სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა ცოტნე გეგეჭკორმა და POSTV-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა ინფორმაციის სიზუსტის  (პირველი) და შესწორების (მეხუთე) პრინციპები დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას კონსტანტინე ყიფიანმა მომართა. სადავო გადაცემები ტელეკომპანიების ეთერში, 2020 წლის 23 ივლისს გავიდა და ორივე მათგანი თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის ამბის მედიაში გაშუქებას ეხებოდა.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ან ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
04.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების მთავარმა რედაქტორმა, აკაკი გოგიჩაიშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ავთანდილ ბოლქვაძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი „ოროსანი ჩინოსნის პროტესტი” ტელეკომპანიის ვებგვერდზე, 2020 წლის 04 აგვისტოს გამოქვეყნდა.

განმცხადებელი დავობდა სადავო სიუჟეტის მხოლოდ სათაურის ნაწილზე. მხარის თქმით, გასული სიუჟეტი და სათაური შინაარსობრივად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
04.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას მედიაკრიტიკის პლატფორმა mediachecker.ge-ს რედაქტორის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • რედაქციის მართვა, ჟურნალისტებისთვის დავალებების გადანაწილება
  • მიღებული მასალების რედაქტირება და გამოქვეყნება
  • პასუხისმგებელია პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობის შესრულებაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ჟურნალისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • მედიაგარემოს ცოდნა
  • მედიაზე დაკვირვების და ანალიზის უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა

საოფისე პროგრამების ცოდნა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 15 მარტის ჩათვლით გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
04.03.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო გულნარა ძირკვაძის განცხადება რადიო მარნეულის და Marneuli TV წინააღმდეგ.

ორივე მედიასაშუალებაზე გამოქვეყნებული სადავო სიუჟეტი იდენტურ თემაზე, სოფელ ახალი დიოკნისეში მდებარე სადავო მიწებზე მომზადდა. განმცხადებლის განმარტებით, მასზე და მის ოჯახზე გავრცელებული ინფორმაცია, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და ჟურნალისტს არ უცდია ამბის მასთან, როგორც მხარესთან გადამოწმება. მხარე მიიჩნევს, რომ დარღვეულია, ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
26.02.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო გიორგი ჭანტურიას განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების იმედა დარსალიას და ბელა ზაქაიძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 24 იანვარს გავიდა და ის გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, ახალი მტკიცებულებების გამოჩენას ეხებოდა.

განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტის მიერ, გადაცემაში გაჟღერებული ამბავი ახალი მტკიცებულებების აღმოჩენის შესახებ და ასევე საქმესთან დაკაშირებილი სხვა დეტალები, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განმარტებით, სიუჟეტში დაცვის მხარის პოზიცია არ იყო წარმოდგენილი.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
17.02.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო გიორგი ლომიძის განცხადება ონლაინ გამოცემა “factcheck.ge”-ს ჟურნალისტის მალხაზ რეხვიაშვილის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი: “ყალბი ამბავი და სახიფათო მოწოდებები, წყალბადის ზეჟანგის COVID-19-ის, კიბოს და სხვა დაავადებების დროს სამკურნალო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით” გამოცემის ვებგვერდზე 2020 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნდა.

განმცხადებლის განმარტებით,სტატიაში გამოყენებულია თავისი ვიდეო, რომელიც ნეგატიურადაა შეფასებული, ისე რომ ჟურნალისტი განმარტებისთვის ვიდეოს ავტორს არ დაკავშირებია. მხარის თქმით, ინფორმაციის მსგავსი ფორმით გავრცელება მიზნად ისახავდა მის დისკრედიტაციას და ავტორიტეტის შელახვას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება;
  • მეხუთე - შესწორება

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
17.02.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა ნათია ლაზაშვილმა ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) და შესწორების (მეხუთე) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ლაშა ჯანიბეგაშვილმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ”დადანაშაულებული ადვოკატი - ლაშა ჯანიბეგაშვილს ფსიქოლოგიურ ძალადობაში, სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში ადანაშაულებენ” ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემა კურიერში, 2021 წლის 05 იანვარს გავიდა.

საბჭომ მიიჩნია რომ გავრცელებული ინფორმაცია სათანადო წესით არ იყო გადამოწმებული.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია. ამასთან, არ დადგინდა დარღვევა ჟურნალისტ ლუკა ხაჩიძის მიმართ, რომლის მიმართაც ასევე ჰქონდა პრეტენზიები განმცხადებელს.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შენიშვნა: 2021 წლის 15 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაცია შესწორდა, კერძოდ, მითითებული იყო, რომ პრინციპები დაარღვია ნათია ლაზაშვილმა და ლუკა ხაჩიძემ, შესწორების შედეგად დაზუსტდა, რომ პრინციპის დარღვევას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ნათია ლაზაშვილის მხრიდან. 
15.02.2021

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.