10.05.2024

9 მაისს ღამით და 10 მაისს გამთენიისას უცნობი ნიღბიანი პირები ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს ჩაუსაფრდნენ „ტვ პირველის“ შენობასთან. „ტვ პირველის“ მენეჯმენტის აზრით, იყო იმის საფრთხეც, რომ ნიღბიანი პირები შენობაში შეიჭრებოდნენ. საპატრულო პოლიცია, რამდენიმე გამოძახების მიუხედავად, ადგილზე არ გამოცხადდა. ამ პირებმა საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც კამერების ობიექტივში მოხვდნენ, ტერიტორია დატოვეს. 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრული გულგრილობით,  ხოლო გასამოძიებო ორგანოები სრული უმოქმედობით პასუხობენ  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გახშირებულ თავდასხმებს ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებზე. 

ჟურნალისტებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სატელეფონო ზარით განხორციელებულ შეურაცხმყოფელ მიმართვებსა და მუქარას დაემატა შეურაცხმყოფელი შინაარსის პლაკატები იმ შენობებზე, სადაც მედიასაშუალებების ოფისებია განთავსებული და სადაც ჟურნალისტები ცხოვრობენ. მოძალადეებმა დააზიანეს ასევე ჟურნალიტების პირადი  ქონება. მანამდე ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტს მოძალადე თავს დაესხა დიპლომატიური წარმომადგენლობის სიახლოვეს. 

თავდასხმების ორგანიზებული და სისტემური ხასიათი, დამნაშავეთა დაუსჯელობა, ასევე ის, რომ თავდამსხმელებს აქვთ წვდომა მოქალაქეების პირად ინფორმაციაზე, მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას. 

ამ თავდასხმების მიზანი ჟურნალისტების და მედიასაშუალებების სტიგმატიზაცია და დეჰუმანიზაციაა ბოლშევიზმისა და ფაშიზმის საუკეთესო ტრადიციებში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მთლიანად და მათი მაღალი რანგის წარმომადგენლები ცალ-ცალკე უკვე დაუფარავად და საჯაროდ ახალისებენ ძალადობას პოლიტიკურ ოპონენტებზე, ჟურნალისტებზე და უბრალოდ განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და უპირობოდ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დევნა და მოძალადე ჯგუფების მფარველობა. ქარტია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, სასწრაფოდ და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმის ყოველი შემთხვევა. ქარტია ძალოვან უწყებებს მოუწოდებს, შეასრულონ კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დაიცვან მოქალაქეები ძალადობისა და თავდასხმებისაგან.
08.05.2024

ტელეკომპანია იმედი“, For.ge-ზე დაყრდნობით, თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელთა ავთენტურობაც დადასტურებული არ არის და საზოგადოებას ამ ინფორმაციას როგორც უტყუარ ფაქტს ისე აწვდის. ჩანაწერები რუსული კანონის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების და აქტივისტების სავარაუდო საუბარს ასახავს

ამგვარი ქმედებით ტელეკომპანია იმედი არღვევს ინფორმაციის სიზუსტის პროფესიულ სტანდარტს, უპატივცემულობას იჩენს აუდიტორიის მიმართ და გამიზნულად შეჰყავს ის შეცდომაში.

ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში პერსონალური მონაცემების დაცვა ყოველთვის პრობლემური იყო. სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო წლებში დამძიმდა, როდესაც მმართველმა პარტიამ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები არაერთხელ გამოიყენა პოლიტიკური ოპონენტებისა და მისთვის სხვადასხვა მიზეზით მიუღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ

აღსანიშნავია, რომ ორი დღეა, მოქალაქეებს, რომლებმაც რუსული კანონის მიმართ უარყოფითი პოზიცია გამოხატეს, მათ  შორის, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, უცხო ნომრებიდან უკავშირდებიან, ისეთი დეტალებით, რაც, გარეშე პირებისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ემუქრებიან და სიტყვიერ  შეურაცხყოფას აყენებენ. კამპანიურობა და საუბრების შინაარსი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პერსონალური ინფორმაცია ამ პირებმა სახელმწიფოს ხელშეწყობით მიიღეს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ტელეკომპანია იმედს“, რომელსაც დიდი აუდიტორია ჰყავს და, შესაბამისად, დიდი პასუხისმგებლობაც აკისრია, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ფარულ ჩანაწერებს, არ გამოიყენოს ისინი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის და  „ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტების და აქტიური მოქალაქეების დისკრედიტაციისთვის

ქარტია მოუწოდებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, დაინტერესდეს როგორც მედია საშუალებებების მიერ პირადი მონაცემების გასაჯაროების ფაქტებით, ასევე, იმით, თუ როგორ აღმოჩნდა აგრესიული ჯგუფების ხელში მოქალაქეების პერსონალური ინფორმაცია, რაც მათ ამ მოქალაქეების შესავიწროებლად გამოიყენეს

08.05.2024

ჟურნალისტები საქართველოში საჯარო სივრცეებში უსაფრთხოდ ვეღარ გადაადგილდებიან და მუშაობენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თანმიმდევრულად და სისტემურად ეწევა თავისუფალი და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას და ამგვარი მედიის ჟურნალისტებისა და რესპონდენტების საზოგადოების მტრებად და საფრთხედ წარმოჩენას ცდილობს. მაღალჩინოსნების მიერ საჯაროდ გამოხატული სიძულვილი ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას ახალისებს, საგამოძიებო უწყებები კი დამნაშავეთა გამოვლენას და დასჯას არ ჩქარობენ. 

7 მაისს, თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, უცნობი პირი თავს დაესხა გიორგი კლდიაშვილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორს, რომელიც შვედეთის საელჩოდან გამოვიდა და ტელეკომპანია „ფორმულას“ ინტერვიუს აძლევდა. აგრესიული პირი ფიზიკურად გაუსწორდა „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც - ოპერატორსა და  მძღოლს. „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ თავდამსხმელს ხელში შუშის ბოთლი უჭირავს და იგინება. 

„ფორმულას“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილაზე სიტუაციაში გასარკვევად პოლიცია მივიდა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი მოძალადის სამიზნე გახდა. 22 აპრილს, მეტროში, ია სართანიას, რომელსაც ეჭირა ჩანთა „ფორმულას“ ლოგოთი, თავს უცნობი მამაკაცი დაესხა. მან ჟურნალისტს ხელი ჰკრა და შეაგინა. ია სართანიას ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. 

7 მაისს უცნობმა პირებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს თელავშიც, რუსული კანონის საწინაღმდეგო აქციის დაწყებამდე. „ფორმულას“ ეთერში ჩანს, რომ ისინი მანქანით შევიდნენ მოედანზე და მძღოლმა სცადა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტისთვის ხელიდან მიკროფონი გაეგდებინებინა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ძალადობას და ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას დამაზიანებელ რიტორიკაზე დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მიმართ. 

ქარტია საგამოძიებო უწყებებს თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე და თელავში ქალაქის ცენტრში ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი აგრესიის და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. ორივე შემთხვევაში ვიდეოჩანაწერებში ჩანს თავდამსხმელთა სახეები და მანქანის ნომერი.   

03.05.2024

ჟურნალისტების მიმართ დამამცირებელი მოპყრობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ბოლო წლებია, ტრადიციად იქცა. ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით გაჯერებული სიძულვილის ენა, რომელსაც ისინი რეგულარულად იყენებენ, საზოგადოების თვალში ჟურნალისტიკის როლის დაკნინებასა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ემსახურება. გარდა იმისა, რომ ამგვარი დამოკიდებულება ხელს უშლის მედიას, ეფექტურად იფუნქციონიროს, ის ასევე ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. შედეგად, უკვე გვაქვს ჩინოვნიკებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის არაერთი მაგალითი. გახშირდა შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებს ძალადობრივი ჯგუფების დაუსჯელობით გულმიცემული წევრები ესხმიან თავს. 

