მედიამონიტორინგი
კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტ „საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის“ ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაშუქებას.

მონიტორინგი დაიწყო 2020 წლის 5 ივლისს და დასრულდება 2022 წლის მარტში. დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 14 სატელევიზიო (5 ეროვნულ, 9 რეგიონულ) არხზე. ესენია: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ტვ პირველი, ტვ 25, თრიალეთი, მე-9 არხი, ტვ ოდიში, ტელეკომპანია გურჯაანი, ტვ გურია, ტელეკომპანია რიონი, ტვ 4.  

წინასწარი ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აკვირდება მედიას ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, „2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში. ქარტიის მონიტორები 2021 წლის 2 აგვისტოდან (წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებიდან) 25 სექტემბრის ჩათვლით აკვირდებოდნენ 14 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუებს.

მონიტორინგდებოდა შემდეგი სატელევიზიო არხები: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, „რუსთავი 2“, „იმედი“, „TV პირველი“, „მთავარი არხი“, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „TV25“, „რიონი“, „გურჯაანის ტელევიზია“, „გურია TV“, „TV4“, „თრიალეთი“, „ოდიში“, „მეცხრე არხი“. სამონიტორინგო ტელევიზიებიდან ექვსი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, რვა კი - რეგიონებში. ტელეკომპანიები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ორი საზოგადოებრივი მაუწყებელი (მათი როლიდან გამომდინარე), ოთხი რეიტინგული ეროვნული მაუწყებელი და ერთი მაუწყებელი თითო რეგიონიდან.

წინასწარი ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „საქართველოს 2020 წლის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, დააკვირდა ონლაინ მედიის მიერ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას 2021 წლის 1 თებრვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება ხდებოდა 12 ონლაინ მედიასაშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews. ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo. ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

ძირითადი მიგნებები:

● პოსტსაარჩევნო პერიოდში ონლაინ მედიაში ყველაზე აქტიურად ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები შუქდებოდა;

● მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკურ პარტიებს შორის ძირითადად „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აშუქებდა. ამ პარტიებიდან თითოეულს ეთმობოდა მეტი გაშუქება, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად;

● ონლაინ მედიაში პოლარიზაცია ნაკლებად შეინიშნება. მონიტორინგისთვის შერჩეული 12 ვებგვერდიდან 2-ის შემთხვევაში ცალსახად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა. ამასთან, მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ;

● თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა დაკვირვების დროს გამოვლინდა ორი ონლაინ მედიასაშუალება, სადაც ხდებოდა პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა მიერ დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებების ტირაჟირება;

● სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა მწვავე გამოწვევად რჩება ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილისთვის. ხშირ შემთხვევებში მკითხველს არ ეძლევა საშუალება, რომ ნათლად გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია სარეკლამო და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი;

● წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგებთან შედარებით, პოსტსაარჩევნო პერიოდში, შერჩეული ვებგვერდების დიდ უმრავლესობაში შეინიშნებოდა საკითხების მეტად დაბალანსებულად გაშუქება, განსაკუთრებით ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართული პოლიტიკური მოლაპარაკებების პერიოდში.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს 2020 წლის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 2021 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, დააკვირდა სატელევიზიო ახალი ამბების მიერ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას.

მონიტორინგის ფარგლებში, დაკვირვება მიმდინარეობდა 12 ტელევიზიაზე: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, POSTV.

ძირითადი მიგნებები:

● პოსტსაარჩევნო პერიოდში მონიტორინგისთვის შერჩეული ყველა არხის მონაცემებით,პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ ქართულ ოცნებას“. მას მოსდევს „ ნაციონალური მოძრაობა“ და „ ევროპული საქართველო“;

● პოსტსაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო ახალ ამბებში ყველაზე აქტიურად ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკები და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები გაშუქდა;

● მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი;

● ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად POSTV-ზე გაშუქდა. დროის 22 % დადებითი ტონით შეფასებას დაეთმო.

