სიახლეები
2020 წლის 21 ივნისს, ტელეკომპანია ,,მთავარის" პროგრამა PostFactum-ში გავიდა სიუჟეტი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე.

სიუჟეტში აჩვენეს კადრები პორნოგრაფიული მასალიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეეცადნენ ბავშვთა სახეების დაფარვას, ვფიქრობთ, გარკვეული პირებისთვის შესაძლებელი გახდა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება.
22.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება TV პირველის ჟურნალისტის - ანა ახალაიას წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი "მოკლული და ქუჩაში გადაგდებული ჩვილი", TV პირველზე, გამოშვება “პირველებში”, 2020 წლის 2 ივნისს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტი სიუჟეტის მომზადებისას ესაუბრა იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ მომხდარ ფაქტს. სიუჟეტიდან არ დგინდება, რომ ჟურნალისტს კომენტარის ჩასაწერად ჰქონდა მშობლის ან სხვა, არასრულწლოვანზე პასუხისმგებელი პირის ნებართვა. გარდა ამისა, მხარე ხაზს უსვამს, რომ ისეთი ფაქტების გახსენება, როგორიცაა ჩვილის მკვლელობა, ნეგატიურად აისახებოდა არასწრულწლოვანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მხარე დავობს ქარტიის მერვე პრინციპის დარღვევაზე, რომლის მიხედვითაც:

”ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.”

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
22.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო არასამთავრობო ორგანიზაცია “ფემინას” და ანი მეზურნიშვილის განცხადებები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პროფილის” წამყვანის მაია ასათიანის წინააღმდეგ.

ორივე განმცხადებელმა ქარტიას იდენტურ ჟურნალისტურ პროდუქტზე, თოქ-შოუ“ პროფილზე” მომართა, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 11 ივნისს გავიდა. მხარეები ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის ოჯახთან დაკავშირებულ მონაკვეთზე დავობენ.

განმცხადებლების განმარტებით, გადაცემის ამ ნაწილის მთავარი არსი ბიჭი შვილის ყოლის უპირატესობაზეა, გოგო შვილის ყოლა კი მეორეხარისხოვანადაა შეფასებული და გადაცემას ლაიტმოტივად გასდევს მამრობითი სქესის აღმატებულობის პათოსი. მხარეების აზრით, გენდერული ნიშნით არათანასწორი დამოკიდებულების გამოხატვა და მჩაგვრელი ფორმით გადაცემის ტირაჟირება ხელს უწყობს სოციუმში არსებული გენდერული სტერეოტიპების გამყარებას და დისკრიმინაციის წახალისებას, რაც არღვევს ქარტიის მეშვიდე პრინციპს.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
21.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი - ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოჟურნალისტები.

მათი განცხადებით, აქციის დაშლამდე ისინი არ გაუფრთხილებიათ, ასევე, ნაწილი ამბობს რომ, მიუხედავად მათი პროფესიის ამომცნობი სიმბოლიკის ქონისა, რაც მიანიშნებდა, რომ ისინი იყვნენ მედიის წარმომადგენლები, სპეცრაზმი მაინც დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს, ხელს უშლიდა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
20.06.2020
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
16.06.2020
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს მთავრობას სათანადო რეაგირებისათვის და ვითხოვთ, საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე დროული და დასაბუთებული ინფორმაცია გაასაჯაროონ.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა ამ დრომდე უცნობია ხელისუფლების ხედვა ჟურნალისტის და მედიასაშუალების დაცვის გარანტიების შესახებ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

ტელეწამყვანის სიტყვები ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც გააპროტესტეს. „რუსთავი 2"-ის მაშინდელი წამყვანის გინება უარყოფითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცა.

გაბუნიას გინებას უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა კი გიორგი გაბუნიას გადამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.

ჩვენ არაერთხელ შევახსენეთ საქართველოს მთავრობას, რომ ჟურნალისტების უფლებების პატივისცემა და დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა. გავრცელებული ინფორმაციაზე დროული და სათანადო რეაგირებით ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
16.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ააიპ “აგროგილდიას” განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის - სოფიო ბეროშვილის წინააღმდეგ.

სადავო რეპორტაჟი: “მანქანაში, საშინელ პირობებში დატყვევებული ლეკვების გათავისუფლების ისტორია” 2020 წლის, 28 მაისს, ტელეკომპანიის დილის ეთერში, რუბრიკა “თათების იმედში” გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, რეპორტაჟი თბილისის მუნიციპალური მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეკლამას წარმოადგენს და პროპაგანდისტულია. მხარე ასევე თვლის, რომ ჟურნალისტი არ აწვდის საზოგადოებას ფაქტთან დაკავშირებულ ზუსტ დეტალებს, რასაც მასალის ავტორის პირად ინტერესებს უკავშირებს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები;
  • მეცხრე - სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება და პროფესიული საქმიანობისას ქრთამის ან საჩუქრის მიღება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
12.06.2020
 
ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები, გავეცანით კომუნიკაციების კომისიის (შემდგომში „კომისია“) მიერ შემუშავებულ სტრატეგიის პროექტს - კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების თაობაზე. დოკუმენტს კომისია საკონსულტაციოდ აქვეყნებს.
11.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ბაკურ კიღურაძის განცხადება შემდეგი მედიასაშუალებების ჟურნალისტების წინააღმდეგ:

