სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტებმა ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) და შესწორების (მეხუთე) პრინციპები დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას შპს ”ბევრილი ჯგუფმა” მომართა. სადავო მასალა ტელეკომპანიის ეთერში, საავტორო გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” 2020 წლის 24 ოქტომბერს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ ეთერში გასული მასალა შეიცავდა უსაფუძვლო ბრალდებებს ,,ბევრილი ჯგუფის“ მიმართ და გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ძირითადად, სადავო იყო ეკუთვნოდა თუ არა "ბევრილი ჯგუფი" პარლამენტის წევრ გოდერძი ჩანქსელიანს და იყო თუ არა ეს კომპანია ხორბლის ბაზარზე მონოპოლისტი. ბევრილი ჯგუფის კუთვნილებასთან დაკავშირებით საბჭომ ქარტიის პრინციპები დარღვეულად არ მიიჩნია, რაც შეეხება ბაზარზე მონოპოლიას, საბჭოს შეფასებით ჟურნალისტს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები რომ ეს ფაქტი მტკიცებით ფორმაში მიეწოდებინა მაყურებლისათვის.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
15.06.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 17 ივნისს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:

1. 18:00 საათზე - სადაზღვევო კომპანია უნისონი მთავარი არხის წინააღმდეგ

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი „მთავარი არხის" საინფორმაციო გადაცემაში გავიდა და მის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. განმცხადებლის განმარტებით, მასალა კომპანიის საქმიანობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს შეიცავს.  

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის 1-ლი (ინფორმაციის სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი. 

2. 19:30 საათზე - ფირუზ ბოლქვაძე თეო ფუტკარაძის და სულხან მესხიძის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი „TV 25-ის" ეთერში გავიდა. განმცხადებლის თქმით, მასალაში გაჟღერებული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და ჟურნალისტმა ისინი განზრახ დაამახინჯა, რაც მიზნად ისახავდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მოქმედი მენეჯმენტის დისკრედიტაციას.

მხარე თვლის, რომ დარღვეულია პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეორე (ჟურნალისტის იძულება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

15.06.2021

2021 წლის 10 ივნისს დამტკიცდა მედიაცია საქმეზე გიგა კოტრიკაძე POSTV წინააღმდეგ.

1. ქარტიის საბჭოს მედიასაშუალება POSTV  წინააღმდეგ განცხადებით [განცხადების ნომერი  N 486]  მომართა გიგა კოტრიკაძემ.

2.  სადავო იყო 2021 წლის 13 აპრილს, მედიასაშუალება ,,POSTV"-ის ახალ ამბებში გასული სიუჟეტი ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით.

3. სადავო სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ  ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო აქციის აქტივისტებს ფირუზ და რეზო წულუკიძეები და ელდარ ანთაძე შეუერთდნენ. სიუჟეტის თანახმად,  წულუკიძეები და ანთაძე აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს.

4.  სადავო სიუჟეტში განმცხადებლის, გიგა კოტრიკაძის გამოსახულებაზე ,,ელდარ ანთაძის“ სახელი იყო მითითებული.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი მიუთითებდა, რომ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია.

6. განცხადების მოპასუხე მედიასაშუალებისათვის გაგზავნის შემდეგ, მათ გამოთქვეს ინფორმაციის გასწორებისა და საქმის მედიაციით დასრულების სურვილი. კერძოდ: 

   (1) არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი ჩაიხსნა სოციალური ქსელებიდან;

  (2) 2021 წლის 07  ივნისს, POSTV ის  19:00 საათიან გამოშვებაში [19:57] ტელევიზიამ განაცხადა, რომ: „2021 წლის 13 აპრილს, 19:00 საათზე გასულ საინფორმაციო გადაცემაში, ნამახვან ჰესთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში ნაჩვენებ ერთ-ერთ ფოტოსურათზე გამოსახულ პირზე შეცდომით იყო მითითებული ვინაობა „ელდარ ანთაძე“, რეალურად ფოტოზე გამოსახული იყო გიგა კოტრიკაძე.  გიგა კოტრიკაძეს ბოდიშს ვუხდით ამ ტექნიკური შეცდომის გამო“.

7. მე-6 მუხლში მითითებული გარემოების გათვალისწინებით, გიგა კოტრიკაძის განცხადებაზე დამტკიცდა მედიაცია მხარეებს შორის.

10.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო მალხაზ რაშოიანის განცხადება TV პირველის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “პირველები”, 2021 წლის 19 მაისს გავიდა.

განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება ქრთამის აღებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეოთხე - ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
09.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ზაურ და ნარგიზ მელაძეების განცხადება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, გადაცემა “ჰეშთეგის” წინააღმდეგ.

სადავო მასალა, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ჰეშთეგი”, 2021 წლის 21 მაისს გავიდა.

განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება მეუღლესთან დაკავშირებით არაზუსტია. ჟურნალისტს არ უცდია ფაქტების მასთან გადამოწმება, რაც მისი განმარტებით, მიზანმიმართულად ემსახურებოდა აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
09.06.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 10 ივნისს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს:

1. 19:00 საათზე - ანა აფციაური ნათია ქოქოსაძის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემაში გავიდა. მასალა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებასა და მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა. განცხადების თანახმად, ჟურნალისტის არასენსიტიური დამოკიდებულება ძალადობის ფაქტის მიმართ, წარმოადგენს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების მცდელობას.

