სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის განცხადება საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ.  სადავო გახდა მასალა, რომელიც 2019 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა სათაურით „გორის ჰოსპიტალში მოთავსებულ სამხედროს „ლირიკა“ ესაჭიროება“. მოგვიანებით სტატიაში მოცემული დეტალები ჩასწორდა. შეიცვალა სათაურიც: „გორის ჰოსპიტალის ცნობით სამხედრო მოსამსახურეს „ლირიკა“ ესაჭიროება“.

ქარტიის საბჭომ მხარეებს 10 ივლისს მოუსმინა, თუმცა გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და საქმეზე განმეორებით იმსჯელა 28 ივლისის სხდომაზე.  პირველ პრიინციპზე (სიზუსტე) მსჯელობისას საბჭოს წევრთა ხმები გაიყო. 

საბჭოს წევრთა ერთმა ნაწილმა მიიჩნია, რომ  ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ჰოსპიტლის მიერ სხვადასხვა მედიკამენტების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერების შესახებ საჯარო ინტერესი არსებობს და სადავო მასალაც არ არის გამონაკლისი. მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტის მიერ გავრცელებული არაზუსტი დეტალები არაარსებითი იყო და არ ცვლიდა მთლიანი სტატიის არსს.

საბჭოს მეორე ნაწილმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მათ გაიზიარეს, რომ დაშვებული უზუსტობები არ იყო არსებითი ხასიათის, მაგრამ მიიჩნიეს, რომ სულ 90 სიტყვიან ჟურნალისტურ პროდუქტში 3 არასწორი ფაქტის მითითება შეუსაბამოა ეთიკური ჟურნალისტიკისათვის. მით უფრო, რომ ჟურნალისტი სტატიის მომზადებისას ხელმძღვანელობდა ოფიციალური შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტებით, სადაც ყველა ინფორმაცია ზუსტად იყო მითითებული. ეს კი ხაზს უსვამს ჟურნალისტის ზერელე დამოკიდებულებას ეთიკური ვალდებულებისადმი, პატივი  სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. 

იმისათვის, რომ ქარტიის რომელიმე პრინციპის დარღვევა ან არ დარღვევა დადგინდეს, საჭიროა საბჭოს 5-მა წევრმა ანუ  საერთო რაოდენობის უმრავლესობამ დაუჭიროს მხარი . მოცემულ შემთხვევაში კი პირველ პრინციპზე საბჭოს წევრთა ხმები გაიყო და გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. 

აქედან გამომდინარე  საბჭოს აღარ უმსჯელია მეხუთე (შესწორების) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.   რაც შეეხება მესამე (დადასტურებული წყარო) და მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) პრინციპს, რომლებსაც ასევე სადავოდ ხდიდა განმცხადებელი, საბჭომ არ დაადგინა მათი დარღვევა. 

იხილეთ სხდომის ოქმი
18.08.2019
16 აგვისტოს, როდესაც დიპლომატიური კორპუსი სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის ცვლილების სანახავად ჩავიდა, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება არ მიეცათ. ტეროტორიაზე მხოლოდ მაუწყებლები და საერთაშორისო მედია დაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კი მათ განუმარტეს, რომ ყველას დაშვების შემთხვევაში “უსაფრთხოების კონტროლი გართულდებოდა".

17.08.2019
"ტელეკომპანია პირველის" ცნობით, არხზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც ვერ ხერხდება გადაცემების ეთერში გაშვება და სრულფასოვნად მუშაობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი შემთხვევა. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, "გურიანიუსის" შემთხვევაში მოხდა.
13.08.2019
2019 წლის 01 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე - მიიღონ კომპანიის 40%, უარს ამბობენ, სამართლებრივ დავას განაგრძობენ და ხალვაშთან მოლაპარაკებებს წყვეტენ. ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადების საფუძველზე, მათი ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება 2012 წლის 08 დეკემბერს დაიწყო და ისევ გრძელდება. აღნიშნულ საქმეზე არაერთი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქვა თავად ,,რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში ჩართული პირების მხრიდან.
05.08.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო  თამარ კაპანაძის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ. 

საქმე ეხება გადაცემა "პირისპირს", რომელიც ეთერში 4 ივლისს გავიდა და ეხებოდა თბილისში გამართულ აქციებს. გადაცემაში მონაწილეობდა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი. განმცხადებელი სწორედ მასთან დიალოგს ხდის სადავოდ და მიიჩნევს, რომ მოხდა  სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია, ვინაიდან ირმა ინაშვილმა სიტყვა "გეი" დამამცირებელ და უარყოფითი კონოტაციის მატარებლად გამოიყენა, წამყვანს კი არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია. 

საქმის განხილვის შემდეგ დაადგენს საბჭო მართლაც დაირღვა თუ არა ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.
03.08.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, imedinews.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში "მედია: საქართველოში რუსი ყოფილი სახელმწიფო მოხელე დააკავეს" სიზუსტის (პირველი პრინციპი) დაირღვა.

