საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 04 მარტს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - თინათინ ნოზაძე TV პირველის ჟურნალისტების ვასილ დაბრუნდაშვილის, ეკო მაღრაძისა და გუგა მაისურაძის წინააღმდეგ
სადავო მასალა მედიასაშუალების ეთერში 2022 წლის 24 იანვარს გავიდა.
განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტურ პროდუქტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ლახავს არასრულწლოვანის უფლებებს.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპი.
19:00 საათზე - დავით მათიკაშვილი ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტების ჟანა აკოფაშვილისა და დავით გვალიას წინააღმდეგ
სადავო მასალა მედიასაშუალების ეთერში 2021 წლის 16 ოქტომბერს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია არაზუსტია და ზიანს აყენებს მის საქმიან რეპუტაციას.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მედიის წარმომადგენლებს და კოლეგებს უკრაინის პრესის საბჭოში.
ქარტია მადლობას უხდის ჟურნალისტებს, რომლებიც დღეს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა საზოგადოებამ მიიღოს გადამოწმებული და სრულყოფილი ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე.
ამავდროულად, ქარტია მიმართავს საქართველოს მედიასაშუალებებს, გამოიჩინონ სიფრთხილე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, რადგან ასეთ დროს განსაკუთრებით აქტიურდება პროპაგანდისტული კამპანიები და დეზინფორმაცია, ვრცელდება უამრავი გადაუმოწმებელი ცნობა, ვიდეო და ფოტო მასალა.
იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ყურადღება მთლიანად მიმართულია უკრაინის მოვლენებისადმი, მნიშვნელოვანია, მედიამ გაორმაგებული ძალისხმევა დახარჯოს ინფორმაციის გადასამოწმებლად და მხოლოდ სანდო წყაროები გამოიყენოს.
ქარტია ასევე მიმართავს საზოგადოებას, ნუ წამოეგებიან საქართველოში მოქმედი პრორუსული და ანტიდასავლური ორგანიზაციებისა და საინფორმაციო არხების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 25 თებერვალს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - თინათინ რევაზაშვილი TV „პირველის" ჟურნალისტების გიორგი ნიორაძის, ეკა მიშველაძის და ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ
სადავო სამი ჟურნალისტური პროდუქტია. გადაცემა „პირველი ხაზი” (მოპასუხე გიორგი ნიორაძე) 2022 წლის 04 თებერვალს, გადაცემა „საჯარო პოლიტიკა” (მოპასუხე ეკა მიშველაძე) 2022 წლის 07 თებერვალს, ხოლო გადაცემა „რეაქცია” (მოპასუხე ინგა გრიგოლია) 2022 წლის 08 თებერვალს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, გადაცემებში, სტუმრების მიერ გამოყენებული იყო დისკრიმინაციული ენა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, ჟურნალისტები კი მას არ გაემიჯნენ.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.
19:00 საათზე - გიორგი ჭანტურია ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის თამარ თედიაშვილის წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი სათაურით „ე.წ. ქურდული სიმღერები საჯარო სკოლაში” ტელეკომპანიის ეთერში 2022 წლის 14 იანვარს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია არაზუსტია და არ ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესს.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მერვე (ბავშვთა უფლებები), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
2022 წლის 20 თებერვალს მედიაში გავრცელდა, სავარაუდოდ, სასულიერო პირის მხრიდან მეორე სასულიერო პირის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეო.
ვიდეოშიც და მედიის მიერ მისი გავრცელების ფორმებშიც რამდენიმე პრობლემაა:
ამასთან, კადრებში არ ჩანს მომხდარი ამბავი სრულად, მიუხედავად იმისა, რომ ისმის კონკრეტული ბრალდებები და მოძალადე პირის მოწოდება, რომ იქ მყოფმა კიდევ ერთმა პირმა ვიდეო გადაიღოს. მნიშვნელოვანია, მედია არ გახდეს კონკრეტული პირების ინტერესების უნებლიე გამტარებელი და სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალების გამოყენებისას პროფესიული სტანდარტის დაცვას პასუხისმგებლობით მოეკიდოს.
ქარტია მოუწოდებს მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობის ამსახველი კადრების გაშუქებისას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
ქარტიას მიაჩნია, რომ მსგავსი მასალების ტირაჟირებას თან ახლავს უარყოფითი შედეგები. შესაბამისად, აუცილებელია მედიამ გამოიჩინოს წინდახედულება და ეთიკურად გააშუქოს მსგავსი საკითხები.
კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას, ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდი რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადების პროცესში. როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალური ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.