● „ქართული ოცნება“ ყველაზე უარყოფითად „ მთვარ არხზე“ გაშუქდა. დროის 56% უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო. „ქართული ოცნების“ მიმართ ყველაზე კრიტიკული სიუჟეტები ხშირად ამ არხის ეთერში გადიოდა.

● „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად „ ფორმულას“ ეთერში გაშუქდა. დროის 15 % დადებთი ტონით შეფასებას დაეთმო. ეს პარტია ყველაზე უარყოფითად „ობიექტივმა“ გააშუქა. დროის 61 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო.

● მთავარ არხს“ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

● „პირველ არხს“ ხელისუფლებისადმი არაკრიტიკული, ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა აქვს.

● „იმედი“ და POSTV ხელისუფლებისადმი მიკერძოებით გამოირჩევა. აქ მმართველი გუნდი აბსოლუტურად დადებითადაა წარმოჩენილი. ამ არხებზე ოპოზიცია მაქსიმალურად დისკრედიტირებულია.

● მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო POSTV-მ დაუთმო. ყველაზე უარყოფითად მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ არხზე გაშუქდა და უარყოფთი ტონით გაშუქებამ 88 % შეადგინა.

● ბიძინა ივანიშვილი ყველაზე უარყოფითად „მთავარი არხის“ ეთერში გაშუქდა. დროის 85 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო.

● მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი. მიკერძოება არასასურველი საარჩევნო სუბიექტის ნეგატიურ გაშუქებაში გამოიხატებოდა.

წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების მსგავად, პოსტსაარჩევნო პერიოდში, კვლავ ხშირია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები. ხშირია გონივრული ბალანსის დარღვევის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

● თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები.

● მონიტორინგის პერიოდში სექსისტური განცხადებების ტირაჟირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს 2020 წლის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 2021 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, დააკვირდა საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ სატელევიზიო ტოქშოუებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას.

მონიტორინგის ფარგლებში, დაკვირვება მიმდინარეობდა 12 ტელევიზიაზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, TV პირველი, მთავარი არხი, ფორმულა, პალიტრა TV, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, POSTV, კავკასია, ობიექტივი, მაესტრო.

ძირითადი ტენდენციები:

● წინასაარჩევნო პერიოდის მსგავსად, პოსტსაარჩევნო პერიოდშიც გამოიკვეთა, რომ სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, მეორე კი - ოპოზიციის.

● მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ზოგიერთ არხზე სტუმრობისგან.

● მონიტორინგის პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2-ისა“ და პალიტრა TV-ს ტოქშოუები წარმოადგენდა იმ გამონაკლისს, რომელსაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობდნენ.

● ტოქშოუების წამყვანების კომენტარებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ტელეკომპანია „ფორმულაში“, „TV პირველში“ და „კავკასიაში“ ვიზიტზე, მაშინ, როდესაც “იმედსა” და “POSTV-ს” ხშირად სტუმრობდნენ. მმართველი პარტიის წევრები არ იყვნენ წარმოდგენილნი არც „მთავარ არხზე“.

● „იმედისა“ და „POSTV-ის“ ნარატივები ემთხვეოდა „ქართული ოცნების“ გზავნილებს. „ტვ პირველსა“ და „მთავარ არხზე“ კი იკვეთებოდა მიკერძოება ოპოზიციის მიმართ.

● ტელეკომპანია „ობიექტივი“ კვლავ რჩება „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმად. თითქმის ყველა გადაცემაში პარტიის წევრები საუბრობდნენ და ეწეოდნენ აგიტაციას „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ. ტოქშოუს წამყვანები ღიად გამოხატავდნენ პარტიისადმი მხარდაჭერას. არხზე ხდებოდა ანტიდასავლური პროპაგანდისა და სიძულვილის ენის ტირაჟირება.

● იმ გადაცემებში, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ, მმართველი გუნდის წევრები, ძირითადად, ბოლო სტუმრად იყვნენ წარმოდგენილნი, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა, გაეკრიტიკებინათ მათი ოპონენტები.

