სიახლეები
აქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 12 დეკემბერს სპეციალური განცხადებით უპასუხა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშს, რომლის მიხედვით კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის / თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. კომისიის განცხადებაში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოხსენიებულია როგორც ,,არაკვალიფიციური და ცრუ ინფორმაციის” გამავარცელებელი ორგანიზაცია.

15.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო რადიო "ჰერეთის" განცხადება ონლაინგამოცემა "ინტერპრესიუსის" წინააღმდეგ. სადავო მასალა 11 დეკემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ  ორგანიზაცია IPR & Analytical Center-ის კვლევის თანახმად, თბილისში ყველაზე ხშირად რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ. 

განმცხადებელი რადიო "ჰერეთი" აღნიშნავს, რომ ასეთი კვლევითი კომპანია არ არსებობს. "არ იძებნება არცერთი საძიებო სისტემით, არ აქვს ვებ-გვერდი, სხვა მისამართები... 2 დღეა ჩვენ ვუკავშირდებით საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს და ვთხოვთ მოგვაწოდოს აღნიშნული კვლევის დეტალები და ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია, თუმცა უშედეგოდ", - ნათქვამია განცხადებაში.

ქარტიის საბჭო საქმეს ღიას სხდომაზე განიხილავს.
14.12.2017
ჩვენთვის ცნობილია, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს პარლმენტმა შესაძლოა, ცვლილება შეიტანოს ახალმიღებულ კონსტიტუციის ტექსტში და გააუარესოს საჯარო ინფორმაციის დაცვის კონსტიტუციური სტანდრატი.

2017 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველოს კონსტიტუციაში შენარჩუნდა ჩანაწერი, რომელის მიხედვით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არის სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული ან პირადი საიდუმლო. ამ ჩანაწერით ზუსტად განისაზღვრა საიდუმლო ინფორმაციის სახეები და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დაუსაბუთებლად არ შეზღუდოს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის სახეების ამ ჩამონათვალის ამოღებას მის ჩანაცვლებას ბუნდოვანი და სამართლებრივად გაუმართავი დანაწესით.

13.12.2017
მივესალმებით 2017 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

13.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანიების "იმედის", "რუსთავი 2-ისა" და “ობიექტივის“ აგრეთვე  ონლაინ გამოცემა qiziyi.ge-ს ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც მედიას ბავშვის ინტერესების დაცვას ავალდებულებს. 

საქმე ეხება 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობას, რომელშიც ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან. 4 დეკემბერს ერთ-ერთი მათგანი სამართალდამცავებს ჩაბარდა. ზემოთ აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა ამ თემაზე მომზადებულ მასალებში ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს. ამის გამო ქარტიას მომართა ნიკა გურინმა, ის მიიჩნევდა, რომ ბავშვის უფლებები დაირღვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მერვე პრინციპის (ბავშვის ინტერესები) დარღვევა ყველა სადავო მასალაში დადგინდა. ხოლო qizityi.ge-ს შემთხვევაში მეშვიდე (დისკრიმინაცია) და პირველი (სიზუსტე) პრინციპები  ასევე დარღვეულულად მიიჩნიეს.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
08.12.2017
,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება უკრაინაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია ,,პირველის” და ,,რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფების არშეშვების გამო, რომ ჟურნალისტებს მიეცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება.

06.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა ნიკა გურინმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხუთმა მედიასაშუალებამ ეთიკური პრინციპები დაარღვია, ვინაიდან 4 დეკემბერს მათ მიერ მომზადებულ მასალებში, რომელიც ეხებოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გაშუქებისას, ბრალდებული არასრულწლოვნის იდენტიფიცირება მოხდა. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ბავშვის ინტერესების დაცვას ავალდებულებს, დარღვეულია შემდეგ გადაცემებში - "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვება "კურიერი", "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკა", საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება "მთავარი", "ობიექტივის" საინფორმაციო გამოშვება და გამოცემა "ქიზიყი".  გამოცემა "ქიზიყთან" დაკავშირებით განმცხადებელი მე-8 მუხლის გარდა მიიჩნევს, რომ დაირღვა პირველი (სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპებიც.

