სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტების ნათია ლაზაშვილის და მირიან გორგოძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი „არასამთავრობოების დაგვიანებული აღიარება - ცესკო, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა“ - არჩევნების შედეგები ყველგან ერთნაირია“ ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემა კურიერში, 2020 წლის 14 დეკემბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, თითქოს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით “დაგვიანებითი აღიარება” გააკეთა და “რიტორიკა შეცვალა”,, სიმართლეს არ შეესაბამება, მანიპულაციურია და ემსახურება აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
24.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას დავით ამირეზაშვილმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 06 ივლისს გავიდა და ტურიზმის საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩატარებულ საპროტესტო აქციას ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემაში მოყვანილი ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები გადასახადებს არ იხდიან, არასწორია და ამ სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ ქმნიდა ნეგატიურ განწყობას.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეორე (ჟურნალისტის იძულების დაუშვებლობა), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებზე, მაგრამ ამ ნაწილებზე საბჭოს დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
23.12.2020
ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე კამილა მამედოვა გახდა, მან ამ პოზიციაზე ნანა ბიგანიშვილი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.  კამილა ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

კამილა მამედოვა 2007 წლიდან სათემო რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელია. 2009-2010 წლებში იყო რადიო „ჯიპას“ „მრავალფეროვანი საქართველოს“ გადაცემის ჟურნალისტი.  2010-2012 წლებში კი - რუსულენოვანი ტელეკომპანია „პიკის“ გადაცემა „ტეკტონიკის“ ჟურნალისტი და გადაცემა „პორტრეტი ალა დუდუაევასთან ერთად“ პროდიუსერი. 2015 წლიდან არის რადიო „მარნეულის“ არა ერთი გადაცემის იდეის ავტორი. 

კამილა 2018 წლის 22  დეკემბერიდან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს  წევრია. 
 
19.12.2020
19 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეთორმეტე საერთო კრება გაიმართა. სხდომა ჩატარდა ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. საერთო კრებაზე წევრების წინაშე ანგარიშებით წარსდგნენ ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი, სარევიზო კომისიის წევრი მარი დუდუნია და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

საერთო კრებაზე გამოვლინდნენ “ქარტიის პრიზი 2020”-ის გამარჯვებულებიც.

ამავე საერთო კრებაზე განახლდა საბჭოს შემადგენლობა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო დატოვეს ლიკა ზაკაშვილმა, გელა მთივლიშვილმა და მაია მერკვილაძემ.

მათ ნაცვლად, საბჭოს ახალი წევრები გახდნენ:

  • თბილისის კვოტით - ნინო ჯაფიაშვილი;
  • რეგიონის კვოტით - გულო კოხოძე და სოფო ჟღენტი.

ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი - თბილისს.

ქარტიის საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

1.ზვიად ქორიძე;

2.ნანა ბიგანიშვილი;

3.კამილა მამედოვა;

4.ნინა ხელაძე;

5.ირმა ზოიძე;

6.ნინო ჯაფიაშვილი;

7.სოფო ჟღენტი;

8.გულო კოხოძე;

