საქართველოს ჟურნლისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "ბინა 18-ის" წამყვანებმა, ლევან გოგორელიანმა და თემო მჟავიამ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვიეს, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."
ქარტიის საბჭოს განცხადებით ირაკლი მანაგაძემ მიმართა, ის მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 23 აპრილს ეთერში გასული გადაცემა "ბინა 18" შეიცავდა სიძულვილის ენას და ახალისებდა დისკრიმინაციას ლგბტ ადამიანების მიმართ. საბჭომ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და მეშვიდე პრინციპის დარღვევა დაადგინა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
განმცხადებელი პაატა ლაგვილავა მსადავოდ ხდიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში 2016 წლის 12 მარტს გადაცემა "ბიზნეს კურიერში" გასულ სიუჟეტს "ნეპოტიზმი სამეგრელოში" და მიიჩნევდა, რომ აღნიშნვალი მასალა არასწორ ინფორმაციას შეიცავდა. პაატა ლაგვილავას მტკიცებით, ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა "განზრახ დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდნენ". შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ პირველი პრინციპი დაირღვა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართეს ააიპ "ასოციაცია ატუმ", სს დაზღვევის კომპანია "ქართუმ" და შპს "ჯი სი ეფ პარტნიორებმა". ისინი მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "აქცენტების" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)
სადავო მასალა, "ელიტური კორუფცია", ეთერში 2016 წლის 8 მაისს გავიდა. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, განზრაც დაამახინჯა ფაქტები და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. განმცხადებლებს პრეტენზიები აქვთ გადაცემის ანონსთან დაკავშირებითაც.
იხილეთ განცხადებები: ასოციაცია "ატუ" დაზღვევის კომპანია "ქართუ" ჯი სი ეფ პარტნიორები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მიიღო ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის წარმომადგენელის, აკაკი გიგინეიშვილის წერილი, სადაც ის გამოხატავს თავის პოზიციას ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქმეზე, შალვა რამიშვილი გიორგი ბახტაძის წინააღმდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, გიორგი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის მეორე პრინციპი: "დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ"
ქარტიის საბჭომ საქმე "შალვა რამიშვილი გიორგი ბახტაძის წინააღმდეგ" 2016 წლის 08 მაისს განიხილა. განმცხადებელი შალვა რამიშვილი მიიჩნევდა, რომ 2015 წლის დეკემბერში გადაცემა "პოლიტიკაში" მისი ნების საწინააღმდეგოდ გიორგი ბახტაძემ კონკრეტული რესპონდენტების მოწვევა აიძულა.
საქმის განხილვისას გიორგი ბახტაძის ინტერესებს აკაკი გიგინეიშვილი იცავდა. მის მიერ გამოგზავნილი წერილის თანახმად, საბჭომ "ტენდენციური" გადაწყვეტილება მიიღო. წერილში განმცხადებელი ეხება ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების როგორც შინაარსობრივ, ისე პროცედურულ საკითხებს. შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ როგორც ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება, ისე აკაკი გიგინეიშვილის განცხადება. რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს ქარტიის საბჭოს სამდივნო განმარტავს:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "ქრონიკა +-ის" რედქტორმა, ელისო კილაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია."
ელისო კილაძის წინააღმდეგ განცხადება ქარტიაში გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) შემოიტანა. ის მიიჩნევდა, რომ გაზეთ "ქრონიკა +-ის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში "უცნობი მაესტრო - გია გაჩეჩილაძეს ერთი მილიონი ვანო ჩხარტიშვილმა გადაუხადა?" მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ქარტიის საბჭოს მიერ საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლის, გია გაჩეჩილაძის წარმომადგენელი ესწრებოდა, ელისო კილაძემ კი საბჭოს წევრთა კითხვებს ტელეფონის საშუალებით უპასუხა.
აღსანიშნავია, რომ გია გაჩეჩილაძეს ქარტიაში კიდევ ერთი განცხადება ჰქონდა შემოტანილი ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასულ ანონსთან დაკავშირებით, რაც 7 ივნისის სხდომაზე ასევე უნდა განხილულიყო, თუმცა გია გაჩეჩილაძემ ეს განცხადება უკან გაითხოვა.საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ დაარღვია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი. სადავო მასალა გაზეთში 2016 წლის თებერვალში დაიბეჭდა. განმცხადებლები, მიხეილ ყელბერაშვილი და არჩილ ხაჭაპურიძე მიიჩნევდნენ, რომ ტრისტან წითელაშვილთან ინტერვიუში მათ წინააღმდეგ არაერთი ბრალდება ისმოდა და არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.
განმცხადებლების აზრით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა ასევე დაარღვია ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის კეთილსიდისიერი მოპოვება) პრინციპი, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პრინციპზე დარღვევა არ დადგინდა.
მიხეილ ყელბერაშვილმა და არჩილ ხაჭაპურიძემ სხდომის მიმდინარეობისას მოხსნეს მოთხოვნა მესამე (დადასტურებული წყარო, ფაქტების მიჩქმალვა) და მეხუთე ( შესწორება) პრინციპების მიმართ, შესაბამისად, საბჭოს ამ პრინციპებთან დაკავშირებით აღარ უმსჯელია.
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლები დაესწრნენ.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით გაზეთ " ახალი თაობის" რედაქტორმა სოსო გოგინაშვილმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე) პრინციპი, გაზეთში გამოქვეყნებული სტატიით: "განგაშის ზარები". მასალა ეძღვნებოდა განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოების" შემოღებას.
განმცხადებელი, შალვა მეკრავიშვილი მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა, სოსო გოგინაშვილმა დაარღვია ქარტიის მესამე პრინციპიც, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია". თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.
სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა მეხუთე პრინციპთან (შესწორება) დაკავშირებით და საბჭოს აღარ უმსჯელია ამ პრინციპის შესაძლო დარღვევის შესახებ.
საბჭომ საქმე განიხილა საჯარო სხდომაზე, სადაც მონაწილეობა მხოლოდ განმცხადებელმა მიიღო. "ახალი თაობის" რედაქტორი განხილვას არ დასწრებია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა ირაკლი მანაგაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ ბიზნესმენ ლევან ვასაძის და მამა ჯოზაია თრენჰემის გამოსვლის ეთერში გაშვებისას დაირღვა ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-9 პრინციპები, რომლის თანახმადაც, "სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან".
2016 წლის 16 მაისს ტელეკომპანია "მაესტრომ" პირდაპირ ეთერში გადასცა ლევან ვასაძის გამოსვლა მსოფლიო საოჯახო კონგრედიდან. 18 მაისს კი ლევან ვასაძესთან ერთად მამა ჯოზაია თრენჰემის მოხსენება გაუშვა ეთერში. ირაკლი მანაგაძის განცხადების თანახმად, "1 სთ და 45 წუთის განმავლობაში წახალისებული იყო დიკრიმინაცია, გამოყენებული იყო სიძულვილის ენა ლგბტ მოქალაქეების წინააღმდეგ".
საქმეში მოპასუხედ განისაზღვრა "მაესტროს" დირექტორი ზურაბ ნაყეური.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას საჯარო სხდომაზე განიხილავს.