20.02.2024

ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს თავისი კომენტარით ევროკავშირის პრიზზე, მისი ჟიურის წევრებსა და ნომინანტებზე გასცდა ამ თანამდებობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში განსაზღვრულ მანდატს. მან ცენზორის როლი მოირგო და თავს დაესხა მათ, ვინც ამ ჟურნალისტური კონკურსის ფარგლებში ჟიურისგან, რომელიც პროფესიული თემის გამორჩეული წარმომადგენლებისგან შედგება, მაღალი შეფასება დაიმსახურეს. 

დამოუკიდებელი ჟურნალისტური კონკურსები ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტიკის განვითარებისთვის. ამგვარი კონკურსები ქმნის მაღალ სტანდარტს, რომელზეც აქვთ სწორება როგორც პროფესიონალებს ინდუსტრიაში, ისე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს. მათ შორის უთუოდ გამორჩეულია ევროკავშირის პრიზი, რომელიც უკვე წლებია, მხარს უჭერს ქართველი ჟურნალისტების ძალისხმევას პროფესიული განვითარების გზაზე. 

ქარტია მადლიერებას გამოთქვამს ყველა იმ დონორის და ორგანიზაციის მიმართ, ვინც ამგვარ ჟურნალისტურ კონკურსებს ატარებს და ხარისხიან ჟურნალისტიკას ახალისებს. მათი წვლილი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში ფასდაუდებელია. 

დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მათ შორის გელა მთივლიშვილს, ქარტიის საბჭოს წევრს, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სამიზნე გახდა, ამგვარი თავდასხმები ვერ შეაჩერებენ.  ისინი გააგრძელებენ მუშაობას, რათა საზოგადოებამდე დროულად მიიტანონ ყველა ის ინფორმაცია, რის მათგან საგულდაგულოდ დაფარვასაც სახელმწიფო მოხელეეები ცდილობენ. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ამგვარი კომენტარების კეთების ნაცვლად იმაზე იზრუნონ, რომ ჟურნალისტებმა შეუფერხებლად და დაბრკოლებების გარეშე მიიღონ ის საჯარო ინფორმაციას, რაც მათ კანონით ეკუთვნით და რაც საქართველოში უკვე, რა ხანია, პრაქტიკულად მიუწვდომელია. 

ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები უნდა აცნობიერებდნენ იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის მათ საჯაროდ გამოთქმულ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ჟურნალისტების მიმართ, და შესაბამისი პასუხისმგებლობით იმოქმედონ. 

13.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 2024 წლის 12 თებერვალს ოზურგეთში გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში ხანძრის გაჩენის მცდელობის გამო და საგამოძიებო ორგანოებს საქმის სწრაფად და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„ალიონის“ რედაქცია ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაშია განთავსებული, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე. ამავე შენობაში მდებარეობს მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი და სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისები. სავარაუდოდ ღამით, უცნობმა პირებმა რედაქციაში ფანჯრიდან იოლად აალებადი სითხე და საწვავი შეაგდეს. გაზეთ „ალიონის“ რედაქტორის, ნუგზარ ასათიანის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოთახში ცეცხლი გაჩნდა, თუმცა ნესტის გამო ვერ გავრცელდა.

გაზეთი „ალიონი“ უნიკალურ არქივებს ფლობს, რომელთა განადგურება დიდი დანაკარგი იქნებოდა ისტორიის მკვლევარებისთვის. გამოძიება დაწყებულია სსს კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რომელიც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ყოველი ასეთი შემთხვევა ამძიმებს სამუშაო გარემოს რეგიონებში ჟურნალისტებისთვის, რომელთაც ისედაც ყოველდღიურად არაერთ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება, მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით.

07.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ასურეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი კოლეგაც ემსხვერპლა, და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

ქარტია თხოვს მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ ის, თუ რა ტრავმა შეიძლება მიაყენონ ამ მძიმე კადრების ჩვენებით გარდაცვლილთა ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას. ამგვარი შემთხვევები მედიამ პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით უნდა გააშუქოს, რაც გულისხმობს, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.

მედიამ უნდა გამოავლინოს თანაგრძნობა ამგვარი მოვლენების მონაწილე პირთა მიმართ და პატივი უნდა სცეს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. მედია ვალდებულია, ტრაგედიების გაშუქებისას ეთიკური გაშუქებით დაიცვას ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესსა და ტრაგედიის მონაწილე პირთა უფლებებს შორის.

