განმცხადებელი: იოსებ ლაზარაშვილი
მოპასუხე: საბა სიჭინავა
დარღვეული პრინციპები: 1-ელი; მე-5; მე-8; მე-10 პრინციპები.
25 მაისი, 2024 წელი
საქმე N 732
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, ნინო კაპანაძე, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, გელა მთივლიშვილი, მანანა ქველიაშვილი, ირმა ზოიძე, ხატია ღოღობერიძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თბილისის 58-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, იოსებ ლაზარაშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 6 მარტს, ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტში სახელწოდებით “სავარაუდო თავდასხმა სკოლის მოსწავლეებზე - დააკავებენ თუ არა სკოლის დირექტორს” დაირღვა ქარტიის 1-ელი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 პრინციპები.
მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი, საბა სიჭინავა.
საქმის განხილვის თავისებურებები
Საბჭოს სხდომა წარიმართა ქარტიის ოფისში, ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, საბჭოს წევრების ნაწილი სხდომაში მონაწილეობდა დისტანციურად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდა და განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი იოსებ ლაზარაშვილი. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია, არც წერილობითი შეპასუხება წარმოუდგენია.
განხილვის ეტაპზე განმცხადებელმა დააზუსტა სადავო პრინციპები, მოხსნა მე-3 პრინციპი, ხოლო მე-4 პრინციპი ჩაანაცვლა მე-10 პრინციპით. საბოლოოდ, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა დაარღვია 1-ელი, მე-5, მე-8, მე-10 პრინციპები.
სამოტივაციო ნაწილი
პირველი პრინციპი. ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
იოსებ ლაზარაშვილი, ქარტიაში შემოტანილი განცხადების მიხედვით, მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში მასთან დაკავშირებით არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. განმცხადებელი საბჭოს წინაშე თავის პოზიციას შემდეგნაირად ასაბუთებდა:
“ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია 58-ე სკოლაში წარმოქმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია წარმოადგენდა სიცრუეს, რადგან ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
სიუჟეტის მიხედვით, 58-ე სკოლაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის დირექტორმა, იოსებ ლაზარაშვილმა ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მოსწავლის მიმართ იძალადა, რათა დაეცვა დირექტორის მოადგილის შვილიშვილი, რომელიც ამავე ჩხუბის მონაწილე იყო“.
გარდა ამისა, განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მისი მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ან/და მცდელობას, ადგილი არ ჰქონია და სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები იყო არაზუსტი, არ იყო სათანადოდ გადამოწმებული და ეყრდნობოდა მხოლოდ რამდენიმე მშობლის მონათხრობს.
განხილვისას იოსებ ლაზარაშვილმა საბჭოს ინციდენტის შესახებ დეტალურად მოუთხრო, თუმცა საბჭო ვერ დაეყრდნობა და გაიზიარებს სკოლის დირექტორის მონათხრობს, ვინაიდან ეს საბჭოს კომპეტენციას სცდება და ფაქტობრივად შეუძლებელია ზუსტად დადგენა, რა მოხდა 58-ე სკოლაში სიუჟეტში აღწერილი ინციდენტის დროს.
საბჭო სწავლობს და აფასებს, თუ რას ეყრდნობოდა ჟურნალისტი აღნიშნულ სიუჟეტში გადმოცემული ფაქტების გახმაურებისას და მიმართა თუ არა ყველა ღონეს ამ ფაქტების გადასამოწმებლად.
ეპიზოდი 1
განმცხადებელმა სადავო გახადა სიუჟეტის დასაწყისი, სადაც ჟურნალისტი ამბობს: “მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის მცდელობა შეიძლება 58-ე სკოლის დირექტორ იოსებ ლაზარაშვილს თავისუფლების ფასად დაუჯდეს. არასრულწლოვანი მუქარის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სასწავლო ნაწილის შვილიშვილი იყო. სკოლის დირექტორმა Შეხვედრაზე მოსწავლეს დანაშაულის მის თავზე აღება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. არასრულწლოვანი ცემას მანდატურმა გადაარჩინა”.
ამ ტექსტში ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ მოსწავლე მუქარის მსხვერპლი გახდა, მასზე დირექტორმა ფიზიკური ძალადობა სცადა და იქვე ამატებს, რომ ის “ცემას მანდატურმა გადაარჩინა”.
სიუჟეტის მიხედვით, ჟურნალისტი ამ ბრალდებებისას ეყრდნობა მხოლოდ ორი რესპონდენტის მონათხრობს. რესპოდენტების ვინაობა დაფარულია (გამოსახულება დაბლარულია).