● ერთეული ტელეარხების გარდა, წამყვანები თუ მათი სტუმრები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ტერმინებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში იყენებდნენ, რითაც ხელს უწყობდნენ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმების გაძლიერებას.

● საანგარიშო პერიოდში, „მაესტროს“ ეთერში არ გასულა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა.

ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით დააკვირდა ქართული ონლაინ მედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 13 ონლაინ მედიასაშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews.ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo. ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

ძირითადი მიგნებები:

● სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა უმწვავესი გამოწვევააონლაინ მედიისთვის. რეიტინგული ვებგვერდების ნაწილი მკითხველს არ აძლევს საშუალებას, რომ ნათლად გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია სარეკლამო და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი;

● ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები გვხვდება, როგორიცაა ფაქტების სიზუსტე და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი, დაუბალანსებელი გაშუქება. მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა დიდ ნაწილში არ ჩანდა მცდელობები, რომ ჟურნალისტებს გადაემოწმებინათ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ ან მოეძიებინათ ბრალდებულ მხარეთა კომენტარები;

● ონლაინ მედიაში პოლარიზაცია ნაკლებად შეინიშნება, თუმცა მონიტორინგისთვის შერჩეული 13 ვებგვერდიდან 4-ის შემთხვევაში ცალსახად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა. ამასთან,მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ;

● გასულ წლებში განხორციელებულ მონიტორინგთან შედარებით, შეინიშნება მცირე გაუმჯობესება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით. მართალია, ვებგვერდებზე ჭარბობდა მმართველი პარტიის გაშუქება, თუმცა ყურადღება ეთმობოდა ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებასაც;

● წინასაარჩევნო პერიოდში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრის სამთავრობო გეგმის გაშუქება აისახა იმაში, რომ მონიტორინგისთვის შერჩეულ ყველა ვებგვერდზე ჭარბობდა დადებითი ტონის პროცენტული მაჩვენებლები პრემიერ-მინისტრის გაშუქებისას; ისეთ ვებგვერდებზეც კი, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებულად კრიტიკული დამოკიდებულებით სახელისუფლებო გუნდის მიმართ. ეს გარემოება განაპირობა იმან, რომ სამთავრობო ფინანსური დახმარებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეწოდებოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც შესაბამისად აისახა მედიაში მის დადებით გაშუქებაზე.

● თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემურია ის, რომ ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებს პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს;

● ონლაინ მედიაში პრობლემად რჩება საკითხების ზედაპირული გაშუქება. მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა უმრავლესობა მკითხველს არ სთავაზობდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების სიღრმისეულ და კრიტიკულ ანალიზს;

● მონიტორინგის პერიოდში ონლაინ მედიაში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც უცვლელად და უკომენტაროდ შუქდებოდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებები, რომლებიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის პირველი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ონლაინ მედიაში საგრძნობლად იკლო ასეთი განცხადებების უკომენტაროდ გამოქვეყნების შემთხვევებმა;

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით დააკვირდა ტელემედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, პოსტ ტვ.

ძირითადი ტენდენციები:

• ყველა არხის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

• „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად POSTV-ზე გაშუქდა. დროის 39 % დადებითი ტონით შეფასებას დაეთმო.

• „ქართული ოცნება“ ყველაზე უარყოფითად „მთვარ არხზე“ გაშუქდა. დროის 72 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო. „ქართული ოცნების“ მიმართ ყველაზე კრიტიკული სიუჟეტები ხშირად ამ არხის ეთერში გადიოდა.

• „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად „მთავარი არხის“ ეთერში გაშუქდა. დროის 13 % დადებთი ტონით შეფასებას დაეთმო. ეს პარტია ყველაზე უარყოფითად „ობიექტივმა“ გააშუქა. დროის 91 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო.

