სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო თამარ მჭედლიშვილის განცხადება საინფორმაციო ცენტრი "ჯიხას" წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაარღვია "ჯიხამ", როდესაც სოციალურ ქსელში გააზიარა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტაბულას მიერ გადაღებული ვიდეო შემდეგი ტექსტით "ფრთხილად! საქართველოში ნიღაბახდილი ანტიქრისტეს მიმდევრები მომრავლდნენ".

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს
29.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV25-ის წამყვნმა ნაზი ქობულაძემ და პროდიუსერმა თამილა ზოიძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას მიმართა ირაკლი მამალაძემ. ის ე.წ. "ციანიდის საქმის" მოწმეა, სადავო გადაცემა "საზოგადოებრივი პოზიცია" კი სწორედ ამ საქმეს ეხებოდა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გადაცემის მსვლელობისას მის მიმართ გაისმა ბრალდებები და არაზუსტი ინფორმაცია, რაზეც პასუხის შესაძლებლობა არ მიეცა.  

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელიც და მოპასუხის წარმომადგენელიც, საბჭომ მიიღო წამყვანისა და პროდიუსერის წერილობითი შეპასუხებაც.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება
29.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით trialeti.ge -ს ჟურნალისტმა ლელა ლობჟანიძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას გიორგი კალატოზიშვილმა მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ ეთიკური სტანდარტები დარღვეული იყო trialeti.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით "საზარელი შემთხვევა ქარელში - ,,ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ნაჯახით დაჩეხა".

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტმა კი საბჭოს კითხვებს ტელეფონის საშუალებით უპასუხა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
27.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "ობიექტივის" ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მერვე პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის".

სადავო მასალა ეხებოდა მანუჩარ მელიქიძის ცხოვრებისეული ტრაგედიის შედეგებს და აღწერდა მის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR). ის მიიჩნევდა, რომ ტრაგედიის სიმძაფრის გადმოცემისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მისი შვილების ემოციურ განცდებს, რა დროსაც ჟურნალისტმა გაავრცელა ბავშვებისთვის საზიანო ინფორმაცია.

საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრებები და მერვე პრინციპის დარღვევა დაადგინა. ქარტიასთან არ ითანამშრომლა "ობიექტივმა" და სიუჟეტის ავტორის ვინაობაც არ გაამხილა. შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი იდენტიფიცირებული არ არის.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
27.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "ობიექტივის" ჟურნალისტმა ქარტიის მე-8 პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას ბავშვის უფლებები.

სადავო ჟურნალისტი სიუჟეტი ეხება მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებს. განმცხადებელი, სოფო ბაჩილავა მიიჩნევდა, რომ ბავშვების იდენტიფიცირება და ჟურნალისტის მიერ გამოთქმული შეფასებები შეიძლება გახდეს შემდგომში მათი დისკრიმინაციის და ბულინგის მაპროვოცირებელი. 

ტელეკომპანია "ობიექტივმა" ქარტიასთან არ ითანამშრომლა, საბჭოს სამდივნოს არ აცნობა სიუჟეტის ავტორის ვინაობა, შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი არაიდენტიფიცირებულია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
27.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მედიის და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის სამღვდელოებას და ყველა მოქალაქეს, “ვისთვისაც ღირებულია ეკლესია”, “რუსთავი 2-სთვის” ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

24.05.2018
კვირას, 27 მაისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ საქმეებს:

1. 12:00 საათი -  ირაკლი მამალაძე  "tv 25-ის" ჟურნალისტების, ნაზი ქობულაძისა და თამილა ზოიძის წინააღმდეგ

სადავო გახდა ტელეკომპანიის ეთერში ტოქშოუ "საზოგადოებრივი პოზიციის" 20 თებერვლის გადაცემა, რომელიც ეხებოდა ე.წ. "ციანიდის საქმეში" მსჯავრდებულის ადვოკატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გარკვეული ნორმების გასაჩივრებას. ირაკლი მამალაძე, რომელიც აღინიშულ საქმეში ერთ-ერთი მოწმე იყო, ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაცემის მსვლელობისას მის მიმართ რამდენიმე ბრალდება გამოითქვა, თუმცა მასთან დაკავშირება არ უცდიათ საპასუხო კომენტარისთვის.

24.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანის, აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ.  სადავო გადაცემა "ბიზნეს კოდი" 30 აპრილს გავიდა ეთერში.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემაში მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცლედა განათლების საერთაშორისო ცენტრთან დაკავშირებული სასამართლო დავების შესახებ. შესაბამისად განცხადების თანახმად, დაირღვა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

16.05.2018
თბილისი. 3 მაისი. 2018 წელი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს - მიმდინარე წელს შეიქმნება მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო, რომელიც იუნისეფის კოსოვოს ოფისის მიერ განხორციელებული პროგრამის PONDER-ის ადაპტირებული ვერსია იქნება. ექსპერტთა ჯგუფი გადაამუშავებს არსებულ რესურსს და შეიმუშავებს კონკრეტულ სავარჯიშოებს, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარება მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკულად წაკითხვასა და გაანალიზებაში. სავარჯიშოები ფოკუსირებული იქნება როგორც ტექსტურ, ისე აუდიო და ვიდეო/ფოტო მასალის გააზრების უნარის განვითარებაზე.