პირველი რესპონდენტი, მისი მონათხრობის მიხედვით, სავარაუდოდ, არის კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი.
მეორე რესპონდენტიც, სავარაუდოდ, მშობელია, თუმცა არ ჩანს, არის თუ არა კონფლიქტში მონაწილე რომელიმე ბავშვის მშობელი.
მუქარასა და ძალადობის მცდელობაზე გამოთქმულ ბრალდებებს, როგორც ჩანს, ჟურნალისტი პირველი რესპონდენტის მონათხრობს აფუძნებს.
არ ჩანს, რომ მეორე რესპონდენტი, მისი მონათხრობის მიხედვით, რაიმე ფაქტის თვითმხილველია. მისი კომენტარი ზოგადია და ის ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა დირექტორის მხრიდან.
საბჭო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მშობლები ვერ ჩაითვლებიან ობიექტურ, მიუკერძოებელ წყაროდ, ვინაიდან საქმე ეხება მათ შვილებს და, შესაძლოა, ისინი ობიექტური მთხრობელები არ იყვნენ. სიუჟეტში, გარდა მშობლების მონათხრობისა, არ არის მოყვანილი სხვა წყარო, რომელიც შესაძლო ძალადობის და მუქარის ბრალდებას გაამყარებდა.
გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის ტექსტი არ უნდა ყოფილიყო მტკიცებითი. ეთიკური სტანდარტების მიხედვით, ჟურნალისტი ბოლომდე პატიოსანი უნდა იყოს აუდიტორიასთან და მსგავს შემთხვევებში, როცა გადმოცემული ინფორმაცია ერთ მხარეს, ერთი ტიპის წყაროს ეყრდნობა (მიუხედავად წყაროთა რაოდენობისა), ცხადად უნდა თქვას, რომ ეს მხოლოდ მშობლების მონათხრობია, ვერ ხერხდება მისი გადამოწმება, დადასტურება ან უარყოფა.
ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტის ტექსტები უნდა იყოს ნეიტრალური, მით უფრო, როცა მის მიერ გახმოვანებულმა ბრალდებებმა (არასრულწლოვანზე მუქარა, ძალადობა), შესაძლოა, კონკრეტულ სუბიექტს მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მორალური ზიანი მიაყენოს.
საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდში ჟურნალისტმა დაარღვია სიზუსტის პრინციპი აუდიტორიის პატივისცემის ნაწილში.
ეპიზოდი 2
შემდეგ სადავო ეპიზოდში ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ “Საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. დღეს გამომძიებლების კითხვებზე პასუხის გაცემა სკოლის დირექტორს მოუწია; გამოძიება საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს და შესაძლოა, სკოლის დირექტორი მოსწავლეზე ძალადობის გამო ციხეში აღმოჩნდეს.”
განმცხადებელმა საბჭოს უთხრა, რომ ჟურნალისტმა იცრუა და მის მიმართ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობდა.
სიუჟეტიდან არ ჩანს, რა აძლევს ჟურნალისტს საფუძველს, მტკიცებით ფორმაში თქვას აღნიშნული ფრაზები. სიუჟეტში არ ჩანს შს სამინისტროს ან/და პროკურატურის პოზიცია, არადა, სწორედ ეს უწყებები ფლობენ დაზუსტებულ ინფორმაციას, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება კონკრეტულ ფაქტზე. სიუჟეტში არ ჩანს ამ უწყებებთან ინფორმაციის გადამოწმების მცდელობაც.
საბჭოს კომპეტენციას სცდება დაზუსტებით იმის გარკვევა, სიუჟეტის ეთერში გასვლის მომენტში მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება, სადაც 58-ე სკოლის დირექტორი ფიგურირებდა.
იოსებ ლაზარაშვილმა საბჭოს განუმარტა, რომ სკოლაში მოხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის მე-3 განყოფილებაში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა პოლიცია მხოლოდ მისი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა და ამ საკითხს სამართლებრივი გაგრძელება არ ჰქონია.
ამ ნაწილის დაზუსტებისთვის საბჭომ გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე დღით გადადო და იოსებ ლაზარაშვილს სთხოვა, წარმოედგინა შესაბამისი ცნობა პოლიციის სამმართველოდან, რომელიც აჩვენებდა, მიმდინარეობდა თუ არა მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები და იყო თუ არა სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე რაიმე სტატუსით.
