13.07.2023

2023 წლის 13 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, „TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილი გაქურდეს. ჟურნალისტის თქმით, წაიღეს სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი, თუმცა პირადი ნივთები ხელუხლებელი დახვდა. აღნიშნული აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ქმედება ჩადენილია მედიის წარმომადგენლის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. 

ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების სიხშირე და ასეთი საქმეების გამოუძიებლობა, დაუსჯელობის განცდას აჩენს და მომავალში განმეორებითი დანაშაულის რისკს მეტად ზრდის. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს ნოდარ მელაძის ავტომობილში ქურდობის შემთხვევა.

11.07.2023

დღეს „TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. ის 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 5 ივლისს ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.

ქარტიისთვის შემაშფოთებელია, რომ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილნი და კვლავ აორგანიზებენ ძალადობას, რაც ცხადად ვიხილეთ კიდეც 2023 წლის 8 ივლისს. 

დღემდე არ არის დასჯილი 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და რიგ შემთხვევებში სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა მოძალადეებისთვის სათანადო პასუხისმგებლობის დაკისრება. ლექსო ლაშქარავას ეპიზოდზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით, ძალადობაში მსჯავრდებულები ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გამართლდნენ და მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდათ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები რადგან მისი ვალდებულებაა, უზრუნველყოს მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამასთან, სულ უფრო მძიმდება მედიაგარემო, დღითიდღე იზრდება იმ ჟურნალისტთა სია, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის გამო თავს ესხმიან, ფიზიკურად უსწორდებიან და დევნიან.

 

08.07.2023
მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს 8 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და უკანონო ხელშეშლის შემთხვევებს. მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, რომ დაიცავდა ყველა მოქალაქის უსაფრთხოებას, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ხელისუფლების მიერ მისივე ვალდებულებების შეუსრულებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ინფორმირებული იყო მოვლენების შესაძლო ძალადობრივი განვითარების შესახებ, მან მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება არც ამჯერად დაიცვა. 


მედიით გავრცელებული ინფორმაციით, “თბილისი პრაიდის” მიერ დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე მისული ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. კოალიციის წევრი ორგანიზაციის “მედიაომბუდსმენის” შეტყობინების შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმის შესწავლა დაიწყო

იმ ფონზე, როდესაც ჟურნალისტები უზრუნველყოფენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას, აღმაშფოთებელია, რომ მათ სახელმწიფო არ იცავს. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ამგვარი ინსტრუმენტალიზაცია  სერიოზულ საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს  პასუხისმგებლობა და ვალდებულებები საკუთარი მოქალაქეების და მედიის წინაშე და  უზრუნველყოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს მედიას და ადასტურებს ურყევ ერთგულებას პრესის თავისუფლების დასაცავად. კოალიცია აგრძელებს მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, მედიის წარმომადგენლებს დაეხმაროს.

08.07.2023

ქარტია მოუწოდებს მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების ტირაჟირებას. 

მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ დაეხმაროს საზოგადოებას ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დაძლევაში და არ გაამძაფროს დისკრიმინაცია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

  • არ დაუთმოთ მედიასივრცე ძალადობისკენ მოწოდებებსა და სიძულვილის ენას;
  • ნუ დააანონსებთ ძალადობრივი ჯგუფების იმგვარ გეგმას, რომელიც მათ მომხრეების მობილიზებაში დაეხმარება;
  • ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას აუცილებლად მიაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია ამ ჯგუფების მიზნებსა და მოტივაციაზე; 
  • ხელი არ შეუწყოთ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას;
  • სიძულვილის ენის შემცველი მასალა შეიძლება გამოქვეყნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ამის გარდაუვალი აუცილებლობა და მაღალი საჯარო ინტერესი; ამ შემთხვევაშიც, საზოგადოებას განუმარტეთ, რომ ესა თუ ის განცხადება შეიცავს სიძულვილის ენას;
  • ცხადად გაემიჯნეთ ამგვარ გამონათქვამებსა და პოზიციას. გამიჯვნა არ ნიშნავს მაინცდამაინც სიტყვიერად მითითებას „ვემიჯნებით რესპონდენტის მოსაზრებებს”, შესაძლებელია, სხვა ფორმით და სხვა ტექსტით. არ გაიზიაროთ რესპონდენტის პოზიცია; თუ ამგვარი პოზიცია ისმის პირდაპირ ეთერში, იქვე მიუთითეთ რესპონდენტს და არ დაუთმოთ ტრიბუნა ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებებს. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და არ დაუშვას 5 ივლისის განმეორება. მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება ხელისუფლების მოვალეობა და პასუხისმგებლობაა. 

06.07.2023

2023 წლის 6 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის" და „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს საგარეჯოში თავს დაესხნენ. „მთავარი არხი” წერს, რომ დაზიანებულია კამერა და ქვა მოხვდა ჟურნალისტს. „ფორმულას” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კი ჩანს, რომ ქვები ამავე არხის ჟურნალისტს გიორგი კვიჟინაძესაც ესროლეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები. 

სამწუხაროდ, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილი გახდა. ჟურნალისტების მიმართ აგრესიული ქმედებები განსაკუთრებით გახშირდა 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ, როდესაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. თუმცა, ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან.

05.07.2023
2023 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა უცნობი პირი, მიკროფონი გადაუგდო და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალა ხელი.  

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლისგან. 
 
