სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ქალთა ინიციატივების მხარდამჭერის ჯგუფის (WISG) განცხადება კომედი არხის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “სიცილის ზონა” , 2020 წლის 12 ნოემბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, გადაცემაში გავიდა ე.წ.“სკეჩი”, რომლის თემა იყო გაუპატიურება. მხარე მიიჩნევს, რომ თემა ისეთი ფორმით არის წარმოჩენილი, რომ ახდენს გაუპატიურების და მსგავსი ძალადობრივი ქმედების ნორმალიზებას. ასევე ხელს უწყობს ძალადობის მსხვერპლი ადამ იანების რეტრავმირებას და მათ დისკრიმინაციას.

განმცხადებელი დავობს დისკრიმინაციის (მეშვიდე) პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
26.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მარიამ არველაძის განცხადება ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტის - ქეთი შერგელაშვილის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი “ლელოს“ არარეალური შემომწირველები” ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ნამდვილი ამბები” , 2020 წლის 14 ოქტომბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია პოლიტიკური პარტია “ლელოსადმი” შემოწირულობების შესახებ არასწორია და როგორც მხარე განმარტავს, ჟურნალისტმა განზრახ გაავრცელა ფაქტები არასწორი ინტერპრეტაციით.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
26.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 28 ნოემბერს 6 საქმეს ონლაინ განიხილავს:

1.12:00 საათზე - გიორგი ნიორაძე commersant.ge-ს წინააღმდეგ

განცხადების თანახმად, ჟურნალისტურ პროდუქტში წარმოთქმული ბრალდებები კომპანიის არაკომპეტენტურობაზე, ხარჯების განკარგავასა თუ საქმიანობაზე უსაფუძვლოა და არანაირ მტკიცებულებებს არ ემყარება. მხარე თვლის, რომ დარღვეულია, ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

2.13:00 საათზე - ცენტრალური საარჩევნო კომისია - ეკო მაღრაძის და ნინო ელიკაშვილის წინააღმდეგ

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცესკო შეძენილი მანქანების ოდენობითა და დახარჯული საწვავის ლიმიტის გადაჭარბებაში ლიდერია, IDFI-ის კვლევაში არ არის მოხსენიებული და ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. მხარე თვლის, რომ დარღვეულია, ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (წყაროს დადასტურება) პრინციპები.

3.14:00 საათზე - ცენტრალური საარჩევნო კომისია - მიხეილ სესიაშვილის და თათია წოწონავას წინააღმდეგ

განმცხადებლის განმარტებით, ეთერში გასული მასალა შეიცავს ბრალდებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მიკერძოებულობაზე, მისივე განმარტებით, ერთ-ერთი კომისიის წევრი შეცდომით ჰყავთ დასახელებული, სიუჟეტში ნაჩვენები ფოტო კი მანიპულაციურია და არასწორ წარმოდგენას ქმნის მაყურებელში. განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ინფორმაციის სიზუსტისა (პირველი) და წყაროს დადასტურების (მესამე) პრინციპები.

4.15:00 საათზე - ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანება TV პირველის წინააღმდეგ

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული არაერთი დეტალი სიმართლეს არ შეესაბამება. სიუჟეტში არასწორად იყო გამოყენებული ტერმინი, სოციალური აგენტი, სოციალური მუშაკის ნაცვლად, ნეგატიურად იყო წარმოჩენილი მისი როლი, რაც ახდენდა ამ პროფესიის ადამიანებისადმი ნდობის დაკარგვას და დისკრედიტაციას. მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები.

5.16:00 საათზე - ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანება გიორგი გაბუნიას და ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია თითქოს სოციალური მუშაკები უშვილო ოჯახებთან არიან გარიგებული და არსებობს ე.წ. ბავშვების გაყიდვის სქემა სიმართლეს არ შეესაბამება. სოციალური მუშაკის როლის ისე წარმოჩენით კი, თითქოს “ბავშვების ჩამორთმევაა” მათი მოვალეობა, ხდება ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების დისკრედიტაცია. Მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

