სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია.

დღეს, 30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე.

ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე ალტერნატიული პროფკავშირების აქტიური წევრები და 26 ივნისს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი გათავისუფლებას მათ აქტივობებს უკავშირებენ.

ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს.

ქარტია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით.
30.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო არასამთავრობო ორგანიზაცია “ფემინას” განცხადება გაზეთ “ალიას” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.

სადავო სტატია “სანამ დედა საყვარელთან ერთად სასტუმროში იყო, 3 წლის ბავშვი მანქანაში გაიგუდა?-საზარელი ტრაგედია რუსთავში”, გამოცემის ვებგვერდზე 2020 წლის 20 ივლისს გამოქვეყნდა.

განმცხადებლის განმარტებით, სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია, არასრულწლოვანის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, მხარე აღნიშნავს,რომ სტატიაში დედის პირადი ცხოვრების დეტალებზე ხაზგასმით იკვეთება პათოსი, ტრაგედიაში ქალის დანაშაულის შესახებ და იგრძნობა მის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება.

განმცხადებელი გაზეთ “ალიას” ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევას ედავება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
29.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება TV პირველის ჟურნალისტების ეკატერინე მაღრაძის და ნინო ელიკაშვილის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 2 ივლისს გავიდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საწვავში დახარჯულ თანხებს ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცესკო შეძენილი მანქანების ოდენობითა და დახარჯული საწვავის ლიმიტის გადაჭარბებაში ლიდერია, IDFI-ის კვლევაში არ არის მოხსენიებული და ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

განმცხადებელი დავობს ინფორმაციის სიზუსტისა და და წყაროს დადასტურების პრინციპების დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
29.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ იმ კონკრეტული მედიკამენტების დასახელებისგან, რაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ფიგურირებს.
26.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია. 
 
მის წინააღმდეგ ქარტიას ნათია რუხაიამ მომართა. მხარე სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი, შესაძლოა, ავთანდილ ბილანიშვილი ყოფილიყო.
 
მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.
 
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
 
 
24.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ილია წულაიას და შპს ბაკურიანი რიზორტის განცხადებები TV პირველის ჟურნალისტის ინა ცარციძის წინააღმდეგ.

ორივე განმცხადებელმა ქარტიას იდენტურ სიუჟეტზე მომართა, რომელიც ბაკურიანში დაგეგმილ მშენებლობას ეხება.

განმცხადებლების განმარტებით, სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია შპს “ბაკურიან რიზორტის” საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემასთან, მწვანე საფარის განადგურებასთან, მაღასართულიანი ბინების მშენებლობასთან და ამ თემასთან დაკავშირებით, ეთერით გაჟღერებული სხვა საკითხები სიმართლეს არ შეესაბამება.

განმცხადებლები დავობენ ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეორე - ჟურნალისტის იძულების დაუშვებლობა;
  • მეხუთე - არაზუსტი ინფრომაციის შესწორება;
  • მეთერთმეტე- ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
21.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ილია წულაიას და შპს “ბაკურიანი რიზორტის” განცხადებები ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის ანუკა ბუავას წინააღმდეგ.

ორივე განმცხადებელმა ქარტიას იდენტურ სიუჟეტზე: “ბაკურიანი ეკო კატასტროფის პირას - ოცნების დეპუტატის ბიზნეს ინტერესები” მომართა, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 23 ივნისს გავიდა.

განმცხადებლების განმარტებით, სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია თითქოს შპს ბაკურიან რიზორტს საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა და მიმდინარე მშენებლობის გამო ტყის გაჩეხვა იგეგმება არასწორია. განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის მსგავსი ფორმით გავრცელება ზიანს აყენებს მათ ავტორიტეტსა და საქმიან რეპუტაციას.

განმცხადებლები დავობენ ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეორე - ჟურნალისტის იძულების დაუშვებლობა;
  • მეხუთე - არაზუსტი ინფრომაციის შესწორება;
  • მეთერთმეტე- ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
21.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო დავით ამირეზაშვილის განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის გურამ ნიკოლაშვილის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემა ქრონიკაში, 2020 წლის 06 ივლისს გავიდა, რომელიც ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის მიერ 6 ივლისს ჩატარებულ საპროტესტო აქციას ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, გადაცემაში მოყვანილი ინფორმაცია ცილისმწამებლური, დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელია. მხარე აღნიშნავს,რომ სრულიად უსაფუძვლოდაა დაკნინებული ტურიზმის ინდუსტრიის თითოეული სეგმენტის მნიშვნელობა და ამ სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ ქმნის ნეგატიურ განწყობას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეორე - ჟურნალისტის იძულების დაუშვებლობა;
  • მესამე- დადასტურებული წყარო;
  • მეხუთე - არაზუსტი ინფრომაციის შესწორება;
  • მეთერთმეტე- ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
21.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 ივლისს, 19:00 საათზე, განიხილავს ნათია რუხაიას განცხადებას ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი ეთერში 2020 წლის 07 ივლისს გავიდა. მხარე სადავოდ ხდის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი ავთანდილ ბილანიშვილი იყო.

სადავო პრინციპებია: პირველი -ინფორმაციის სიზუსტე, მესამე - დადასტურებული წყარო; მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.

სხდომა საჯაროა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სხდომა გაიმართება ქარტიის ოფისში, შიო მღვიმელის ქუჩა N 6ბ.
21.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ნორა მუხაშავრიამ მომართა, 2020 წლის 30 აპრილს, ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, რომელიც ოზურგეთის მერიის მიერ ფსიქოლოგიური მომსახურების კაბინეტთან დადებულ ხელშეკრულებას ეხებოდა.

მხარე განმარტავდა, რომ ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია ოზურგეთში არსებული ფსიქოლოგიური კაბინეტის არარსებობის შესახებ.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეულხებლობა) პრინციპების შესახებ, მაგრამ საბჭომ ამ პრინციპებზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
15.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი არხის ჟურნალისტს ბელა ზაქაიძეს ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი არ დაურღვევია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ანა ებანოიძემ მომართა, სადაო სიუჟეტი ეხებოდა 2020 წლის 16 თებერვალს გუდაურში მომხდარ მკვლელობას. განმცხადებელი განმარტავდა, რომ ჟურნალისტი ეყრდნობოდა მხოლოდ დაზარალებულის (გარდაცვლილის) ოჯახის ადვოკატისა და პროკურატურის მიერ მიწოდებულ ვიდეო მასალას, რომელიც სამართლებრივად არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ვინაიდან საქმე ჯერ ისევ საგამოძიებო სტადიაზეა და მისი დასაშვებობა ჯერ სასამართლოს მიერ არ იყო დადასტურებული.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
15.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, მთავარი არხის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას მაია გელაშვილმა და ნუცა მაზანაშვილმა მომართა, 2020 წლის 26 მაისს, ტელეკომპანიის ეთერში გასული გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო. მხარე განმარტავდა, რომ ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული ფრაზა „თუ იცი, რომ გაუპატიურება გარდაუვალია, მოდუნდი და ეცადე მიიღო სიამოვნება” მნიშვნელობას უკარგავს და აუბრალოებს გაუპატიურების თემას, ასევე ეპითეტები, როგორიცაა „ბერწი“, გამოთქმა „შობე დარეჯან, შობე“ და სხვა, არის შეურაცხმყოფელი და აღრმავებს საზოგადოებაში ქალების საზოგადოებრივი როლის მიმართ არსებულ სტერეოტიპებს.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
15.07.2020

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.