05.07.2023

ორი წლის წინ, საზოგადოება მომსწრე გახდა პრესის თავისუფლებაზე საგანგაშო თავდასხმისა, როდესაც 2021 წლის 5 ივლისს, “ღირსების მარშის” კონტრაქციის გაშუქებისას, ორმოცდაათზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა. რამდენიმე ჟურნალისტის საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანაც გახდა აუცილებელი. დაპირისპირება და თავდასხმები 6 ივლისსაც გაგრძელდა. ამ თავდასხმებისას დაშავებული ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რამდენიმე დღის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცაველებმა დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით პირი, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პასუხი არ აგო ამ ძალადობრივი ქმედებების არცერთმა ორგანიზატორმა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებები კი სათანადოდ არ იქნა გამოძიებული. 

5-6 ივლისის მოვლენები არის მორიგი შეხსენება იმისა, თუ რა საფრთხე ემუქრებათ ჟურნალისტებს საქართველოში პროფესიული საქმიანობისას. მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას და მხარდაჭერას მედიის ყველა წარმომადგენელს, რომელიც თავისი საქმიანობის გამო ძალადობისა და მუქარის მსხვერპლია. 

დღევანდელ დღეს ჟურნალისტები, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, კვლავ ძალადობის, მიზანმიმართული დეზინფორმაციის თუ ბოიკოტის სამიზნეები არიან. გახშირებულია როგორც ჟურნალისტების, ისე ადგილობრივი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების მიმართ საჯაროდ გავრცელებული მუქარები, რაც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. 

არსებულ ვითარებაში, მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებები და პასუხისგებაში მისცეს 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები. ჟურნალისტებისა და ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმდინარე საჯარო მუქარების გათვალისწინებით, ხელისუფლების ვალდებულებაა მათი უსაფრთხოების დაცვა, რათა პროფესიული საქმიანობა შურისძიებისა ან თავდასხმის შიშის გარეშე შეძლონ.

05.07.2023
დღეს ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.

ამ დღეს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. 

ქარტია მიიჩნევს, რომ 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა და მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება. უფრო მეტიც, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისი განცხადებით მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს. 

ამასთან, ეს საქმეები სათანადოდ არ არის გამოძიებული. პროკურატურის წარმომადგენლების მიერ ერთ-ერთ შეხვედრაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, პასუხისგებაში მიეცა 21 პირი,  მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებდა, როგორ ძალადობდნენ სხვადასხვა პირები ჯგუფურად. 

აღსანიშნავია, რომ დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემული ძალადობის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია და რომლებიც დღესაც პირდაპირ ეთერში ჩადიან დანაშაულს და მოუწოდებენ ხალხს ძალადობისკენ. 

ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკითა და სიძულვილის ენით საუბარს, კვლავაც გამოუძიებელია მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას. 

ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოების მხრივ საქართველოში საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.
 
04.07.2023
მედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონს, რომელიც, მათ შორის, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას ისახავს მიზნად. კანონი ძირს უთხრის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონს.
 
მმართველი პარტიის მიერ რამდენიმე კვირის წინ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ინიცირებული იყო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მათ შორის, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა იზრდებოდა 9-დან 11-მდე, უქმდებოდა სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა, იზრდებოდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილების ვადები და ა.შ. აღნიშნული კანონპროექტი არ პასუხობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს და აგრძელებდა ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესს. გასულ კვირას კი მმართველმა პარტიამ დამატებითი ცვლილებები შეიტანა დოკუმენტში, რომლის მიხედვით უქმდება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო და მის კომპეტენციებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ითავსებს.  სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9 დან 11-მდე იზრდება, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ერთის ნაცვლად სამი კანდიდატის დასახელების უფლებამოსილება ენიჭება. 
 
მედიის ადვოკატირების კოალიციას მტკიცედ სჯერა, რომ მაშინ, როცა გამოწვევაა პოლარიზაცია და დეზინფორმაცია, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი საზოგადოებისთვის მიუკერძოებელი და მრავალფეროვანი შინაარსის მიწოდებაში გადამწყვეტია. მმართველი გუნდის არსებული პოლიტიკა და ნაბიჯები კი, პირიქით, მიმართულია კერძო მედიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტროლისაკენ და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად.  
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ისარგებლოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით და ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონს და ამით მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელი და თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. 
 
ასევე მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, არ დაძლიოს ვეტო და საკუთარი ძალისხმევა და პოლიტიკა წარმართოს თავისუფალი, უსაფრთხო და პლურალისტური მედია გარემოს შესაქმნელად, რაც ხელისუფლების კონსტიტუციურ და კონვენციურ ვალდებულებას წარმოადგენს. 
 
03.07.2023
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების 9-დან 11-მდე გაზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას. 
 
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები თავდაპირველად სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის 9-დან 11-მდე გაზრდას, სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვას, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის უფლებამოსილების ვადების გაზრდასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების აჭარის ტელევიზიაში დასაქმებას ითვალისწინებდა. 
 
მოგვიანებით, კანონპროექტში შევიდა ცვლილებები, რომლებიც, ზემოთ ხსენებულ პრობლემურ საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმებას. აღნიშნული კი არსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწყობის პრინციპებს ეწინააღმდეგება და აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელს უქვემდებარებს. 
 
ამასთან, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის 9-დან 11-მდე გაზრდით, მმართველ პარტიას ეყოლება მის მიერ დასახელებული უმრავლესობა სამეურვეო საბჭოში, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას.
 
პრობლემურია განხილვის პროცესიც. მეორე მოსმენამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა მრჩეველთა საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით. კანონის მიღება მოხდა სწრაფად და საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა, ჩართულიყო შეცვლილი კანონპროექტის განხილვაში. 
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს.
 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.