სიახლეები

მედიასაშუალება "ნეტგაზეთი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლების ნაწილი, მათ შორის, მათი ჟურნალისტი და "რადიო თავისუფლების" ოპერატორი არ შეუშვეს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებებმა მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და არ დაუშვას დისკრიმინაციული მიდგომა მედიასაშუალებებისადმი.

 
24.03.2021

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის სფეროს საკითხის გაშუქებისას, მედიამ გაავრცელოს ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

● აცრის და თავად ვაქცინის ხარისხის გაშუქებისას გაიღეთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გაავრცელოთ ზუსტი, უტყუარი და გადამოწმებული ინფორმაცია. ჯანმრთელობის საკითხების არასწორმა გაშუქებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებს, არამედ  საფრთხის ქვეშ დააყენოს საყოველთაო ჯანდაცვის უსაფრთხოება. 

● გამოიყენეთ სანდო და რელევანტური წყაროები;

● შეარჩიეთ კვალიფიციური გამოცდილი რესპონდენტები, რომლებიც ისაუბრებენ ფაქტებსა და კვლევებზე დაყრდნობით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული თემები განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ, დაიცვან სიზუსტე, წარმოაჩინონ ფართო კონტექსტი, არ დააბნიონ და შეცდომაში არ შეიყვანონ აუდიტორია. 

18.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ლაშა ჯანიბეგაშვილის განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ჟურნალისტების გურამ როგავას და ლუკა ხაჩიძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი  “ძალადობის მსხვერპლი ქალი ადვოკატის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა - იურისტი ომბუდსმენის აპარატმაც ამხილა” ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში, 2021 წლის 06 თემერვალს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია მის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. Მხარე თვლის, რომ ჟურნალისტმა არ გამოაქვეყნა მისი პოზიცია და გაასაჯაროვა პერსონალური ინფორმაცია.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
  • მეოთხე - კეთილსინდისიერი მეთოდები
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
18.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო შოთა შალამბერიძის განცხადება ონლაინ გამოცემა Kutaisitoday.ge-ს რედაქტორის ბუბა ჩივაძის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი , გამოცემის ფეისბუკის გვერდზე 2021 წლის 26 თებერვალს გამოქვეყნდა.

განმცხადებლის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია მისი და მისი ოჯახის წევრების თავშეყრასთან დაკავშირებით, ასევე ამბავი მისი საქმიანობისა და მამამისის თანამდებობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს მისი ოჯახის დისკრედიტაციას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:

პირველი - ინფორმაციის სიზუსტე

მესამე - დადასტურებული წყარო

მეხუთე - შესწორება

მეათე - პირად ცხოვრებაში შეჭრა

მეთერთმეტე- ფაქტის განზრახ დამახინჯება

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
18.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება TV პირველის ჟურნალისტების ნატა ქაჯაიას და რუსუდან ჯაბანიშვილის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში, 2021 წლის 10 თებევრვალს გავიდა და ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევას ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების საქმიანობის შესახებ, ასევე ამ პროცესის დაკავშირება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებთან, სიმართლეს არ შეესაბამება, შეიცავს დისკრედიტაციის ნიშნებს და აზიანებს საარჩევნო პროცესს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
  • მესამე - დადასტურებული წყარო
  • მეხუთე - შესწორება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
18.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მედიის განვითარების ფონდის განცხადება გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, „რატომ არ აბრუნებს აზერბაიჯანი დავითგარეჯს?“ გაზეთის 2021 წლის 8-14 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

განმცხადებლის განმარტებით, გამოქვეყნებულ სტატიაში აზერბაიჯანელი განისაზღვრა, როგორც თათარი და დამპყრობელი, ტექსტში მოხსენიებულია ნეგატიური კონტექსტით. მისი თქმით, აზერბაიჯანელი ერის მსგავსი ფორმით წარმოჩენა არის დისკრიმინაციული, აღვივებს ქსენოფობიას და ანტიაზერბაიჯანულ განწყობებს.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისების პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
17.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიაჰოლდინგ "რეპორტიორის” ჟურნალისტმა ანი ლიპარიშვილმა ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ნათია აბრამიშვილმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი “ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები საკუთარი კომპანიის წინააღმდეგ თაღლითურ კორუფციულ სქემაში ამხილეს”გამოცემის ვებგვერდზე 2020 წლის 05 სექტემბერს გამოქვეყნდა.

განმცხადებლის პრეტენზია ეხებოდა სადავო სტატიაზე თანდართულ ვიდეო მასალას, სადაც გამოყენებული იყო მასთან ფარულად ჩაწერილი ინტერვიუ, სწორედ ამ ეპიზოდს აფასებდა განცხადებელი ინფორმაციის არაკეთილსინდისიერად მოპოვებად.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეათე (პირად ცხოვრებაში შეჭრა) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
17.03.2021
2021 წლის 14 მარტს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია იმართება, სადაც აქციის მონაწილეების მხრიდან ქსენოფობიის შემცველი განცხადებები ისმის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, მედიასაშუალებებმა არ უნდა შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის ენის წახალისებას. ქარტია აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მართინ პირდაპირი ეთერი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ აქციიდან მიღებული ინფორმაცია, რათა არ წაახალისონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია.
14.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 6 მარტს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:

1. 12:00 საათზე - მარინა ბრეგვაძე მიხეილ სესიაშვილის და ქეთა ციცქიშვილის წინააღმდეგ

განცხადების თანახმად, ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში "გიორგი შაქარაშვილის საქმესთან" დაკავშირებით გაჟღერებული არაერთი დეტალი სიმართლეს არ შეესაბამება. მარინა ბრეგვაძის თქმით, აღნიშნული ჟურნალისტური პროდუქტის გავრცელების შემდეგ მისი შვილის იაკობ ბრეგვაძის მისამართით მუქარა და ლანძღვა ისმის.

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.

2. 13:00 საათზე - ნათია აბრამიშვილი ანი ლიპარიშვილის წინააღმდეგ

განცხადების თანახმად, მედიაჰოლდინგ "რეპორტიორის" ჟურნალისტი მას პირადად არ დაუკავშირდა კომენტარის ასაღებად, პირდაპირ მივიდა მის სახლში და არაკეთილსინდისიერად მოიპოვა ინფორმაცია. მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის არაკეთილსინდისიერი მოპოვება) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
05.03.2021

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.