ქარტია მოუწოდებს იმ მედია საშუალებებს, რომელთაც უკვე გაავრცელეს ტრაგედიის ამსახველი კადრები, წაშალონ ან დახურონ ისინი აუდიტორიისათვის, და ყველა ღონე იხმარონ მათი შემდგომი გავრცელების შესაზღუდად.

25.01.2024

საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან  სამოქალაქო ორგანიზაციებზე მიზანმიმართული თავდასხმა გრძელდება. ბოლო პერიოდში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მიერ გაკეთებული განცხადებები დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი, საარჩევნო საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში დაგეგმილია არჩევნები, მსგავსი კამპანიები და მნიშვნელოვანი საკითხების პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოყენება განსაკუთრებით საფრთხის შემცველია.  

20 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს,  ბექა მინდიაშვილს თავს დაესხა. ამ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მადისკრედიტირებელი განცხადება გაკეთდა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ (SovLab) და “სამოქალაქო იდეის” მიმართაც. 

რელიგიური თემების და ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, დეზინფორმაცია, უფლებადამცველების და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახელმწიფოს, რელიგიის და ეკლესიის მტრებად გამოცხადება არადემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი პრაქტიკაა, საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის და ადამიანების რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების რისკებს შეიცავს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საპატრიარქომ მიზანშეუწონლად მიიჩნია სტალიანის გამოსახულებიანი ხატის ეკლესიაში არსებული ფორმით დატოვება და შესაბამისს ზომებსაც მიმართა, ხელისუფლების მიერ, იმ ორგანიზაციების და პირების წინააღმდეგ იერიში, ვინც პრობლემა გამოავლინა და საბჭოთა ტოტალიტარულ მემკვიდრეობას, როგორც კრემლის დეზინფორმაციის ერთ-ერთ ინსტრუმენტს ებრძვის, აზიანებს პროცესს, რომელიც გარე საფრთხეების წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდირებაზე უნდა იყოს მიმართული და არა შიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ბრძოლაზე. ასევე შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლება მიზანმიმართილად ცდილობს რელიგიური ორგანიზაციები პოლიტიკური პროცესის აქტიურ მონაწილად აქციოს, რაც თავად რელიგიური ორგანიზაციების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დამოუკიდებლობასაც აზიანებს.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების მსგავსად, კოორდინირებული შეტევის სამიზნე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც არიან. განსაკუთრებით საგანგაშოა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე (USAID)  თავდასხმა. იმ ფონზე, როდესაც ამერიკის მთავრობის და სხვა დასავლური სახელმწიფო და კერძო ფონდების ფინანსური დახმარებით საქართველოში არაერთი საკულტო ნაგებობის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა-შენარჩუნება მოხდა, ასეთი თავდასხმები არაკონსტრუქციულ ხასიათს ატარებს და აძლიერებს კრემლის პროგანდისტულ ნარატივს, რომელიც დასავლურ ცივილიზაციას ქართული იდენტობის მტრად სახავს.

მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დონორი ორგანიზაციების მიმართ თავდასხმას არაერთხელ ჰქონდა ადგილი. დონორი ორგანიზაციების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ანტიდასავლური ჯგუფის, „ხალხის ძალის“, წევრები და პროსახელისუფლებო მედია ორგანიზაციები.

ე.წ. „რუსული კანონის“ შესახებ კანონპროექტების მიღებაზე უარის თქმის მიუხედავად, როგორც ჩანს, ხელისუფლება აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და ფინანსური მდგრადობის შეზღუდვის მცდელობას, რაც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის შესუსტებას ისახავს მიზნად.  

საგულისხმოა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა არ არის ახალი და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მიზნით, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და კოორდინირებული შეტევის ფაქტობრივად უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ 2020 და 2021 წლების არჩევნებისთვის სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, ფეისბუქზე მმართველის პარტიის სასარგებლოდ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედი გვერდები იმავდროულად უარყოფითად წარმოაჩენდნენ ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას. სოციალური მედიის კომპანია Meta-ს მიერ გასული წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ფეისბუქიდან და ინსტაგრამიდან კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში ჩართვის გამო წაშლილი გვერდები/ანგარიშები/ჯგუფები, რომლებიც პროსამთავრობო, მათ შორის „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებულ, კამპანიას აწარმოებდნენ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან იყვნენ დაკავშირებული. 

