სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლელა კაკულიამ. განცხადების თანახმად ვებსაიტ informacia.club მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ლელა კაკულიამ იწინასწარმეტყველა რომ "ვაკე გადარჩება, გლდანს ვერ ვხედავ…”  არ  შეესაბამება სიმართლეს (ქარტიის პირველი პრინციპი), რომ მსგავსი წინასწარმეტყველება არ ეკუთვნის ლელა კაკულიას და შესაბამისად წყარო არ არსებობს (ქარტიის მე-3 პრინციპი). განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდის ქარტიის 4 (დოკუმენტების კეთილსინდისიერად და სამართლიანად მოპოვება), 5 (შესწორება), 7 (დისკრიმინაცია) და 11 (განზრახ დამახინჯება)  პრინციპებსაც.
03.03.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი გახდა. მან ამ პოზიციაზე გიორგი მგელაძე ჩაანაცვლა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 2019 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

მარიამ გოგოსაშვილი 2018 წლიდან დღემდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია მიმართულების იურისტად მუშაობდა. მანამდე, 2012-2013 წლებში ამავე ორგანიზაციაში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში კი “სტერეო+-ის” სამართლებრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. არის არაერთი მედია კვლევის ავტორი და თანაავტორი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის კონკურსში, გასაუბრების ეტაპზე სულ 4 კანდიდატი მონაწილეობდა. 9 წევრისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 27 თებერვალს მიიღო. მარიამ გოგოსაშვილი ორგანიზაციას 2 მარტიდან უხელმძღვალენელებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიის დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოა და მთელი საქართველოს მასშტაბით 360-მდე ჟურნალისტს აერთიანებს.
27.02.2020
გუშინ, 26 თებერვალს, საქართველოში ოფიციალურად დაფიქსირდა კორონავირუსით ადამიანის დაინფიცირების პირველი ფაქტი. აღნიშნული შემთხვევა გუშინვე მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში.
27.02.2020
ჩვენ, კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრი, ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს კვლავაც საგანგაშოდ და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისათვის დამაზიანებლად მივიჩნევთ. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აჭარის მაუწყებელში წარმოქმნილი ხელოვნური კრიზისი პოლიტიკური ხასიათისაა და არ უნდა დარჩეს შიდა თუ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა.
ამ დროისათვის კი გვსურს საზოგადოებრივი ყურადღების ეპიცენტრში მოექცეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება:


1. საშტატო ნუსხის შეცვლა და თანამშრომელთა გათავისუფლება - დღეს, 2020 წლის 24 თებერვალს კი გაირკვა, რომ მაია მერკვილაძე ჩამოაშორეს სარედაქციო გუნდს დირექტორის შეთავაზება კი მისთვის ტოქ-შოუს ხელმძღვანელობას ან რადიოს უფროსის მოადგილეობას გულისხმობს.
2020 წლის 19 თებერვალს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ განიხილა მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუქმდა ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის თანამდებობა, ცვლილება შეეხო შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებების საჭიროება არ იყო დასაბუთებული მაღალი სტანდარტით. არ იყო წარმოდგენილი ადამიანური რესურსების მართვის და ამავე დროს იურიდიული სამსახურის შეფასება, ისევე როგორც უშუალო ხელმძღვანელების პოზიციები ცვლილებების აუცილებლობის შესახებ. მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო დირექტორის მხოლოდ ზეპირ განმარტებას, რომ „დასაქმებული ადამიანები დაინიშნებიან სხვა თანამდებობებზე, შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად გაკეთდება ეს ყველაფერი“ ამასთან, სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენელს, მალხაზ რეხვიაშვილს. ამ პროფკავშირში მაუწყებლის70-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული.
დაპირისპირების გამო სხდომა ცოტა ხნით გადაიდო კიდეც.


2.დირექტორის მოადგილის მაუწყებლობის განვითარების დარგში - 2020 წლის 07 თებერვლის ბრძანებით, გამოცხადდა კონკურსი მაუწყებლობის განვითარების დარგში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ დირექტორის მოადგილის შესარჩევად.
სამუშაოს აღწერის მიხედვით, სამომავლო ვალდებულებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ნათია ზოიძის შრომითი მოვალეობებისაგან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნათია ზოიძემ მაუწყებელი 2020 წლის 02 თებერვალს დატოვა. ის აცხადებდა, რომ არ ეძლეოდა მუშაობის შესაძლებლობა მანამდე კი, 2019 წლის დეკემბერში ნათია ზოიძეს მაუწყებლის დირექტორმა ხელშეკრულება შეუცვალა. ცვლილებების მიხედვით ნათია ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკის მიმართულებაზე პასუხისმგებლობა შეეზღუდა. მოგვიანებით, თითქმის იდენტური საკონკურსო განაცხადის პირობებში, ახალ მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს ვახო ხუზმიაშვილის არჩევით, მაუწყებლის გაკონტროლების საფრთხეზე საუბრობენ, ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და იურისტები[ საია კი საქმის შესწავლას იწყებს.


