2024 წელი მედიისთვის გამოწვევებით იყო აღსავსე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწრაფი ტემპით იძენდა ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს და მისი პოლიტიკა მედიის მიმართ ხდებოდა უფრო და უფრო რეპრესიული. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირებითა და მისი მიღებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. სახალხო პროტესტის ჩახშობა ძალოვნებმა სასტიკი, ძალადობრივი მეთოდებით სცადეს. აქციების გაშუქებისას არაერთი ჟურნალისტი ფიზიკურად დაშავდა და ბევრ მათგანს მუშაობაში შეეშალა ხელი. პარალელურად, „ქართული ოცნება“ აწარმოებდა ჟურნალისტების დისკრედიტაციისა და მარგინალიზაციის კამპანიას. ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოძალადე პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალოვანთა მფარველობით სარგებლობდნენ. ჟურნალისტებს და მათი ოჯახის წევრებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ, მათ დაუტოვეს შეურაცხმყოფელი მინაწერები მანქანებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებზე.
ამავე პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“ ონლაინ მედიას დისკრიმინაციულად შეუზღუდა წვდომა საპარლამენტო პროცესებზე.
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ქარტიამ შეაგროვა ინფორმაცია 70-ზე მეტი შემთხვევის შესახებ, როცა საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტს მუშაობაში შეუშალეს ხელი, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით.
28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაპაუზების თაობაზე მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღის განმავლობაში ჟურნალისტებს, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ, პოლიციური ძალები და, სავარაუდოდ, მათი ხელშეწყობით მოქმედი ძალადობრივი ჯგუფები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს. აქციების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის და დაუდგენელი შემადგენლობის სხვა ქიმიურ ნივთიერებებს. ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენით და მიღებული ფიზიკური დაზიანებების, მათ შორის თავის არეში, გამო ბევრი ჟურნალისტის ჯანმრთელობა გრძელვადიანად გაუარესდა. წლის ბოლომდე ქარტიამ 90-მდე ასეთი შემთხვევა აღრიცხა.
ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დღემდე გამოუძიებელია. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დამნაშავეები არ გამოუვლენია და არავინ დასჯილა.
მთელი წლის განმავლობაში მედიისთვის გარემო იყო უკიდურესად ძალადობრივი, შემზღუდავი და დამთრგუნველი. ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა ჟურნალისტების უნარზე, ემუშავათ პროფესიული სტანდარტების დაცვით.
შეცვლილმა გარემო პირობებმა შეცვალა ქარტიის პრიორიტეტებიც. ქარტიას მოუწია, ჩვეულებრივზე მეტად ეზრუნა ჟურნალისტთა ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და მათი უფლებების დაცვა მოეთხოვა. შედეგად, ქარტიას ნაკლები რესურსი დარჩა პროფესიული განვითარების პროგრამებზე სამუშაოდ.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივების ირგვლივ სიცხადის ნაკლებობამ შეზღუდა ქარტიის შესაძლებლობები, მოეძიებინა ფინანსები და დაესახა თუნდაც მოკლევადიანი გეგმები. ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების ნაცვლად, ქარტია გადარჩენისთვის ბრძოლაზე გადაერთო.
სირთულეების მიუხედავად, ქარტიამ შეძლო, სწორი გადაწყვეტილებები მიეღო მედიის სწრაფად ცვალებადი საჭიროებების საპასუხოდ და ის ეფექტურად გაუმკლავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.