სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის  ჟურნალისტმა, ნინუცა კახნიაურმა ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი დაარღვია, რომელიც უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევს პლაგიატს.

მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა ონლაინ გამოცემა "ჩაიხანამ", რომელიც ამტკიცებდა, რომ პირველი არხის გადაცემა "ახალ კვირაში" გასული სიუჟეტი მათ მიერ რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებული ვიდეოს იდენტური იყო.  ორივე სიუჟეტი სოფელ გუმბათის მასწავლებელს, ირა ძირკვაძეს ეხებოდა. 2019 წლის 4 იანვარს „ჩაიხანას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს სახელწოდება იყო გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან”, 2019 წლის 27 იანვარს პირველი არხის ეთერში გასულ სიუჟეტს კი ერქვა “გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან”.

ქარტიის საბჭომ მოიკვლია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა ირა ძირკვაძის საქმიანობის შესახებ სწორედ „ჩაიხანას“ მიერ მომზადებული ვიდეოდან შეიტყო. მიუხედავად ამისა, წამყვანმა სიუჟეტი წარადგინა ისე, თითქოს მათ აღმოაჩინეს გმირიც და თემაც. წარდგენის ტექსტის მიხედვით, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გმირი - ირა ძირკვაძე, “ახალი კვირის” ჟურნალისტის, ნინუცა კახნიაურის „აღმოჩენილი“ იყო, არც თავად წარდგენის ტექსტში და არც შემდგომ რეპორტაჟში არ ახსენეს, რომ ამბავი დაახლოებით სამი კვირის წინ პირველად “ ჩაიხანამ“ გააშუქა.

ქარტიის საბჭოს აღნიშნავს, რომ "თითოეული მასალის მომზადებას სჭირდება ადამიანური და მატერიალური რესურსი, წყაროსთან/წყაროებთან ურთიერთობა, გმირის აღმოჩენა, მასთან დაკავშირება და შეთანხმება, სიუჟეტის მთავარი აქცენტების გამოკვეთა. ეს ყველაფერი ხშირად დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ შრომას უნდა სცეს პატივი კეთილსინდისიერმა ჟურნალისტმა და საკუთარ ჟურნალისტურ პროდუქტში ახსენოს პირველწყარო. გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა “ჩაიხანას” სიუჟეტიდან შეიტყო ახალგაზრდა პედაგოგის მოღვაწეობის ამბავი, არც კი ეცადა, რომ ირა ძირკვაძის ისტორია სხვა კუთხიდან გაეშუქებინა, ეპოვა სხვა რესპონდენტები და ახალი, განსხვავებული აქცენტებით მოემზადებინა მასალა. სიუჟეტების სათაურებიც კი თითქმის იდენტურია “.

ამავე გადაწყვეტილებაში  საბჭო ხაზს უსვამს, რომ მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, თითქოს ქარტიის საბჭო ადგენს „თემის პლაგიატს“, საბჭო დასაშვებად და ეთიკურ ჟურნალისტიკასთან შესაბამისად მიიჩნევს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ერთი და იმავე თემის გაშუქებას. განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპის დარღვევა გამოიწვია ზემოთ აღნიშნულმა გარემოებების ერთობლიობამ.

იხილეთ გადაწყვეტილების სრული ვერსია
15.05.2019
ტელეკომპანია ოდიშის ინფორმაციით, 14 მაისს ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ეზოში გადაცემა „ლუსტრაციის“ ჩაწერისას “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ მათ რესპონდენტს, ზუგდიდის მერობის კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვს. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გადამღებ ჯგუფს. ტელევიზიამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

14.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რიონის" წამყვანმა სოფო რაჭველმა ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."

სოფო რაჭველის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა ორგანიზაციამ "რეგიონული განვითარება დემოკრატიისთვის". სადავო გახდა 2019 წლის 8 მაისს გასული გადაცემა "ჩვენი შუადღე". განმცხადებლის აზრით, წამყვანი სტუმართან ერთად იყენებდა სიძულვილის ენას, ჰომოფობიურ გამონათქვამებს. მისი ეს პოზიცია გაიზიარა ქარტიის საბჭომაც.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
14.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს, გიორგი სულაძეს და რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევიათ. მათ წინააღმდეგ ქარტიას ხატია ბეროძემ მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ  ამ მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ მასალებში, რომელიც სოფელ გელათის მოსახლეობის პროტესტს ეხებოდა, დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპები.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი და ერთი მოპასუხე, გიორგი სულაძე. რუსთავი 2-ს მონაწილეობა არ მიუღია და არც სიუჟეტზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა უცნობებია. ხატია ბეროძე ასევე დავობდა ამავე თემაზე "პალიტრანიუსის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაზეც თუმცა განხილვის პროცესში მოხსნა ეს მოთხოვნა.

გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
11.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ხათუნა მაცაბერიძის განცხადება Qartli.ge-ს ჟურნალისტის, მახო მიქელაძის წინააღმდეგ. სადავო გახდა მასალა სათაურით "ავნევიდან დევნილი მოვაჭრე პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო ხაშურის ბაზრის დირექტორს ადანაშაულებს".

