სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლებში გრძელდება თანამშრომელთა დისკრიმინაციის და დევნის პრაქტიკა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს ქმნის.

2022 წლის 29 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტები — იმედა დარსალია, თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი. მიმდინარე წლის თებერვალში მათ თქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ცენზურის მცდელობებს ჰქონდა ადგილი, მაუწყებელში სარედაქციო გადაწყვეტილებები ე.წ. შავი სიების მიხედვით ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ ცენზურის მცდელობებზე საუბრობს გადაცემის კიდევ ერთი ყოფილი ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზად „საჯარო სივრცეში გავრცელებული დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებებით, მაუწყებლის სარედაქციო გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებით“ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანის მიყენებას“ ასახელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული სამივე თანამშრომლის ინტერესებს მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს.

2022 წლის 28 აპრილს ასევე ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლდა გადაცემა „უცხო სუნელის“ წამყვანი ალექსანდრე თხილაიშვილი.

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ოფიციალური მიზეზები და თანმდევი პროცესები, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების მხრიდან ფასდება როგორც „ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების წევრთა“ პიროვნული დევნის გაგრძელება.

02.05.2022

2022 წლის 28 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანი იმედა დარსალია და ჟურნალისტები - სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად „დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებების“ გავრცელებაა დასახელებული. 

გათავისუფლებული ჟურნალისტები მაუწყებელში ცენზურის არსებობაზე რამდენიმე თვეა საუბრობენ და ასახელებენ კონკრეტულ ორგანიზაციებსა და რესპონდენტებს, რომლებიც, მათი თქმით, არხის მენეჯმენტმა ე.წ. შავ  სიაში ჩასვა. სამოქალაქო სექტორი კი ითხოვს ამ საკითხის ობიექტურ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე მოკვლევას.

ქარტია მიიჩნევს, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურის არსებობაზე. ამასთან, მსგავსი მიდგომები ქმნის საფრთხეს შემდგომში სხვა ჟურნალისტებმა თავი შეიკავონ მაუწყებელში არსებულ პრობლემებზე საუბრისგან.

ქარტია მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს:

  1. გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლებასთან დაკავშირებით;
  2. შეისწავლოს სარედაქციო დამოუკიდებლობაში შესაძლო ჩარევის საკითხი და მიიღოს შესაბამისი ზომები.

 

30.04.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის ჟურნალისტმა ჟანა აკოფაშვილმა ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია.

სადავო სიუჟეტი "ბათუმის მდიდარი ვიცე-მერი - ლევან დავითაძის კავშირები და ქონება" ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 18 დეკემბერს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია მისი თანამდებობის დაკავებისა და ქონების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
30.04.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს მედიის წარმომადგენლებს გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

მაისის თვეში ჩატარდება ონლაინ ტრენინგები, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით.

ტრენინგს 2022 წლის 12-13 მაისს სათემო რადიო „მარნეულის” ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ხოლო 2022 წლის 19-20 მაისს ონლაინმედია „პუბლიკას” რედაქტორი თათია ხალიანი ჩაატარებს. 

რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას - ამ საკითხებს მოიცავს 2 დღიანი ტრენინგ-კურსი. 

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე - https://bit.ly/3Kl8OKZ 

პირველ ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 მაისი 18:00 საათი, ხოლო მეორე ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 17 მაისი 18:00 საათი. 

ქარტია გააგრძელებს აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგის ჩატარებას სხვადასხვა ტრენერის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე. 

ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.         

29.04.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას საბჭოს მდივნის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული განცხადებების მიღება და დასაშვებობის შემოწმება;
  • განცხადების განხილვისთვის მომზადება, მხარეებთან კომუნიკაცია;
  • საბჭოს სხდომების მომზადება, მონაწილეობის მიღება და გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • იურისტად მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
  • მედიაგარემოს ცოდნა;
  • საბჭოს გადაწყვეტილებების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 6 მაისის 18:00 საათამდე გამოგზავნეთ CV და სამოტივაცი წერილი ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

26.04.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 29 აპრილს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - ნიკა ნიაური რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ხათუნა გაგნიძის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2022 წლის 18 მარტს მედიასაშუალების გადაცემა „კურიერის” 18:00 საათიან გამოშვებაში გავიდა ეთერში და გლდანში მომხდარ მკვლელობას შეეხებოდა. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ინფორმაცია არ შესწორდა სათანადოდ, ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებით. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

26.04.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 აპრილს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

17:00 საათზე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი „აი, ფაქტის"  წინააღმდეგ 

სადავო მასალა 2022 წლის 06 აპრილს გავრცელდა. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში გავრცელებული ინფორმაცია ქუთაისის მერიის ხარჯებთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. განმცხადებელი თვლის, რომ მედიასაშუალება არასწორ ინფორმაციას კამპანიური სახით ავრცელებდა. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

19.04.2022

კრიტიკული ჟურნალისტებისთვის საქართველოს მთავრობის საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა და ღონისძიებაზე დასწრების შეზღუდვა მკვიდრდება როგორც მანკიერი პრაქტიკა. ამ გზით გრძელდება ჟურნალისტების მიზანმიმართული დისკრიმინაცია, რაც გამოხატვის თავისუფლებისთვის არახელსაყრელი გარემოს შექმნაში არაერთხელ გამოვლინდა.

2022 წლის 08 აპრილს ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გამოვლინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რეგიონული ტურნეს ფარგლებშიც. ვიზიტის შესახებ არ იყო ინფორმირებული Როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მედიის ნაწილი, მათ შორის, „TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მედიის მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ: 2021 წლის 17 ივლისს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მედიის ნაწილი არ მიიწვიეს. პრესსამსახურის განმარტებით, ტელეკომპანიები ღონისძიებაზე არ მიიწვიეს, რადგან „პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი“.

ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომით გამოირჩევა Ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი. 2021 წლის 08 დეკემბერს კულტურის სამინისტროში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით მინისტრმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე დასასწრებად მისული ტელეკომპანია „TV პირველის“ წარმომადგენლები კი შეხვედრაზე არ შეუშვეს. მოგვიანებით, კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტის შეკითხვას შეზღუდვის მიზეზის შესახებ უპასუხა, რომ ის არის არა კრიტიკული, არამედ „აღვირახსნილი“ მედიის წარმომადგენელი. 2021 წლის 22 ნოემბერს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე, ასევე, არ მიიწვიეს მედიის ნაწილი. 2021 წლის 11 ნოემბერს ასეთივე ფორმით შეიზღუდა ჟურნალისტთა უფლებები იუსტიციის სამინისტროს მიერ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ამ გზით თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას. ის გაურბის ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციას და ესაუბრება საზოგადოების მხოლოდ ერთ ნაწილს. მთავრობის ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ მწვავე პოლარიზაციას.

კოალიცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს ჟურნალისტის უფლებას დაუბრკოლებლად შეასრულოს პროფესიული მოვალეობა, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ადევნოს თვალი მიმდინარე პროცესებს.

საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. აღნიშნული შემთხვევები კი ეწინააღმდეგება “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის სულისკვეთებას.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უარი თქვას მედიის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომაზე და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

08.04.2022

2022 წლის 8 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა პრემიერ-მინისტრის ქვემო ქართლში ვიზიტის შესახებ TV პირველს, მთავარ არხსა და ფორმულას არ აცნობა. შედეგად, მედიასაშუალებების ნაწილს არ მიეცა საშუალება, გაეშუქებინა ღონისძიება მარნეულში. მათ შეეზღუდათ უფლება, მიეღოთ და გაევრცელებინათ საჭირო ინფორმაცია. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიიჩნია, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა თავისთავად დაუშვებელი, ხოლო, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება - დისკრიმინაციულია. მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალება თანაბარ პირობებში იყოს.

სამწუხაროდ, ეს შერჩევითი მიდგომის პირველი შემთხვევა არ არის. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის როგორც წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ხშირად საჯარო უწყებებში არ უშვებენ და ბარიერებს უქმნიან. 

  • 2021 წლის 19 მარტს „TV პირველის“ ჟურნალისტი, ნატალია ქაჯაია, საქართველოს პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.
  • 2022 წლის 18 თებერვალს კასპის საკრებულოში მედიასაშუალების წარმომადგენლებს პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სამუშაოდ არასათანადო პირობები შეუქმნეს
  • 2022 წლის 08 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერი დეპუტატების ბრიფინგის გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს
  • 2021 წლის 17 დეკემბერს, კასპის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანიების, „მთავარი არხის”, „TV პირველისა” და „ფორმულას” გადამღები ჯგუფები.
  • 2021 წლის 17 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მედიის მხოლოდ ნაწილი მიიწვიეს.

ქარტიას მიაჩნია, რომ საჯარო უწყებების მსგავსი ქმედებები ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს და კიდევ უფრო საშიშს ხდის ჟურნალისტურ საქმიანობას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები. 

 

08.04.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს მედიის წარმომადგენლებს გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

აპრილის თვეში ჩატარდება ონლაინ ტრენინგები, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით.

ტრენინგს 2022 წლის 14-15 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულას" ციფრული დეპარტამენტის მთავარი რედაქტორი, ტოქშოუს წამყვანი სალომე უგულავა, ხოლო 2022 წლის 17-18 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცის" ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილი ჩაატარებს.

რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას - ამ საკითხებს მოიცავს 2 დღიანი ტრენინგ-კურსი. 

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე - https://bit.ly/3NYlpGS 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 12 აპრილი 18:00 საათი. 

ქარტია გააგრძელებს აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგის ჩატარებას სხვადასხვა ტრენერის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე. 

ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

08.04.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 07 აპრილს 3 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - ცენტრალური საარჩევნო კომისია ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტების ნატა ქაჯაიას და ლიკა ჯანყარაშვილის წინააღმდეგ 

სადავო მასალა ტელეკომპანიის ეთერში 2022 წლის 30 იანვარს გავიდა ეთერში.  

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნათესავების კომპანიებმა, არასწორია, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და რეპუტაციულ ზიანს აყენებს ცესკო-ს.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპი.

19:00 საათზე - ცენტრალური საარჩევნო კომისია ტელეკომპანია „მთავარი არხის" არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი 2022 წლის 05 თებერვალის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი.

19:30 საათზე - ლევან დავითაძე ტელეკომპანია „მთავარი არხის” ჟურნალისტების მიხეილ სესიაშვილისა და ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2021 წლის 18 დეკემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომელსაც მედიასაშუალება განზრახ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ავრცელებს. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

სხდომები გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მათზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

04.04.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო გიორგი ბახტურიძის განცხადება მთავარი არხის ჟურნალისტის - ნანი სისვაძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი "400 ათასი ლარი თამბაქოს კონტროლისთვის | რაში ხარჯავს "ოცნება" ბიუჯეტს - საეჭვოდ მოგებული ტენდერი”, ტელეკომპანიის ეთერში, 2022 წლის 03 მარტს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გაჟღერებული ბრალდება თითქოს მათი ორგანიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს საეჭვო თანხებს სიმართლეს არ შეესაბამება. განმცხადებელი თვლის, რომ ინფორმაციის მსგავსი ფორმით გავრცელება მიზნად ისახავს მათი საქმიანი რეპუტაციის შელახვას და მოპასუხე მხარეს ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის დარღვევას ედავება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
29.03.2022

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.