სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტებმა ეთუნა ინწკირველმა და მირანდა ბაღათურიამ ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვიეს.

ქარტიას კავკასიის უნივერსიტეტმა მომართა. სადავო სიუჟეტი “სტუდენტები კავკასიიის უნივერსიტეტის წინააღმდეგ”, ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 28 იანვარს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ ჟურნალისტის მიერ გადაცემაში გაჟღერებული ბრალდება უნივერსიტების მიმართ, სტუდენტების პირადი ინფორმაციის გასაჯაროვებაზე და ამასთან დაკავშირებული სხვა დეტალები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და არ იყო გადამოწმებული. მხარის განმარტებით, სიუჟეტში მას არ მისცემია პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
15.02.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის გადაცემა “ღამის მთავარის” წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ბაქარ ადამიამ მომართა. სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 02 თებერვალს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ ჟურნალისტის მიერ გადაცემაში მისი პიროვნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის იყო “ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული ზონდერი”, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
15.02.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ბაქარ ადამიას განცხადება მთავარი არხის, გადაცემა “ღამის მთავარის” წამყვანის, ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 02 თებერვალს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტის მიერ გადაცემაში გაჟღერებული ბრალდება ბაქარ ადამიას მიმართ, მაღაზია “ალტაოკეიში” ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. განმცხადებელი მიიჩნევს, ჟურნალისტის მხრიდან მსგავსი ფორმით ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია მისი და მისი ოჯახის დისკრედიტაცია.

მხარე დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;

მესამე - დადასტურებული წყარო;

მეხუთე - შესწორება;

მეშვიდე - დისკრიმინაცია

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
08.02.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტმა ნატა ქაჯაიამ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას გურამ კახაძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში, 2021 წლის 15 იანვარს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა რომ ჟურნალისტმა, სოფელ ბუკნარში, მუსლიმ თემთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, გამოიყენა ფრაზა “მუსლიმები და ქართველები”. მხარე განმარტავდა, რომ მათი (მუსლიმი ადამიამების) არაქართველად წარმოჩენა ხელს უწყობდა ამ სარწმუნოების მქონე ადამიანების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების გაღრმავებას და იყო დისკრიმინაციული.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
27.01.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა ვლადიმერ გუცაევმა და გია თვალაბეიშვილმა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას ანა აფციაურმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ტაიმაუტი” 2020 წლის 01 ოქტომბერს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა, ფერადკანიანი ადამიანები დისკრიმინაციულ და რასისტულ კონტექსტში მოიხსენია, ჟურნალისტის მხრიდან კი ამას მყისიერი გამოხმაურება არ მოჰყოლია და არც რესპონდენტის გამონათქვამს გაემიჯნა გადაცემის მიმდინარეორების დროს. მხარის აზრით, ამ ადამიანების მსგავსი ფორმით წარმოჩენა ხელს უწყობდა არატოლენატული გარემოს შექმნას და საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტიგმის კიდევ უფრო გაღრმავებას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
27.01.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ლაშა ჯანიბეგაშვილის განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტების ნათია ლაზაშვილის და ლუკა ხაჩიძის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ”დადანაშაულებული ადვოკატი - ლაშა ჯანიბეგაშვილს ფსიქოლოგიურ ძალადობაში, სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში ადანაშაულებენ” ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემა კურიერში, 2021 წლის 05 იანვარს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია მის მიმართ არსებული ბრალდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ემსახურება აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შეყვანას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება;

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
19.01.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტმა ინა ცარციძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას შპს “პარვუს ჯგუფმა” და სულხან ზუმბურიძემ მომართეს. სადავო სიუჟეტი "ბრძანება ნომერი1304-გურიის ინტერნეტიზაცია", ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 12 აგვისტოს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში ისე იყო წარმოჩენილი რომ თითქოს სულხან ზუმბურიძე კორუფციაში იყო მხილებული.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება), მაგრამ საბჭომ ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
19.01.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV არგოს ჟურნალისტმა ვერა ჩუბინიძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ლია არჩვაძემ მომართა. სადავო სიუჟეტი “რა პრეტენზიებია ზესტაფონის მერიის საკონკურსო კომისიის წინააღმდეგ” 2020 წლის 18 ივნისს მომზადდა.

განმცხადებელი განმარტავდა,რომ ჟურნალისტმა დაუბალანსებლად გააშუქა ზესტაფონის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებული ამბები.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
18.01.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრის წამყვანმა, ვახო სანაიამ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას “საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტმა”, გვანცა გოგსაძემ, კესო ქარდავამ და მარიამ ქრისტესიაშვილმა მომართეს. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 13 ნოემბერს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა რომ გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენია, ჟურნალისტის მხრიდან კი ამას მყისიერი გამოხმაურება არ მოჰყოლია და არც რესპონდენტის გამონათქვამს გაემიჯნა გადაცემის მიმდინარეორების დროს. მათი აზრით, შშმ პირების მსგავსი ფორმით წარმოჩენა ხელს უწყობდა პარაოლიმპიელების და შშმ პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის გაღრმავებას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
18.01.2021

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.