მის წინააღმდეგ განცხადება შემოიტანა მამუკა მახარაძემ. მას მიაჩნდა, რომ სტატიაში ასევე დარღვეული იყო ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები. ქარტიის საბჭომ  საქმის განხილვის შემდეგ ამ ორი პრინციპის დარღვევა არ დაადგინა. 

ქარტიასთან არ უთანამშრომლია imedinews.ge-მ, მათ არც მოპასუხე ჟურნალისტის ვინაობა აცნობეს ქარტიას და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.
30.07.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს
სამთავრობო უწყებების პრესსამსახურის ხელმძღვანელებს

საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების მიმართვა

მოგმართავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც აერთიანებს 363 ჟურნალისტს. როგორც ორგანიზაციის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები საუბრობენ რამდენიმე სამთავრობო (განსაკუთრებით ძალოვანი) უწყების მიერ ჩამოყალიბებულ ცუდ პრაქტიკაზე, როდესაც ბრიფინგის ჩანიშვნისას ისე არიან გასაშუქებლად მიწვეულნი, რომ მათთვის უცნობი რჩება ღონისძიების თემა. უმნიშვნელოვანესია რედაქციებმა იცოდნენ, რა საკითხზე იმართება ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია, რათა საკუთარი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, სარედაქციო პოლიტიკისა და ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა დასწრება და გაშუქება.

28.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტმა სალომე ლაბაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ. სადავო სიუჟეტი ეთერში გავიდა სახელწოდებით "ოკუპანტი მეთაურის მემორიალური დაფა თბილისში". მასალა ეხებოდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის - მიხეილ ლევანდოვსკის შესახებ საინფორმაციო დაფის განთავსებას, სადაც გაკრიტიკებული იყო ეს ფაქტი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სიუჟეტით არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა და ამასთან, მითითების მიუხედავად არ შესწორდა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
28.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ქარტიის პრინციპების დარღვევა დაადგინა "ალიასა" და "ჯეოთაიმსის" მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, რომელიც ეხებოდა პარლამენტის წევრს, რომან გოცირიძეს. სადავო მასალებში კონკრეტულ ფეისბუქ გვერდზე დაყრდნობით ნათქვამი იყო თითქოს დეპუტატმა შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის შესახებ ნეგატიურად ისაუბრა. თავად რომან გოცირიძე ამტკიცებდა, რომ მსგავსი რამ მას საეთოდ არ უთქვამს.

ქარტიის საბჭომ საქმის განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ ალიამ და ჯეოთაიმსმა დაარღვიეს სიზუსტე (პირველი პრინციპი) და ფაქტები განზრახ დაამახინჯეს (მეთერთმეტე პრინციპი). გარდა ამისა, ალიას დაუდგინდა მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაც.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
28.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ალიას ჟურნალისტმა ნანა სულავამ ქარტიის შემდეგი პრინციპები დაარღვია: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია).

მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა კინომცოდნე გოგი გვახარიამ. სადავო სტატია გამოქვეყნდა სათაურით "რა უამბეს «ალიას» გოგი გვახარიას ბაბუაზე?" ტექსტის თანახმად, მოყვანილი ფაქტები ეხებოდა მას და მის ბაბუას. გოგი გვახარია მიიჩნევდა, რომ სტატია იყო ჰომოფობიური და მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ასევე დარღვეული იყო ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი (ფაქტის განხრახ დამახინჯება), თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
28.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,  ქარტიის პირველი (სიზუსტე) პრინციპი დაარღვია ოლგა ბაბლუანმა,  რომელიც ტელეკომპანია იმედის გადაცემის "რა დროს ძილია" წამყვანია. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა ქუთაისის შესახებ მომზადებულ მასალაში, როდესაც თქვა, რომ რიონისპირა სახლების და ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

გარდა პირველი პრინციპისა, განმცხადებელი ასევე დავობდა მეცხრე პრინციპთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვით სარეკლამო და სარედაქციო მასალები ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული, თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

28.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაზეთ "რეზონანსის" ჟურნალისტის,  ელზა პაპოშვილის სტატიაში "ჯემნიუსის" მასალის პლაგიატი დაადგინა. მის წინააღმდეგ ქარტიას თავად "ჯემნიუსმა" მიმართა.  ის მიიჩნევდა, რომ სტატია „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა - რა ხდება ქვეყანაში", იმეორებს "ჯემნიუსის" მიერ წინა დღეს გამოქვეყნებულ ტექსტს სათაურით „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა - ფოტორეპორტაჟი".

მასალების შედარების შემდეგ ქარტიამ მეთერთმეტე პრინციპის (პლაგიატი) დარღვევა დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

alt
28.07.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.