სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ააიპ “აგროგილდიას” განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის - სოფიო ბეროშვილის წინააღმდეგ.

სადავო რეპორტაჟი: “მანქანაში, საშინელ პირობებში დატყვევებული ლეკვების გათავისუფლების ისტორია” 2020 წლის, 28 მაისს, ტელეკომპანიის დილის ეთერში, რუბრიკა “თათების იმედში” გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, რეპორტაჟი თბილისის მუნიციპალური მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეკლამას წარმოადგენს და პროპაგანდისტულია. მხარე ასევე თვლის, რომ ჟურნალისტი არ აწვდის საზოგადოებას ფაქტთან დაკავშირებულ ზუსტ დეტალებს, რასაც მასალის ავტორის პირად ინტერესებს უკავშირებს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები;
  • მეცხრე - სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება და პროფესიული საქმიანობისას ქრთამის ან საჩუქრის მიღება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
12.06.2020
 
ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები, გავეცანით კომუნიკაციების კომისიის (შემდგომში „კომისია“) მიერ შემუშავებულ სტრატეგიის პროექტს - კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების თაობაზე. დოკუმენტს კომისია საკონსულტაციოდ აქვეყნებს.
11.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ბაკურ კიღურაძის განცხადება შემდეგი მედიასაშუალებების ჟურნალისტების წინააღმდეგ:

  1. ნათია ქოქოსაძე - ტელეკომპანია “მთავარი”;
  2. მაია მამულაშვილი, ლიკა ჯანყარაშვილი - TV პირველი;
  3. ნასტასია არაბული - რადიო თავისუფლება.
სადავო მასალები ერთსა და იმავე ამბავს ეხება. ჟურნალისტურ პროდუქტებში საუბარია ბაკურ კიღურაძეზე, რომელმაც ქართულ ოცნებას 50 000 ათასი ლარი შესწირა და ამასთან იგი 2010 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

განმცხადებლის განმარტებით, გამოქვეყნებულ მასალებში, ის როგორც უცხო ქვეყნის ჯაშუშობისთვის ბრალდებულ პირად არის გამოყვანილი, იმ გარემოების მიუხედავად, რომ მის მიმართ 2018 წელს, გამამართლებელი განაჩენი დადგა. მხარე მიიჩნევს, რომ ამ ფორმით წარმოჩენა მიზნად ისახავს მის რეპუტაციულ დისკრედიატაციას.

ბაკურ კიღურაძე დავობს შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისება;
  • მეცხრე -სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა;
  • მეათე - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

სადავო მასალები იხილეთ აქ:
09.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 2020 წლის 7 ივნისს შემდეგ საქმეებზე მიიღო გადაწყვეტილებები:

  • “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” ნიკა გვარამიას წინააღმდეგ;
  • თამარ მამულაშვილი ნათია ქოქოსაძის წინააღმდეგ;
  • “ფემინა” თამარ ბუჩუკურის წინააღმდეგ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ განცხადებით ქარტიას ორგანიზაციამ - “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიმართა. მხარე დავობდა ტელეკომპანია “მთავარის” გადაცემა “მთავარი აქცენტებში” წამყვანის - ნიკა გვარამიას მონოლოგის იმ ნაწილზე, სადაც იგი ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის დეტალებზე საუბრობს. განმცხადებელი განმარტავდა, რომ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის მხრიდან შანტაჟთან დაკავშირებული ინფორმაცია ფაქტად იყო წარმოჩენილი და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მხარე ასევე დავობდა მეშვიდე - დისკრიმინაციის წახალისების პრინციპზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

“მთავარი არხის” ჟურნალისტის, ნათია ქოქოსაძის წინააღმდეგ ქარტიას თამარ მამულაშვილმა მიმართა. საბჭომ ჟურნალისტის მიერ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპების დარღვევა დაადგინა.

სადავო სიუჟეტი არხზე 9 საათიან გამოშვებაში გავიდა და დავით მათიკაშვილის მეუღლის, ნინო მამულაშვილის უვადოდ მოსამართლედ დანიშვნას ეხებოდა. მხარე განმარტავდა, რომ გამოშვებაში ჟურნალისტმა მტკიცებით ფორმაში თქვა ფრაზა ”ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ასევე მოსამართლედ დაინიშნა ნინო მამულაშვილის დაც”, რითაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.

მხარე ასევე დავობდა წყაროს დადასტურების და ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, Primetime-ს ჟურნალისტმა თამარ ბუჩუკურმა ქარტის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის უფლებები), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები დაარღვია.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სადავო მასალაში ”ვინ არის გოგო, რომლის ფოტოს მამა ანდრია აქვეყნებს” მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ასევე, გასაჯაროვდა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია და გავრცელდა ბავშვის ფოტო.

