სიახლეები

"ქართული ოცნების" დეპუტატი დავით სონღულაშვილი, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, რუსო ჯაბანაშვილს, ქარტიაში უჩივის.

სადავო მასალა, “მთავარი არხის” ეთერში 2019 წლის, 11 ნოემბერს გავიდა. სიუჟეტი ეხება თბილისის საკრებულოს მაღალჩინოს, ირაკლი ზარქუას ახლობლების მიერ სახელმწიფო ქონების შეღავათიანი პირობებით შესყიდვას. ამ მასალის მიხედვით, ერთ-ერთი შესყიდული ქონების უკან, რომელშიც სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება, მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი დგას, რომელმაც ზარქუას ოჯახისგან მიწა 2 მილიონ ლარად შეიძინა. სწორედ ამ ორ ფაქტს ხდის სადავოდ განმცხადებელი.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტის ავტორმა საზოგადოებას არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა და ამით ქარტიის პირველი და მესამე პრინციპები დაარღვია. მისივე მოსაზრებით, შესწორების სტანდარტის გაუთვალისწინებლობის გამო, დარღვეულია მეხუთე პრინციპიც.

ქარტიის სამდივნომ განცხადება დასაშვებად სცნო და საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

03.12.2019
აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი ღიად საუბრობს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო ხელყოფაზე.
02.12.2019
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს, დავით დვალიშვილს “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის”, ქარტიის მეათე პრინციპის დარღვევას ედავება. მეათე პრინციპი პირადი ცხოვრების ხეულშეუხებლობას გულისხმობს ჟურნალისტის მხრიდან, იმ შემთხვევის გარდა, თუ ამ საქმეზე არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

სადავო მასალა ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წინააღმდეგ სავარაუდო ძალადობის ფაქტს. განმცხადებლის აზრით, სიუჟეტში მსხვერპლის სახელისა და გვარის დასახელება არღვევს ქარტიის პრინციპს.

ქარტიის სამდივნომ განცხადება დასაშვებად სცნო და საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
02.12.2019
ქარტიის საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს, 29 ნოემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და ხელშეშლის ფაქტებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან საუბარში რამდენიმე მედია საშუალების წარმოამადგენელი აცხადებს, რომ აქციაზე პოლიციელები მათ საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდნენ (ამის ამსახველი ვიდეო მასალაც გავრცელდა).
30.11.2019
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა “მედიაცენტრი მთავარის” დირექტორმა, რომელიც მისი მედია საშუალების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.  ეკა გულუა ამბობს, რომ „მედიაცენტრ მთავარში,“ კერძო მედიასაშუალების ოფისში, უკვე მეორედ შეიჭრნენ უცხო პირები პრესკონფერენციის ჩაშლის მოტივით”.
27.11.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მანანა გურგენიძის განცხადება, რომელიც ონლაინგამოცემა euronews.ge-ს ქარტიის პრინციპების დარღვევას ედავება.

განმცხადებელი სადავოდ ხდის მასალას: “საქართველოდან სტამბულში სამკურნალოდ გაგზავნილი ლეიკემიით დაავადებული პაციენტი მოატყუეს”. მანანა გურგენიძის აზრით გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორია, ის ზიანს აყენებს როგორც ჯანდაცვის სამინისტროს და სოლიდარობის ფონდს, ასევე იმ საავადმყოფოს, სადაც პაციენტი მკურნალობს და მიზნად ისახავს მათი რეპუტაციის შელახვას.

მანანა გურგენიძე მედისაშუალებას პირველი, მესამე, მეოთხე, მეათე და მეთერთმეტე პრინციპების დარღვევას ედავება.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
25.11.2019
ონლაინ გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტს ჯაბა ანანიძესა და მთავარ რედაქტორს ეთერ თურაძეს არასამეწარმეო იურიდიული პირი “საორსა” ქარტიის ორი: პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (მცდარი ინფორმაციის შესწორება) პრინციპის დარღვევას ედავება.

სადავო მასალა გაზეთ”ბათუმელებში”, 2019 წლის 11 ნოემბერს გამოქვეყნდა, სახელწოდებით: “კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი - ქალები აჭარის მთიდან”. მასში სოფლად მცხოვრებ ქალების ისტორიებია, მათ აქტივობებზე, ეკონომიკურ გაძლიერებასა და საზოგადოებაში მათ როლზე.

განმცხადებელი ჟურნალისტებს სტატიის სათაურისა და მისი შინაარსის შეუსაბამობას ედავება. კომპანია მიიჩნევს, რომ სათაური შეცდომაში შემყვანია და ნეგატიურად განაწყობს მკითხველს. ამასთანავე, განცხადებაში უთითებს, რომ გამოცემამ სათაური არც მიმართვის შემდეგ შეასწორა, რითაც, მისი აზრით, ქარტიის მეხუთე პრინციპი დაირღვა.

