სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის დაუშვებელია, რომ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ერეოდნენ მედიის საქმიანობაში და აფასებდნენ მომზადებული მასალის შინაარსს. 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ ჩვენი კანონმდებლობით მედიის მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე მსჯელობა არის თვითრეგულირების მექანიზმის პრეროგატივა და დაუშვებელია, რომ ეს ფუნქცია შეასრულოს ხელისუფლების რომელიმე შტომ.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება  ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტზე, რომელსაც სუს-ი საკუთარ განცხადებაში დეზინფორმაციულს უწოდებს. გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი თავისი განჩინებით ტელეკომპანიისგან გამოითხოვა როგორც ეთერში გასული სიუჟეტები, ასევე სრული და დაუმონტაჟებელი მასალა. ყველა ეს ქმედება არის მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის სახიფათო პრეცედენტი.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება და საქალაქო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კონკრეტული მედიასაშუალების, ასევე მთლიანად მედიაგარემოს გაკონტროლების მცდელობას, რაც სახიფათო და დამაზიანებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.  

 

 

 

 

 

02.07.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “იმედის”, წამყვანებმა რუსა შელიამ და ვაკა გორგილაძემ ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვიეს.

მის წინააღმდეგ ქარტიას ლევან ქათამაძემ მომართა. მხარე დავობდა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “არენაში” 2020 წლის 11 თებერვალს გასულ სიუჟეტზე, რომელიც ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებს და Fake news-ებს ეხება. მხარის განმარტებით, fake news-ებთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის დაუკავშირდა ჟურნალისტი, მას, როგორც საიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს და მისი კომენტარი ჩაწერა შეთანხმების გარეშე. განმცხადებელს მიაჩნდა, რომ ტელევიზიით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია ლევან ქათამაძესთან დაკავშირებით, კერძოდ, მის პასუხს მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსიდისიერი მეთოდები) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპებზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
01.07.2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გავრცელებული ინფორმაციით ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტზე დაწყებულია გამოძიება. განცხადებაში სუს-ი სიუჟეტს დეზინფორმაციულს უწოდებს, ხოლო ქმედებას - საბოტაჟს.

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ტელეკომპანია “მთავარის” მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება, წარმოადგენს უმწვავეს, არათანაზომიერ რეაგირებას და მედიის თავისუფლებაში ჩარევის ძალზედ სახიფათო პრეცედენტს.
26.06.2020
კოალიცია „მედიის ადოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით ქალაქ თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინიციატივას შექმნას ახალი პლატფორმა მედიაკრიტიკისათვის და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად.
25.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო გიორგი ახვლედიანის განცხადება TV პირველის ჟურნალისტების - ნოდარ მელაძის და ეკო მაღრაძის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი „ქართული ოცნების გარე სპიკერების ინსტიტუტთან“ დაკავშირებით, TV პირველზე, 2020 წლის 30 მაისს, “ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში საუბარი იყო ოცნების იმ მხარდამჭერებზე, რომლებიც პარტია “ქართული ოცნების” საქმიანობის პროპაგანდისთვის ფულს იღებენ, ჩამოთვლილთა სიაში კი მოხვდა მისი იდენტური სახელისა და გვარის მქონე ადამიანი. მხარე განმარტავს, რომ ეს დოკუმენტები ნაბეჭდი სახით იყო და არც ბეჭდით და არც ხელმოწერით მისი ნამდვილობა არ დასტურდებოდა.

მხარე დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი (ინფორმაციის სიზუსტე);
  • მესამე (დადასტურებული წყარო);
  • მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების სამართლიანი მეთოდები);
  • მეხუთე (შესწორება).

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
23.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო უჩა ზაქაშვილის, მერაბ კახიანის და ჯამბულ ბახტაძის განცხადება მთავარი არხის ჟურნალისტის - ნინო კეკელიას წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი “ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს სამართლებრივ სისტემაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს” ტელეკომპანია “მთავარის” ვებგვერდზე 2020 წლის 12 ივნისს გამოქვეყნდა.

განმცხადებლების განმარტებით, სიუჟეტში მათდამი გაჟღერებული ბრალდება ფულის გამოძალვის შესახებ უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება. მხარე ამბობს რომ ჟურნალისტი მასალის მომზადებისას მათ არ დაკავშირებია და აუდიტორიას მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია გააცნო.

