სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო სოციალურ მუშაკთა გაერთიანების განცხადება ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტების - მაია მამულაშვილის და სალომე უერთაშვილის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 11 მაისს გავიდა და რეფერალურ საავადმყოფოში არასრულწლოვნის მდგომარეობას ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავს,რომ სიუჟეტში არასრულწლოვანის ბავშვთა სახლში გადაყვანის შესახებ არასწორი და შესაბამის ორგანოსთან გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა. ამასთან, ჟურნალისტმა არასწორად გამოიყენა ტერმინი, სოციალური მუშაკის ნაცვლად - სოციალური აგენტი. განმცხადებელი მიიჩნევს რომ სიუჟეტში დაირღვა როგორც ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), ასევე მესამე (წყაროს დადასტურება) პრინციპი. სოციალური მუშაკის ფუნქცია-მოვალეობების არასწორად წარმოჩენით კი დაირღვა ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის პრინციპი, განმცხადებლის აზრით მსგავსი ინტერპრეტაცია ხელს უწყობს სტერეოტიპების გაღვივებას სოციალური მუშაკის მიმართ.

მხარე ასევე დავობს მერვე პრინციპზეც, რომელიც ბავშვის ინტერესებს ეხება. მისი თქმით, რამდენჯერმე გაჟღერდა ბავშვის სახელი და გვარი და მოხდა არასრულწლოვანის იდენტიფიცირება.

ქარტიის საბჭოს განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
15.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო კობა კუპრაშვილის განცხადება ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი ეთერში 2020 წლის 07 მაისს გავიდა და ის Covid-19-თან დაკავშირებით გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევასა და ვირუსით გარდაცვალების პროცენტულ ოდენობას ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, ვიდეო მიმართვიდან, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა და ამ კვლევის შედეგს ეხებოდა, მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოიყენეს და დაამახინჯეს, ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა კი არ ჰქონია. მხარის თქმით კვლევასთან გაჟღერებული ინფორმაციაც სპეკულაციაა.

განცხადების ავტორი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეოთხე- ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისეირი მეთოდების გამოყენება;
  • მეხუთე -არაზუსტი ინფორმაციის შესწორება;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
14.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია იმედის, გადაცემა ღია ეთერის წამყვანებმა რუსა შელიამ და ვაკა გორგილაძემ ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისების პრინციპი დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიის საბჭოს მიმართა 2020 წლის 28 აპრილს გასული გადაცემის გამო “თანასწორობის მოძრაობამ” მიმართა. Განმცხადებელი აღნიშნავდა,რომ ჟურნალისტების მონოლოგს, კონტექსტი გარეშე რეპლიკებსა და გამოყენებულ ფოტოებს შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონოდა პირთა თანასწორუფლებიანობაზე და შეიცავდა როგორც გენდერული ნიშნით, ისე ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისების მცდელობას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
11.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტმა თამთა დოლენჯაშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (არასწორი ინფორმაციის შესწორება) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას გიორგი გოგეშვილმა მიმართა 2020 წლის 04 აპრილს გასული სიუჟეტის გამო, რომელიც covid_19-ისგან დაცვის ყველაზე მაღალეფექტურ პირბადის სახეობებს ეხებოდა.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მასალის ავტორმა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვა და სიუჟეტი გაუშვა სათაურით “Fake პირბადეები”, რამაც შექმნა არასწორი ინტერპრეტაცია და რეპუტაციული ზიანი მიაყენა კომპანიას.

მხარე ასევე დაობდა მეთერთმეტე - ფაქტის გაზრახ დამახინჯების პრინციპზე, თუმცა საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
11.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტმა ანა წერეთელმა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაციის წახალისება) პრინციპი დაარღვია.
 
მის წინააღმდეგ ქარტიას „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” და „თანასწორობის მოძრაობამ” მიმართა. 
 
განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ 2020 წლის 16 აპრილს გასულ სადავო მასალაში რესპონდენტმა, გიორგი ანდრიაძემ, ფრაზით „C ჰეპატიტით უამრავი დაავადებული ადამიანი ეზიარება, შიდსით დაავადებული ადამიანიც ეზიარება. რატომ არ გადადის ეს დაავადებები?“ მცდარი და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ინფორმაცია გააჟღერა.
 
როგორც „თანასწორობის მოძრაობა”, ასევე „ქალთა ინიციაციტივების მხარდამჭერი ჯგუფი” აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ. 
 
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
 
10.05.2020
2020 წლის 09 მაისს გაამრთულ სხდომაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა საქმე - ანი მეზურნიშვილი ია ფარულავას წინააღმდეგ.  საბჭოს გადაწყვეტილებით, ია ფარულავამ 2020 წლის 20 აპრილს გასულ სადავო მასალაში დაარღვია ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისების პრინციპი. 
 