ქარტიის სამდივნომ განცხადება დასაშვებად სცნო და საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
25.11.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქმეზე - ეკატერინე მესხიძე რამდენიმე მედიასაშუალების წინააღმდეგ, - ქარტიის პრინციპების დარღვევა დადგინდა. საბჭომ დღეს, 24 ნოემბერს 14 განცხადება განიხილა, ერთ განცხადებაზე, რომელიც ტელეკომპანია მაესტროს ეხებოდა, განხილვა გადაიდო.


ეკატერინე მესხიძე მედიასაშუალებებს ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპის დარღვევას ედავებოდა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი პრინციპის (სიზუსტე) დარღვევა დაუდგინდა 14-ვე მედიასაშუალებას, მე-5 პრინციპის (შესწორება) დარღვევა კი საბჭომ 11 მედიასაშუალებას დაუდგინა.

სადავო მასალები ეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძისა და ეკატერინე მესხიძის სასამართლო დავას, მოპასუხე მედია საშუალებებმა გაავრცელეს არაზუსტი ინფორმაცია, თითქოს პაპუნა უგრეხელიძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ეკა მესხიძისმიმართ სექსუალურ შევიწროებაში. ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ სასამართლოს უგრეხელიძის მხრიდან შესაძლო სექსულაურ შევიწროებაზე არ უმსჯელია და მედია საშუალებებმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს.



მედიასაშუალებები, რომელთაც დარღვევა დაუდგინდა:

  1. კვირის პალიტრა - პირველი
  2. ambebi.ge - პირველი
  3. ექსკლუზივნიუსი - პირველი
  4. ობიექტივი - პირველი და მეხუთე
  5. ტელეკომპანია იმედი - პირველი და მეხუთე
  6. ინტერპრესნიუსი -  პირველი და მეხუთე
  7. აიპრესი - პირველი და მეხუთე
  8. გურიანიუსი - პირველი და მეხუთე
  9. მარშალპრესი - პირველი და მეხუთე
  10. ნიუსპოსტი - პირველი და მეხუთე
  11. Caucasus buiseness week -  პირველი და მეხუთე
  12. ლიბერალი - პირველი და მეხუთე
  13. 2020news - პირველი და მეხუთე
  14. ინფოფოსტალიონი -  პირველი და მეხუთე

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

24.11.2019

24 ნოემბერს, კვირას, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო, ეკატერინე მესხიძის 15 განცხადებას განიხილავს.

ყველა განსახილველი საქმე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძისა და ეკატერინე მესხიძის სასამართლო დავის შესახებ მედიაში მომზადებულ მასალებს ეხება.


ეს მედიასაშუალებებია:


  1. კვირის პალიტრა;
  2. ამბები.ჯი;
  3. ტელეკომპანია მაესტრო;
  4. ექსკლუზივნიუსი;
  5. ტელეკომპანია იმედი;
  6. ინტერპრესნიუსი;
  7. აიპრესი;
  8. გურიანიუსი;
  9. მარშალპრესი;
  10. ნიუსპოსტი;
  11. ობიექტივი;
  12. Caucasus business week;
  13. ლიბერალი;
  14. 2020news;
  15. ინფოფოსტალიონი.
ეკატერინე მესხიძის განცხადების თანახმად, აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე უდანაშაულოდ სცნო და დაადგინა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ის საჯარო რეესტრის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. სექსუალურ შევიწროებაში მას ბრალს განმცხადებელი, ეკატერინე მესხიძე სდებდა. ის ამბობს, რომ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი. შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. გარდა ამისა, იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მეხუთე პრინციპიც, ვინაიდან მიმართვის მიუხედავად მასალები არ ჩასწორებულა.

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
22.11.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილი გახდა, რომ 21 ნოემბერს თბილისში, ზემო ფონიჭალაში, სიუჟეტის მოსამზადებლად მისულ ტელეკომპანია “იმედის” გადამღებ ჯგუფს ეკლესიიდან განკვეთილი ნარიმან მაქარაშვილის (ბერი ნიკოლოზი) მიმდევრების ნაწილი ფიზიკურად გაუსწორდა. “იმედის” ინფორმაციით, დაშავებულ ჟურნალისტსა და ოპერატორს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
21.11.2019
2019 წლის 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე დღემდე შეჩერებული იყო. მრჩეველთა საბჭო დირექტორის შერჩევის პროცედურებს 21 ნოემბერს დაიწყებს.
20.11.2019

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დისკუსია.

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღეში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ეყოლება.

20.11.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.