გარდა იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი ინსტიტუტის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ევროინტეგრაციის პროცესშიც. ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრულ ნაბიჯებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათ ჩართულობას.  

2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა  კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, რომელშიც სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრებსა და ერთობლივ საქმიანობაზეა საუბარი. ამდენად, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი რიტორიკა ხელს უშლის თანამშრომლურ გარემოს და ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მიერვე ოფიციალურ დოკუმენტში გაცხადებულ პოლიტიკას.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმები და ძალისხმევა მიმართოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულებაზე.

23.01.2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს შეშფოთებას და მკაცრად გმობს თბილისში, ​კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებს და ჟურნალისტის დაკავების შემთხვევას. აღნიშნული  ინციდენტები აუარესებს მედიაგარემოს და ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

2024 წლის 23 იანვარს  თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან  გამოსახლების პროცესის გაშუქებისას, ონლაინ მედია „მაუწყებლის“ ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, “მაუწყებლის” ჟურნალისტი, რატი რატიანი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, რა დროსაც ის პოლიციელმა, უხეში ძალის გამოყენებით, ძირს ჩამოაგდო მანქანიდან. აღნიშნული ქმედებით ჟურნალისტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამართალდამცავები ფიზიკურად  გაუსწორდნენ კიდევ სამ ჟურნალისტს, მათ შორის, ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს. ასევე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს „მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, რომელიც პოლიციის ვაკის რაიონულ სამმართველოშია გადაყვანილი. 

ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში. მედიის წარმომადგენლებისთვის  პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დაკავება როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, ასევე დემოკრატიულ ინსტიტუტზე თავდასხმას წარმოადგენს. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისა და უკანონო დაკავების შემთხვევები. მნიშვნელოვანია აღნიშნული ინციდენტების სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება, რასაც დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს. 

 

23.01.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება 2024 წლის 23 იანვარს ქარტიის საბჭოს წევრის, „მთის ამბების” რედაქტორის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ჟურნალისტი აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს აშუქებდა, რა დროსაც ის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს.  როგორც ქარტიისთვის ცნობილია, ადვოკატს, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრს წარმოადგენს, გელა მთივლიშვილმა უთხრა, რომ დაკავებისას პოლიციელებმა მისი მოგუდვა სცადეს.  

ქარტია კატეგორიულად გმობს გელა მთივლიშვილისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ჟურნალისტი, ასევე სასწრაფოდ გამოიძიონ მისი დაკავებისას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტი. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციას შეახსენებს მის ვალდებულებას, ჟურნალისტებს შეუქმნას უსაფრთხო გარემო მუშაობისას. 

23.01.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება 2024 წლის 23 იანვარს „მაუწყებლის“ ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. ჟურნალისტი რატი რატიანი პირდაპირ ეთერში  აშუქებდა აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც ის პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩააგდო, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. როგორც „მაუწყებლის” წარმომადგენელმა ეთიკის ქარტიას უთხრა, პარალელურად, სამართალდამცავები ფიზიკურად  გაუსწორდნენ ამ მედიასაშუალების კიდევ სამ ჟურნალისტს - ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. პოლიციის ამგვარი ქმედება ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ათობით დანაშაული დღემდე გამოუძიებელია. ის ასევე ძირს უთხრის ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, სადაც სრულად არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტების პროფესიული უფლებები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დასჯადია. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს, სწორი კვალიფიკაცია მისცენ ამ ძალადობრივ ქმედებას და დაუყოვნებლივ დაიწყონ  გამოძიება, რათა მოძალადე პოლიციელებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.  

  

