სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” განცხადება ტელეკომპანია “მთავარის” გადაცემა “მთავარი აქცენტების” წამყვანის - ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა “მთავარი აქცენტები” ეთერში 2020 წლის 24 მაისს გავიდა და მხარის პრეტენზია გვარამიას მონოლოგის იმ ნაწილს ეხება, როდესაც ის, ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის დეტალებზე საუბრობს.

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” განმარტებით, გარდა იმისა რომ წამყვანის მონოლოგში, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის მხრიდან, შანტაჟთან დაკავშირებული ინფორმაცია ფაქტადაა გადმოცემული და სიმართლეს არ შეესაბამება, მსხვერპლი ისეა წარმოჩენილი, თითქოს მან უბიძგა ბრალდებულს ძალადობის ჩადენისკენ და ქმნის წარმოდგენას, თითქოს "ქალის გარკვეული “არასწორი” სოციალური ქცევა, მამაკაცს ანიჭებს პრივილეგიას, რომ მას ძალადობრივი მეთოდებით გაუსწორდეს."

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამბის ამგვარად გადმოცემა ინფორმაციის სიზუსტის დარღვევა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წახალისებაა.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
28.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ფირუზ ბოლქვაძის განცხადება ონლაინ გამოცემა “Batumelebi.ge”-ს ჟურნალისტის - ნანა კვაჭაძის წინააღმდეგ.

სადავო მასალა 2020 წლის 19 მაისს გამოქვეყნდა და ის მალხაზ რეხვიაშვილის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, აჭარის ტელევიზიის 8 საათიანი გამოშვების რედაქტორის, ფირუზ ბოლქვაძის წინააღმდეგ შეტანილ განცხადებას ეხება.

მხარე განმარტავს, რომ გამოქვეყნებულ სტატიაში, მტკიცებით ფორმაში და ფაქტადაა წარმოჩენილი, რომ თითქოს ფირუზ ბოლქვაძემ დაარღვია ქარტიის პრინციპები, ჟურნალისტი კი მას როგორც მხარეს არ დაუკავშირდა ამბის გადასამოწმებლად. განმცხადებელი თვლის, რომ დაირღვა, ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი, ხოლო ვინაიდან, არაზუსტი ინფორმაციის შესწორების მიზნით ჟურნალისტისთვის მიმართვას, რეაგირება არ მოჰყოლია, ფირუზ ბოლქვაძე დავობს მეხუთე - შესწორების პრიციპზეც.

განმცხადებელი ჟურნალისტს წყაროს დადასტურების პრინციპის დარღვევასაც ედავება, მისი თქმით, ტექსტში არ არის გამიჯნული ფაქტები და მოსაზრებები და არ ჩანს ვის ან რას ეყრდნობა ინფორმაციის გავრცელებისას. მისივე განმარტებით, ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპი, მიზანი კი მისი რეპუტაციის შელახვა და პროფესიული ნიშნით დისკრედიტაცია იყო.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
25.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო არასამთავრობო ორგანიზაცია “ფემინას” განცხადება primetime-ს ჟურნალისტის, თამარ ბუჩუკურის წინააღმდეგ.

სადავო მასალა გამოცემის ვებგვერდზე 2020 წლის 10 მაისს განთავსდა სათაურით ,,ვინ არის პატარა გოგონა, რომლის ფოტოს მამა ანდრია აქვეყნებს."

განცხადების თანხმად სადავო სტატიაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება, რითაც მხარე მიიჩნევს რომ დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი. განმცხადებელი ასევე თვლის, რომ პერსონალური მონაცემების გასაჯაროებით დარღვეულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის (მეათე) პრინციპი, ხოლო არასრუწლოვანის ფოტოს და მის შესახებ დეტალების გავრცელება იწვევს ქარტიის მე-8 პრინციპის - ბავშთა უფლებების დარღვევას.

განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდის შემდეგი პრინციპების დარღვევას:

  • მე-3 - წყაროს დადასტურება;
  • მე-4 - მასალის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები;
  • მე-5 არასწორი ინფორმაციის შესწორება;
  • მე-7 დისკრიმინაციის წახალისება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
21.05.2020
ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით TV 25 -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მაუწყებლის მიმართ არათანასწორი მოპყრობის შესახებ.

2020 წლის 18 მაისს ჟურნალისტმა საჯარო განცხადება გაააკეთა, რომ აჭარის მთავრობა მათთან ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა. „რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სანდო წყაროზე დაყრდნობით გავიგე, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მინისტრებს, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენელს ჩვენთან ურთიერთობას უკრძალავს. ერთ თვეზე მეტია პრესცენტრებიდან არ გვქონდა პასუხი: თუ რის გამო ამბობდნენ უარს გადაცემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. აჭარის ტელევიზია წაიღეს და ხედავთ, რაც ხდება ეთერში, ამ საკითხს შეფასების გარეშე დავტოვებ. TV 25-ს კი ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის მიერ, წლების წინ დამკვიდრებული მეთოდებით ებრძვის.“ - წერს სულხან მესხიძე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 14 მაისს ამავე ჟურნალისტმა ჩაატარა მოკვლევა თუ რა სიხშირით არის წარმოდგენილი ადგილობრივი მთავრობა მედიაში. მის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, ეჭვები TV 25 - ის მიმართ განსხვავებულ მოპყრობასთან დაკავშირებით დასტურდება.