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტის კითხვაზე “გათხოვების საიდუმლოსთან” დაკავშირებით, რესპონდენტის, სალომე გოგიაშვილის, პასუხი იყო სტერეოტიპული. მისი აზრით, გადაცემის მსგავსი ფორმით გაშვება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მითუმეტეს, რომ ქალები საქართველოში ჯერ კიდევ არიან გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლნი და მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა წაახალისოს დისკრიმინაცია და საზოგადოებას ჩაუნერგოს აზრი, რომ ქალის არსებობის ძირითად მიზანს წარმოადგენს გათხოვება, საჭმლის მომზადების ცოდნა და ასე შემდეგ. 
 
განხილვაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ განმცხადებელმა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
 
10.05.2020

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვებგვერდის აზერბაიჯანულენოვან ვერსიაში ქარტიის პრინციპები არ დარღვეულა. 

 

სადავო მასალა, სათაურით „გიორგი გახარია-აშკარაა, რომ სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება“ 2020 წლის 03 აპრილს განთავსდა.

 

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ახალი ამბავი, რომელიც შემდეგ ითარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე არაზუსტი და მომხმარებლისთვის შეცდომაში შემყვანი იყო. მხარე ქარტიის სიზუსტის, შესწორებისა და ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპის დარღვევაზე დავობდა. 

 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 
 
10.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ნორა მუხაშავრიას განცხადება, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტის - ნატო გოგელიას წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 30 აპრილს გავიდა და ის ოზურგეთის მერიის მიერ ფსიქიატრიულ კაბინეტთან დადებულ ხელშეკრულებას ეხებოდა.

განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია ოზურგეთში არსებული ფსიქოლოგიური კაბინეტის არარსებობის შესახებ.  შეიჭრა მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში, უნებართვოდ ჩაწერა სიუჟეტი, გაასაჯაროვა და პატივი არ სცა სხვების ინტერესებს. რის გამოც მხარე მიიჩნევს რომ დარღვეულია:

  • ინფორმაციის სიზუსტის(1-ლი);
  • წყაროს დადასტურების (მე-3);
  • ინფორმაციის კეთილსინდიერად მოპოვების(მე-4);
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის (მე-10) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
08.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას მედიამონიტორის პოზიციაზე.

სამუშაოს ხანგრძლივობა: 2020 წლის ივნისი - ნოემბერი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ჟურნალისტად მუშაობის  მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება ან/და მედიაკვლევებში მონაწილეობა; 
  • რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ანალიზის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

მედიამონიტორინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
 

მოვალეობები:


  • მედია პროდუქტის რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვება;
  • მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
  • ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2020 წლის 16 მაისის ჩათვლით უნდა გამოგზავნოს CV ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
08.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ა(ა)იპ “თანასწორობის მოძრაობას” განცხადება, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “ღია ეთერი” წამყვანების - რუსა შელიასა და ვაკა გორგილაძის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ეთერში 2020 წლის 28 აპრილს გავიდა. განმცხადებლის აზრით, ჟურნალისტების მონოლოგს, კონტექსტი გარეშე რეპლიკებსა და გამოყენებულ ფოტოებს შესაძლოა უარყოფითი ეფექტი ჰქონოდა პირთა თანასწორუფლებიანობაზე.

განმცხადებელს მიაჩნია, რომ სადავო მასალა წარმოადგენს როგორც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ისე ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისების მცდელობას, რაც უხეშად არღვევს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლით დაცულ პრინციპს.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
02.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო უსფ “ბრიტანია ქონსთრაქშენ”-ის განცხადება ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 27 მარტს გავიდა და ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უსფ „ბრიტანია ქონსთრაქშენთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასა და ქ. თბილისში, გულუას ქ.#8-ში მდებარე შენობის რემონტს ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით ჟურნალისტმა დამალა სწორი ინფორმაცია, მის ხელთ არსებული ფაქტები და არ მისცა შესაძლებლობა გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებზე გაეცა შესაბამისი პასუხი, რითაც შეცდომაში შეიყვანა მაყურებელი და დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

მხარე ასევე დავობს ქარტიის მეხუთე, შესწორების პრინციპზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
29.04.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო, ანი მეზურნიშვილის განცხადება, ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის, გადაცემა “ფარული კონვერტის” წამყვანის, ია ფარულავას წინააღმდეგ.

სადავო მასალა, ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 20 აპრილს გავიდა. როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, ჟურნალისტის კითხვაზე “გათხოვების საიდუმლოსთან” დაკავშირებით, რესპონდენტის პასუხი იყო სტერეოტიპული. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემის მსგავსი ფორმით გაშვება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მითუმეტეს, რომ ქალები საქართველოში ჯერ კიდევ არიან გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლნი და მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა წაახალისოს დისკრიმინაცია და საზოგადოებას ჩაუნერგოს აზრი, რომ ქალის არსებობის ძირითად მიზანს წარმოადგენს წარმატებული გათხოვება, საჭმლის მომზადების ცოდნა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია დისკრიმინაციის წახალისების პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის მეშვიდე პრინციპი.
24.04.2020

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.