სახელმძღვანელოს პრაქტიკაში გამოყენების მიზნით წლის ბოლოს გაიმართება ორდღიანი სემინარი ახალგაზრდებისათვის და მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება კონკურსის შედეგად.

თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაციის ნაკადი სულ უფრო იზრდება, საზოგადოებას უწევს ამოარჩიოს სანდო ინფორმაცია. ეს კი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს საზოგადოებას - განივითაროს ინფორმაციის სელექციის უნარი. საქართველოშიც სულ უფრო აქტუალური ხდება მედიაწიგნიერების განვითარების საკითხი, რადგან მხოლოდ მედიაწიგნიერ და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებას შეეძლება თავი დაიცვას დეზინფორმაციისაგან. სწორედ ეს მიზანი აქვს მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს შექმნას და ახალგაზრდებში მედია წიგნიერების ამაღლებას.

პროექტი ასევე მოიცავს კვლევის კომპონენტსაც. 2013 წლიდან ქარტია და იუნისეფი რეგულარულად ატარებდნენ მედიამონიტორინგს და აკვირდებოდნენ, თუ როგორ შუქდებოდა ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები მედიაში. ამ წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი თვალსაჩინოა - მკვეთრად შემცირდა უხეში ეთიკური დარღვევები, ამიტომაც 2018 წელს შეიცვალა კვლევის მეთოდოლოგია და ამჯერად გაანალიზდება, თუ რა დისკურსით ვრცელდება ინფორმაცია, რა არის ის ძირთადი თემები, სადაც ჩანს ბავშვი და რა მთავარ მესიჯებს ავრცელებს მედია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამისათვის გაანალიზდება მედიის მიერ ბავშვების შესახებ მომზადებული როგორც ტექსტური, ისე ვიზუალური მასალა დისკურსული ანალიზის მეთოდოლოგიით.

2018 წლის ბოლოს ქარტია სხვა ნომინაციებთან ერთად გამოაცხადებს პრიზს ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქების ნომინაციაში. ღია კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც ქარტიისა და იუნისეფის უკვე ტრადიციად ქცეული პრიზი გადაეცემა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

ნატა ძველიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი
ტელ: 593 42 18 55, ელ–ფოსტა: n.dzvelishvili@gmail.com
www.qartia.ge

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: (+995 599) 53 30 71 ელ–ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org
03.05.2018
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ფარული გადაღება და კონფიდენციალური წყაროების გამოყენება მედიაში

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 5-6 მაისს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

16.04.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს, მიხეილ სესიაშვილს არ დაურღვევია ქარტიის ის პრინციპები, რომელზეც განმცხადებელი, საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი დაჩი ცაგურია დავობდა. ის მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები  "კურიერ PS-ის" სიუჟეტში, რომელიც  ბათუმის ნავთობტერმინალს ეხებოდა.

სიუჟეტის თანახმად, ბათუმის ნავთობტერმინალზე რეზერვუარების ასაშენებლად ტერიტორიის შესაძენად ოფშორულმა კომპანია "ვიბრო დიაგნოსტიკმა" 2014 წლის 8 დეკემბერს "ქართუ ბანკისგან" ათეული მილიონი დოლარის ოდენობი იპოთეკური სესხი აიღო, რასაც ამჟამად საქართველოს რკინიგზა ფარავს.  

საქმის განხილვა ქარტიის საბჭომ 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და გადადო განხილვა, ვინაიდან განმცხადებელმა საკუთარი მოსაზრებების დასადასტურებლად დამატებითი დოკუმენტაციის წარმოსადგენად დრო ითხოვა.  მტკიცებულებების წარმოდგენა მხარემ 5 თვის განმავლობაში ვერ შეძლო, შესაბამისად საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ჟურნალისტს დარღვევა არ დაუდგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
16.04.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ POSTV-ს წინააღმდეგ დავით მახარაშვილის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღება გადადო, ვინაიდან მიიჩნია, რომ საჭირო იყო დამატებითი ინფორმაციის მოძიება. 

ქარტიაში სხდომა 14 აპრილს გაიმართა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ POSTV-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო მასალაში, "STOP XAM გორში პირველად და უკანასკნელად", დაირღვა ქარტიის რამდნიმე პრინციპი. მასალა ეხებოდა მანქანის გაჩერების პრობლემას. დავით მახარაშვილის განცხადებით, მასალა ფალსიფიცირებულია. საქმის განხილვას ესწრებოდა POSTV-ს წარმომადგენელი, განმცხადებელმა კი საბჭოს კითხვებს ტელეფონის საშუალებით უპასუხა. 

დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ საბჭო განხილვას დაასრულებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
14.04.2018

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.