სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო სალომე კვირიკაშვილის, მარიამ ქრისტესიაშვილის, კესო ქარდავას და იაგო შაკაიას განცხადება, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ს გადაცემა “ღამის კურიერის” წამყვანების - დავით კაკულიას და ირაკლი იმნაიშვილის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში - “ღამის კურიერი” 2020 წლის 19 ნოემბერს გავიდა.

განმცხადებლების განმარტებით, გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებზე საუბრისას გამოიყენა ოჯახში ძალადობის შემთხვევის ანალოგია.

განმცხადებლების პოზიციით შედარება იყო შეუსაბამო და აძლიერებდა ოჯახური ძალადობის მიმართ საზოგადოებაში არსებულ არასწორ და სტიგმის შემცველ დამოკიდებულებებს. განმცხადებლები მიუთითებენ რომ წამყვანს არ დაუსვამს დამაზუსტებელი კითხვები და არც ნათქვამის განმარტება უთხოვია სტუმრისათვის. მათი აზრით, დარღვეულია ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
09.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადება “მთავარი არხის” ჟურნალისტის - ბექა ყორშიას წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური სიუჟეტი „მღვდლების ვნებანი”, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში - „მთავარი შაბათს მიშა სესიაშვილთან ერთად”, 2020 წლის 5 დეკემბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია, თითქოს, სექს-შოპმა მას საჩუქარი გადასცა, სიმართლეს არ შეესაბამება. მხარე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მხრიდან ამბის ამ ფორმით გაჟღერება დისკრიმინაციულია და ეფუძნება ცრუ ბრალდებებს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეხუთე - არაზუსტი ინფორმაციის შესწორება;
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
07.12.2020
ქარტიის პრიზი 2020-ის მოსაპოვებლად ნომინაციაში - ჟურნალისტური გამოძიება COVID-19-ზე, ნამუშევრების მიღების ვადა 8 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა:
  • უნდა წარმოადგინოს ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში
  • საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ვიდეო რეპორტაჟის და მულტიმედიის შემთხვევაში ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია
  • დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com
  • საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედ რომელიმე მედიასაშუალებაში.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 8 დეკემბერი 18:00 საათი.

გამარჯვებული გამოვლინდება 2020 წლის დეკემბერში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე.

ნამუშევრების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები:

  • თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
  • თხრობის სტილი და ტექნიკა
  • ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება
  • სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში ასევე დრამატურგია და ვიზუალური მხარე
  • ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
  • ინფორმაციის სიზუსტე
  • ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა
  • მხარეთა ბალანსი
  • სიძულვილის ენისა და შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/ გამოუყენებლობა

ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

პრიზი დაწესებულია IREX-ის M-TAG პროგრამის მიერ.
03.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, Commersant.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალაში ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაირღვა.

მის წინააღმდეგ ქარტიას გიორგი ნიორაძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი,“Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა” ვებგვერდზე 2020 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ ჟურნალისტურ პროდუქტში წარმოთქმული ბრალდებები კომპანიის არაკომპეტენტურობაზე, ხარჯების განკარგავასა თუ საქმიანობაზე უსაფუძვლო იყო და არანაირ მტკიცებულებებს არ ემყარებოდა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
02.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა ინფორმაციის სიზუსტის და პლაგიატის პრინციპები დაარღვია. მის წინააღმდეგ ქარტიას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ “აი ფაქტი ”მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი 2020 წლის 28 მაისს 9 საათიან გამოშვებაში გავიდა და მეუფე ანტონის საკუთრებაში არსებულ ქონებას ეხება.

განმცხადებელი უთითებდა რომ გამოშვებაში ჟურნალისტმა დაუშვა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა შემდეგ გარემოებებთან დაკავშირებით:

  • რა უფლებით ჰქონდა გადაცემული მეუფე ანტონს მიწა ბაღდადში;
  • რამდენ კვადრატულ რეგისტრირებულ მიწას ფლობს ვარციხეში და რას წარმოადგენს ეს ტერიტორია;
  • რამდენ კვადრატულ ბინას ფლობს თბილისში;
  • ვანში მეუფე ანტონის ინიციატივით გახსნილია ევროკლუბი თუ გიმნაზია
მხარე ასევე დავობდა მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპზე, მაგრამ საბჭოს ან ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
02.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ და ჟურნალისტმა ლაშა ნაკაიძემ პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპები დაარღვიეს.

ჟურნალისტების წინააღმდეგ ქარტიას სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი “დედა-შვილი სიღარიბის გამო დააშორეს, ბავშვს 25 აგვისტოს გააშვილებენ” - მთავარი არხის ეთერში, გადაცემა "Post Factum"-ში, 2020 წლის 09 აგვისტოს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია თითქოს სოციალური მუშაკები უშვილო ოჯახებთან იყვნენ გარიგებული და არსებობდა ე.წ. ბავშვების გაყიდვის სქემა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სოციალური მუშაკის როლის ისე წარმოჩენით კი, თითქოს “ბავშვების ჩამორთმევაა” იყო მათი მოვალეობა, ხდებოდა ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების დისკრედიტაცია.