2020 წლის 13 მაისს „გაზეთი ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ სტატიაში აღწერილი შემთხვევა ნათლად აჩვენებს კონფლიქტის სახეს: აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს TV25-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, „რატომ აიგნორებს ამ ტელევიზიის შეთავაზებას“, მონაწილეობა მიიღოს გადაცემაში და კონკრეტულ კითხვებს უპასუხოს.

„ჩვენ არავის ვაიგნორებთ. ამ ბრალდებასაც ვერ მივიღებთ, რომ რაღაც სამთავრობო ტელევიზიები გვყავს და მხოლოდ იქ დავდივართ. მერწმუნეთ, რომ საკმაოდ არაკეთილგანწყობილ ტელევიზიებთან და ასევე წამყვანებთან ვყოფილვარ სტუმრად,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ და იქვე დასძინა, რომ როცა დრო და სურვილი ექნება, მაშინ უპასუხებს, მაგალითად, TV 25-ს.

მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია. ჟურნალისტების მოვალეობაა გააცნონ გადასახადის გადამხდელებს მათ მიერ დაქირავებული მოხელეების მოქმედებები და შედეგები, ეს პროცესი კი არ შეიძლება იყოს დამოკიდებული საჯარო მოხელეების სურვილზე. რადგან მედიასთან ურთიერთობა საჯარო საქმიანობის თანმდევი ატრიბუტია.

მოლოდინის საპირისპიროდ, ჩვენ მიერ მოძიებული ფაქტები მოწმობს, რომ აჭარის მთავრობას აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები მედიასთან ურთიერთობაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა თავიანთ პასუხისმგებლობასთან ერთად, აღიარონ და კრიტიკულად გაიაზრონ მედიაგარემოსათვის და მთლიანად საზოგადოებისთვის ის უარყოფითი შედეგი, რაც შესაძლოა ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამების ან ქცევების გავრცელებას მოჰყვება.

პანდემიის ფონზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ერთადერთი წყარო ხშირად პოლიტიკოსები იყვნენ/არიან, ამიტომ ვფიქრობთ, მოცემული შემთხვევები TV 25-ს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

- მივმართავთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს გადახედოს მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკას და მისცეს შესაძლებლობა ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებას შეასრულონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.

- ჩვენ ვთხოვთ ასევე საქართველოს სახალხო დამცველს შეისწავლოს აღნიშნული საქმე. რადგან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საარჩევნო პერიოდის მოახლოებამდე შევამციროთ დისკრიმინაციის წახალისების ნიშნები, ხოლო პოლიტიკოსებმა მკაფიოდ გაიაზრონ თავიანთი თანაბარი მოპყრობის ვალდებულება მედიის მიმართ.
19.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ანა ებანოიძის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის - ბელა ზაქაიძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი ეთერში 2020 წლის 10 მაისს გავიდა და ის ამავე წლის 16 თებერვალს გუდაურში მომხდარ მკვლელობას ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტი ეყრდნობა დაზარალებულის (გარდაცვლილის) ოჯახის ადვოკატისა და პროკურატურის მიერ მიწოდებულ ვიდეო მასალას, რომელიც სამართლებრივად არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ვინაიდან საქმე ჯერ ისევ საგამოძიებო სტადიაზეა და ჯერ არ მომხდარა აღნიშნული მასალის გადამოწმება და დამტკიცება სასამართლოს მიერ.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
18.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მალხაზ რეხვიაშვილის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 8 საათიანი გამოშვების რედაქტორის - ფირუზ ბოლქვაძის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის 11 მაისს განთავსდა ვებგვერდზე და მალხაზ რეხვიაშვილის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებას ეხებოდა.

განმცხადებელი დავობს მასალის სათაურზე, რომლის ავტორიც ფირუზ ბოლქვაძეა. მისი განმარტებით, ახალი ამბის ტექსტი და სათაური ერთმანეთს ეწინააღმდეგება. განმცხადებელი უთითებს რომ სათაურში რესპონდენტის მოსაზრება ფაქტადაა გამოტანილი და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, რითიც ხდება მისი დისკრედიტაცია. მხარე მიიჩნევს რომ დაირღვა როგორც ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტე (პირველი), ასევე მეთერთმეტე - (ფაქტის განზრახ დამახინჯების) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
18.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო სოციალურ მუშაკთა გაერთიანების განცხადება ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტების - მაია მამულაშვილის და სალომე უერთაშვილის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 11 მაისს გავიდა და რეფერალურ საავადმყოფოში არასრულწლოვნის მდგომარეობას ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავს,რომ სიუჟეტში არასრულწლოვანის ბავშვთა სახლში გადაყვანის შესახებ არასწორი და შესაბამის ორგანოსთან გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა. ამასთან, ჟურნალისტმა არასწორად გამოიყენა ტერმინი, სოციალური მუშაკის ნაცვლად - სოციალური აგენტი. განმცხადებელი მიიჩნევს რომ სიუჟეტში დაირღვა როგორც ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), ასევე მესამე (წყაროს დადასტურება) პრინციპი. სოციალური მუშაკის ფუნქცია-მოვალეობების არასწორად წარმოჩენით კი დაირღვა ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის პრინციპი, განმცხადებლის აზრით მსგავსი ინტერპრეტაცია ხელს უწყობს სტერეოტიპების გაღვივებას სოციალური მუშაკის მიმართ.