იოსებ ლაზარაშვილმა ქარტიის საბჭოს წარუდგინა შსს ძველი თბილისის პოლიციის მე-3 განყოფილების მიერ გაცემული, 2024 წლის 28 მაისით დათარიღებული ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციის ამ განყოფილებაში არ მიმდინარეობს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და ის არ ყოფილა გამოკითხული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის, მოწმის ან დაზარალებულის სტატუსით.
საბჭო მიიჩნევს, რომ ტვ პირველის ჟურნალისტის მიერ მტკიცებით ფორმაში იმის გახმოვანება, რომ მიმდინარეობს გამოძიება და 58-ე სკოლის დირექტორს ციხე ემუქრება, საჭიროებდა მეტ გადამოწმებას, სიუჟეტში კი ამ გადამოწმების მცდელობებიც კი არ ჩანს.
გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდშიც სახეზეა პირველი პრინციპის დარღვევა, აუდიტორიის უფლების უგულებელყოფა - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
ზემოთ აღწერილი ეპიზოდების გარდა, სიუჟეტს ჰქონდა ბალანსის პრობლემა. ჟურნალისტური ბალანსი არ ნიშნავს მხოლოდ “მოპასუხე მხარის” წარმოჩენის ვალდებულებას ან/და მასალაში წარმოჩენის მცდელობის ასახვას. ბალანსი ნიშნავს მაქსიმალურად მეტი ინფორმირებული მხარის მონაწილეობას ჟურნალისტურ მასალაში და ჟურნალისტის პატიოსან მცდელობას, აუდიტორიას საკითხის ირგვლივ განსხვავებული პოზიციები მიაწოდოს.
აღნიშნული სიუჟეტი შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ჟურნალისტმა ირწმუნა მშობლების მონათხრობი დირექტორის მხრიდან ძალადობაზე და მისი შეკითხვები, ფრაზები, სიუჟეტის წყობა ამ რწმენის გავლენით იყო წარმოდგენილი. Საბჭოს ამაში არწმუნებს ჟურნალისტის შეკითხვების მიკერძოებული შინაარსი და ხელოვნური ბალანსის შექმნის მცდელობა.
კერძოდ, ჟურნალისტი სკოლის შენობაში დამხვედრ პირებს, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს უსვამდა მიკერძოებული შინაარსის შეკითხვებს: “რატომ აბულინგებდა დირექტორი სკოლის მოსწავლეებს?”, “რატომ მიმდინარეობდა სკოლის მოსწავლეებზე ბულინგი?”.
კითხვების ასე ფორმულირებაც სიზუსტის უპატივცემულობაა. ჟურნალისტური ეთიკა ავალდებულებს ჟურნალისტს, მისი შეკითხვები იყოს ნეიტრალური, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული. ის, რაც არ იცის ჟურნალისტმა დაზუსტებით, არ უნდა აისახოს შეკითხვაში, როგორც უკვე დადასტურებული ფაქტი.
საბჭომ შეაფასა ჟურნალისტის მხრიდან კომენტარების მიღების მცდელობებიც. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის დირექტორმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, უარი უთხრეს ჟურნალისტს კომენტარზე. მათ შეეძლოთ, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჟურნალისტისთვის თანამშრომლობის სხვა ფორმატი შეეთავაზებინათ, მაგალითად, შეკითხვების წერილობით გაგზავნა, სკოლის მხრიდან რომელიმე პასუხისმგებელი პირის სპიკერად გამოყოფა, რომელიც ჟურნალისტის ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხებდა, რასაც, შეიძლება, თავიდან აეცილებინა სკოლის ხელმძღვანელების შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება. სამწუხაროდ, სკოლის ადმინისტრაცია ასე არ მოიქცა.
თუმცა, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ საჯარო თუ კერძო პირების მხრიდან ანგარიშვალდებულების, ღიაობის ნაკლებობა არ უნდა გახდეს ჟურნალისტის მხრიდან ეთიკური პრინციპების დარღვევის საფუძველი და მედიამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს აუდიტორიამდე მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციის მისატანად.
როცა მონაწილე მხარეების მხრიდან არაჯეროვანი თანამშრომლობის გამო ჟურნალისტს უჭირს ინფორმაციის დაზუსტება, მან აუდიტორიას პატიოსნად უნდა აუხსნას, რისი დაზუსტება შეძლო, რისი ვერა და რატომ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი.
მე-5 პრინციპი. ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად, “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.”