გარდა ამისა, მხარე დავობდა წყაროს დადასტურების და მასალის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენების პრინციპზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
08.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მითების დეტექტორის ლაბორატორიის განცხადება გაზეთ “ალიას” ჟურნალისტის - მაია იასეშვილის წინააღმდეგ.

სადავო სტატია “ჩემი წამლები მათთვისაა, ვინც კოვიდ-19-ით დაინფიცირებულია და მათთვისაც, ვისაც პრევენცია სურს…”, გაზეთ “ალიას” 2020 წლის 18-24 მაისის ნომერში გამოქვეყნდა. მასალაში ავთანდილ კურდღელაშვილთან ინტერვიუა მოცემული, რომელიც ამტკიცებს, რომ მის მიერ შექმნილი პრეპარატები “კორვირანტი” და “ანტიკორი”, როგორც Covid-19-ის სამკურნალოდ, ასევე პრევენციისთვის შეიძლება გამოიყენო.

განმცხადებლის განმარტებით, COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი ან საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს, და სტატიაში დასახელებული სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესახებ ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია მკითხველისთვის. გარდა ამისა, გაზეთი “ეყრდნობა მხოლოდ პრეპარატის შემქმნელი პირის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სტატიაში არ ჩანს ლიცენზირებულია თუ არა პრეპარატი”. მხარე თვლის, რომ დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (წყაროს დადასტურების) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
08.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი ფაქტის” განცხადება ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის - გიგლა თუმანიშვილის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი 2020 წლის 28 მაისს 9 საათიან გამოშვებაში გავიდა და მეუფე ანტონის საკუთრებაში არსებულ ქონებას ეხება.

განმცხადებელი უთითებს რომ გამოშვებაში ჟურნალისტმა დაუშვა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა შემდეგ გარემოებებთან დაკავშირებით:

  • რა უფლებით ჰქონდა გადაცემული მეუფე ანტონს მიწა ბაღდადში;
  • რამდენ კვადრატულ რეგისტრირებულ მიწას ფლობს ვარციხეში და რას წარმოადგენს ეს ტერიტორია;
  • რამდენ კვადრატულ ბინას ფლობს თბილისში;
  • ვანში მეუფე ანტონის ინიციატივით გახსნილია ევროკლუბი თუ გიმნაზია

განმცხადებელი თვლის, რომ სადავო მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (წყაროს დადასტურების) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება და პლაგიატი)პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
08.06.2020
ჩვენ, კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რადგან აჭარის მაუწყებელი, ერთის მხრივ, თავს არიდებს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მეორეს მხრივ, ხდება ადამიანების დევნა და შევიწროება განსხვავებული აზრის გამო. ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად შეაფასეს შიდა და საერთაშორისო ექსპერტებმა. ამასთან, აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდამჭერი/სოლიდარობის აქციის მონაწილეები გახდნენ  ტელემაუწყებლები ონლაინ მაუწყებლები და სამოქალაქო სექტორი.

დღეისათვის აჭარის მაუწყებლის წინ შიმშილობის აქციის მეშვიდე დღეა, ასევე დევნისა და შევიწროების მსხვერპლი გახდა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, რომელიც დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს კიდეც.

ამ და სხვა მოვლენებზე პასუხისმგებლობა აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელ ორგანოებს - დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს ეკისრება.

საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ არის ჩარჩო საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლების და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავაც კრიტიკულია და არ უნდა დარჩეს საზოგადოების ყურადღების მიღმა.
04.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგ საქმეებზე:
  • ნელი უკლება თამთა დოლენჯაშვილის წინააღმდეგ;
  • მამუკა ჟღენტი ნატა მახვილაძის წინააღმდეგ 
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით თამთა დოლენჯაშვილმა ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დარღვია.

ტელეკომპანია “მთავარზე” გასული სიუჟეტის გამო, ქარტიას ნელი უკლებამ მიმართა. სადავო მასალა ლუკა სირაძის თვითმკვლელობის ამბავს და რუსთავის მე-2 საშუალო სკოლის მასწავლებლის მიერ ამ ფაქტზე დაფიქსირებულ პიზიციას ეხება. განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ლუკა სირაძის ქცევა გააკრიტიკა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მხარე ასევე დავობდა მესამე (წყაროს დადასტურების) და მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები) პრინციპების დარღვევაზე, თუმცა საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

იმედის ჟურნალისტის ნატა მახვილაძის წინააღმდეგ ქარტიას მამუკა ჟღენტმა მომართა. ქარტიის საბჭომ ჟურნალისტის მიერ პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპის დარღვევა დაადგინა.