მიგვაჩნია, რომ გაუმჭვირვალე და არასათანადოდ მომზადებული იყო თავად გასაუბრების პროცესიც. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულ პროფესიულ კავშირის ინფორმაციით, დირექტორობის პირველ კანდიდატთან მიმდინარე გასაუბრების დროს ჟურნალისტმა ნათია ლომაძემ დაინახა[მისი აზრით] საინტერესო დეტალი, გადაიღო ფოტო და კონკურსის ირგვლივ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაცია მიაწოდა საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს. საკონკურსო კომისიის ერთ-ერთი წევრის მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკმაყოფილება მოჰყვა. ნათია ლომაძე დაადანაშაულეს, რომ ის ფარულად იღებდა მიმდინარე გასაუბრების პროცესს, რის საფუძველზეც მომდევნო კონკურსანტთან გასაუბრება დახურეს.
მოგვიანებით, ზეწოლის შედეგად ჟურნალისტმა ვერ დაასრულა აღნიშნულ სიუჟეტზე მუშაობა და ვერ შეძლო პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულება. მაუწყებლის კიდევ ერთი თანამშრომელი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ შეეზღუდა ჟურნალისტს გადაღების უფლება სხდომაზე, რატომ დაიხურა სხდომა, სადაც მაღალი საჯარო ინტერესის საკითხი განიხილებოდა ანდა რატომ გამოიყენა კომისიამ ფოტოგადაღების საკითხი ჟურნალისტების დევნის საბაბად.


მიგვაჩნია, რომ ამ ინციდენტის დროს იკვეთება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ნიშნები და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დროული რეაგირებისაკენ. ამავე დროს კითხვის ნიშნებს აჩენს დირექტორის მოადგილის არჩევისათვის შექმნილი საკონკურსო კომისიის მუშაობა.  მით უფრო, როცა მაუწყებლის დირექტორის განცხადების მიხედვითაც კი, მართებული არ იყო შეფასების ის კრიტერიუმები და მეთოდები, რასაც საკონკურსო კომისია იყენებდა კანდიდატებთან გასაუბრებისას 


3. ახალი ამბების სამსახურის უფროსის შევიწროება - დღეისთვის მაუწყებელში მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით არხის ჟურნალისტები ითხოვენ დახმარებას და მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს ადამიანების დევნას და შევიწროებას მათი მოსაზრებების და პოზიციების გამო. ამ დრომდე გაურკვეველია მენეჯმენტის დამოკიდებულება არხის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ.


4. პროფკავშირების შევიწროების მცდელობა - ტელევიზიის თანამშრომელთა ინფორმაციით, დირექტორი გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. რეხვიაშვილსაც მენეჯმენტისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.


მიგვაჩნია, რომ ზემოჩამოთვლილი მოვლენები ამყარებს ეჭვებს, რომ აჭარის მაუწყებელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური ხასიათისაა და არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მიზანს ემსახურება.
24.02.2020
ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მამუკა ჟღენტის განცხადება, რომელიც მიიჩნევს რომ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის, ნატა მახვილაძის მიერ მომზადებულ სიუჟეტში "ყოფილი დიპლომატის პროვოკაცია"  დაირღვა ქარტიის 1 (სიზუსტე) და მე-11 (განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
21.02.2020
ხუთშაბათს, 20 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ (მის.: რუსთაველის გამზირი, N29, თბილისი) გაიხსნება კონფერენცია თემაზე: მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდა. კონფერენცია იმართება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მისი ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

კონფერენციას გახსნის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ცენტრალური და რეგიონული მაუწყებლების, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს, მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის მიზანიაა გაანალიზდეს მაუწყებლების დღეს არსებული თვითრეგულირების სისტემის ხარვეზები, გამოწვევები და გზები, როგორ შეიძლება გახდეს მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმები უფრო ეფექტური. საუბარი შეეხება მაუწყებელთა ქცევის კოდექსში დაინტერესებული პირის ცნების გაფართოებას.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ნინო ნარიმანიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ტელ: 593926429
E:mail: narimanishvili.n@gmail.com
19.02.2020
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითრებული პროცესები საგანგაშოა.