იოსებ ლაზარაშვილის განცხადებით, 58-ე სკოლის ადმინისტრაციამ და სხვა თანამშრომლებმა მყისიერად შეატყობინეს ტვ პირველს, რომ სადავო სიუჟეტში არაზუსტი ინფორმაცია იყო გავრცელებული და ინფორმაციის დაზუსტება მოსთხოვეს.
განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა სოციალური ქსელის, ფეისბუქის “სქრინები”, რომელშიც აღბეჭდილია 58-ე სკოლის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც ტვ პირველს მიმართავენ, ატყობინებენ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას სთხოვენ.
წარმოდგენილი “სქრინების” მიხედვით, სკოლის თანამშრომლები, ტვ პირველის ფეისბუქგვერდზე, სადავო სიუჟეტის კომენტარებშიც აფიქსირებენ, რომ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
გარდა ამისა, ქარტიის საბჭოს სამდივნომ ტვ პირველს ოფიციალურად გადაუგზავნა 58-ე სკოლის დირექტორის მიერ ქარტიაში შემოტანილი განცხადება, სადაც იოსებ ლაზარაშვილი მცდარი ინფორმაციის შესწორების პრინციპის დარღვევაზეც დავობდა. ამ განცხადების მიღება ტვ პირველის წარმომადგენელმა სამდივნოს დაუდასტურა.
ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების მიხედვით, არაზუსტი ინფორმაციის მყისიერად შესწორება ჟურნალისტის პატიოსნების მნიშვნელოვანი საზომია და მედიის წარმომადგენელი, შეიტყობს თუ არა შესაძლო შეცდომის შესახებ, ვალდებულია, შეცდომა გონივრულ ვადაში შეასწოროს და ამის შესახებ აუდიტორიას პატიოსნად უთხრას.
ქარტიის სტანდარტით, როცა დასტურდება, რომ მედიამ გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია და მისთვის ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, მან შეცდომა დაუყოვნებლივ უნდა გაასწოროს.
ქარტიის პრაქტიკით, შეტყობინებად შეიძლება მივიჩნიოთ მედიის ოფიციალურ გვერდზე დაწერილი კომენტარი, მისთვის გაგზავნილი შეტყობინება და ქარტიის მიერ გადაგზავნილი განცხადება, სადაც კონკრეტული სუბიექტი წერს, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ასეთ შემთხვევებში ჟურნალისტი ვალდებულია, შეცდომა გაასწოროს და მასალა საჯაროდ იძებნებოდეს უკვე შესწორებული სახით და შესაბამისი მითითებით, რა იყო არასწორი და რა შესწორდა.
ტვ პირველის ჟურნალისტმა არ იმოქმედა სტანდარტის შესაბამისად და საბჭომ ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევა დადგენილად მიიჩნია.
მე-8 პრინციპი. ”ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.”
იოსებ ლაზარაშვილი სიუჟეტში მე-8 პრინციპის დარღვევას შემდეგნაირად ასაბუთებს: “მართალია, ტვ პირველის სიუჟეტში ჟურნალისტმა არ აჩვენა კონფლიქტის მონაწილე ბავშვები და მშობლები დაფარულად წარმოადგინა, თუმცა მოსწავლე, რომლის მფარველობაშიც სკოლის დირექციას ადანაშაულებდა, მისი იდენტიფიცირება მოახდინა. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ კონფლიქტში ჩართული ბავშვი იყო სკოლის დირექტორის მოადგილის შვილიშვილი და აჩვენა დირექტორის მოადგილე. შესაბამისად, ეს წარმოადგენს ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა ურთიერთობის კიდევ უფრო დამძიმება თანატოლებთან.”
სიუჟეტის მიხედვით, დირექტორის მოსწავლეზე ძალადობის მცდელობა განპირობებული იყო სკოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის არასრულწლოვანი ოჯახის წევრისთვის ხელის დაფარებით. ჟურნალისტური მასალის თანახმად, ეს არასრულწლოვანი ამავე სკოლაში სწავლობდა და ინციდენტში მონაწილეობდა. სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა თქვა ამ ბავშვის ოჯახის წევრის სახელი-გვარი და სკოლის ადმინისტრაციაში მისი თანამდებობა. ამით ჟურნალისტმა გარკვეული წრისთვის მართლაც მოახდინა ამ არასრულწლოვანის ირიბი იდენტიფიცირება.