• „ევროპულ საქართველოს“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო, ყველაზე პოზიტიურად ეს პარტია „მთავარი არხის“ ეთერში გაშუქდა და დროის 7 % პოზიტიური ტონით შეფასებას დაეთმო.

• „ევროპული საქართველო“ ყველაზე უარყოფითად „ობიექტივის“ ეთერში გაშუქდა. დროის 90 % ნეგატიურად შეფასებას დაეთმო.

• პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ყველზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო. დროის 4% დაეთმო დადებით გაშუქებას. ყველაზე პოზიტიური გაშუქება პარტიას ჰქონდა „რუსთავი 2“-ზე. დროის 8% დადებითი ტონით გაშუქებას დაეთმო.

• მთავრობა ყველაზე პოზიტიურად POSTV-ს ეთერში გაშუქდა. დროის 38 % დადებითი ტონით გაშუქებას დაეთმო.

• ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკული ტონი აქვს „მთავარ არხს“. დროის 69 % უარყოფითი ტონით გაშუქებას აქვს დათმობილი.

• „მთავარ არხს“ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

• „პირველ არხზე“ ყველაზე პოზიტიურად პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გაშუქდა. დროის 14 % დადებითი ტონით მის გაშუქებას აქვს დათმობილი და ყველაზე უარყოფითი ტონით კი მიხეილ სააკაშვილის გაშუქებას - დროის 47 %.

• „პირველ არხს“ ხელისუფლებისადმი არაკრიტიკული, ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა აქვს.

• მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო POSTV-მ დაუთმო. ყველაზე უარყოფითად მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ არხზე გაშუქდა და უარყოფთი ტონით გაშუქებამ 86 % შეადგინა. მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დადებითად „მთავარი არხის“ ეთერში გაშუქდა. მისთვის დათმობილი დროის 24 % მის დადებით შეფასებას მიეძღვნა.

• „იმედი“ და POSTV ხელისუფლებისადმი მიკერძოებით გამოირჩევა. აქ მმართველი გუნდი აბსოლუტურად დადებითადაა წარმოჩენილი. ამ არხებზე ოპოზიცია მაქსიმალურად დისკრედიტირებულია.

• „ობიექტივი“ ერთადერთი არხია, რომელიც ტრადიციულად ყველაზე მეტ დროს უთმობს „პატრიოტთა ალიანსს“ და ყველაზე მეტი დადებითი გაშუქებაც მას ამ არხზე ჰქონდა - დროის 43%.

• მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი. მიკერძოება არასასურველი საარჩევნო სუბიექტის ნეგატიურ გაშუქებაში გამოიხატებოდა

• გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები. ხშირია გონივრული ბალანსის დარღვევის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

• სატელევიზიო ახალ ამბებში პრობლემად რჩება მოვლენების ზედაპირულად გაშუქება. მაუწყებელების ეთერში იშვიათად გვხვდება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების სიღრმისეული ანალიზი.

• წინა წლების მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რაც ამომრჩეველს დაეხმარებოდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.

• მაუწყებლების ნაწილი ხშირად იყენებდა სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების მომზადებულ მასალებს მათ წარმომავლობაზე ნათლად მითითების გარეშე. • სატელევიზიო ახალ ამბებში კვლავ გვხვდება სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ლექსიკის გამოყენების შემთხვევები. ამ მხრივ გამორჩეულია „ობიექტივი“, სადაც, ტრადიცულად, ამჯერადაც არაერთხელ დაფიქსირდა ქსენოფობიური განცხადებები.

• წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უცვლელად და უკომენტაროდ გაშუქება.

• მონიტორინგის პერიოდში სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სექსისტური განცხადების ავტორები პოლიტიკოსებთან ერთად იყვნენ ჟურნალისტებიც.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროექტის “საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა” ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აკვირდება ტელემედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი2, იმედი, ტვ პირველი, მთავარი არხი, ფორმულა, პალიტრა TV, აჭარის ტელევიზია,POSTV, კავკასია, ობიექტივი, მაესტრო. ასევე, მონიტორინგდება მთავარი საინფორმაციო გამოშვების ის ნაწილი, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუს სთავაზობენ მაყურებელს.