19.12.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, დახუროს სხვადასხვა გადაცემა საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე. აღნიშნული შემთხვევა ერთგვარი გაგრძელებაა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენებისა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს შეფასებას, რომ მაუწყებელი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების”, ზეგავლენის ქვეშ არის, ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია, და ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოუმზადებელი ხვდება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაიხურა რამდენიმე გადაცემა, კერძოდ: „დღის კოდი“, „ფერმა“, „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“, „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ,“ „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“, „კაცები”, არხი „ტელესკოლა“ და „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე". აღნიშნული გადაწყვეტილება მენეჯმენტმა საზოგადოებისთვის  შესაბამისი განმარტების გარეშე მიიღო. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ ცვლილებები ფინანსური რესტრუქტირაზაციის გამო ხორციელდებოდა და “... რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება” არ უნდა მომხდარიყო. საგულისხმოა, რომ პასუხგაუცემელია თუ რატომ სახელდება ფინანსური რესტრუქტურიზაცია გადაცემების დახურვის მთავარ მიზეზად, რატომ ხდება ეს 2024 წელს, მაშინ როცა მაუწყებლის დაფინანსების არსებული მოდელი და ბიუჯეტი ორი წელი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. ასევე, თუკი საკითხი ფინანსურია, რატომ არ შეთანხმდა „რესტრუქტურიზაციით” გამოწვეული დახურვა სამეურვეო საბჭოსთან. ფაქტია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მორიგ ჯერზეც არ და ვერ შეძლო ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება. კრიტიკული იყო საზოგადოების დამოკიდებულება, მათ შორის, გორგილაძის გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია საკუთარი კრიტიკული შეფასებებით „ქართული ოცნების” ცალკეული გადაწყვეტილებების მიმართ, როგორიც იყო, მაგალითად, „რუსული კანონის” მიღება

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა სახელმწიფო უწყებებისაგან, ასევე პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. მაუწყებლის პროგრამები უნდა იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და პლურალისტური, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება და დემოკრატიულ დისკურსს უწყობს ხელს. გამჭვირვალობისა და სათანადო განმარტებების გარეშე პროგრამების დახურვა, განსაკუთრებით იმ გადაცემებისა, რომელთა ავტორები ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ამცირებს მაუწყებლის მიმართ ნდობის ხარისხს და ამყარებს ეჭვებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

კოალიცია შეშფოთებით აღნიშნავს იმ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა პროგრამის დახურვას, როგორებიცაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების” მიერ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და მცდელობა,  შეეცვალა დაფინანსების მოდელი, რომელიც მიზნად ისახავდა ტელევიზიის მთავრობაზე დამოკიდებულების გაზრდას. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო სისრულეში მოყვანილი და საბოლოოდ სხვა მოდელზე მოხდა შეთანხმება. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებაც არ იყო საჯარო დისკუსიის და ფართო კონსენსუსის საგანი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და მმართველი პარტიის დამოკიდებულებამ და ქმედებებმა ნოყიერი ნიადაგი შექმნეს მაუწყებელში ხელისუფლების სასარგებლო პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციისთვის. ტელევიზია არ ფუნქციონირებს, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მედია, არის ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ და ეს განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც ვუახლოვდებით კრიტიკულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს, უზრუნველყოს მაუწყებლის პლურალისტური და ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკა, მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა, რეალური ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ და მისი მონაწილეობა დიალოგში. 

კოალიცია, ასევე,  მოაწოდებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაცია და ხელი შეუწყოს პლურალისტურ გარემოს შექმნას ქვეყანაში.

18.11.2023

„მაუწყებლის” ინფორმაციით, 2023 წლის 18 ნოემბერს თბილისში, რაჭის ტყეების დასაცავად გამართულ საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას მათი ჟურნალისტი, რატი რატიანი დააკავეს. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, პოლიციას უხსნიან, რომ რატიანი ჟურნალისტია, თუმცა პოლიციამ ის მაინც დააკავა. 

ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და სამართალდამცავი უწყების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაათავისუფლოს რაჭის ტყეების დასაცავად გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი. 

ქარტია მიიჩნევს, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას. დაუშვებელია, მედიას არ მიეცეს საშუალება, გააშუქოს საპროტესტო აქცია. 

მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა - მედიის საქმიანობის შეზღუდვა, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოდ მუშაობის პირობები, ასევე, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, რომ თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა.

ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.

20.10.2023

2023 წლის 19 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლებს სოფელ  ჭორვილაში შესვლის უფლება არ მისცეს. 

მედია ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მსვლელობის გასაშუქებლად მივიდა, რომლებიც სოფელში შესვლას და აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. პროცესი ადგილზე მყოფ სხვა ადამიანებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განუმარტა, რომ სოფელში მედიის არ შეშვების მიზეზი მათივე უსაფრთხოება და “ქვის ცვენა” იყო. 

ქარტია მიიჩნევს, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა და მედიის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას. დაუშვებელია, მედიას არ მიეცეს საშუალება შევიდეს სოფელში, საჯარო ტერიტორიაზე. ეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა - მედიის საქმიანობის შეზღუდვა და პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას. მისცენ ჟურნალისტებს საშუალება თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა და უზრუნველყონ უსაფრთხოდ მუშაობის პირობები. 

ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.