სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო საქართველოს პარლამენტის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადება მთავარი არხის ჟურნალისტების - მიხეილ სესიაშვილის და ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 10 აპრილს გავიდა. განმცხადებლის პოზიციით, ფაქტი, რომ თითქოს მისი მეუღლის მამას სახელმწიფომ მიზერულ ფასად ქონება გადასცა განმცხადებლის პარლამენტის წევრად ყოფნის პერიოდში, სიმართლეს არ შეესაბამება და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
  • მესამე - დადასტურებული წყარო
  • მეხუთე - შესწორება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
14.05.2021
ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მირანდა ოგანეზოვამ. განმცხადებლის პოზიციით იგი იყო გაზეთ „თანამემამულეს“ რედაქტორი და საქმიანობის დროს განიცდიდა ზეწოლასა და ჩარევას რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს (КСОРСГ) თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდე ბეჟენცევის მხრიდან. მირანდა ოგანეზოვას შეფასებით ეს იყო ქარტიის მე-2 პრინციპის [„დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ“] დარღვევა. საქმეზე ზეპირი მოსმენა, მხარეების მონაწილეობით გაიმართა 2021 წლის 24 აპრილს.

ქარტიის პრინციპები ეხება ჟურნალისტურ საქმიანობას და შესაბამისად საბჭო განიხილავს იმ შესაძლო დარღვევებს, რომელიც ხდება ჟურნალისტური საქმიანობის განხორცილების პროცესში. ჟურნალისტური საქმიანობა ქარტიის საბჭომ შემდეგი სახით განსაზღვრა „თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება, მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისაგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას“.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო რუსულენოვანი ბეჭდური გამოცემა „თანამემამულე“ (соотечественник). თავად აღნიშნული გამოცემა თავის თავს აღწერს როგორც „საქართველოში რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს გაზეთი“, საქმის განხილვის დროს გამოიკვეთა რომ აღნიშნული გამოცემა არ ვრცელდება საჯაროდ, არ არის განკუთვნილი ფართო აუდიტორიისათვის, არ აღიქმება საზოგადების მიერ როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებად და განკუთვნილია მხოლოდ რუს თანამემამულეთა წრისათვის, რათა მათ მიიღონ ინფორმაცია თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ. მეორეს მხრივ მედიის დამახასიათებელი თვისებაა რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის, რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (აუდიო ფაილები, მიმოწერა) უფლებამოსილი ორგანოების მიერ (სახალხო დამცველი, სასამართლო, სამართალდამცავი უწყებები) მათი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია შეფასებული იქნას დისკრიმინაციად, ზეწოლად, მაგრამ მათზე ვერ იმსჯელებს ქარტიის საბჭო, ვინაიდან როგორც აღინიშნა, გამოცემა „თანამემამულე“ ვერ შეფასდება მედიად და ჟურნალისტურ საქმიანობად.


მირანდა ოგანეზოვას გამოხმაურება საბჭოს პოზიციაზე
13.05.2021
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს.

გუშინ, 2021 წლის 08 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ. მასალაში ჩანს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა ანტონ ბულუხიამ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მუქარით აუკრძალა მის ეპარქიაში გადაადგილება, და ბოლოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასულიერო პირების არაერთ თავდასხმაზე რეაგირება არ მოუხდენია, დანაშაულის შემცველ ფაქტებზე განმარტებებს არ აკეთებს საქართველოს საპატრიარქოც.

მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს და მოითხოვს შეწყდეს ჟურნალისტების დევნის ტენდენცია.

მედიაკოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ შეისწავლოს სასულიერო პირების მიერ ჟურნალისტების დევნის შემთხვევები. მათ შორის, დაიწყოს გამოძიება "მთავარი არხის" ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლასთან დაკავშირებით.
10.05.2021

ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გუშინ 8 მაისს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა - მეუფე ანტონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, აუკრძალა ეპარქიაში გადაადგილება და ფიზიკურად დაუპირისპირდა. კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტის გამოჩენასა და მის შეკითხვებზე ღიზიანდება და ბოლოს ფიზიკურადაც უპირისპირდება. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომელზე განხორციელებულ ძალადობას. ქარტია ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევა და დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. 

ეს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. 

2021 წლის 08 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. კადრებში ჩანდა, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 

2021 წლის 4 მაისს დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა „მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქარტია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს ახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია.

თითოეულ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა შესაბამისი ინციდენტი იქნება ადეკვატურად და გამჭვირვალედ გამოძიებული, დამნაშავე პირებს კი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. 

ქარტიას მიაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება და მედიისთვის შეიქმნას თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო. 

09.05.2021

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი თქმით, დაზიანდა მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკაც. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 

ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ  ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ფაქტი სათანადოდ იყოს გამოძიებული.

04.05.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა - ნათია ლაზაშვილმა, ქარტიის პირველი პრინციპი (ინფორმაციის სიზუსტე) დაარღვია.