მხარე ასევე დავობდა მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებზე, მაგრამ საბჭოს ან ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
02.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველზე გასულ სიუჟეტში ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაირღვა.

არხის წინააღმდეგ ქარტიას სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 31 ივლისს გავიდა და არასრულწლოვანზე მშობლის უფლების ჩამორთვას ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული არაერთი დეტალი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. არასწორად იყო გამოყენებული ტერმინი, სოციალური აგენტი, სოციალური მუშაკის ნაცვლად, ნეგატიურად იყო წარმოჩენილი მისი როლი, რაც ახდენდა ამ პროფესიის ადამიანებისადმი ნდობის დაკარგვას და დისკრედიტაციას.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპებზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
02.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის ჟურნალისტმა თათია წოწონავამ ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 19 სექტემბერს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ ეთერში გასული მასალა შეიცავდა ბრალდებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მიკერძოებულობაზე, მისივე განმარტებით, ერთ-ერთი კომისიის წევრი შეცდომით ჰყავდათ დასახელებული, სიუჟეტში ნაჩვენები ფოტო კი მანიპულაციური იყო და არასწორ წარმოდგენას ქმნიდა მაყურებელში.

მხარე ასევე დავობდა მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
01.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტებმა ეკატერინე მაღრაძემ და ნინო ელიკაშვილმა ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 2 ივლისს გავიდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საწვავში დახარჯულ თანხებს ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცესკო შეძენილი მანქანების ოდენობითა და დახარჯული საწვავის ლიმიტის გადაჭარბებაში ლიდერია, IDFI-ის კვლევაში არ არის მოხსენიებული და ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

მხარე ასევე დავობდა მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
01.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება;
  • მედიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
ძირითადი მოვალეობები:
  • ქარტიის აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • საორგანიზაციო ხასიათის დოკუმენტაციის შექმნა და მისი სათანადო წესით შენახვა;
  • დირექტორის დახმარება სხვადასხვა პლატფორმებთან და ქსელებთან ეფექტურ კომუნიკაციაში;
  • ქარტიის სამუშაოსთან დაკავშირებული დირექტორის დავალებების შესრულება.
ანაზღაურება: 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (დარიცხული).

კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
  • CV;
  • სამოტივაციო წერილი თუ რატომ სურს აღნიშნული პოზიციის დაკავება.
შერჩევის პროცედურა:
განაცხადების მიღების დასრულებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, გასაუბრების ეტაპისთვის არჩევს კანდიდატებს და ატარებს გასაუბრებას ინდივიდუალურად.

განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ethicscharter@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ: დირექტორის თანაშემწის კონკურსი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 9 დეკემბერი.
01.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია), მეხუთე (შესწორება) მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას არასამთავრობო ორგანიზაცია “ფემინამ” მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 18 ივნისს გავიდა და საქართველოს ერთ - ერთ რეგიონში ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია არ ეყრდნობოდა ოფიციალურ წყაროებს და გაჟღერებული იყო იმ პირების კომენტარები, რომელთაც არ შეეძლოთ ინფორმაციის უტყუარობის დადასტურება. განმცხადებელი თვლიდა, რომ სიუჟეტის შინაარსი ისე იყო წარმოდგენილი, რომ დედა პირდაპირ დადანაშაულებული იყო ბავშვისმკვლელობაში. სიტუაციის მსგავსი ფორმით გადმოცემა, ქალს კიდე უფრო მოწყვლადს ხდიდა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
01.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო ფირუზ ბოლქვაძის განცხადება TV 25-ის ჟურნალისტის - თეონა ფუტკარაძის და რედაქტორის სულხან მესხიძის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი "აჭარის მაუწყებლზე მეტწილად ხელისუფლების მაქებარი გადაცემები შემორჩა" ტელეკომპანიის ეთერში, , 2020 წლის 16 ოქტომბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია, აჭარის ტელევიზიაში კონკრეტული გადაცემების დახურვასა თუ შეჩერებასთან, ასევე მათი გასვლის რაოდენობასთან თუ ქრონომეტრაჟთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. მხარე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ რედაქტორის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ზეწოლის გამო გააკეთა სიუჟეტი ამ იმ ფორმით, რა ფორმითაც გავიდა ეთერში.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
  • მეორე- ჟურნალისტის იძულება
  • მეხუთე - შესწორება
  • მეთერთმეტე- ფაქტის განზრახ დამახინჯება

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები
26.11.2020

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.