ძირითადი ტენდენციები:

● საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა, რომ სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, მეორე კი - ოპოზიციის. მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ზოგიერთ არხზე სტუმრობისგან.

● სამონიტორინგო პერიოდში ტოქშოუების ნაწილში არ იყო დებატები პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, ამის ნაცვლად, მაუწყებელთა ნაწილი აუდიტორიას აცნობდა თითოეული პარტიის საარჩევნო პროგარამასა და ხედვებს;

● ტოქშოუების წამყვანების კომენტარებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს აცხადებენ ტელეკომპანია „ფორმულაში“, „TV პირველსა“ და „კავკასიაში“ ვიზიტზე, მაშინ, როდესაც “იმედსა” და “POSTV-ს” ხშირად სტუმრობდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ იყვნენ წარმოდგენილი არც „მთავარ არხზე“. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასევე უარს აცხადებდნენ მონაწილეობა მიეღოთ „პალიტრა TV-ის“ ეთერში გამართულ დებატებში და ისინი, ამ არხზე ძირითადად წარმოდგენილი იყვნენ მარტო, ოპონენტების გარეშე, გადაცემის ბოლო ნაწილში;

● ტელეკომპანია „ობიექტივი“ კვლავ რჩება „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმად, სადაც ისინი, პრაქტიკულად, ყველა გადაცემაში საუბრობენ და ეწევიან აგიტაციას პარტიის სასარგებლოდ. წამყვანებიც ღიად გამოხატავენ მათ მხარდაჭერას. არხზე ხდებოდა ანტიდასავლური პროპაგანდისა და სიძულვილის ენის ტირაჟირება;

● ტელეკომპანიების „მთავარი არხის“, „POSTV-სა“ და „ობიექტივის“ რიგ ტოქშოუებში წამყვანების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას;

● საანგარიშო პერიოდში „მაესტროს“ ეთერში არ გასულა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა.

ანგარიშის სრული ვერსია ნახეთ აქ.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში განხორციელებული სოციალური მედიის მონიტორინგი მიზნად ისახავს, შეისწავლოს, თუ რა სახის ინფორმაციას იღებს ყოველდღიურად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სოციალური მედიიდან მომხმარებელი. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური მედია ფეისბუკია, მონიტორინგი განხორციელდა სწორედ იმაზე, თუ როგორ იყენებენ ამ პლატფორმას ტრადიციული მედია, საარჩევნო სუბიექტები და რა ტიპის ინფორმაცია იღებს ფეისბუკის საშუალებით მომხმარებელი.

მონიტორინგის პერიოდში ყოველდღიური დაკვირვება განხორციელდა შემდეგ წყაროებზე: 13 ონლაინ მედიასაშუალების Facebook გვერდი; 6 სატელევიზიო არხის Facebook გვერდი; 60 ღია ჯგუფი; 137 პოპულარულ გვერდი; პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, თბილისის მერის, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, აჭარის მთავრობის, 11 სამინისტროსა და 4 მინისტრის Facebook გვერდი; 12 პოლიტიკური პარტიისა და 25 პოლიტიკოსის Facebook გვერდი; სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული 20, Facebook-ზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული (ინტერაქციების რაოდენობის მიხედვით) მედიაპროდუქტი.