ნიშანდობლივია ის, რომ სიუჟეტით, არასრულწლოვანი, რომელსაც დირექტორი “ხელს აფარებდა”, უარყოფითად იყო წარმოჩენილი, რადგან ჟურნალისტის მონათხრობით, ამ არასრულწლოვნის დაცვის მოტივით “გაიწია დირექტორმა მოსწავლეზე”.
ჟურნალისტის ფრაზები, სიუჟეტის მთავარი ხაზი, ჯამში უარყოფითად წარმოაჩენდა კონკრეტულ არასრულწლოვანს და მისთვის გარკვეული ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნიდა. ეს შეიძლება იყოს რეპუტაციული ზიანი, რამაც, შესაძლოა, გამოუსწორებელი კვალი დატოვოს არასრულწლოვანზე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტანდარტით, დამკვიდრებული პრაქტიკით, ჟურნალისტმა პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს არასრულწლოვნის ინტერესი და მედია პროდუქტი იმგვარად არ უნდა მოამზადოს, რომ აწმყოში თუ მომავალში არასრულწლოვანს ზიანი მიაყენოს.
ნიშანდობლივია ის, რომ ჟურნალისტმა დაფარა სხვა მოსწავლეების მშობლების ვინაობა, რესპონდენტი მშობლების სახეები. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ ამ ინციდენტმა მის შვილზე მძიმე სტრესული გავლენა იქონია. ესეც მიმანიშნებელი უნდა ყოფილიყო ჟურნალისტისთვის, რომ კონფლიქტში მონაწილე რომელიმე არასრულწლოვნის თუნდაც ირიბი იდენტიფიცირება, ბავშვისთვის ზიანის მომტანი გახდებოდა.
განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს, რომ ტვ პირველის ჟურნალისტს შეეძლო სკოლაში მომხდარი ინციდენტი აღეწერა ისეთი დეტალების გასაჯაროების გარეშეც, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს რომელიმე არასრულწლოვნის ირიბ იდენტიფიცირებას. სამწუხაროდ, ჟურნალისტმა არ იმოქმედა მაღალი სტანდარტით, ჯეროვნად არ იზრუნა ამბის იმგვარად გადმოცემაზე, რაც სრულად შეუძლებელს გახდიდა რომელიმე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას. ამით მან ქარტიის მე-8 პრინციპი დაარღვია.
მე-10 პრინციპი. “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”
ქარტიის საბჭოს სხდომაზე, განმცხადებელმა იოსებ ლაზარაშვილმა თქვა, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა აჩვენა მეუღლესთან ერთად გადაღებული მისი ფოტო. მან თქვა, რომ მისი მეუღლე არ მუშაობს 58-ე სკოლაში, არანაირი კავშირი არ ჰქონდა სიუჟეტში აღწერილ ინციდენტთან და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს სიუჟეტში ჩვენება არღვევდა მისი და მისი მეუღლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
ქარტიის საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ მისი მეუღლის ფოტო არის მისი პერსონალური, პირადი ინფორმაცია.
საბჭო განმარტავს, რომ საჯარო ინტერესის შემთხვევაში, შესაძლოა, ჟურნალისტმა გამოიყენოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო მასალა, თუმცა ეს აუცილებელი უნდა იყოს აუდიტორიის ინფორმირებისთვის და უნდა ემსახურებოდეს ისეთ კეთილშობილურ მიზანს, რომლის მიღწევაც ჟურნალისტს ამ ფოტოს გამოქვეყნების გარეშე არ შეუძლია.
ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ფოტოს ან სხვა ტიპის პერსონალური მონაცემის გასაჯაროება დამატებით, მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა აწვდიდეს აუდიტორიას.
სადავო შემთხვევაში სკოლის დირექტორის მეუღლის ფოტოს გამოყენება, რაც მის იდენტიფიცირებას უწყობს ხელს, არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ეს არ აძლევდა საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას სკოლაში მომხდარი ინციდენტის ანდა ძალადობის მცდელობაში ”მხილებული” დირექტორის შესახებ.
ნაცვლად ამისა, ამ ფოტოს გამოქვეყნება, გარკვეული ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს სკოლის დირექტორის მეუღლისთვის, მისი ვინაობის ისეთ სიუჟეტში ჩვენებით, სადაც მისი მეუღლე უარყოფითადაა წარმოჩენილი.
საბოლოოდ, საბჭომ დარღვეულად მიიჩნია მე-10
პრინციპიც.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
საბა სიჭინავამ დაარღვია ქარტიის 1-ლი; მე-5; მე-8; მე-10
პრინციპები.