სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ეკა ლატარიას განცხადება მთავარი არხის ჟურნალისტის - მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი: “პოლიციის მაღალჩინოსნის საიდუმლო ბიზნესი” 2020 წლის, 20 ივნისს, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “შაბათის მთავარი” გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია კომპანია „გლობალ ოილის“, ყულევის ტერმინალთან განმცხადებლის ოჯახის კავშირის და დეკლარაციაში მათ მიერ თანხის შეტანასთან დაკავშირებით სიცრუეა. მხარე თვლის, რომ ჟურნალისტმა მიზანმიმართულად შეცვალა კონტექსტი და დაამახინჯა ფაქტები.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
13.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, გადაცემა “ფარული კონვერტის” წამყვანმა ია ფარულავამ ქარტიის დისკრიმინაციის წახალისების პრინციპი დაარღვია. Სადავო გადაცემა 2020 წლის 29 ივნისს გავიდა ეთერში.

მის წინააღმდეგ ქარტიას არასამთავრობო ორგანიზაცია “ფემინამ”მომართა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემაში ლგბტქ თემის პრობლემა წარმოჩენილია როგორც გასართობი სანახაობა და მისი პრობლემები რეალურად უგულვებელყოფილია. სიუჟეტში გამოყენებული კადრები კი აღვივებს საზოგადოებაში ისედაც ჭარბად არსებულ ჰომოფობიურ განწყობებს და შეიცავს სიძულვილის ენას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
13.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, გადაცემა “პროფილის” წამყვანმა მაია ასათიანმა ქარტიის დისკრიმინაციის წახალისების პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას არასამთავრობო ორგანიზაცია “ფემინამ” და ანი მეზურნიშვილმა მომართეს. სადავო სიუჟეტი ეთერში 2020 წლის 11 ივნისს, გავიდა და  ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძის ოჯახს, კერძოდ ბიჭი შვილის შეძენას ეხებოდა.

განმცხადებლების განმარტავდნენ, რომ გადაცემის ამ ნაწილის მთავარი არსი ბიჭი შვილის ყოლის უპირატესობაზეა, გოგო შვილი კი მეორეხარისხოვნადაა შეფასებული. გენდერული ნიშნით არათანასწორი დამოკიდებულების გამოხატვა და მჩაგვრელი ფორმით გადაცემის ტირაჟირება ხელს უწყობს სოციუმში არსებული გენდერული სტერეოტიპების გამყარებას და დისკრიმინაციის წახალისებას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
13.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით kvira.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალებში ქარტიის პრინციპები დაირღვა.

განმცხადებელი სოფიო ხაჭაპურიძე მიიჩნევდა რომ ქარტიის პრინციპები დაირღვა kvira.ge-ზე გამოქვეყნებულ შემდეგ სტატიებში:

“ქაცარავა თვალით არც მინახავს” - ოკუპანტის მიერ დაკავებული გუნდიშვილი სამოქალაქო აქტივისტს ტყუილში ამხელს”, საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ მასალაში დაირღვა ინფორმაციის სიზუსტის, არასწორი ინფორმაციის შესწორების და ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპი.

ხოლო სტატიაში - “მაგათ უნდათ არეულობა” - საოკუპაციო ზოლთან ვაშაძის და ქაცარავას ჩასვლამ ადგილობრივები გააღიზიანა”, საბჭომ მიიჩნია რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის ინფორმაციის სიზუსტის და ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპების დარღვევას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
13.07.2020
9 ივლისს, სხვადასხვა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა იმ ახალგაზრდების  პირადი შინაარსის ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებიც უკავშირდებიან გიორგი შაქარაშვილის საქმეს. ქარტია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებით ჟურნალისტებმა დაარღვიეს ამ საქმეში მონაწილე პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
10.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 12 ივლისს შემდეგ საქმეებს განიხილავს:

1. 12:000 საათი - ნორა მუხაშავრია ნატო გოგელიას წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი ოზურგეთის მერიის მიერ ფსიქიატრიულ კაბინეტთან დადებულ ხელშეკრულებას ეხება.

განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია ოზურგეთში არსებული ფსიქოლოგიური კაბინეტის არარსებობის შესახებ. შეიჭრა მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში, უნებართვოდ ჩაწერა სიუჟეტი, გაასაჯაროვა და პატივი არ სცა სხვების ინტერესებს.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო); მეოთხე (ინფორმაციის კეთილსინდისიერად მოპოვება), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

2. 13:00 საათი - მაია გელაშვილი და ნუცა მაზანაშვილი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ

განმცხადებლის პოზიციით, 2020 წლის 26 მაისს, გიორგი გაბუნიას მიერ მონოლოგისას წარმოთქმული ფრაზა „თუ იცი, რომ გაუპატიურება გარდაუვალია, მოდუნდი და ეცადე მიიღო სიამოვნება” მნიშვნელობას უკარგავს და აუბრალოებს გაუპატიურების თემას, ასევე ეპითეტები, როგორიცაა „ბერწი“, გამოთქმა „შობე დარეჯან, შობე“ და სხვა, არის შეურაცხმყოფელი და აღრმავებს საზოგადოებაში ქალების საზოგადოებრივი როლის მიმართ არსებულ სტერეოტიპებს.

სადავო პრინციპი: მეშვიდე (დისკრიმინაცია)

3. 14:00 საათი - ანა ებანოიძე ბელა ზაქაიძის წინააღმდეგ

სიუჟეტი ეხება 2020 წლის 16 თებერვალს გუდაურში მომხდარ მკვლელობას. განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტი ეყრდნობა დაზარალებულის (გარდაცვლილის) ოჯახის ადვოკატისა და პროკურატურის მიერ მიწოდებულ ვიდეო მასალას, რომელიც სამართლებრივად არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ვინაიდან საქმე ჯერ ისევ საგამოძიებო სტადიაზეა და ჯერ არ მომხდარა აღნიშნული მასალის გადამოწმება და დამტკიცება სასამართლოს მიერ.