განცხადების თანახმად, "რუსთავი 2-მა", "ობიექტივმა" და აჭარის ტელევიზიამ  ბრალდებული არასრულწლოვნის დაკავების კადრები გაუშვა ყოველგვარი სახის დაფარვის გარეშე და ნებისმიერ პირს შეეძლო მოეხდინა ბრალდებულის იდენტიფიცირება. "იმედმა" კი დაასახელა მისი სახელი და გვარი.  რაც შეეხება "ქიზიყს", განცხადების თანახმად, მან გამოაქვეყნა ხორავას ქუჩაში მომხდარ მკვლელობისთვის ძებნილი არასრულწლოვნის ფოტო წარწერით "გაიცანით, სადისტი ბავშვი!!! ჯერ ლევან დადუნაშვილი მოკლა ადგილზე ხოლო შემდეგ დავით სალარიძე დაჭრა და 12 ჭრილობა მიაყენა" 

"ჟურნალისტმა აღნიშნული პიროვნების ანონიმურობის დარღვევისას საფრთხე შეუქმნა, როგორც ბრალდებულის, ასევე მისი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების უსაფრთხოებას", - მიიჩნევს განმცხადებელი და იქვე უთითებს, რომ გათვალისწინებული არ ყოფილა ბავშვთა საკთხების გაშუქების აღიარებული სტანდარტები.

იმის გამო, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, ქარტიის საბჭო უახლოეს დღეებში განიხილავს განცხადებას.
05.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მოქალაქე ლალი საყვარელიძის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში გასულ მასალასთან დაკავშირებით. 21 ნოემბერს გასული სიუჟეტი ეხებოდა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მცხოვრებლების დაპირისპირებას კორპუსზე დაშენებული ნაგებობის გამო. მოქალაქეები ამ საქმესთან დაკავშირებით ასახელებდნენ ლალი საყვარელიძეს, რომელიც მათი ინფორმაციით თბილისის მერიის თანამშრომელია.

ქარტიას სწორედ ლალი საყვარელიძემ მიმართა. მისი განცხადების თანახმად,  ლალი საყვარელიძის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა და "შეილახა მისი პროფესიული და კარიერული რეპუტაცია." შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეორე (ჟურნალისტის იძულება),  მესამე (დადასტურებული წყარო/მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და 11( ფაქტის განზრახ დამახინჯება).

ქარტიის საბჭოს საქმეს ღია სხდომაზე განიხლავს
05.12.2017
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ UNICEF Georgia-ს პროექტის ფარგლებში, ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ ტრენინგი ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ჟურნალისტებისთვის ჩაატარა. ტრენინგს ზვიად ქორიძე უძღვებოდა.

04.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მედიაწიგნიერების შესახებ დისკუსია გამართა. შეხვედრისას სკოლის დირექტორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გაიზარდოს მოსწავლეების მედიაწიგნიერების დონე, რომ დიდი ინფორმაციული ნაკადის პირობებში მარტივად შეძლონ რელევანტური ინფორმაციის ყალბი ინფორმაციისგან, ან დეზინფორმაციისგან გარჩევა.

დისკუსიები ნაწილია იმ პროექტისა, რომლის ფარგლებში ასევე ტარდება მედიამონიტორინგი ბავშვთა საკითხების გაშუქებისას წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, ასევე გაიმართა 4 დღიანი ტრენინგები რედაქციებში
04.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია UNICEF Georgiaს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ქარტიის წარმომადგენლები სსიპ - ქალაქ თბილისის N150 საჯარო სკოლას ეწვივნენ. შეხვედრისას გაიმართა დისკუსია თემაზე - მედია და მანიპულაცია.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ, თუ როგორ ვრცელდება ყალბი ამბები, ფოტო თუ ვიდეო მასალები. ამასთან, იმსჯელეს თუ რა მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერება, გავცლებული ინფორმაციის კრიტიკულად მიღება და როგორ შეიძლება მარტივად ინფორმაციის გადამოწმება.
04.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტმა მაკა დეკანოსიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც სიზუსტის დაცვას ავალდებულებს.

სადავო სტატია სახელწოდებით "ისევ ღორობა და გაუმაძღარობა" 2017 წლის 11-17 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა. მასალა ეხებოდა პროექტ "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში "ბლექ სი არენაზე" ბალერინა ირმა ნიორაძისა და სხვა ვარსკვლავების" კონცერტის გამართვას. სტატიის მიხედვით კანონი დაირღვა, კორუფციისა და გაფლანგვის დამადასტურებელი დოკუმენტები კი "ალიას" მიაწოდა ორგანიზაციამ "შეაჩერე კორუფცია". განმცხადებელი, გოჩა ჩხაიძე აღნიშნავდა, რომ სტატიაში როგორც ჟურნალისტი, ისე რესპონდენტი ცდილობენ მკითხველს შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ გოჩა ჩხაიძემ, როგორც ირმა ნიორაძის მეუღლემ, საკუთარი კომპანიის გამოყენებით მიიღო არამართლზომიერი სარგებელი კონცერტის ორგანიზებით", რაც, განმცხადებლის მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მისმა კომპანიამ უფრო მეტი დახარჯა კონცენრტის ორგანიზებისთვის, ვიდრე მიიღო.

საბჭომ საქმის განხილვის შემდეგ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოვეყნდება.
29.11.2017

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.