სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს. პირველი პრინციპი ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს, მეათე პრინციპი კი ამბობს, რომ "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი."

სადავო მასალა ეხება პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანია ასახული. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება მწერლებმა და გამომცემლება შეიტანეს. სხდომას მხოლოდ განმცხადებლები ესწრებოდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს საქმის განხილვაში არ მიუღიათ მონაწილეობა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
28.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მოქალაქეთა ჯგუფის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, სადავო მასალა ეხება პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანია ასახული.

განცხადების თანახმად მაუწყებელმა დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეათე( პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი, ვინაიდან "ზვიად რატიანმა დაკავებიდან იზოლატორში მოთავსებამდე პოლიციელებთან რამდენიმე საათი დაჰყო, როცა მისი თქმით, ისინი მას აყენებდნენ შეურაცხყოფას და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. (ის, რომ ზვიად რატიანი ნაცემია, დამტკიცებულია რამდენიმე სამედიცინო ექსპერტიზით). ამ რამდენიმე საათიდან დამონტაჟებულია 3.45 წუთიანი მასალა, რომელიც არ შეიძლება იყოს რამდენიმესაათიანი პროცესის ზუსტად ამსახველი", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია "ამ მასალის ჩვენებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააკმაყოფილა არა საზოგადოების ინტერესი, მიეღო ზუსტი ინფორმაცია, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესი - ზვიად რატიანი წარმოჩნილიყო უაღრესად დამამცირებელ ვითარებაში."

მეათე პრინციპთან დაკავშირებით კი განცხადებელები აღნიშნავენ, რომ ზვიად რატიანის მიმართ "არ არსებობს ისეთი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ვიდეოკადრების გავრცელებას გაამართლებს."

განცხადებას ხელს აწერენ:

ნინო ბექიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, თამთა მელაშვილი, ზაზა კოშკაძე, ხათუნა თავდგირიძე, დალილა გოგია, ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, გიორგი შონია, ნესტან ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, ლექსო დორეული, მაიკო კუდავა, გიორგი მაისურაზე, მაშო სამადაშვილი, რატი ამაღლობელი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ნინია მაჭარაშვილი, თინა მამულაშვილი, ხათუნა ცხადაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ლაშა ბაქრაძე

საქმის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო საქმეს 28 დეკემბერს 18:30 საათზე განიხილავს. მის. შიო მღვიმელის 6ბ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისი. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია
28.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ინტერნეტგამოცემა for.ge-ს ჟურნალისტმა, გვანცა გიორგობიანმა დაარღვია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული ფაქტი), მეხუთე (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

სადავო გახდა 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული მასალა სათაურით "ვინ არის კოსტანტინე შარაშენიძე და რა თანხების გაფლანგვას ედავება მას კონტროლის პალატა?". სტატიაში ოზურგეთის მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე დადანაშაულებულია ფინანსურ მანიპულაციებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ for.ge-მ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება

27.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) განცხადება ონლაინ გამოცემა primetime.ge-ს ჟურნალისტის, ლილუ მიროტაძის წინააღმდეგ. სადავო მასალა 8 დეკემბერს გამოქვეყნდა და მოიცავს 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის ახლობლის Facebook სტატუსს. PHR-ის პოზიციით, სტატუსი ცალსახად შეიცავდა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს და ასევე, შეიცავდა არასრულწლოვნისთვის საზიანო ინფორმაციას და არღვევდა მის უდანაშაულობის პრეზუმფციას.

"ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილ მასალაში კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეების დედებზე, ქალებზეა გადატანილი მომხდარი ტრაგედიის ტვირთი, ისინი მოხსენიებულები არიან „მკვლელის დედებად“, ტექსტში კი, ვლინდება მტკიცება, თითქოს საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობები, სწორედაც რომ დედებისკენ უნდა იყოს მიმართული...გამოძიების მსვლელობისას დაკავებული მოზარდები მოხსენიებულები არიან „მაძღარ მკვლელებად“, მაშინ, როდესაც სასამართლოს მათი ბრალეულობა არ დაუდგენია. ასევე, მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტურ პროდუქტში წარმოდგენილი სიძულვილის ენა ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესების დაცვას, მას წარმოადგენს მონსტრად და შესაბამისად, შეიცავს მოზარდისთვის საზიანო ინფორმაციას. ", - ნათქვამია განცხადებაში. შესაბამისად PHR მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვის ინტერესი) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
27.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანს, არჩილ გამზარდიას ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია.

მის წინააღმდეგ ქარტიას მომართა "ტრანსგენდერ ქალთა ცენტრმა", რომელიც მიიჩნევდა, რომ მეშვიდე პრინციპი (დისკრიმინაცია) იყო დარღვეული 27 ოქტომბერს გადაცემაში, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტნის, გურამ კაშიას მიერ ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატში ლგბტ პირთა სოლიდარობის და ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვას და შესაბამისი სამკლავურით სტადიონზე გასვლას.

საბჭომ საქმის განხილვის შემდეგ მიიჩნია, რომ გადაცემის წამყვანს მეშვიდე პრინციპი არ დაურღვევია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
24.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანმა მაკა რაზმაძემ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."