სადავო პრინციპი: პირველი (სიზუსტე)

4. 15:00 საათი - ანა ებანოიძე და მარიამ გაბრიჩიძე იმედის წინააღმდეგ

სადავო გადაცემა “მობილიქსი”, სანდრო გიორგვლიანისმკვლელობას, მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების აღსრულებასა და ამ ფაქტის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენას ეხება.

მხარის განმარტებით, სიუჟეტში ზუსტად და ობიექტურად არ არის აღწერილი საქმის დეტალები და ინფორმაცია მოდელირებულია, არის პროპაგანდისტული და ხელს უწყობს საქმეში მოქმედი პირების მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას.

სადავო პრინციპი: პირველი (სიზუსტე)

5. 16:00 საათი - კობა კუპრაშვილი მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი covid-19-თან დაკავშირებით გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევასა და ვირუსით გარდაცვალების პროცენტულ ოდენობას ეხება.

განმცხადებლის განმარტებით, ვიდეო მიმართვიდან, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა და ამ კვლევის შედეგს ეხებოდა, მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოიყენეს და დაამახინჯეს, ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა კი არ ჰქონია.

სადავო პრინციპები: პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის კეთილსინდისიერად მოპოვება), მეხუთე (შესწორება), მეთერთმეტე (ფაქტის ანზრახ დამახინჯება).
09.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით Primetime.ge-ის ჟურნალისტს მირიან ბოქოლიშვილს, ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთინსინდისიერი მეთოდები) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები არ დაურღვევია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ლევან ცალუღელაშვილმა მომართა. მხარე დავობდა, გამოცემის ვებგვერდზე 2020 წლის, 25 ივნისს, გამოქვეყნებულ მასალაზე: “როგორ დაიწყო დაპირისპირება? – გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი გარემოება.”

თავდაპირველად განმცხადებელი ასევე აღნიშნავდა რომ მედია საშუალების მიერ დარღვეული იყო პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება) პრინციპებიც, მაგრამ მას შემდეგ რაც primetiime.ge სტატია შეასწორა, განმცხადებლმა აღნიშნული პრინციპები მოხსნა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
09.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით Resonancedaily-ზე გამოქვეყნებულ მასალაში დისკრიმინაციის და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები დარღვეულია.

გამოცემის წინააღმდეგ ქარტიას ორგანიზაცია “ფემინამ” მომართა. მხარე დავობდა Resonancedaily-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულაზე სტატიაზე, რომელიც ეხებოდა იმ გოგონას რომლის დაბადების დღესაც ესწრებოდა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი.

განმცხადებელი განმარტავდა,რომ ჟურნალისტური პროდუქტი დისკრიმინაციული იყო გენდერული ნიშნით, სტატიის მთელი შინაარსი ლაიტმოტივად ატარებს იმ დამადანაშაულებელ ტონს, რომელიც მკითხველს უღვივებს აგრესიას მდედრობითი სქესის წარმომადგენლის, როგორც დანაშაულის მაპროვოცირებელი პირისადმი. ასევე სტატია ხელს უწყობდა გოგონას მიმართ სიძულვილის ენის გაღვივებას. განმცხადებელი აღნიშნავდა რომ , გოგონას შესახებ დეტალების გასაჯაროვებით, გამოცემა უხეშად ჩაერია მის პირად ცხოვრებაში.

განმცხადებელი დავობდა ქარტიის მეოთხე პრინციპზეც, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
09.07.2020
ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს და მისი მიღება უდიდეს ზიანს მიაყენებს მედიაგარემოს.
07.07.2020
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით „გაზეთი ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობებს და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ.
06.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით TV პირველის ჟურნალისტმა ანა ახალაიამ ქარტიის მერვე (ბავშვის უფლებები) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მომართა. სადავო იყო ტელეკომპანიის ეთერში, გამოშვება “პირველებში” გასული სიუჟეტი. განმცხადებელი განმარტავდა, რომ ჟურნალისტი სიუჟეტის მომზადებისას ესაუბრა იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ მომხდარ ფაქტს, მეორეს მხრივ კი სიუჟეტიდან არ დგინდება, რომ ჟურნალისტს კომენტარის ჩასაწერად ჰქონდა მშობლის ან სხვა, არასრულწლოვანზე პასუხისმგებელი პირის ნებართვა. გარდა ამისა, მხარე აღნიშნავდა , რომ ისეთი ფაქტების გახსენება, როგორიცაა ჩვილის მკვლელობა, ნეგატიურად აისახებოდა არასწრულწლოვანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
03.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ ინფორმაციის სიზუსტის, არასწორი ინფორმაციის შესწორების და ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას კომპანია “უსფ ბრიტანია კონსტრაქშენმა” მომართა. მხარე დავობდა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში, 2020 წლის 27 მარტს გასულ სიუჟეტზე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ “უსფ ბრიტანია ქონსთრაქშენთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასა და ქ. თბილისში, გულუას ქ.#8-ში მდებარე შენობის რემონტს ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ ჟურნალისტმა დამალა სწორი ინფორმაცია, მის ხელთ არსებული ფაქტები და არ მისცა შესაძლებლობა გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებზე გაეცა შესაბამისი პასუხი, რითაც შეცდომაში შეიყვანა მაყურებელი.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
03.07.2020

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.