6.17:00 საათზე - არასამთავრობო ორგანიზაცია “ფემინა” გიორგი ახალკაცის წინააღმდეგ

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია მომხდარის შესახებ არ ეყრდნობა ოფიციალურ წყაროებს და გაჟღერებულია გარე პირების კომენტარები, რომელთაც არ შეუძლიათ ინფორმაციის უტყუარობის დადასტურება. განმცხადებელი თვლის, რომ სიუჟეტის შინაარსი ისეა წარმოდგენილი, რომ ქალი პირდაპირ დადანაშაულებულია შვილის მკვლელობაში და არ ითვალისწინებენ მის მძიმე ფსიქოლოგიურ ფონს. სიტუაციის მსგავსი ფორმით გადმოცემა, ქალს კიდე უფრო მოწყვლადს ხდის. მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე( შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა zoom-ის მეშვეობით.
25.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი არხის ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას შპს "სფერო ჰოლდინგმა" მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი “მოტყუებული მომხმარებლები”, ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 6 სექტემბერს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა რომ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია შეიცავდა არასწორ ინფორმაციას და მასში არ იყო ასახული ადრესატის, შპს “სფერო ჰოლდინგის”, პოზიცია.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
17.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას მანუჩარ კუკავამ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 31 ივლისს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა რომ სიუჟეტში აჩვენეს სოციალური ქსელიდან ამოღებული მისი, როგორც იმ პირის ფოტო, რომელიც დააკავეს მძიმე დანაშაულის ბრალდებით, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ეს მოგვიანებით ტელევიზიამაც აღიარა.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის კეთილსინდისიერად მოპოვება), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მეექვსე (კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ პრინციპებზე დარღვევა არ დაუდგენია.
ქარტიის მე-5 პრინციპთან დაკავშირებით საბჭოს ერთმა წევრმა გამოთქვა განსხვავებული აზრი, რომელიც სამოტივაციო ნაწილთან ერთად მოგვიანებით გამოქვეყნდება.
17.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს განაცხადების მიღებას „ქარტიის პრიზი 2020-ის" მოსაპოვებლად. ყოველწლიური კონკურსის მიზანია პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების და ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელის შეწყობა.


კონკურსი ცხადდება შემდეგ რვა ნომინაციაში:


• ვიდეორეპორტაჟი
• მულტიმედია პროექტი (1 მასალა ან სერია)
• სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
ჟურნალისტური გამოძიება
• ვიდეორეპორტაჟი COVID-19-ზე
• მულტიმედია პროექტი COVID-19-ზე (1 მასალა ან სერია)
• სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში COVID-19-ზე
• ჟურნალისტური გამოძიება COVID-19-ზე

პირველ ოთხ კატეგორიაში პრიზი გაიცემა აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო COVID-19-ის საკითხებზე პრიზი დაწესებულია IREX-ის M-TAG პროგრამის მიერ.

გამარჯვებულებს შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური.

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:

• მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში.
• საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას.
• მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ვიდეო რეპორტაჟის და მულტიმედიის შემთხვევაში ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
• მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია
• დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com
• თითოეულ აპლიკანტს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ერთ ნომინაციაში.
• საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედ რომელიმე მედიასაშუალებაში.
• საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 ნოემბერი, 18.00 საათი.

გამარჯვებული გამოვლინდება 2020 წლის დეკემბერში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე.

ნამუშევრების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები:

• თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
• თხრობის სტილი და ტექნიკა
• ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება
• სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში ასევე დრამატურგია და ვიზუალური მხარე
• ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
• ინფორმაციის სიზუსტე
• ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა
• მხარეთა ბალანსი
• სიძულვილის ენისა და შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/ გამოუყენებლობა

ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
16.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო შპს ,,ბევრილი ჯგუფის“ განცხადება TV პირველის წამყვანის ნოდარ მელაძისა და ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, საავტორო გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” 2020 წლის 24 ოქტომბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, ეთერში გასული მასალა შეიცავს უსაფუძვლო ბრალდებებს ,,ბევრილი ჯგუფის“ მიმართ და გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

განმცხადებელი დავობს ქარტიის ინფორმაციის სიზუსტის (პირველი), შესწორების (მეხუთე) და ფაქტის განზრახ დამახინჯების (მეთერთმეტე) პრინციპების დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
12.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მედიას მიზანმიმართულად უშლის ხელს, რომ დროულად, სრულფასოვნად და მრავალმხრივ  მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია.

საზოგადოებას უფლება აქვს ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება კრიტიკულად დაძაბულია.
 
2020 წლის 31 ოქტომბერის არჩევნების კენჭისყრის დღიდან მოყოლებული მედიის წარმომადგენლებს არაერთხელ შეეშალათ ხელი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას.
 
კენჭისყრის დღეს, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მობილიზებული აქტივისტების მხრიდან შეინიშნებოდა აგრესია მედიის მისამართით, დაფიქსირდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც. დღის განმავლობაში მაღალი თანამდებობის პირები თავისი განცხადებებით ახალისებდნენ ამ აგრესიას.

2020 წლის 8 ნოემბერს კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალის შედეგად, სხეულის დაზიუანება მიიღო 4-მა ჟურნალისტმა. დაშავდნენ სხვა რეპორტიორებიც, დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკაც. აქციის დაშლისას წყლის ჭავლს დამიზნებით უშენდნენ მედიის წარმომადგენლებს. 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის ცდილობდა ყურადღების გარეშე არ დაეტოვებინა ჟურნალისტთა დევნისა და საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის თითოეული ფაქტი და ყოველთვის მიმართავდა საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა ყველა ეს მცდელობა რჩებოდა რეაგირების გარეშე, ისევე როგორც რეაგირების გარეშე დარჩა 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას 40-მდე ჟურნალისტის დაშავებისა და დაზიანების ფაქტი. ასეთმა მიდგომამ კიდევ უფრო წაახალისა ძალადობა. 
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოგმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,  ასევე საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, რომ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ერთად დავიცვათ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და შევქმნათ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. 
 
