სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა მარიკა გოცირიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. 

მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ ქარტიის საბჭოს გოჩა გოგინავამ მიმართა.სადავო გახდა 2018 წლის 16 ნოემბერს „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 9-საათიან "კურიერში" გასული სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა გოჩა გოგინავასთვის მიწის დაკანონებას. განცხადების თანახმად, გოგინავა მასალაში მოხსენიებულია როგორც "ოცნების მოქმედი კოორდინატორი" და "პარტიის აქტივისტი".

ქარტიაში საქმის განხილვას არც განმცხადებელი და არც მოპასუხე არ დასწრებია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
21.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებმა ლევან ჯავახიშვილმა, თეონა გეგელიამ და  ანუკი გუმბერიძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტებს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს. 

ქარტიას მათ წინააღმდეგ მიმართა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა. სადავო სიუჟეტი ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს, მათ შორის ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტს. "იმედის" მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღიარეს, რომ ამ თემაზე მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასანდო იყო. იგივე შინაარსის მასალა გამოქვეყნდა "იმედის" ვებსაიტზეც.

ქარტიაში  საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
21.12.2018

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 21 დეკემბერს განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 12:00 საათი - სოფიკო ყანჩაველი "ობიექტივის" ჟურნალისტის, ქრისტინე ქარჩხაძის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი გავიდა სათაურით "წყალტუბოში საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს". განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "ობიექტივმა" გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან არ დასტურდება რომ წყალტუბოში წყალი დაბინძურებულია და კანალიზაციის სისტემა არ არსებობს.
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

17.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ქარტიის 2 პრინციპი დაარღვიეს: პირველი, რომელიც ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს ჟურნალისტს და მეთერთმეტე, რომლის თანახმადაც,  უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევა ფაქტის განზრახ დამახინჯება.

მათ წინააღმდეგ ქარტიას დავით მახარაშვილმა მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს საინფორმაციო გადაცემა "კურიერში" კახა კალაძის ბრიფინგიდან ინფორმაცია არასწორად გაავრცლეს. კერძოდ, ისე წარმოაჩინეს თითქოს თბილისის მერი ქართველ სამხედროებს 2008 წლის ომში თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში ადანაშაულებდა. განმცხადებლის თქმით, მსგავსი რამ კახა კალაძეს არ უთქვამს. ამის დასტურად კი ბრიფინგის სრული ვერსია წარმოადგინა.

ქარტიის საბჭომ მსჯელობის შემდეგ დაადგინა როგორც სიზუსტის დარღვევა, ისე ფაქტის განზრახ დამახინჯება.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
15.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა მიხეილ სესიაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. 

სადავო მასალა ეთერში გავიდა 2018 წლის 30 სექტემბერს და ეხებოდა ქართული ავიაციის სავარაუდო გამოყენებას ფულის გათეთრების პროცესში. სიუჟეტის თანახმად "ამს ეარლაინსი" ფრენების შესაბამისი ნებართვის გარეშე ახორციელებდა. სწორედ "ამს ეარლაინზმა" მიმართა ქარტიას სიუჟეტის ავტორის წინააღმდეგ. ის მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა, ასევე დარღვეული იყო ქარტიის მესამე (მიჩქმალვა, გაყალბება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიხეილ სესიაშვილმა კი საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
15.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 14 დეკემბერს განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 19:00 საათი -შპს "ამს ეარლაინზი" "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების, მიშა სესიაშვილის და ეკა ბუცხრიკიძის წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი სახელწოდებით "კორუფციული გარიგება ქუმსიშვილის მონაწილეობით?" გადაცემა "P.S.-ის" ეთერში 30 სექტემბერს გავიდა და ეხებოდა ქართული ავიაციის სავარაუდო გამოყენებას ფულის გათეთრების პროცესში. სიუჟეტში ნახსენები იყო განმცხადებელი კომპანია "ამს ეარლაინზიც".
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მე11(ფაქტის განზრახ დამახინჯება)
11.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების ირაკლი ჩიხლაძისა და ვარლამ წიკალურის წინააღმდეგ. სადავო გახდა სიუჟეტი, რომელიც 21 ოქტომბერს გადაცემაში "იმედის კვირა" გავიდა სახელწოდებით - "კაბინეტიდან გაქცეული ოზურგეთის არჩეული მერი - კონსტანტინე შარაშენიძე თანამშრომლებს "იმედის კვირისთვის" მიცემული ინტერვიუს გამო დევნის".

სადავო სიუჟეტი ოზურგეთის მერიაში არსებულ სავარაუდო კანონდარღვევაზე "იმედის" მიერ რამდენიმე ხნით ადრე მომზადებული მასალის გაგრძელება იყო. სიუჟეტში ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია მართლაც დაისაჯა თუ არა აუდიტის სამსახურის უფროსი "იმედისთვის" მიცემული სიუჟეტის გამო.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა ქარტიის რამდენიმე პრინციპი დაარღვიეს: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს

06.12.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანამშრომლის, ლევან ნატროშვილის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების წინააღმდეგ. სადავო გახდა  29 ნოემბერს საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკაში" გასული სიუჟეტი სათაურით „მესამე სექტორმა ყალბ მოწმობებთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობის არასანდოობა აღიარა". 

სიუჟეტი ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს, მათ შორის ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტს. "იმედის" მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღიარეს, რომ ამ თემაზე მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასანდო იყო.

ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ "იმედმა" ქარტიის პირველი (სიზუსტე) დაარღვია და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, მასალა იყო მანიპულაციური და შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

03.12.2018

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ოფისში ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებზე თავდასხმისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტს.

30.11.2018

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ ჟურნალისტთა უფლებების დაცვა. როგორც ცნობილი გახდა, ტვ პირველის ჟურნალისტს, თათია ჩაფიჩაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას უცნობმა პირებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც მოიცავს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას.

28.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო სოფიკო ყანჩაველის განცხადება ტელეკომპანია "ობიექტივის" ჟურნალისტის ქრისტი ქარჩხაძის წინააღმდეგ. სადავო სიუჟეტი ეხება წყალტუბოში კანალიზაციის სისტემის შესახებ. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "ობიექტივმა" გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან არ დასტურდება რომ წყალტუბოში წყალი დაბუნძურებულია და კანალიზაციის სისტემა არ არსებობს.

შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.


22.11.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპი დაარღვია. 

მის წინააღმდეგ ქარტიას საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ მომართა. ის სადავოდ ხდიდა მასალას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტზე (1tv.ge) გამოქვეყნდა სათაურით "გიორგი ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე - ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს [ვიდეო]". ტექსტი ეხება გიორგი ვაშაძის მიერ პირველი არხის გადაცემა "პრეზიდენტის არჩევნები 2018-ში" გასულ კომენტარს, სადაც ის საყოველთაო ჯანდაცვაზე საუბრობს. გიორგი ვაშაძე მიიჩნევდა, რომ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი არ შეესაბამებოდა მის კომენტარს.

ქარტიის საბჭოს მიიჩნია, რომ სათაური მანიპულაციური იყო, ვინაიდან შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს გიორგი ვაშაძე აკრიტიკებს სახელმწიფოს მიერ „მომაკვდავი ადამიანის“ მკურნალობის იდეას. გადაცემაში კი  გიორგი ვაშაძე ნეგატიურად აფასებდა სახელმწიფოს იმ მიდგომას, რომლის თანახმადაც მნიშვნელოვანი სახსრები არ ხმარდება დაავადების პრევენციას, რათა თავიდან იქნას აცილებული ან/და შემცირებული ფატალური შედეგი. გიორგი ვაშაძე საზოგადოებას სთავაზობდა თავის ხედვას თუ როგორ შეიძლება მძიმე შედეგების შემცირება ხარჯების ეფექტურად გამოყენების გზით. საბჭოს აზრით, იმის გამო, რომ ჟურნალისტი სათაურში კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზას იყენებს, ვაშაძის გამონათქვამი იცვლის აზრს და აუდიტორიას განსხვავებულ შთაბეჭდილებას უქმნის. ამასთან, საბჭომ ხაზი გაუსვა სათაურის მნიშვნელობას და თქვა, რომ "ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური ცალკე ჟურნალისტური პროდუქტად უნდა განიხილებოდეს. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სათაური ზუსტად გადმოსცემს სტატიაში მოყვანილ ფაქტებსა და მოსაზრებებს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ ტექსტის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში"

გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ სტატიის გამოქვეყნების დროს საქართველოში იყო წინასაარჩევნო პერიოდი და გიორგი ვაშაძე არჩევნების პროცესში ჩართული პოლიტიკური ძალის ლიდერი იყო, შესაბამისად, მისი პოზიციების მიმართ არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ყურადღება. მის ნებისმიერ მოსაზრებას შესაძლოა გავლენა მოეხდინა ამომრჩევლის არჩევანზე. ამასთან, სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციის გაზიარებისას აბსოლუტურ უმრავლესობაში დარჩა შთაბეჭდილება, რომ აუდიტორიის დიდ ნაწილს მხოლოდ სათაური ჰქონდა წაკითხული და ამ გზით მიღებული ცნობის საფუძველზე აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ განმცხადებელს.

გიორგი ვაშაძე დავობდა მეხუთე პრინციპზეც (შესწორება), ვინაიდან რედაქტორისთვის მიმართვის მიუხედავად ტექსტი არ გასწორდა. ეს ფაქტი ირინა დეკანოიძემაც დაადასტურა და თქვა, რომ გიორგი ვაშაზეს შესთავაზა გაეგზავნა საკუთარი პოზიცია, რომელსაც ის ასევე განათავსებდა ვებგვერდზე.

საბჭო მიიჩნევს, რომ ასეთი შეთავაზება არ შეესაბამება შესწორების სტანდარტს, რომლის თანახმად, პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე. "მედიამ ინფორმაცია უნდა შეასწოროს მაშინვე, როგორც კი ცნობილი გახდება მისთვის ამ შეცდომის შესახებ და საჭირო არ უნდა იყოს სპეციალურად მიმართვა. ამასთან, გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა და არასწორი ინფორმაციის შემცველი ჟურნალისტური პროდუქტი აღარ უნდა იძებნებოდეს", - აღნიშნავს საბჭო.

გარდა სიზუსტისა და შესწორების პრინციპისა, გიორგი ვაშაძე დავობდა ქარტიის მეშვიდე და მეთერთმეტე პრინციპის დარღვევაზეც, თუმცა, საბჭომ ამ ორი პრინციპის დარღვევა არ დაადგინა. 

იხილეთ გადაწყვეტილების სრული ვერსია
19.11.2018

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.