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი. 

2. 20:30 საათზე - შპს ,,ბევრილი ჯგუფი“ ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის წინააღმდეგ

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანია „TV პირველის“ საავტორო პროგრამაში ,,ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა. განცხადების თანახმად, ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ფაქტები განზრახ არის დამახინჯებული. 

მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com

საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

 

09.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას თამაზ სოზაშვილმა მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში - “სიცრუის დეტექტორი” 2021 წლის 16 მარტს გავიდა.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ გადაცემის წამყვანმა სტუმარს მისცა საშუალება მოეხდინა ლგბტქ ადამიანების და მათი უფლებადამცველების, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
08.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა ნუცა მამულაშვილმა დისკრიმინაციის (მეშვიდე) და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის (მეათე) პრინციპი დაარღვია.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში - “იმედის დღე” 2020 წლის 20 ნოემბერს გავიდა.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ ჟურნალისტს, რეპორტაჟში სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ, მომზადებული თემა სენსაციურ კონტექსტში ჰქონდა წარმოჩენილი, ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, საუბრობდა როგორც გამამართლებელ ფაქტზე და ცდილობდა მთელი პასუხისმგებლობის მსხვერპლზე გადატანას. პირადი ცხოვრების გასაჯაროვებით კი მოხდა მსხვერპლის რეტრამვირება და მის პირად ცხოვრებაში შეჭრა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
08.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის ჟურნალისტებმა ნინი ჟიჟიაშვილმა და მიხეილ სესიაშვილმა ინფორმაციის სიზუსტის (პირველი), ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენების (მეოთხე) და შესწორების (მეხუთე) პრინციპები დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას გიორგი კვაშილავამ მომართა. სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 10 აპრილს გავიდა და უცხოეული სტუდენტებისთვის სწავლის გასაგრძელებლად საქართველოში შემოსასვლელად, კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების საფასურს ეხებოდა.

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
08.06.2021

ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას მედიასაშუალებებში ვრცელდება ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერები, სადაც მათი იდენტიფიცირება არის შესაძლებელი. გავრცელებულ ვიდეოში ისმის ბავშვებისა და ერთ-ერთი მშობლის სახელი-გვარი, ასევე, მისი ტელეფონის ნომერი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენები. მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, და­იცვას ბავშვის ინტერესები და ხელი არ შეუწყოს მათი უფლებების დარღვევას. მოვუწოდებთ ჟურნალისტებს თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების ისეთი ფორმით გავრცელებისა და გასაჯაროვებისგან, სადაც იდენტიფიცირებული იქნება ბავშვების და მათი მშობლების  პერსონალური ინფორმაცია. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

  • უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის;
  • წინასწარ შეაფასეთ ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს;
  • ეცადეთ თავიდან აიცილოთ ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოთ ის ამბავი, რაც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს. 
04.06.2021

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ონლაინ მედიასაშუალება KutaisiToday.ge-ს რედაქტორმა ბუბა ჩივაძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეათე (პირად ცხოვრებაში შეჭრა) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას მოქალაქე შოთა შალამბერიძემ მომართა. სადავო იყო აღნიშნული მედიასაშუალების მიერ Facebook გვერდზე გაზიარებული კერძო პირის Facebook სტატუსი. 

ქარტიის საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტად არ მიიჩნევს ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა როგორც პერსონალური მოსაზრება, ან გამოქვეყნდა პირადი ანგარიშით. მაგალითად, თუ ჟურნალისტი თავისი პირად Facebook გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, ეს არ ითვლება ჟურნალისტურ პროდუქტად, მაგრამ, თუ იმავე სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება/ზიარდება საინფორმაციო საშუალების სახელით, ეს შეიძლება იყოს ქარტიის საბჭოს განხილვის საგანი. მედია სწორედ იმით გამოირჩევა, რომ იგი პოზიციონირებს, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელი საშუალება, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. 

განმცხადებლის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია მამამისის თანამდებობის და თითქოს, მის მიერ ჩატარებული ღონისძიების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მიზნად ისახავდა მისი ოჯახის დისკრედიტაციას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

04.06.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ჯაბა ფუტკარაძის განცხადება TV პირველის, გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის” წამყვანის ნოდარ მელაძის და ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა, ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 08 მაისს გავიდა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის გასხვისების საკითხს ეხებოდა.

განმცხადებლების პოზიციით, გადაცემაში გაჟღერებული ბრალდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის - ჯაბა ფუტკარაძის მისამართით, თითქოს მან სახელწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება უცხოელებზე ქრთამის აღების მიზნით გაასხვისა, სიმართლეს არ შეესაბამება. მიზნად ისახავს მინისტრის დისკრედიტაციას და ზიანს აყენებს მის რეპუტაციას.

განმცხადებელი დავობს ინფორმაციის სიზუსტის (პირველი) და შესწორების (მეხუთე) პრინციპების დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
03.06.2021

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.