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თბილისის მერისა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის, საქციელი 2 მაისს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას, რა დროსაც მან  შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ნუცა ბახუტაშვილს. კახა კალაძემ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით „რადიკალების ჟურნალისტი“. აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოში არ მოხვდა ის, თუ როგორ იყენებს ქალაქის მერი არანორმატიულ ლექსიკას ჟურნალისტის მიმართ შეკითხვების ამოწურვის შემდგომ. აგრესია მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა იმით, თუ რატომ მალავენ შსს სამინისტრო და ქალაქის მერი იმ ფაქტს, რომ შსს-მ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენა (“არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენ?”). 

საქართველოს ჟურნალისტური ქარტია გმობს ჟურნალისტებთან ურთიერთობის ამგვარ სტილს და  შეახსენებს თბილისის მერს, რომ მას როგორც მაღალი თანამდებობის პირს, აქვს თმენის ვალდებულება. 

03.05.2024

ტაბულას მთავარი რედაქტორის, ლევან სუთიძის, განცხადებით, 3 მაისს, გამთენიისას, პოლიციამ, „ტაბულას უმცროსი რედაქტორი გიორგი ბადრიძე, რომელიც იღებდა, თუ როგორ აკავებდა პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, თავადაც უკანონოდ დააკავა და სხვა ადგილას გადაიყვანა. ჟურნალისტი მოგვიანებით გაათავისუფლეს

ლევან სუთიძის თქმით, პოლიციელებმა ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს - იმის მიუხედავად, რომ გიორგი ბადრიძემ პოლიციელებს მისი პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინა, მას მოსთხოვეს, გადაღება შეეწყვიტა. ძალოვანი უწყების არაიდენტიფიცირებული წარმომადგენელი ჟურნალისტზე ზეწოლას ახორციელებდა მის ტელეფონში შეღწევის და, სავარაუდოდ მასალის წაშლის მიზნით, რასაც ჟურნალისტი არ დაემორჩილა. საბოლოოდ, გიორგი ბადრიძე ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.  

 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გიორგი ბადრიძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. 16 აპრილს აქციის გაშუქებისას სპეცრაზმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 133- მუხლის მე-3 ნაწილის ქვეპუნქტი) მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სწავლობს.   

 

ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა 30 აპრილის-2 მაისის პერიოდში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ ერთ ნაწილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო მეორე ნაწილს - ფიზიკური. ზოგიერთი მათგანი სპეციალური საშუალებების გამოყენებით დააზიანეს

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სასწრაფოდ და ეფექტურად გამოიძიოს ტაბულას რედაქტორზე თავდასხმის ფაქტი, რათა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაზე და უკანონო ქმედებაზე პასუხისმგებელი პირებები დროულად გამოვლინდნენ და სათანადოდ დაისაჯონ

02.05.2024

ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა კვლავ მიაყენეს დაზიანებები ჟურნალისტებს, რომლებიც 1-ელ მაისს ღამით და 2 მაისს გამთენიისას მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციას აშუქებდნენ.

„მთავარი არხის“  ცნობით, დაშავდა მათი სამი ოპერატორი. ზუკა ჩხირკვია წყლის ჭავლმა წააქცია, რის შემდეგაც მას სახეში მოხვდა გაურკვეველი ბლაგვი საგანი, ხოლო ავთო მესხმა თავის არეში დაზიანება მიიღო. 9 აპრილის ქუჩაზე მუშაობისას დაშავდა ლუკა ლავრელაშვილი. 

ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, რომელიც პარლამენტთან მუშაობდა, შსს-ს წარმომადგემნელმა დაარტყა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალა. 

დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის შესუნთქვის გამო მუშაობისას ცუდად გახდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები ნიკა საჯაია და სალომე ბოკუჩავა. ორივე ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. რეზინის ტყვიებით დაზიანდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით თამაზაშვილი. 

წინა დღეს, 30 აპრილს ღამით და 1-ელ მაისს გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყანეს,  პირადად თუ სპეციალური საშუალებების გამოყენებით ფიზიკურად დააზიანეს სულ ცოტა 14 ჟურნალისტი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ და მოუწოდებს მათ, შეწყვიტონ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, დაბრუნდნენ კანონის ჩარჩოებში და პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. 

01.05.2024
30 აპრილს გვიან ღამით და 1 მაისს გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა,
ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, რამდენჯერმე დაარბიეს რუსული
კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია, რა დროსაც გამოიყენეს
ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.
საპოლიციო ძალები იტაცებდნენ ადამიანებს და დაკავებულებზე ფიზიკურად
ძალადობდნენ. ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, აქციის
დასაშლელად გამოყენებული არაპროპორცული ძალა გაუტოლდა წამებას და
არაადამიანურ მოპყრობას. 
 
ამ პროცესში საპოლიციო ძალების სამიზნე აღმოჩნდნენ ის ჟურნალისტებიც,
რომლებიც აქციას აშუქებდნენ. მათი ერთი ნაწილის მიმართ საპოლიციო ძალებმა
სპეციალური საშუალებები, კერძოდ, წიწაკის სპრეი, გამოიყენეს, ხოლო მეორე
ნაწილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 
 
,,ტვ პირველის” ცნობით და და ორგანიზაცია ,,მედიაომბუდსმენის”
ინფორმაციით, სპეცრაზმმა ,,ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე (ნანუკა ქაჯაია,
დავით ბერაძე) იძალადა  - მათ ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ჩიტაძის ქუჩიდან
ძალის გამოყენებით გაიყვანეს
ორგანიზაცია ,,მედიაომბუდსმენის” ინფორმაციით, სპეცრაზმმა საქმიანობაში
ხელი შეუშალა ,,ტვ პირველის” ჟურნალისტებს და ოპერატორებს (გიორგი
შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს). ,,ტვ პირველის”
ინფორმაციით, მარიამ მაკასარაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ,,ტვ
პირველის” ინფორმაციით,  მათ  ოპერატორს, ნიკა კოკაიას, სახეში წიწაკის სპრეი
შეასხეს. ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“  ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს
სახეში „პუბლიკას“ რედაქტორს ლიკა ზაკაშვილს და ჟურნალისტს ბასტი
მგალობლიშვილს.
 

„აი ფაქტის“ ჟურნალისტი რობი ზარიძე, სრულიად მშვიდობიანად მდგომი,
პოლიციელებმა ჯერ კორდონში შეითრიეს, სადაც მას სპეცრაზმელები
ფიზიკურად გაუსწორდნენ , ხოლო შემდეგ დააკავეს. როდესაც პოლიციელები
მიხვდნენ, რომ მათ მიერ დაკავებული პირი ჟურნალისტი იყო, მათ რობი ზარიძის
პატრულისთვის გადაბარება გადაწყვიტეს, თუმცა პატრული ვერ იპოვეს და
საბოლოოდ ჟურნალისტი გაუშვეს. მას დაუბრუნეს ჩამორთმეული ტელეფონიც,
თუმცა დაზიანებული. 
 
პოლიციელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს
დეა მამისეიშვილს, რომელსაც ყელში სწვდნენ და ასე შეეცადნენ, მას უკან
დაეხია.
 
თვითმხილველთა ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენეს ფოტოგრაფებს გურამ მურადოვსა და დავით ქორიძეს, ხოლო
ფოტოჟურნალისტ გიორგი ნაკაშიძეს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი.
ფოტოჟურნალისტი ზიანისგან კამერამ დაიცვა.  
 
ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის” ცნობით, დაშავდა ასევე CNews-ის
ჟურნალისტი გიგა გელხვიიძე, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ქარტია გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე
განხორციელებულ ძალადობას და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, სწრაფად
და ეფექტურად გამოიძიონ საპოლიციო ძალების მხრიდან უკანონო ქმედების და
ძალის გადამეტების ყოველი შემთხვევა და მოძალადეები კანონის მთელი
სიმკაცრით დასაჯონ. ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას,
უზრუნველყოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით გარანტირებული
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და მოქალაქეებთან ურთიერთობისას
კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს.
23.04.2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტზე, ია სართანიაზე, თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. შემთხვევა, 22  აპრილს, მეტროში მოხდა.

ია სართანიას ცნობით, უცნობი მამაკაცი ჟურნალისტს ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ ხელი ჰკრა, აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ჟურნალისტის განცხადებით, მას  “ფორმულას” ლოგოიანი ჩანთა ეჭირა და "თავდამსხმელმა იცოდა, ვის უპირისპირდებოდა". სართანიას ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

ჟურნალისტებზე თავდასხმა განსაკუთრებით გახშირდა ბოლო წლებში, რასაც მეტად ახალისებს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის დისკრედიტების მცდელობა და კომენტარები, რომელიც  თავისუფალი მედიის საზოგადოების მტრად წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ჟურნალისტზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიული საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის წარმომადგენლების უფლებების დაცვას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს ჟურნალისტზე თავდასხმის შემთხვევა და უზრუნველყოს დამნაშავე პირის კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა.

18.04.2024

18 აპრილს რადიო „ნორის“ ჟურნალისტი მარტინ აროიანი ქალაქ ნინოწმინდის მერიაში არ შეუშვეს.  ჟურნალისტს ჰქონდა კითხვები ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად, რაც მას საკითხის ამომწურავად გაშუქებაში დაეხმარებოდა. როდესაც ჟურნალისტმა მიზეზი იკითხა, დაცვამ მას უთხრა, რომ ასეთი ბრძანება აქვს მიღებული. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიო „ნორის“ ჟურნალისტები ნინოწმინდის მერიის შენობაში არ  შეუშვეს. დღის ბოლომდე შენობაში ვერ შევიდნენ ჟურნალისტები 11 აპრილსაც. მათ სურდათ, შენობაში მიმდინარე სისხლის დონაციის პროცესი გაეშუქებინათ.  მოგვიანებით ჟურნალისტებს მერის მოადგილე შეხვდა და განუმარტა, რომ, როცა მათ მერიაში შესვლა სურთ, ამის თაობაზე ისინი წინასწარ  PR-ის სამსახურს უნდა შეუთანხმდნენ. 11 აპრილს ჟურნალისტებმა საბოლოოდ შეძლეს სისხლის დონაციის პროცესის გაშუქება.  

ქარტია მოუწოდებს ნინოწმინდის მერიას, ჟურნალისტებს საჯარო შენობაზე წვდომა არ შეუზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც ჟურნალისტი აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან  საკითხებს, რაც მათ საცხოვრებელ გარემოს და ყოველდღიურობას ეხება.    

17.04.2024

2024 წლის 17 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ონლაინგამოცემების „პუბლიკის" ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს, სცემესაპრილის” ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური, და “ტაბულას” ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ონლაინმედიის ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, ჰომოფობიური შინაარსის შემცველი მუქარებისა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო. 

ქარტია მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული თითოეული ასეთი ქმედება ახალისებს ძალადობას და საგანგაშოდ სახიფათოს ხდის ჟურნალისტების სამუშაო გარემოს. დამატებით, ონლაინმედიის ჟურნალისტების ისედაც მძიმე უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბოლო სამ დღეში მიღებული, სრულიად უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ონლაინმედიის რეპორტიორებს რუსული კანონის განხილვაზე პარლამენტის შენობაში არ უშვებენ.




შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.