ბაზრის დირექტორი, ხათუნა მაცაბერიძე განცხადებაში უარყოფს ამ ბრალდებას, ამბობს, რომ სტატიაში მოსაუბრე რესპონდენტი არ არის მის მიერ დასაქმებული, არ იცნობს მას და რედაქციას არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

ქარტიის საბჭო საქმის განხილვის შემდეგ გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ეთიკის პრინციპები სადავო მასალაში.
10.05.2019
11 მაისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ განცხადებებს:

  • 12:00 საათი - ლევან ლაზარეშვილი სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტის, მარი დუდუნიას წინააღმდეგ
სტუდია "მონიტორის" მიერ მომზადებული სადავო მასალა 2018 წლის 15 დეკემბერს გავიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში. სიუჟეტის მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტენდერებში კორუფცია და ნეპოტიზმია, სახელმწიფო ბიუჯეტი კი მერის გარემოცვის სასარგებლოდ იხარჯება.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

10.05.2019
თბილისის საქალაქო სასამართლოში შესული სარჩელის თანახმად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორისა და მესაკუთრეებისგან 26 მილიონი ლარის გადახდას ითხოვს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო 2015 წლიდან განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით ლეგიტიმურ კითხვები ჩნდება ამ პროცესის მიმართაც.

რუსთავი 2, ერთ-ერთი გავლენიანი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებელი, უკვე წლებია დგას სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე. იმისდა მიუხედავად, თუ ვინ რამდენად იზიარებს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას, პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული და მრავალფეროვანი მედია პლატფორმების არსებობა.

მორიგი სასამართლო დავა არა მარტო მაუწყებლის მუშაობას აფერხებს, არამედ საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმს და თავისუფალ მედიაგარემოს ჩვენ ქვეყანაში. რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო ცვლილებას უდავოდ უარყოფითი გავლენა ექნება 2020 წლამდე წინასაარჩევნო გარემოზე და მთლიანად დემოკრატიულ პროცესზე.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში რუსთავი 2-ის გარდა, სხვა მედია საშუალებების მიმართ, ტვ პირველი, იბერია TV და აჭარის ტელევიზია, არაერთი პროცესი განვითარდა, რომელიც კითხვებს აჩენს მედიის დამოუკიდებლობაში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით. ეს საკითხები კი უარყოფითად აისახება ყველა საერთაშორისო ანგარიშში, რომელიც აფასებს მედიის მდგომარეობას და დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. საქართველოსთვის, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რაც პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნების გარეშე ვერ მოხერხდება.

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • სატელევიზიო ქსელი საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • რეგიონულ მაუწყებელელთა ალიანსი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მედიის განვითარების ფონდი
07.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო "ევექსის ჰოსპიტლების" განცხადება commersant.ge-ს ჟურნალისტის, სალომე ლემონჯავას წინააღმდეგ. სადავო სტატია პირველ მაისს გამოქვეყნდა სათაურით "ევექსი კრიმინალურ სკანდალში ეხვევა". სტატიაში საუბარი იყო ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ნაპოვნ ემბრიონზე, რაზეც სტატიის მიხედვით, გამოძიება დაიწყო. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სტატიაში საავადმყოფოს პერსონალი და მენეჯმენტი გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზეა დადანაშაულებული. შესაბამისად, მათი აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

ქარტიის საბჭო საქმის განხილვის შემდეგ დაადგენს სადავო სტატია შეესაბამებოდა თუ არა სადავო ეთიკურ პრინციპებს. 

ამ განცხადებამდე ევექსმა commersant.ge-ს წინააღმდეგ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების გამო ქარტიას ერთხელ უკვე მიმართა. საქმე ჯერ არ განხილულა.
06.05.2019
2 მაისს გაიმართა კონფერენცია ,,მედიის ევროპული სტანდარტი - ეთიკა და პასუხისმგებლობა“. ევროკავშირის ხელშეწყობით და ფინანსური დახმარებით კონფერენციის ორგანიზატორი იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

04.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო  ლევან ქემოკლიძის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" გადაცემის "რა დროს ძილია" წამყვანის, ოლგა ბაბლუანის წინააღმდეგ.

სადავო გახდა ქუთაისის შესახებ მომზადებული გადაცემა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც თქვა, რომ რიონისპირა სახლების და ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. განმცხადებლის აზრით, ამით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. გარდა ამისა, ლევან ქემოკლიძე მიიჩნევს, რომ ასევე დარღვეულია მეცხრე პრინციპიც, რომლის თანახმადაც სარეკლამო და სარედაქციო მასალები გამიჯნული უნდა იყოს.

სადავო მასალას ქარტიის საბჭო განიხილავს და გადაწყვეტს მართლაც დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები. 


26.04.2019
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი მრჩეველთა საბჭომ დღევანდელი გადაწყვეტილებით თავადვე ეჭვქვეშ დააყენა

სსიპ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ განიხილა და მიიღო გარე აუდიტის ფინანსური ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ ,,სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წარმოდგენილი საბიუჯეტო ფინანსური ანგარიში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, შეესაბამება 2014 წლის 31 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის №429 ბრძანებით დამტკიცებული„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციას.“

26.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა თეონა ხარაბაძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ მიმართა. განმცხადებლის უკმაყოფილება გამოიწვია აჭარის ტელევიზიის ეთერში 11 თებერვალს გასულმა სიუჟეტმა, რომელიც ეხებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აუდიტის 2017 წლის ანგარიშს. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, ჟურნალისტმა სოფელ ჯიბინაურში კეთილმოწყობილი სტადიონის ნაცვლად აჩვენა მოუწესრიგებელი სტადიონი. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი კადრები გაუშვა ეთერში, რითიც დაარღვია ქარტიის პრინციპები.

გარდა პირველი და მეხუთე პრიციპისა, ჯუმბერ ვარდმანაძე მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო მესამე (მიჩქმალვა)და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები, თუმცა, საბჭომ განხილვის შემდეგ ამ პრინციპების დარღვევა არ დაადგინა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
25.04.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.