2019 წლის აპრილიდან დღემდე ყოველდღიურად მტკიცდება ეჭვები არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ. დღეს კი არსებობს რეალური საფრთხე ახალმა არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ და მათ მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა შეცვალოს საშტატო ნუსხა და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომელთა ნაწილი. ვფიქრობთ, რომ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და მოიცავს როგორც მედიის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს.

ჩვენ, კოალიციის წევრი ორგანიზაციები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში კვლავაც ჩავერთვებით და დავიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, მეორეს მხრივ კი ჩვენ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ გამოხატვის თავისუფლების გარანტიების შენარჩუნებაში დახმარებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მედიაკლუბი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

სატელევიზიო ქსელი

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
14.02.2020
დღეს, 12 თებერვალს, TV პირველის ეთერში, გადაცემაში “დიანა ტრაპაიძის დღის ამბები” პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა TV პირველის ჟურნალისტი “ღამის ამბების” წამყვანი თამარ ჩიხლაძე შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოიხსენია.
12.02.2020
გვსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ „TV პირველის“ გუნდის მიმართ. მცირე ფინანსური და ტექნიკური რესურსის მიუხედავად, მედიის პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, მაუწყებელი ახერხებს ობექტური და მაღალკვალიფიციური მედიაპროდუქტების შექმნას.
10.02.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე




საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • მინიმალური ასაკი 25 წელი;
  • მედიის ან მედიასამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზაციის მართვის გამოცდილება;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ მედიაორგანიზაციებთან, ფონდებთან, მედიასთან მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნას.

ძირითადი მოვალეობები:

  • ქარტიის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა;
  • მესამე პირებთან ქარტიის წარმომადგენლობა;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტრატეგიული განვითარების გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და მიმართულებების განხორციელება;
  • ქარტიის საერთო კრების, საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წინაშე ანგარიშვალდებულება;
  • ქარტიის საქმიანობის შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშგების მომზადება და საბჭოსთვის წარდგენა. ქარტიის მიმდინარე პროექტების მართვა;
  • ქარტიის პროექტების მომზადება და შესაბამისი ორგანიზაციებისთვის მათი წარდგენა;
  • ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების ორგანიზება. ქარტიის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვა.


კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:


  • CV;
  • სამოტივაციო წერილი თუ რატომ სურს აღნიშნული პოზიციის დაკავება და როგორია ორგანიზაციის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ხედვა;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

შერჩევის პროცედურა:

განაცხადების მიღების დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში საბჭო გასაუბრების ეტაპისთვის არჩევს კანდიდატებს და ატარებს გასაუბრებას ინდივიდუალურად.


ანაზღაურება:

მინიმალური ხელფასი 1275 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადასახადების ჩათვლით.

განაცხადის წარდგენა:
დოკუმენტები უნდა გამოაზავნოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ethicscharter@gmail.com ,  სათაურის ველში მიუთითეთ:  დირექტორის კონკურსი

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.
04.02.2020
"მთავარი არხის" მიერ დღეს, 2020 წლის 30 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამავე არხის დირექტორს ნიკა გვარამიას რამდენიმე პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს დაესხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
30.01.2020
2019 წლის 25 იანვარს გაიმართა ქარტიის საბჭოს სხდომა, სადაც საბჭომ განიხილა  3  განცხადება. მიღებული გადაწყვეტილებით,  ტელეკომპანია რუსთავი 2 ის გადაცემაში "გვიანი  SHOW"  დაირღვა ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობა) პრინციპი. აღნიშნული საქმე იმით არის გამორჩეული, რომ ქარტიის საბჭომ პირველად იმსჯელა გასართობი  გადაცემის ფორმატში ფარული კამერის გამოყენებაზე.

მეორე საქმე,  განცხადებელი - "ევექსის ჰოსპიტლები", სადავო ჟურნალისტური პროდუქტი - commersant.ge - ზე გამოქვეყნებულ სტატია  "გადაჭარბებული საკეისრო ოპერაციები - „ევექსი“ მორიგ სკანდალში ეხვევა". აღნიშნულ საქმეში დადგინა ქარტიის 1 (სიზუსტე) პრინციპის დარღვევა. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა მე-11 (განზრახ დამახინჯება)  პრინციპსაც, ამ პრინციპთან დაკავშირებით საბჭომ გადაწყვეტილების მიღება გადადო დამატებითი გარემოებების გამოკვლევის მიზნით. 

საბჭოს გადაწყვეტილებით   “თავისუფლების მონიტორის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში   "სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან - დოკუმენტები თსუ-ს რექტორს პლაგიატში ამხელს"  არ დარღვეულა ქარტიის 1 (სიზუსტე) და 5 (შესწორება) პრინციპები. საქმე განხილული იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე.

გადაწყვეტილებათა სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
25.01.2020

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.