მაკა რაზმაძის წინააღმდეგ ქარტიას "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა" (WISG) მიმართა. განცხადების თანახმად,  2017 წლის 1 ოტომბერს გადაცემა "პრიორიტეტში" რესპონდენტმა ჰომოფიბიური გამონათქვამი გამოიყენა, თუმცა, გადაცემის წამყვანის მაკა რაზმაძის მხრიდან რესპოდენტის ფრაზას არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება. განმცხადებლის შეფასებით, გადაცემის ეს ეპიზოდი ხელს უწყობს ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას და შესაბამისად, ახდენს მათი დისკრიმინაციის წახალისებას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
24.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა დავით აბზიანიძის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პრაიმ შოუს" წამყვანების, ანრი ჯოხაძის, ნინი ბადურაშვილის,  ნინო ნადირაძე- კუზანოვას და პროდიუსერის, მაია სტეფნაძის წინააღმდეგ. 

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გადაცემაში ვიდეოჩანაწერი მისი მონაწილეობით ისე გაუშვეს, რომ მისგან ნებართვა არ აუღიათ. ასევე, აბზიანიძე განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მას არ მისცეს საშუალება, პასუხი გაეცა იმ ნეგატიური შეფასებებისთვის, რაც გადაცემაში მისი მისამართით ისმოდა. აქედან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები. საქმის განხილვისას დავით აბზინიძემ მოხსნა საკუთარი მოთხოვნა პირველ პრინციპთან დაკავშირებით. 

საბჭომ მსჯელობის შემდეგ მიიჩნია, რომ მეოთხე პრინციპი არ დარღვეულა, მე-7 პრინციპთან დაკავშირებით კი ხმები გაიყო და გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

24.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტმა, შოთა ფალავანდიშვილმა ქარტიის მე-6 პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა არ გაამჟავნოს კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია"

მის წინააღმდეგ ქარტიას მსახიობმა რუსუდან ბოლქვაძემ მიმართა. მისი განცხადებით, ტელეკომპანიამ სთხოვა ინტერვიუ ერთ-ერთ საკითხზე, რაზეც უარი განუცხადა. თუმცა ჟურნალისტმა დაითანხმა, რომ  ინფორმაცია როგორც წყაროს მიეწოდებინა. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანიის წარმომადგენლისა და რესპონდეტის საუბრის ჩანაწერი ეთერში გავიდა.

რუსუდან ბოლქვაძე მიიჩნევდა, რომ გარდა მე-6 პრინციპისა, დარღვეული იყო ქარტიის 1 (სიზუსტე) და 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) პრინციპიც, თუმცა საბჭომ განხილვის შემდეგ მხოლოდ მე-6 პრინციპის დარღევა დაადგინა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
24.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-9 საერთო კრება გაიმართა 23 დეკემბერს. ქარტიის წევრებმა აირჩიეს საბჭოს სამი ახალი წევრი - თბილისის კვოტით ლიკა ზაკაშვილი, რეგიონის კვოტით კი მაია მერკვილაძე და გელა მთივლიშვილი. მათ ამ პოზიციაზე ჩაანაცვლეს მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი და ჯაბა ანანიძე. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საბჭოს კვლავ გიორგი მგელაძე უხელმძღვანელებს.

24.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ჟურნალ "თბილისელების" ჟურნალისტმა ხათუნა კორთხონჯიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს. 

მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა იღუმენმა დიონისემ (ლაშა ბორძიკული). სადავო გახდა 25 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატია "რა ურთიერთობა ჰქონდა მოდელ კობა ფარტენაძს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან და როგორ ავიწროვებდა მას მამა ანდრია თურმანიძე". ჟურნალის გარეკანზე ამ სტატიას თან ერთვის კობა ფარტენაძის და იღუმენი დიონისეს ერთობლივი ფოტო, სტატიაში კი იღუმენი დიონისე ნახსენებიც არ არის.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებული სურათი და სტატიის შინაარსი ერთმანეთს არ უკავშირდება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე შეხება აქვს გახმაურებულ "ციანიდის" სკანდალთან.  შესაბამისად, განმცხადებელი თვლიდა, რომ დაირღვული იყო ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეათე (პირადი ცხოვრებაში შეჭრა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. ქარტიის საბჭოს საქმის განხილვის შემდეგ მხოლოდ პირველი პრინციპი დარღვევა დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება/
24.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დაწესებული ყოველწიური კონკურსის „ქარტიის პრიზის“ 2017 წლის გამარჯვებულები 23 დეკემბერს 12 საათზე ქარტიის საერთო კრებაზე გამოვლინდებიან.

22.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 დეკემბერს შემდეგ საქმეებს განიხილავს:

19:00 საათი - ლაშა ბორძიკული (ბერი დიონისე) ხათუნა კორთხონჯიას წინააღმდეგ

სადავო გახდა ჟურნალ "თბილისელების" მიერ გამოქვეყნებული სტატია "რა ურთიერთობა ჰქონდა მოდელ კობა ფარტენაძს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან და როგორ ავიწროვებდა მას მამა ანდრია თურმანიძე". განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებული სურათი და სტატიის შინაარსი ერთმანეთს არ უკავშირდება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე შეხება აქვს გახმაურებულ "ციანიდის" სკანდალთან. განმცხადებელი თვლის, რომ დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეათე (პირადი ცხოვრებაში შეჭრა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

19.12.2017

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.