ტელეკომპანია „მთავარი არხი” ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ, 2022 წლის 18 თებერვალს კასპის საკრებულოში მედიასაშუალების ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტელეკომპანია „პირველის" ინფორმაციით, ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მათ გადამღებ ჯგუფსაც. ქარტიის ინფორმაციით, მუშაობა არასათანადო პირობებში მოუწიათ ტელეკომპანიების „ფორმულას”, „თრიალეთისა” და „ტვ მონიტორინგის” წარმომადგენლებსაც.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ პოლიციელების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კასპის საკრებულოში მედიის წარმომადგენლების უფლებები დაირღვა. 2021 წლის 17 დეკემბერს, კასპის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანიების, „მთავარი არხის”, „TV პირველისა” და „ფორმულას” გადამღები ჯგუფები.
ქარტიას მიაჩნია, რომ თავდასხმა პოლიციელების მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა. მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. აუცილებელია სამართალდამცავ პირებს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ გაატარონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობა” ჟურნალისტებისადმი მუქარასა და თავდასხმებს განაგრძობს. TOK TV-ს მიერ 2022 წლის 17 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტს „კონსერვატიული მოძრაობის” ოფიციალური Facebook-ანგარიშიდან დაემუქრნენ. „ცოტა ჭკვიანად იყავი, თორემ TOK TV გვერდზე დაგრჩება" - ეს კომენტარი, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" სახელით, მედიასაშუალების იმ მასალის ქვეშ დაიწერა, რომელიც ახალციხის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ ამ პარტიის მხარდაჭერას ეხებოდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტისადმი მუქარა სისხლის სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „კონსერვატიული მოძრაობის” წარმომადგენლები ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ 2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში ჟურნალისტთა მასობრივი დარბევისა და ძალადობის ორგანიზატორები. ამ დარბევის შედეგად დაშავებული ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა. ამავე მოძრაობის ლიდერები ემუქრებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს და მოითხოვდნენ გადაცემა „ახალი კვირის" დახურვას. მოგვიანებით ეს გადაცემა ფორმალურად სხვა მოტივით, მაგრამ მაუწყებლის მენეჯმენტმა მაინც დახურა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს. მიგვაჩნია, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო თინათინ რევაზიშვილის განცხადება TV პირველის ჟურნალისტების გიორგი ნიორაძის, ეკა მიშველაძის და ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ, სადავოა 3 გადაცემა.
გადაცემა „პირველი ხაზი” (მოპასუხე გიორგი ნიორაძე) 2022 წლის 04 თებერვალს, გადაცემა „საჯარო პოლიტიკა” (მოპასუხე ეკა მიშველაძე) 2022 წლის 07 თებერვალს, ხოლო გადაცემა „რეაქცია” (მოპასუხე ინგა გრიგოლია) 2022 წლის 08 თებერვალს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, გადაცემებში, სტუმრების მიერ გამოყენებული იყო დისკრიმინაციული ენა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ, ჟურნალისტები კი მას არ გაემიჯნენ.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 18 თებერვალს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია „ქუთაისიპოსტის” ჟურნალისტის მარიამ პატარაიას წინაღმდეგ
სადავო მასალა - „ქალაქი, რომელიც მსხვერპლს ითხოვს“, მედიასაშუალების ვებ-გვერდზე, 2021 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, მასალის სათაური მანიპულაციურია, ეჭვქვეშ აყენებს ქალაქ ტყიბულის პრესტიჟს და მკითხველში ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აქ ცხოვრება ან თუნდაც ხანმოკლე ვადით სტუმრობა საფრთხის შემცველია.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი.
18:00 საათზე - მარტა ბიბილაშვილი ტელეკომპანია „თრიალეთის” ჟურნალისტის ანი ქავთარაძის წინააღმდეგ
სადავო მედიაპროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 29 ოქტომბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით სადავო მასალის მომზადებისას ჟურნალისტი მას არ დაკავშირებია და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
2022 წლის 08 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერი დეპუტატების ბრიფინგის გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს.
ქარტიისთვის მოწოდებული ინფორმაციით, შენობაში შესვლაზე უარი მუნიციპალიტეტის მერმა მოგვიანებით პანდემიით ახსნა, თუმცა ეს იქ მყოფი ჟურნალისტებისთვის ოფიციალურად არ განუმარტავთ. მედიისთვის არ მიუწოდებიათ არც ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც პანდემიის არგუმენტით შენობაში გადაადგილებას არეგულირებს.
ასეთი დოკუმენტი არ იძებნება არც მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებულ სამართლებრივ დოკუმენტებს შორის.
ქარტიას დაუშვებლად მიაჩნია, მედიას შეეზღუდოს კანონიერი უფლება, საზოგადოებამ კი ვერ მიიღოს ინფორმაცია მისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც მუნიციპალურ ორგანოებში ვითარდება.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჟურნალისტები მუნიციპალური ორგანოების შენობაში არ შეუშვეს.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა და მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, რათა მოქალაქეებმა მიიღონ ინფორმაცია მათ მიერ არჩეული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული სახელისუფლო ორგანოების საქმიანობის შესახებ.