09.11.2020
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები უარყოფითად ვაფასებთ 2020 წლის 08 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებს. რასაც მოჰყვა როგორც აქციის მონაწილეთა, ისე ჟურნალისტების მნიშვნელოვანი დაზიანება.

ამ დროისათვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაშავდნენ გადამღები ჯგუფები და დაზიანდა მედია ორგანიზაციების კუთვნილი ტექნიკა. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ წყლის ჭავლს, რომლითაც პერიოდულად აქციის დაშლას ცდილობდნენ, დამიზნებით უშენდნენ მედიის წარმომადგენლებსაც. ჟურნალისტები და ოპერატორები სწორედ წყლის ჭავლმა დააზიანა. მათი ნაწილი, წყლის წნევის გამო, გადაღების მანქანებიდანაც გადმოვარდა:
1. აქციის გაშუქებისას "ტელეკომპანია პირველის" ოპერატორს პავლე ხაჩიძეს თვალი დაუზიანდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
2. წყლის ჭავლით დასველდა და ამ მდგომარეობაში მუშაობის გაგრძელების შემდეგ გონება დაკარგა ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორმა გიორგი ჯაფარიძემ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.
3. დაშავდა ამავე არხის ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი, რომელიც წყლის ჭავლის წნევამ მიკროავტობუსიდან გადმოაგდო.
4. აქციის გაშუქებისას დაშავდა „რადიო თავისუფლების“ ორი გადამღები ჯგუფი. წყლის ჭავლმა დააზიანა მედიასაშუალების კამერა.
5. ფოტოკამერა დაუზიანდა OC MEDIA-ს თანადამფუძნებელ, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, მის კამერას სავარაუდოდ ქვა მოხვდა.
6. ტექნიკა დაუზიანდა "რუსთავი 2-საც". მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო ოპერატორმაც.
7. წყლის ჭავლისგან მობილური ტელეფონი დაუზიანდა „გურიანიუსის“ ჟურნალისტს მერაბ ცაავას.
8. წყლის ჭავლის დამიზნებით სროლაზე საუბრობს JRC-ის ჟურნალისტი გიგა აბულაძე, რომელიც ასევე დაშავდა წყლის ჭავლისგან მუშაობის პროცესში. როგორც იგი ამბობს, აქვს თვალების წვის შეგრძნება და ცრემლდენა.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ შეახსენებს მმართველ გუნდს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა პატივი სცეს მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების უფლებას, ამასთან განსაკუთრებული ვალდებულებაა არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებობა მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ 2020 წლის 08 ნოემბერს მომხდარი მოვლენების გამო უნდა დადგეს სათანადო პასუხისმგებლობა და მედიას უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

ამასთანავე, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოხატავს მზადყოფნას ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გაუწიოს უფასო იურიდიული მომსახურება.
09.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, Alia.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალაში ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები დაირღვა.

მედიასაშუალების წინააღმდეგ ქარტიას არასამთავრობო ორგანიზაცია “ფემინამ” მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი - “სანამ დედა საყვარელთან ერთად სასტუმროში იყო, 3 წლის ბავშვი მანქანაში გაიგუდა?” – საზარელი ტრაგედია რუსთავში” ვებგვერდზე 2020 წლის 20 ივლისს გამოქვეყნდა.

განმცხადებელი განმარტავდა რომ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია, არასრულწლოვანის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამებოდა. გარდა ამისა, მხარე აღნიშნავდა, რომ სტატიაში დედის პირადი ცხოვრების დეტალებზე ხაზგასმით იკვეთებოდა პათოსი ტრაგედიაში ქალის დანაშაულის შესახებ და იგრძნობოდა მის მიმართ შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული დამოკიდებულება.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
06.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერის ჯგუფის” განცხადება რუსთავი2-ს, გადაცემა “პროფილის” წამყვანის მაია ასათიანის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ეთერში 2020 წლის 22 ოქტომბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, გასულ გადაცემაში გადაცემის წამყვანმა ხელი შეუწყო ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და მათდამი არსებული სტიგმის გაძლიერებას.

განმცხადებელი დავობს დისკრიმინაციის წახალისების (მეშვიდე) პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
04.11.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო სამოქალაქო პლატფორმა 20/20 განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის ხატია ქვათაძის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური სიუჟეტი “თავდასხმა საქართველოს ბანკის ფილიალზე” ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში “ქრონიკა” 2020 წლის 21 ოქტომბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ირაკლი კვარაცხელიას მჭიდრო კავშირი აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან მისდამი აღრმავებს ნეგატიურ განწყობებს, ახალისებს დისკრიმინაციის მის მიმართ და ქმნის მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს.

განმცხადებელი დავობს დისკრიმინაციის წახალისების (მეშვიდე) პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
04.11.2020

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.