  1. ნათია ქოქოსაძე - ტელეკომპანია “მთავარი”;
  2. მაია მამულაშვილი, ლიკა ჯანყარაშვილი - TV პირველი;
  3. ნასტასია არაბული - რადიო თავისუფლება.
სადავო მასალები ერთსა და იმავე ამბავს ეხება. ჟურნალისტურ პროდუქტებში საუბარია ბაკურ კიღურაძეზე, რომელმაც ქართულ ოცნებას 50 000 ათასი ლარი შესწირა და ამასთან იგი 2010 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

განმცხადებლის განმარტებით, გამოქვეყნებულ მასალებში, ის როგორც უცხო ქვეყნის ჯაშუშობისთვის ბრალდებულ პირად არის გამოყვანილი, იმ გარემოების მიუხედავად, რომ მის მიმართ 2018 წელს, გამამართლებელი განაჩენი დადგა. მხარე მიიჩნევს, რომ ამ ფორმით წარმოჩენა მიზნად ისახავს მის რეპუტაციულ დისკრედიატაციას.

ბაკურ კიღურაძე დავობს შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისება;
  • მეცხრე -სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა;
  • მეათე - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

სადავო მასალები იხილეთ აქ:
09.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 2020 წლის 7 ივნისს შემდეგ საქმეებზე მიიღო გადაწყვეტილებები:

  • “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” ნიკა გვარამიას წინააღმდეგ;
  • თამარ მამულაშვილი ნათია ქოქოსაძის წინააღმდეგ;
  • “ფემინა” თამარ ბუჩუკურის წინააღმდეგ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ განცხადებით ქარტიას ორგანიზაციამ - “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიმართა. მხარე დავობდა ტელეკომპანია “მთავარის” გადაცემა “მთავარი აქცენტებში” წამყვანის - ნიკა გვარამიას მონოლოგის იმ ნაწილზე, სადაც იგი ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის დეტალებზე საუბრობს. განმცხადებელი განმარტავდა, რომ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის მხრიდან შანტაჟთან დაკავშირებული ინფორმაცია ფაქტად იყო წარმოჩენილი და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მხარე ასევე დავობდა მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისების პრინციპზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

“მთავარი არხის” ჟურნალისტის, ნათია ქოქოსაძის წინააღმდეგ ქარტიას თამარ მამულაშვილმა მიმართა. საბჭომ ჟურნალისტის მიერ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპების დარღვევა დაადგინა.

სადავო სიუჟეტი არხზე 9 საათიან გამოშვებაში გავიდა და დავით მათიკაშვილის მეუღლის, ნინო მამულაშვილის უვადოდ მოსამართლედ დანიშვნას ეხებოდა. მხარე განმარტავდა, რომ გამოშვებაში ჟურნალისტმა მტკიცებით ფორმაში თქვა ფრაზა ”ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ასევე მოსამართლედ დაინიშნა ნინო მამულაშვილის დაც”, რითაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.

მხარე ასევე დავობდა წყაროს დადასტურების და ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, Primetime-ს ჟურნალისტმა თამარ ბუჩუკურმა ქარტის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის უფლებები), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები დაარღვია.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სადავო მასალაში ”ვინ არის გოგო, რომლის ფოტოს მამა ანდრია აქვეყნებს” მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ასევე, გასაჯაროვდა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია და გავრცელდა ბავშვის ფოტო.

გარდა ამისა, მხარე დავობდა წყაროს დადასტურების და მასალის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენების პრინციპზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
08.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მითების დეტექტორის ლაბორატორიის განცხადება გაზეთ “ალიას” ჟურნალისტის - მაია იასეშვილის წინააღმდეგ.

სადავო სტატია “ჩემი წამლები მათთვისაა, ვინც კოვიდ-19-ით დაინფიცირებულია და მათთვისაც, ვისაც პრევენცია სურს…”, გაზეთ “ალიას” 2020 წლის 18-24 მაისის ნომერში გამოქვეყნდა. მასალაში ავთანდილ კურდღელაშვილთან ინტერვიუა მოცემული, რომელიც ამტკიცებს, რომ მის მიერ შექმნილი პრეპარატები “კორვირანტი” და “ანტიკორი”, როგორც Covid-19-ის სამკურნალოდ, ასევე პრევენციისთვის შეიძლება გამოიყენო.

განმცხადებლის განმარტებით, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი ან საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს, და სტატიაში დასახელებული სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია მკითხველისთვის. გარდა ამისა, გაზეთი “ეყრდნობა მხოლოდ პრეპარატის შემქმნელი პირის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სტატიაში არ ჩანს ლიცენზირებულია თუ არა პრეპარატი”. მხარე თვლის, რომ დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (წყაროს დადასტურების) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
08.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი ფაქტის” განცხადება ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის - გიგლა თუმანიშვილის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი 2020 წლის 28 მაისს 9 საათიან გამოშვებაში გავიდა და მეუფე ანტონის საკუთრებაში არსებულ ქონებას ეხება.

განმცხადებელი უთითებს რომ გამოშვებაში ჟურნალისტმა დაუშვა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა შემდეგ გარემოებებთან დაკავშირებით:

  • რა უფლებით ჰქონდა გადაცემული მეუფე ანტონს მიწა ბაღდადში;
  • რამდენ კვადრატულ რეგისტრირებულ მიწას ფლობს ვარციხეში და რას წარმოადგენს ეს ტერიტორია;
  • რამდენ კვადრატულ ბინას ფლობს თბილისში;
  • ვანში მეუფე ანტონის ინიციატივით გახსნილია ევროკლუბი თუ გიმნაზია

განმცხადებელი თვლის, რომ სადავო მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (წყაროს დადასტურების) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება და პლაგიატი)პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
08.06.2020

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.