საბჭომ საქმე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადების საფუძველზე განიხილა. განცხადება ეხებოდა ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 14 დეკემბერს, 9 საათიან კურიერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც წამყვანმა აღნიშნა რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეცვალა პოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რაც საბჭოს შეფასებით არასწორ ინფორმაციას წარმოადგენდა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
29.04.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო გიორგი კვაშილავას განცხადება მთავარი არხის ჟურნალისტების - ნინი ჟიჟიაშვილის და მიხეილ სესიაშილის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის10 აპრილს გავიდა და უცხოეული სტუდენტებისთვის სწავლის გასაგრძელებლად, კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების, საფასურს ეხებოდა. განმცხადებლის განმარტებით, გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უცხოელ სტუდენტებს, საქართველოში შემოსასვლელად თანხის გადახდას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სტუდენტის სტატუსის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგებიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპიების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
  • მესამე - დადასტურებული წყარო
  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები
  • მეხუთე - შესწორება
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
28.04.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ანა აფციაურის განცხადება მთავარი არხის, გადაცემა “სხვა ნანუკას” წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა, რომელშიც მოწვეული სტუმარი, გოგი წულაიას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 24 მარტს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, წამყვანმა სავარაუდო მსხვერპლი ადამიანის მისამართით გამოიყენა ისეთი შეფასება და დაუსვა ისეთი კითხვები, რომელიც ახდენდა მის რეტრამვირებას, უხეშად ერეოდ პირად ცხოვრებაში და საზოგადოებას ნეგატიურად განაწყობდა მის წინააღმდეგ.

განმცხადებლის თქმით წამყვანმა დაარღვია დისკრიმინაციის (მეშვიდე) და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის (მეათე) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
28.04.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია იმედის გადაცემა “იმედის ფაქტორის” წამყვანებმა, მაგდა ანიკაშვილმა და ვაკა გორგილაძემ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას მარიამ მელქაძემ მომართა. სადავო გადაცემა, რომელშიც ასევე იყო ინტერვიუ ბერა ივანიშვილთან ფარული ჩანაწერების ამბავზე, ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 09 მარტს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში რესპონდენტის მხრიდან გაჟღერებული ტერმინი “ქათმები” მიმართული იყო საზოგადოების ყველაზე მარგინალიზებული თემის - ლგბტქ+ ადამიანების მისამართით.განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტმა არაფერი გააკეთა, მსგავსი ფორმით დისკრიმიანციის თავიდან ასაცილებლად, რითიც ხელი შეუწყო მათ (ლგბტქ+ წარმომადგენელების) მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმების გაღრმავებას და კიდევ უფრო მეტად ვიქტიმიზაციას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
26.04.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 24 აპრილს 12:00 საათზე, განიხილავს მირანდა ოგანეზოვას განცხადებას ალექსანდრე ბეჟენცევის წინააღმდეგ.

განმცხადებლის განმარტებით, გაზეთ ,,Соотечественник" - ის მთავარ რედაქტორად მუშაობის პერიოდში, მას რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს (КСОРСГ) თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ალექსანდრე ბეჟენცევი აიძულებდა მოემზადებინა შეურაცხმყოფელი და არაეთიკური მასალა მის (ბეჟენცევის) ყოფილ კოლეგაზე. მხარის თქმით, ვინაიდან მსგავსი შინაარსის სტატიის დაწერაზე უარი განაცხადა, ბეჟენცევი აგრძელებდა მისი როგორც ჟურნალისტის დისკრედიტაციას და მასზე ზეწოლას. აღნიშნულ გარემოებებს თავის შეპასუხებაში კატეგორიულად უარყოფს მოპასუხე.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეორე პრინციპი, რომლის თანახმად: ,,დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”.

23.04.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტ ნატო გოგელიას ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია.

მის წინააღმდეგ ქარტიას მერაბ ღოღობერიძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც მმართველი პარტიის მხარდამჭერები გაერთიანებული ოპოზიციის ბათუმის ოფისთან მივიდნენ და ცოცხებს ესროდნენ, ტელეკომპანიის პირდაპირი ეთერით 2021 წლის 04 აპრილს გადაიცემებოდა.

მხარის განმარტებით, ჟურნალისტის მხრიდან აქციის ერთ-ერთ მონაწილის მისამართით დასმული კითხვა “თქვენ ვისი მონა ხართ?” მტკიცებითი ფორმით იყო დასმული და განზრახ იყო მიმართული ფაქტის დამახინჯებისკენ.

განმცხადებელი დავობდა ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება
  • ქარტიის საბჭოს ამ სადავო ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
21.04.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას მერაბ ღოღობერიძემ მომართა. სადავო სიუჟეტი “ხმაური ხელვაჩაურის მერიაში” ტელეკომპანიის ეთერში 2020 წლის 15 ოქტომბერს გავიდა და მიწის მასის ჩამოშლის გამო, მერიის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს ეხებოდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ სიუჟეტში ის მოხსენიებული იყო, როგორც სუსის აგენტი და ჟურნალისტმა არ სცდა ამ ინფორმაციის მასთან გადამოწმება.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე
  • მესამე - დადასტურებული წყარო
  • მეხუთე - შესწორება
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია

ქარტიის საბჭოს ამ სადავო ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
21.04.2021

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.