მხარე ასევე დავობს მერვე პრინციპზეც, რომელიც ბავშვის ინტერესებს ეხება. მისი თქმით, რამდენჯერმე გაჟღერდა ბავშვის სახელი და გვარი და მოხდა არასრულწლოვანის იდენტიფიცირება.

ქარტიის საბჭოს განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
15.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო კობა კუპრაშვილის განცხადება ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი ეთერში 2020 წლის 07 მაისს გავიდა და ის Covid-19-თან დაკავშირებით გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევასა და ვირუსით გარდაცვალების პროცენტულ ოდენობას ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, ვიდეო მიმართვიდან, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა და ამ კვლევის შედეგს ეხებოდა, მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოიყენეს და დაამახინჯეს, ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა კი არ ჰქონია. მხარის თქმით კვლევასთან გაჟღერებული ინფორმაციაც სპეკულაციაა.

განცხადების ავტორი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეოთხე- ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისეირი მეთოდების გამოყენება;
  • მეხუთე -არაზუსტი ინფორმაციის შესწორება;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
14.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია იმედის, გადაცემა ღია ეთერის წამყვანებმა რუსა შელიამ და ვაკა გორგილაძემ ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისების პრინციპი დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიის საბჭოს მიმართა 2020 წლის 28 აპრილს გასული გადაცემის გამო “თანასწორობის მოძრაობამ” მიმართა. Განმცხადებელი აღნიშნავდა,რომ ჟურნალისტების მონოლოგს, კონტექსტი გარეშე რეპლიკებსა და გამოყენებულ ფოტოებს შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონოდა პირთა თანასწორუფლებიანობაზე და შეიცავდა როგორც გენდერული ნიშნით, ისე ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისების მცდელობას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
11.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტმა თამთა დოლენჯაშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (არასწორი ინფორმაციის შესწორება) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას გიორგი გოგეშვილმა მიმართა 2020 წლის 04 აპრილს გასული სიუჟეტის გამო, რომელიც covid_19-ისგან დაცვის ყველაზე მაღალეფექტურ პირბადის სახეობებს ეხებოდა.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მასალის ავტორმა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვა და სიუჟეტი გაუშვა სათაურით “Fake პირბადეები”, რამაც შექმნა არასწორი ინტერპრეტაცია და რეპუტაციული ზიანი მიაყენა კომპანიას.

მხარე ასევე დაობდა მეთერთმეტე - ფაქტის გაზრახ დამახინჯების პრინციპზე, თუმცა საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
11.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტმა ანა წერეთელმა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაციის წახალისება) პრინციპი დაარღვია.
 
მის წინააღმდეგ ქარტიას „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” და „თანასწორობის მოძრაობამ” მიმართა. 
 
განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ 2020 წლის 16 აპრილს გასულ სადავო მასალაში რესპონდენტმა, გიორგი ანდრიაძემ, ფრაზით „C ჰეპატიტით უამრავი დაავადებული ადამიანი ეზიარება, შიდსით დაავადებული ადამიანიც ეზიარება. რატომ არ გადადის ეს დაავადებები?“ მცდარი და დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ინფორმაცია გააჟღერა.
 
როგორც „თანასწორობის მოძრაობა”, ასევე „ქალთა ინიციაციტივების მხარდამჭერი ჯგუფი” აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ. 
 
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
 
10.05.2020
2020 წლის 09 მაისს გაამრთულ სხდომაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა საქმე - ანი მეზურნიშვილი ია ფარულავას წინააღმდეგ.  საბჭოს გადაწყვეტილებით, ია ფარულავამ 2020 წლის 20 აპრილს გასულ სადავო მასალაში დაარღვია ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისების პრინციპი. 
 
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტის კითხვაზე “გათხოვების საიდუმლოსთან” დაკავშირებით, რესპონდენტის, სალომე გოგიაშვილის, პასუხი იყო სტერეოტიპული. მისი აზრით, გადაცემის მსგავსი ფორმით გაშვება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მითუმეტეს, რომ ქალები საქართველოში ჯერ კიდევ არიან გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლნი და მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა წაახალისოს დისკრიმინაცია და საზოგადოებას ჩაუნერგოს აზრი, რომ ქალის არსებობის ძირითად მიზანს წარმოადგენს გათხოვება, საჭმლის მომზადების ცოდნა და ასე შემდეგ. 
 
განხილვაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ განმცხადებელმა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
 
10.05.2020

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.