9.ნათია ზოიძე.
19.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ს, გადაცემა პროფილის წამყვანმა - მაია ასათიანმა მე-7, დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 22 ოქტომბერს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემაში წამყვანმა ხელი შეუწყო ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და მათდამი არსებული სტიგმის გაძლიერებას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
16.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო გიორგი ფეიქრიშვილის განცხადება ტელეკომპანია ფორმულას, გადაცემა “ბაიასთან” წამყვანის - ბაია დვალიშვილის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ბაიასთან”, 2020 წლის 30 ნოემბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია მასზე, როგორც მოძალადედ წარმოჩენაზე სიმართლეს არ შეესაბამება, ჟურნალისტს კი არ უცდია სიზუსტის მასთან, როგორც მხარესთან გადამოწმება. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფორმით გავრცელებული ინფორმაციით მას მიადგა რეპუტაციული ზიანი, და ასევე ნეგატიურად აისახება სასამართლოს სამომავლო გადაწყვეტილებაზე.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეხუთე - არაზუსტი ინფორმაციის შესწორება;
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია;
  • მეცხრე - სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა;
  • მეათე - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება;
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
16.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ლევან დოსმისშვილის განცხადება TV პირველის ჟურანლისტების- ნოდარ მელაძის და მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში - „ნოდარ მელაძის შაბათი”, 2020 წლის 21 ნოემბერს გავიდა და თემქაზე მომხდარ მკვლელობას ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია მკვლელობის დეტალებზე სიმართლეს არ შეესაბამება, ჟურნალისტს კი არ უცდია სიზუსტის მასთან, როგორც მხარესთან გადამოწმება. Განმცხადებელი ასევე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი ფლობდა საქმის დეტალებზე ინფორმაციას, მაგრამ განზრახ არ გაასაჯაროვა.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
  • მეხუთე - არაზუსტი ინფორმაციის შესწორება
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
16.12.2020
კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის” „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით საქართველოს მედიაგარემოსთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე ხუთი მიმოხილვა მოამზადა. დოკუმენტების მიზანია იმ სამართლებრივი და პოლიტიკური ბარიერების იდენტიფიცირება, რომლებიც 2020 წლის საარჩევნო პროცესებში აფერხებდნენ მედიის მუშაობას.

მიმოხილვები ეფუძნება სამაგიდო კვლევას და ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან ჩატარებულ ინტერვიუებს. მასალა მომზადდა წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა მოგვიანებით განახლდა არჩევნების შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით. 


ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ მასალებს:
  • კომუნიკაციების კომისიის გამოცდილება: რა ელოდებათ მაუწყებლებს
  • საინფორმაციო უსაფრთხოება,დეზინფორმაცია და პროპაგანდა: საქართველოს მთავრობა მცდარად განმარტავს საფრთხეებს
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში: ვის ემსახურება იგი - საზოგადოებრივ ინტერესს თუ მთავრობას?
  • უსაფრთხო მედიაგარემოსა და ჟურნალისტების თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფა 2020 წლის არჩევნების პერიოდში
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - გადაუჭრელი პრობლემა ქართველი ჟურნალისტებისთვის
11.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო “საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის” და გვანცა გოგსაძის, კესო ქარდავას და მარიამ ქრისტესიაშვილის განცხადებები ტელეკომპანია “ფორმულას”, გადაცემა “პოლიტმეტრის” წამყვანის - ვახო სანაიას წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში - “პოლიტმეტრი” 2020 წლის 13 ნოემბერს გავიდა.

განმცხადებლების განმარტებით, გადაცემაში მოწვეულმა სტუმარმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენია, ჟურნალისტის მხრიდან კი ამას გამოხმაურება არ მოჰყოლია და არც რესპონდენტის გამონათქვამს გაემიჯნა. მათი აზრით, შშმ პირების მსგავსი ფორმით წარმოჩენა ხელს უწყობს პარაოლიმპიელების და შშმ პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის გაღრმავებას. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
09.12.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ანა აფციაურის განცხადება, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის ნუცა მამულაშვილის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში - “იმედის დღე” 2020 წლის 20 ნოემბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტს, რეპორტაჟში სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ მომზადებული თემა სენსაციურ კონტექსტში აქვს წარმოჩენილი, ისე საუბრობს ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, როგორც გამამართლებელ ფაქტზე და ცდილობს მთელი პასუხისმგებლობის მსხვერპლზე გადატანას. პირადი ცხოვრების შესახებ დეტალების წარმოჩენით კი ახდენს არა მხოლოდ მსხვერპლის რეტრამვირებას, არამედ იჭრება მის პირად ცხოვრებაში. განმცხადებლების აზრით, დარღვეულია ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები.

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
09.12.2020

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.