მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ბოლო პერიოდის საგანგაშო შემთხვევებს, რომელიც მანიშნებელია მედიაგარემოს კიდევ უფრო გაუარესებისა ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს ისედაც რთულ ვითარებაში უწევთ საქმიანობა. სახიფათოა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, თავდასხმები წამყვანი მედიის, “მთის ამბების”, წინააღმდეგ, და მისი მცდელობები, ცენზურას დაუქვემდებაროს დამოუკიდებელი მედია OC Media. საგანგაშოა, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის დახურვასთან დაკავშირებით.
“ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის პროტესტის შედეგად ვერ შეძლო “რუსული კანონის” მიღება, რომლის მიზანი ქვეყანაში, მათ შორის, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის განადგურება იყო. თუმცა, შალვა პაპუაშვილის განცხადებები და ქმედებები ცალსახად მიანიშნებს, რომ ხელისუფლება უარს არ ამბობს ქმედებებზე “რუსული კანონის” სულისკვეთებით და მედიაზე ზეწოლას ახორციელებს.
თავდასხმები მედიის მფლობელებზე და დამოუკიდებელ ონლაინ მედიასაშუალებებზე ზეწოლის მცდელობები ძირს უთხრის ჟურნალისტების ძალისხმევას, თავიანთი ფუნქცია შეასრულონ. ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას, არამედ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილ დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც ანადგურებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მედიის თავისუფლების დასაცავად. ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ „ჟურნალისტურ ეთიკაზე და სტანდარტებზე იყოს ჩადარაჯებული”.
„თუკი რაიმეს ვოჩდოგი უნდა იყოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ის უნდა იყოს ჟურნალისტების ვოჩდოგი, ჟურნალისტების მიმართ უნდა ჰქონდეთ ეს დამოკიდებულება და აბსოლუტურად ჩუმად არიან”, - აღნიშნა მან OC Media-ს დონორებთან კომუნიკაციის შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
ქარტია აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია არის ჟურნალისტების დამოუკიდებელი გაერთიანება, შესაბამისად, თავად წევრები წყვეტენ და გადაწყვეტენ, რით უნდა იყოს ეს ორგანიზაცია დაკავებული. ხელისუფლება კი დაკავებული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების სათანადო დასჯით, მედიის კითხვებზე პასუხის გაცემით და არა ინფორმაციის დამალვით, მედიაზე ზეწოლით, შემზღუდავი კანონებისა თუ ბრძანებების მიღების მცდელობებითა და მიღებით.
რაც შეეხება OC Media-ს დონორებთან პარლამენტის თავმჯდომარის კომუნიკაციას, საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია OC Media-ს დონორებთან პარლამენტის თავმჯდომარის კომუნიკაციას გამოეხმაურა იმავე დღეს, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა და მომხდარი თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნის მცდელობად შეაფასა. ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება, პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას. მედიას სრული უფლება აქვს, უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და, მით უმეტეს, არ არის ვალდებული, მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა, იყო “მთის ამბების” რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მუშაობა შოვში, სტიქიის ზონაში და ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს “მთის ამბებს”. ქარტიის პოზიციაა, რომ შოვის ტრაგედიის გაშუქებისას და შემდეგ ხელისუფლებამ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო, რასაც ქარტია მედიის ადვოკატირების კოალიციასთან ერთად გამოეხმაურა. „მთის ამბების“ რედაქტორი მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელიც საზოგადოებას შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ემუქრება მას საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“. გელა მთივლიშვილის განცხადებით, აგრესია მათ მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, პოსტის წაშლაზე მიუთითა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმები თავისუფალ, მიუკერძოებელ ჟურნალისტებზე არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ზეწოლას იმ მედიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზეწოლად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარის წერილობით მიმართვებს თავისუფალი მედიის დონორებისადმი და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, ისე მედიასაშუალებებზე, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, არ ჩაერიოს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და იზრუნოს მედიისთვის თავისუფალი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე.
ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას.
OC Media-ს ინფორმაციით, მათ დაუკავშირდნენ შალვა პაპუაშვილის ოფისიდან და სთხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ოპედის გამოქვეყნება. მიუხედავად მედიასაშუალების თხოვნისა, შალვა პაპუაშვილის წარმომადგენლებმა მედიას არ მიაწოდეს ოპედის სრული ვერსია.
მედიასაშუალების რედაქტორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ გამოქვეყნებულიყო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული მასალა. მათი უარი დასაბუთებული იყო კონკრეტული კრიტერიუმებით, რომელიც მედიასაშუალებას აქვს გაწერილი.
მოგვიანებით, OC Media-სთვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა დონორ ორგანიზაციებს და ჰკითხა, თუ რატომ აფინანსებენ ისეთ მედიასაშუალებას, რომელიც ცალმხრივად აშუქებს ინფორმაციას.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ OC Media-მ ინტერვიუ სთხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს, რაზეც უარი მიიღო.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას.
ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ მედიას სრული უფლება აქვს უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და მით უმეტეს არ არის ვალდებული მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეწყვიტოს თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნა და ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიის მუშაობასა და უსაფრთხოებას.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და დაკარგულ პირებს ოჯახში ჯანმრთელად დაბრუნებას უსურვებს.
გუშინდელი დღიდან მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებზე, სამძებრო სამუშაოებსა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ თუ დაუგეგმავ აქტივობებზე.
ამის პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი და კრიტიკული კითხვების გამო, სიტყვიერად თავს ესხმიან მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. უფრო მეტიც, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა „მთის ამბების” ჟურნალისტებს, რომლებიც პირველი საათების განმავლობაში იყვნენ ინფორმაციის მთავარი წყარო და ამ დრომდე აქტიურად მუშაობენ ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს კი წყალში გადაგდებით დაემუქრნენ.
საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ მედიის მოვალეობაა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია და დასვას კრიტიკული კითხვები, ხოლო ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, უპასუხოს ამ კითხვებს, მით უფრო მაშინ, როდესაც საუბარია ამ მასშტაბის ტრაგედიაზე და საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და ლეგიტიმური კითხვები.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვანის, ირაკლი ტაბლიაშვილის მიმართ მუქარის ფაქტებს. აღნიშნული მუქარა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ჟურნალისტსა და ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემა „კონტექსტის” წამყვანს ირაკლი ტაბლიაშვილს რამდენიმე დღეა უცნობი რუსულენოვანი პირები სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებიან და ემუქრებიან. ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.
ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი ინციდენტი, რომლის დროსაც ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, გაქურდეს თუ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ცოტა ხნის წინ იმავე ტელეკომპანია „ფორმულას" თანადამფუძნებელსა და წამყვანს, მიშა მშვილდაძეს ცემეს.
ბოლო წლებში საქართველოში საგანგაშო ტენდენციად იქცა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაშინება, დისკრედიტაცია და მათზე ძალადობა, პოლიტიკური ზეწოლა თუ სამართლებრივი შევიწროება. ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარა არის კრიტიკული ხმის გაჩუმებისა და ჟურნალისტის დაშინების კიდევ ერთი აშკარა მცდელობა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ირაკლი ტაბლიაშვილის წინააღმდეგ მუქარის შემთხვევები სასწრაფოდ გამოიძიოს და პასუხისმგებელი პირები კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები ირაკლი ტაბლიაშვილის დასაცავად და უზრუნველყოს მისი და სხვა ჟურნალისტების უსაფრთხოება, რათა მათ შეძლონ პროფესიული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
კოალიცია ეხმიანება „ტელეკომპანია პირველის” ყოფილი წამყვანის, ვასილ დაბრუნდაშვილის საჯარო განაცხადებას ჟურნალისტის კუთვნილი ბინიდან პირადი დოკუმენტების დაკარგვის და მის მიმართ შესაძლო თვალთვალის თაობაზე.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსი დღის შემდეგ გადაუგზავნა, ჟურნალისტი კი მნიშვნელოვანი საფრთხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 19 ივლისს გამოიკითხა.
მედიის წინაშე არსებული გამოწვევების და მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, ხელისუფლება ვალდებულია ჰქონდეს მყისიერი რეაგირება ჟურნალისტების თვალთვალის და დაშინების ყველა მცდელობასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, რომ უკვე არსებობს დადასტურებული ფაქტები ჟურნალისტის პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის შესახებ - ე.წ. სუსის ფაილების ჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ, უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეზე 2022 წლის 29 ივლისს თბილისის პროკურატურამ ვასილ დაბრუნდაშვილი დაზარალებულად ცნო.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიცვას ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილის პირადი უსაფრთხოება. Საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიებით მიიღოს ყველა ზომა ჟურნალისტის დაცვისა და ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს “ტელეკომპანია პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და წამყვანი გამომძიებელი ჟურნალისტის, ნოდარ მელაძის, კუთვნილი მანქანიდან სამსახურეობრივი მყარი დისკის ქურდობას. მსგავსი ქმედება ძირს უთხრის არა მხოლოდ ჟურნალისტების უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად პრესის თავისუფლებას.
ნოდარ მელაძის ინფორმაციით, დღეს მისი ავტომობილიდან წაიღეს სამსახურეობრივი გარე მყარი დისკი. მანქანაში არსებული სხვა ნივთები კი, როგორებიცაა საათები და სათვალე, ხელუხლებელია. ჟურნალისტი ინციდენტს დაშინების მცდელობად მიიჩნევს: "დაშინება ძარცვის იმიტაციით."
მედიაგარემო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ეს ინციდენტი კიდევ ერთი შემაშფოთებელი შემთხვევაა. ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და საზოგადოების ინფორმირებისთვის.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს ეს ინციდენტი და დასაჯოს დამნაშავეები. ასევე აუცილებელია, რომ მიღებული იყოს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მედიის წინააღმდეგ მზარდი საფრთხეების შესაჩერებლად.