში არ არის საგადასახადო ანგარიშგებასთან. რატომ აფასებდა ჟურნალისტი სკოლის ქმედებას დანაშაულად, როცა თავად განათლების სამინისტროს დასკვნაში ეს პრობლემა იურიდიულ კაზუსად არის განმარტებული. არც ჟურნალისტის მცდელობა არ ჩანს, რომ დაკავშირდებოდა მეორე მხარეს [სკოლას] და მისი პოზიცია მოესმინა, ან მოეწვია გადაცემაში. ჟურნალისტის განცხადებით, მისმა რესპოდენტმა, იანა ბიკოვამ სთხოვა სკოლას გადაცემაში მონაწილეობა. გარდა იმისა, რომ ეს მიმართვა არ დასტურდება, ასევე, ერთი რესპონდენტის მიერ მეორე რესპონდენტის გადაცემაში მოწვევა ვერ ჩაითვლება ჟურნალისტის მცდელობად, რომ გადაამოწმოს ინფორმაცია, ყველა მხარეს მისცეს პოზიციის და კომენტარის დაფიქსირების საშუალება.  

ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია: ვინაიდან ჟურნალისტმა არ უზრუნველყო ბალანსის დაცვა და გადამოწმებული ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდება, განსახილველი გადაცემა არ არის შესაბამისი ქარტიის პირველ პრინციპთან.

08.02.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 07 თებერვალს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

17:00 საათზე - ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია „კავკასიისა" და ტელეკომპანია „პირველის" წინააღმდეგ

სადავო მედიაპროდუქტები ტელეკომპანიების Facebook გვერდზე 2022 წლის 02 თებერვალს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით სადავო მასალებში მის მიერ პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული განცხადება კონტექსტიდან ამოჭრილად გაშუქდა და საზოგადოების შეცდომაში შემყვანია. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

04.02.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 10 თებერვალს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - ბექა ბასილაია ანუკი გუმბერიძის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი „ერთი კაცის ქვეყანა”, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში” 2021 წლის 05 დეკემბერს გავიდა. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და დაუბალანსებლად არის გაშუქებული.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი.

19:00 საათზე - გაგი მოსიაშვილი ზურა პეტროსიანის და დავით გვალიას წინააღმდეგ 

სადავო სიუჟეტი „როგორ დაიგეგმა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა | ძმები კაკულიების სამოქმედო გეგმის დეტალები” ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში 2021 წლის 18 სექტემბერს გავიდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტის მიერ მოყვანილი ფაქტები და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კონკრეტული ადამიანის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.



03.02.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო თინათინ ნოზაძის განცხადება TV პირველის ჟურნალისტების ვასილ დაბრუნდაშვილის, ეკო მაღრაძისა და გუგა მაისურაძის წინააღმდეგ.

სადავო მასალა მედიასაშუალების ეთერში 2022 წლის 24 იანვარს გავიდა. 

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტურ პროდუქტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ლახავს არასრულწლოვანის უფლებებს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მერვე - ბავშვთა უფლებები.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.



01.02.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 27 იანვარს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - შიო ხიდაშელი alia.ge წინააღმდეგ

სადავო სტატია მედიასაშუალების ვებ-გვერდზე 2021 წლის 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, მასალა ემსახურება მოქალაქის დისკრედიტაციას და მასში იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე ( ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

19:00 საათზე - ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი (ეკატერინე ციმაკურიძე, მაია ბაქრაძე, თამარ ლალიაშვილი, ნათია ქუთათელაძე, ბესო ლოლაძე, ბესიკ სისვაძე) ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის მარიამ ოშხნელის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი „მოსამართლეთა პროტესტის ანატომია“, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში „იმედის კვირა” 2021 წლის 21 ნოემბერს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტის მიერ მოყვანილი ფაქტები და ინფორმაცია არის ცალმხრივი, განზრახ არაზუსტი, არასრულყოფილი და დაუბალანსებელი. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.



25.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება “ქუთაისიპოსტის” ჟურნალისტის მარიამ პატარაიას წინააღმდეგ.

სადავო მასალა ქალაქი, რომელიც მსხვერპლს ითხოვს გამოცემის ვებგვერდზე, 2021 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნდა.

განმცხადებლის პოზიციით, მასალის სათაური მანიპულაციურია, ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად ქალაქ ტყიბულის პრესტიჟს და მკითხველში ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აქ ცხოვრება ან თუნდაც ხანმოკლე ვადით სტუმრობა საფრთხის შემცველია. განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი, ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
18.01.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 21 იანვარს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - სოფიო ბასილაშვილი ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტის თეა ადეიშვილის წინააღმდეგ

სადავო გადაცემა „მთავარი აქცენტები” ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში 2021 წლის 25 ოქტომბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტმა თავისი რეპლიკით წაახალისა დისკრიმინაცია. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.



18.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო NGO ალტერნატივას განცხადება TV 25-ის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში “მაცნე”, 2021 წლის 08 დეკემბერს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში გაჟღერებული ინფორმაცია ჟურნალისტს არ გადაუმოწმებია და არაზუსტია. გარდა ამისა, მხარე აღნიშნავს, რომ ტელევიზიას არ მიუთითებია ინფორმაციის წყარო.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება;
  • მეთერთმეტე - პლაგიატი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
17.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ხათუნა ბერიძის განცხადება TV 25-ის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში “მაცნე”, 2021 წლის 08 დეკემბერს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, მასზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, არის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია;
  • მეათე - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
  • მეთერთმეტე - პლაგიატი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
17.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა ეკა ჩხეიძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ქვიარ ასოციაცია “თემიდამ” მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში „ყვითელი ყუთი”, 2021 წლის 24 ივნისს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, გადაცემაში წამყვანის მიერ გაჟღერებული მოსაზრება, თითქოს ტრანსგენდერობა ავადმყოფობაა, იყო არაზუსტი. ასოციაცია განმარტავდა, რომ ისედაც მარგინალიზებული ჯგუფის მსგავსი კონტექსტით წარმოჩენა, აღრმავებს სტიგმას მათ წინააღმდეგ.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
17.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა თაკო ნოზაძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ამხანაგობა „ბაგები 502“ და „ბაგები 504-მა მომართა. სადავო მასალა 2021 წლის 09 სექტემბერს გადაცემაში „დილა ფორმულაზე” გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და მეორე მხარის, განმცხადებლის, პოზიცია არ წარმოაჩინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
17.01.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 20 იანვარს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტების: ნათია სონღულაშვილის, ლევან კვატაშიძის, ლევან ჯავახიშვილის, ხატია ქვათაძის, ლევან კვატაშიძის და ნინო თოლორდავას წინააღმდეგ 

სადავო სამი ჟურნალისტური პროდუქტია, რომლებიც 2021 წლის 20 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გავიდა.

განმცხადებლების პოზიციით, მასალებში არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული და ორგანიზაციის დისკრედიტაციას ემსახურება.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

14.01.2022

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.