განმცხადებლები ჟურნალისტს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევას ედავებიან.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
23.06.2020
2020 წლის 21 ივნისს, ტელეკომპანია ,,მთავარის" პროგრამა PostFactum-ში გავიდა სიუჟეტი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე.

სიუჟეტში აჩვენეს კადრები პორნოგრაფიული მასალიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეეცადნენ ბავშვთა სახეების დაფარვას, ვფიქრობთ, გარკვეული პირებისთვის შესაძლებელი გახდა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება.
22.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება TV პირველის ჟურნალისტის - ანა ახალაიას წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი "მოკლული და ქუჩაში გადაგდებული ჩვილი", TV პირველზე, გამოშვება “პირველებში”, 2020 წლის 2 ივნისს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტი სიუჟეტის მომზადებისას ესაუბრა იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ მომხდარ ფაქტს. სიუჟეტიდან არ დგინდება, რომ ჟურნალისტს კომენტარის ჩასაწერად ჰქონდა მშობლის ან სხვა, არასრულწლოვანზე პასუხისმგებელი პირის ნებართვა. გარდა ამისა, მხარე ხაზს უსვამს, რომ ისეთი ფაქტების გახსენება, როგორიცაა ჩვილის მკვლელობა, ნეგატიურად აისახებოდა არასწრულწლოვანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მხარე დავობს ქარტიის მერვე პრინციპის დარღვევაზე, რომლის მიხედვითაც:

”ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.”

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
22.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო არასამთავრობო ორგანიზაცია “ფემინას” და ანი მეზურნიშვილის განცხადებები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პროფილის” წამყვანის მაია ასათიანის წინააღმდეგ.

ორივე განმცხადებელმა ქარტიას იდენტურ ჟურნალისტურ პროდუქტზე, თოქ-შოუ“ პროფილზე” მომართა, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 11 ივნისს გავიდა. მხარეები ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის ოჯახთან დაკავშირებულ მონაკვეთზე დავობენ.

განმცხადებლების განმარტებით, გადაცემის ამ ნაწილის მთავარი არსი ბიჭი შვილის ყოლის უპირატესობაზეა, გოგო შვილის ყოლა კი მეორეხარისხოვანადაა შეფასებული და გადაცემას ლაიტმოტივად გასდევს მამრობითი სქესის აღმატებულობის პათოსი. მხარეების აზრით, გენდერული ნიშნით არათანასწორი დამოკიდებულების გამოხატვა და მჩაგვრელი ფორმით გადაცემის ტირაჟირება ხელს უწყობს სოციუმში არსებული გენდერული სტერეოტიპების გამყარებას და დისკრიმინაციის წახალისებას, რაც არღვევს ქარტიის მეშვიდე პრინციპს.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
21.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი - ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოჟურნალისტები.

მათი განცხადებით, აქციის დაშლამდე ისინი არ გაუფრთხილებიათ, ასევე, ნაწილი ამბობს რომ, მიუხედავად მათი პროფესიის ამომცნობი სიმბოლიკის ქონისა, რაც მიანიშნებდა, რომ ისინი იყვნენ მედიის წარმომადგენლები, სპეცრაზმი მაინც დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს, ხელს უშლიდა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
20.06.2020
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
16.06.2020
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს მთავრობას სათანადო რეაგირებისათვის და ვითხოვთ, საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე დროული და დასაბუთებული ინფორმაცია გაასაჯაროონ.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა ამ დრომდე უცნობია ხელისუფლების ხედვა ჟურნალისტის და მედიასაშუალების დაცვის გარანტიების შესახებ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

ტელეწამყვანის სიტყვები ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც გააპროტესტეს. „რუსთავი 2"-ის მაშინდელი წამყვანის გინება უარყოფითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცა.

გაბუნიას გინებას უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა კი გიორგი გაბუნიას გადამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.

ჩვენ არაერთხელ შევახსენეთ საქართველოს მთავრობას, რომ ჟურნალისტების უფლებების პატივისცემა და დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა. გავრცელებული ინფორმაციაზე დროული და სათანადო რეაგირებით ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
16.06.2020

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.