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია იმედზე, საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკაში” გავიდა სათაურით “ყოფილი დიპლომატის პროვოკაცია.” მხარე განმარტავდა რომ გამოშვებაში გაჟღერებული ფრაზა “მამუკა ჟღენტი ქრონიკის კითხვებს არ პასუხობს” სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მხარე ასევე დავობდა მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპზე, თუმცა საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
01.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ანა ებანოიძის და მარიამ გაბრიჩიძის განცხადება ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა “მობილიქსი”, სათაურით “სანდრო გირგვლიანი” ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 12 მაისს გავიდა და ის სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, მასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების აღსრულებასა და ამ ფაქტის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენას ეხება.

განმცხადებელი მიიჩნევს რომ ჟურნალიტურ პროდუქტში ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტის) პრინციპი დაირღვა. მისი განმარტებით, სიუჟეტში ზუსტად და ობიექტურად არ არის აღწერილი საქმის დეტალები და ინფორმაცია მოდელირებულია. მხარე უთითებს რომ გადაცემაში 2006 წლის 27 იანვრის საღამოს, კაფე „შარდენში“ განვითარებულ სიტუაცია, სატელეფონო და სოციალური ქსელის მიმოწერით ისეა აღწერილი და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის მაყურებელში, თითქოს აღნიშნული რეალურად მოხდა. ამბის მძაფრი ფორმით გადმოცემა კი, კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ამბავს და ცდილობს ემოციური ზეგავლენის მოხდენას მაყურებელზე. გარდა ამისა, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი პროპაგანდისტულია და ხელს უწყობს საქმეში მოქმედი პირების მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
31.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მაია გელაშვილის და ნუცა მაზანაშვილის განცხადება ტელეკომპანია “მთავარის” გადაცემა “ფოსტ ფაქტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა “ფოსტ ფაქტუმი” ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 26 მაისს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით გადაცემის მიმდინარეობისას წამყვანის მიერ გამოყენებული სიტყვები და შეფასებები ქალებისადმი მიზოგენურია. მხარის პოზიციით გიორგი გაბუნიას მიერ მონოლოგისას წარმოთქმული ფრაზა „თუ იცი, რომ გაუპატიურება გარდაუვალია, მოდუნდი და ეცადე მიიღო სიამოვნება” მნიშვნელობას უკარგავს და აუბრალოებს გაუპატიურების თემას, ასევე ეპითეტები, როგორიცაა „ბერწი“, გამოთქმა „შობე დარეჯან, შობე“ და სხვა, არის შეურაცხმყოფელი და აღრმავებს საზოგადოებაში ქალების საზოგადოებრივი როლის მიმართ არსებულ სტერეოტიპებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, განმცხადებელი თვლის, რომ დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი, ვინაიდან გადაცემა ხელს უწყობდა დისკრიმინაციული გარემოს შექმნას და ძალადობის მსხვერპლი ან უშვილო ქალების მიმართ ნეგატიური განწყობების კიდევ უფრო გავრცელებას.
30.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო თამარ მამულაშვილის განცხადება ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის - ნათია ქოქოსაძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი 2020 წლის 22 მაისს 9 საათიან გამოშვებაში გავიდა და დეპუტატ დავით მათიკაშვილის მეუღლის, ნინო მამულაშვილის უვადოდ მოსამართლედ დანიშვნას ეხება.

მხარე განმარტავს, რომ გამოშვებაში ჟურნალისტმა მტკიცებით ფორმაში თქვა ფრაზა - "ქართული ოცნების მმარველობის პერიოდში ასევე მოსამართლედ დაინიშნა ნინო მამულაშვილის დაც", რითიც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და განზრახ დაამახინჯა ფაქტი, რადგან აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. განმცხადებელი თვლის, რომ მსგავსი ფორმით ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავდა მისი ოჯახისა და სიძის (დავით მათიკაშვილის) დისკრედიტაციას, რითიც დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

განმცხადებელი ჟურნალისტს წყაროს დადასტურების (მესამე) და შესწორების (მეხუთე) პრინციპის დარღვევასაც ედავება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
30.05.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ჩიხლაძემ და შორენა ხვიჩიამ ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას ააიპ მოძრაობა “სირცხვილიამ” მიმართა. მხარე დავობდა იმედის კვირაში გასული სიუჟეტის გამო “ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ხალხის და ქვეყნის ზიანის ხარჯზე ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.” განმცხადებელი განმარტავდა, რომ , ჟურნალისტურ მასალაში მოძრაობის წარმოჩენა მოხდა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის " მოკავშირის და ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მსურველის, რაც ემსახურებოდა “სირცხვილიას” დისკრედიტაციას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
30.05.2020

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.