ძირითადი ტენდენციები:

● Facebook-ის მეშვეობით, ინტერაქციების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე ფართოდ სატელევიზიო არხებისა და მათი ვებგვერდების მიერ მომზადებული მედიაპროდუქტები ვრცელდებოდა;

● საეთერო მაუწყებლობის მსგავსად, სატელევიზიო არხების Facebook გვერდების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაშიც შეინიშნებოდა პოლიტიკური პოლარიზაცია;

● Facebook-ზე არსებულ პოპულარულ გვერდებზე იშვიათად ზიარდებოდა ისეთი მედიაპროდუქტები, რომლებიც ეხება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას;

● პოპულარულ გვერდებზე ძალიან იშვიათად გვხვდებოდა განსაკუთრებულად პროლემური მედიაპროდუქტები და ასეთ მასალებს ინტერაქციების ძალიან დაბალი რაოდენობა უგროვდებოდა;

● მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა სულ ორი პრობლემური გვერდი, „ალტ-ინფო“ და „ალტ-კლუბი“, რომლებიც 23 ოქტომბერს Facebook-მა გააუქმა და ეს გვერდები სოციალურ ქსელში აღარ იძებნება;

● Facebook-ზე არსებულ ღია ჯგუფებში საკმაოდ დიდი სიხშირით ზიარდებოდა მომხმარებელთა მიერ ისეთი მედიაპროდუქტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად შეეხება პოლიტიკურ საკითხებს;

● ღია ჯგუფებში შეინიშნებოდა პრობლემური ვებგვერდების მიერ მომზადებული მასალების გაზიარების შემთხვევები, თუმცა ამ მასალებს მომხმარებელთა ინტერაქციების ძალიან დაბალი რაოდენობა უგროვდებოდა;

● სახელმწიფოს მეთაურები და სახელმწიფო უწყებები მონიტორინგის პერიოდში მათ Facebook გვერდებს იყენებდნენ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და არა პოლიტიკურ ოპონენტთა დისკრედიტაციის მიზნით;

● პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების Facebook გვერდებზე ხდებოდა პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ შეურაცხმყოფელი და დამცინავი მასალების გამოქვეყნება, თუმცა იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა ისეთი განსაკუთრებულად პრობლემური მასალების გამოქვეყნების შემთხვევები, რომლებიც შეიცავს სიძულვილის ენას, ძალადობისკენ მოწოდებას ან მიზანმიმართულ დეზინფორმაციას;

● წინასაარჩევნო პერიოდში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრის სამთავრობო გეგმის მედიაში გაშუქება აისახა იმაში, რომ სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელებულ მედიაპროდუქტებს შორის ჭარბობდა ისეთი მასალები, რომლებშიც დადებითად იყო გაშუქებული პრემიერ-მინისტრი. ეს გარემოება განაპირობა იმან, რომ მონიტორინგის პერიოდში სამთავრობო ფინანსური დახმარებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდებოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც შესაბამისად აისახა სოციალურ ქსელში მის მიმართ დადებითი მასალების ფართო გავრცელებაში.

● Facebook-ზე უმეტესად ვრცელდებოდა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ, რეიტინგულ მედიასაშუალებათა მიერ მომზადებული მედიაპროდუქტები და განსაკუთრებულად პრობლემურ მასალებს ნაკლები ინტერაქცია უგროვდება მომხმარებელთა მხრიდან.

ანგარიშის სრულის ვერსია იხილეთ აქ.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროექტის “საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა” ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აკვირდება ტელემედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი2, იმედი, ტვ პირველი, მთავარი არხი, ფორმულა, პალიტრა TV, აჭარის ტელევიზია,POSTV, კავკასია, ობიექტივი, მაესტრო. ასევე, მონიტორინგდება მთავარი საინფორმაციო გამოშვების ის ნაწილი, სადაც რესპონდენტებთან ათ წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ინტერვიუს სთავაზობენ მაყურებელს.

ძირითადი ტენდენციები:

  • საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა, რომ სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მაუწყებელთა ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, ნაწილი კი - ოპოზიციის. მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ზოგიერთ არხზე სტუმრობისგან.
  • სამონიტორინგო პერიოდში, გადაცემების ნაწილში, საარჩევნო თემატიკის ნაცვლად,ეთერი სხვა, იმ დროისთვის აქტუალურ პრობლემას ეთმობოდა;
  • სამონიტორინგო პერიოდში ტოქშოუებში არ იყო ხშირი დებატები პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, ამის ნაცვლად, მაუწყებელთა ნაწილი აუდიტორიას აცნობდა თითოეული პარტიის საარჩევნო პროგარამასა და ხედვებს;
  • ტოქშოუების წამყვანების კომენტარებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს აცხადებენ ტელეკომპანია „ ფორმულაში“, „TV პირველსა“ და „კავკასიაში“ ვიზიტზე, მაშინ, როდესაც “იმედსა” და “POSTV-ს” ხშირად სტუმრობდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ იყვნენ წარმოდგენილი არც „მთავარ არხზე“. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასევე უარს აცხადებდნენ მონაწილეობა მიეღოთ „ პალიტრა TV-ის“ ეთერში გამართულ დებატებში და ისინი, ძირითადად, წარმოდგენილი იყვნენ მარტო, ოპონენტების გარეშე, გადაცემის ბოლო ნაწილში;
  • ტელეკომპანია „ობიექტივი“ კვლავ რჩება „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმად, სადაც ისინი, პრაქტიკულად, ყველა გადაცემაში საუბრობენ და ეწევიან აგიტაციას პარტიის სასარგებლოდ. წამყვანებიც ღიად გამოხატავენ მათ მხარდაჭერას. არხზე ხდებოდა ანტიდასავლური პროპაგანდისა და სიძულვილის ენის ტირაჟირება;
  • ტელეკომპანიების „ მთავარი არხის“, „POSTV-სა“ და „ ობიექტივის“ რიგ ტოქშოუებში წამყვანების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას;
  • საანგარიშო პერიოდში „მაესტროს“ ეთერში არ გასულა საზოგადოებრივ -პოლიტიკური გადაცემა და, ასევე, საინფორმაციო გამოშვებებშიც არ ჰყოლიათ სტუმარი მიწვეული.

იხილეთ სრული ანგარიში
კატეგორია - მედიამონიტორინგი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროექტის “საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა” ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აკვირდება ტელემედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

მონიტორინგის პერიოდში ყოველდღიური დაკვირვება განხორციელდა შემდეგ წყაროებზე: 13 ონლაინ მედიასაშუალების Facebook გვერდი; 6 სატელევიზიო არხის Facebook გვერდი; 60 ღია ჯგუფი; 137 პოპულარულ გვერდი; პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, თბილისის მერის, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, აჭარის მთავრობის, 11 სამინისტროსა და 4 მინისტრის Facebook გვერდი; 12 პოლიტიკური პარტიისა და 25 პოლიტიკოსის Facebook გვერდი; სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული 20, Facebook-ზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული (ინტერაქციების რაოდენობის მიხედვით) მედიაპროდუქტი.

ძირითადი ტენდენციები:

  • მონიტორინგის მეორე პერიოდშიც Facebook-ის მეშვეობით ინტერაქციების მიხედვით ყველაზე ფართოდ სატელევიზიო არხებისა და მათი ვებგვერდების მიერ მომზადებული მედიაპროდუქტები ვრცელდებოდა;
  • საეთერო მაუწყებლობის მსგავსად, სატელევიზიო არხების Facebook გვერდების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაშიც შეინიშნება პოლიტიკური პოლარიზაცია;
  • Facebook-ზე არსებულ პოპულარულ გვერდებზე იშვიათად ზიარდება ისეთი მედიაპროდუქტები, რომლებიც ეხება მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას;
  • პოპულარულ გვერდებზე ძალიან იშვიათად გვხვდება განსაკუთრებულად პროლემური მედიაპროდუქტები და ასეთ მასალებს ინტერაქციების ძალიან დაბალი რაოდენობა უგროვდება;
  • მონიტორინგის პირველ პერიოდში გამოვლენილი ორი პრობლემური გვერდი, „ალტ-ინფო“ და „ალტ-კლუბი“, 23 ოქტომბერს Facebook-მა გააუქმა და ეს გვერდები სოციალურ ქსელში აღარ იძებნება;
  • Facebook-ზე არსებულ ღია ჯგუფებში საკმაოდ დიდი სიხშირით ზიარდება მომხმარებელთა მიერ ისეთი მედიაპროდუქტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად შეეხება პოლიტიკურ საკითხებს;
  • ღია ჯგუფებში შეინიშნება პრობლემური ვებგვერდების მიერ მომზადებული მასალების გაზიარების შემთხვევები, თუმცა ამ მასალებს მომხმარებელთა ინტერაქციების ძალიან დაბალი რაოდენობა უგროვდება;
  • სახელმწიფოს მეთაურები და სახელმწიფო უწყებები მონიტორინგის მეორე პერიოდშიც მათ Facebook გვერდებს იყენებდნენ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და არა პოლიტიკურ ოპონენტთა დისკრედიტაციის მიზნით;
  • მონიტორინგის მეორე პერიოდშიც პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების Facebook გვერდებზე ხდებოდა პოლიტიკურ ოპონენტთა მიმართ შეურაცხმყოფელი და დამცინავი მასალების გამოქვეყნება, თუმცა იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა ისეთი განსაკუთრებულად პრობლემური მასალების გამოქვეყნების შემთხვევები, რომლებიც შეიცავს სიძულვილის ენას, ძალადობისკენ მოწოდებას ან მიზანმიმართულ დეზინფორმაციას;
  • Facebook-ზე უმეტესად ვრცელდება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ, რეიტინგულ მედიასაშუალებათა მიერ მომზადებული მედიაპროდუქტები და განსაკუთრებულად პრობლემურ მასალებს ნაკლები ინტერაქცია უგროვდება მომხმარებელთა მხრიდან.

იხილეთ სრული ანგარიში
კატეგორია - მედიამონიტორინგი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს განვითარების პროექტის “საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა” ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აკვირდება ტელემედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას.

დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 13 ონლაინ მედიასაშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews.ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo. ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

ძირითადი ტენდენციები:

  • მონიტორინგის პირველ პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდაჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის შემთხვევები ისეთ ვებგვერდებზე,რომლებიც ჩვეულებრივ ცდილობენ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით მუშაობას;
  • მონიტორინგის მეორე პერიოდში, ასევე, საგრძნობლად შემცირდა გენდერული სტერეოტიპებისა და სექსისტური განცხადებების უცვლელად და უკომენტაროდ გამოქვეყნების შემთხვევები;
  • შეინიშნება მცირედი გაუმჯობესება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით. წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა დიდი ნაწილი სათანადო ყურადღებას უთმობდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობისა და საარჩევნო პროგრამების გაშუქებას;
  • მონიტორინგისთვის შერჩეული 13 ვებგვერდიდან 4-ის შემთხვევაში, კვლავ ცალსახად შეინიშნება, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა;
  • წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინ საშუალებაში არ შეინიშნება განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ;
  • შერჩეული ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილისთვის კვლავ უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან. ვებგვერდების ნაწილის მკითხველსარ ეძლევა შესაძლებლობა, რომ გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია ფასიანი და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი;
  • რიგ შემთხვევებში გამოწვევად რჩება კრიტიკული და სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა. მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების უმეტესობა საკითხებს აშუქებს ზედაპირულად, შემოიფარგლება სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსთა ყოველდღიური საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებით.ვებგვერდების მხოლოდ მცირე ნაწილი ცდილობს, რომ საკითხები გააშუქოს სიღრმისეულად და მკითხველს შესთავაზოს მიმდინარე მოვლენების კრიტიკული და მრავალმხრივი ანალიზი;
  • მონიტორინგის მეორე პერიოდში კვლავ ნაკლებად გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემურია ის, რომ ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებს პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს;
  • ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები გვხვდება, როგორიცაა ფაქტებისა და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება. მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა ნაწილში არ ჩანდა მცდელობები, რომ ჟურნალისტებს გადაემოწმებინათ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ ან მოეძიებინათ ბრალდებულ მხარეთა კომენტარები

იხილეთ სრული ანგარიში