სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანების განცხადება TV პირველის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 31 ივლისს გავიდა და არასრულწლოვანზე მშობლის უფლების ჩამორთვას ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული არაერთი დეტალი სიმართლეს არ შეესაბამება. სიუჟეტში არასწორად იყო გამოყენებული ტერმინი, სოციალური აგენტი, სოციალური მუშაკის ნაცვლად, ნეგატიურად იყო წარმოჩენილი მისი როლი, რაც ახდენდა ამ პროფესიის ადამიანებისადმი ნდობის დაკარგვას და დისკრედიტაციას. მხარე მიიჩნევს, რომ სიუჟეტის მსგავსი ფორმით გაშვებით ირღვევა ქარტიის პირველი, ინფორმაციის სიზუსტის და მეშვიდე, დისკრიმიანციის პრინციპი, ხოლო სოციალური მუშაკის სახელისა და გვარის გასაჯაროვებით დაირღვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპიც.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები..
20.08.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მანუჩარ კუკავას განცხადება TV პირველის ჟურნალისტის პაპუნა შუშანიას წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 31 ივლისს გავიდა. განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში აჩვენეს სოციალური ქსელიდან ამოღებული მისი, როგორც  იმ პირის ფოტო, რომელიც დააკავეს მძიმე დანაშაულის ბრალდებით, რაც მისი პოზიციით სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ეს მოგვიანებით ტელევიზიამაც აღიარა.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი წყარო;
  • მეხუთე - არაზუსტი ინფრომაციის შესწორება;
  • მეექვსე - კონფიდენციალური წყაროს გაუმჟღავნებლობა;
  • მეათე -პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
20.08.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ნანუკა ჟორჟოლიანმა დისკრიმინაციის წახალისების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას კავშირმა “საფარმა”, გრიგოლ ჩიქოვანმა და ნინო ჩიქოვანმა მომართეს. მხარეები სადავოდ ხდიდნენ მთავარ არხზე, 2020 წლის 11 მარტს გასულ გადაცემას “ნანუკას შოუს”, რომელიც ხაშურში 05 მარტს მომხდარ შემთხვევას - ყოფილი ქმრის მიერ, ცოლის ცივი იარაღით დაჭრას ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტის მიერ გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა (დანაშაულში ბრალდებული მამაკაცის დედამ) ისაუბრა მსხვერპლის ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე, პიროვნულ მახასიათებლებსა და ქცევებზე. შეინიშნებოდა სტერეოტიპების წამახალისებელი ტენდენცია და ხდებოდა არა მხოლოდ ქალის, არამედ ბავშვის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროვებაც.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
11.08.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით მაია მამულაშვილს და სალომე უერთაშვილს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვის უფლებები) პრინციპები არ დაურღვევიათ.

მის წინააღმდეგ ქარტიას ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ მომართა. მხარე სადავოდ ხდიდა, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, 2020 წლის 11 მაისს გასულ გადაცემას, რომელიც არასრულწლოვანს ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში არასრულწლოვანის ბავშვთა სახლში გადაყვანის შესახებ არასწორი და შესაბამის ორგანოსთან გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა. ამასთან, ჟურნალისტმა არასწორად გამოიყენა ტერმინი, სოციალური მუშაკის ნაცვლად - სოციალური აგენტი და არასწორად წარმოაჩინა მისი უფლება-მოვალეობები.

მხარე ასევე უთითებდა, რომ მოხდა არასრულწლოვანის იდენტიფიცირება მისი სახელისა და გვარის გაჟღერებით.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
11.08.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო კონსტანტინე ყიფიანის განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის ცოტნე გეგეჭკორის და POSTV-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.

ორივე სადავო ჟურნალისტური პროდუქტი იდენტურ თემას - ბაჩალიაშვილის საქმის მედია გაშუქებას ეხებოდა.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეოთხე - კეთილსინდისიერი მეთოდები;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
03.08.2020
2020 წლის 30 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა მაუწყებლის სამი თანამშრომელი. მათ შორის არიან, ალტერნატიული პროფკავშირის დამფუძნებლები- შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი და გადაცემა„ჰეშთეგის“ ავტორი გიორგი მურვანიძე, შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი ბაჩო გურაბანიძე. ასევე გათავისუფლებულია მემონტაჟე გუგა ქადიძე.
31.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია.

დღეს, 30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე.

ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე ალტერნატიული პროფკავშირების აქტიური წევრები და 26 ივნისს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი გათავისუფლებას მათ აქტივობებს უკავშირებენ.

ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს.

ქარტია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით.
30.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო არასამთავრობო ორგანიზაცია “ფემინას” განცხადება გაზეთ “ალიას” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.

სადავო სტატია “სანამ დედა საყვარელთან ერთად სასტუმროში იყო, 3 წლის ბავშვი მანქანაში გაიგუდა?-საზარელი ტრაგედია რუსთავში”, გამოცემის ვებგვერდზე 2020 წლის 20 ივლისს გამოქვეყნდა.

განმცხადებლის განმარტებით, სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია, არასრულწლოვანის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, მხარე აღნიშნავს,რომ სტატიაში დედის პირადი ცხოვრების დეტალებზე ხაზგასმით იკვეთება პათოსი, ტრაგედიაში ქალის დანაშაულის შესახებ და იგრძნობა მის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება.

განმცხადებელი გაზეთ “ალიას” ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევას ედავება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
29.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება TV პირველის ჟურნალისტების ეკატერინე მაღრაძის და ნინო ელიკაშვილის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 2 ივლისს გავიდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საწვავში დახარჯულ თანხებს ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცესკო შეძენილი მანქანების ოდენობითა და დახარჯული საწვავის ლიმიტის გადაჭარბებაში ლიდერია, IDFI-ის კვლევაში არ არის მოხსენიებული და ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

განმცხადებელი დავობს ინფორმაციის სიზუსტისა და და წყაროს დადასტურების პრინციპების დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
29.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ იმ კონკრეტული მედიკამენტების დასახელებისგან, რაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ფიგურირებს.
26.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია. 
 
მის წინააღმდეგ ქარტიას ნათია რუხაიამ მომართა. მხარე სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი, შესაძლოა, ავთანდილ ბილანიშვილი ყოფილიყო.
 
მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.
 
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
 
 
24.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ილია წულაიას და შპს ბაკურიანი რიზორტის განცხადებები TV პირველის ჟურნალისტის ინა ცარციძის წინააღმდეგ.

ორივე განმცხადებელმა ქარტიას იდენტურ სიუჟეტზე მომართა, რომელიც ბაკურიანში დაგეგმილ მშენებლობას ეხება.

განმცხადებლების განმარტებით, სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია შპს “ბაკურიან რიზორტის” საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემასთან, მწვანე საფარის განადგურებასთან, მაღასართულიანი ბინების მშენებლობასთან და ამ თემასთან დაკავშირებით, ეთერით გაჟღერებული სხვა საკითხები სიმართლეს არ შეესაბამება.

განმცხადებლები დავობენ ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეორე - ჟურნალისტის იძულების დაუშვებლობა;
  • მეხუთე - არაზუსტი ინფრომაციის შესწორება;
  • მეთერთმეტე- ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
21.07.2020

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.