სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის  საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს, რუსუდან გიორგაძეს ქარტიის პირველი(სიზუსტე) პრინციპი არ დაურღვევია. სადავო გახდა სექსუალური განათლების შესახებ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც "კურიერ PS-ში" 17 თებერვალს გავიდა. 

მის წინააღმდეგ ქარტიას გიორგი ყიფიანმა მიმართა. მისი აზრით, არაზუსტი იყო სიუჟეტში ჟურნალსიტის ტექსტი, რომლის მიხედვითაც კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ სერიალი  Sex Education ყველა ადამიანმა უნდა ნახოს.

გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება
03.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს ქარტიის მერვე პრინციპი არ დაურღვევია, რომლის თანახმადაც ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

მის წინააღმდეგ ქარტიას "თანასწორობის მოძრაობამ" მიმართა და მიიჩნევდა, რომ მერვე პრინციპი დარღვეული იყო 13 წლის ბიჭის მკვლელობის შესახებ მომზადებულ მასალაში, რადგან ტექსტს თან ერთვოდა გარდაცვლილი არასრულწლოვნის ფოტო.

ქარტიაში საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებელი. "ინტერპრესნიუსმა" ქარტიას არ აცნობა მოპასუხე ჟურნალისტის ვინაობა, არ დასწრებია სხდომას და არც წერილობით გამოუგზავნია შეპასუხება.

გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
03.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ონლაინ ტელევიზია POSTV-მ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს თავიდან აირიდოს რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია.

POSTV-ს წინააღმდეგ ქარტიას მიმართა პლატფორმამ "არა ფობიას!". პლატფორმის წევრები მიიჩნევდნენ, რომ არაეთიკური იყო 9 თებერვალს გამოქვეყნებულ სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრას ლიეჟში, ბელგიაში. მასალაში ნათქვამი იყო, რომ პარალელურად ლგბტ პირთა წვეულება გაიმართა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიის ღონისძიების დისკრედიტაციას ჰომოფობიური განწყობების გაღვივებით და დაუსაბუთებელი კავშირების ჩვენებით ცდილობდნენ.

გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
03.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "ასავალ-დასავალის"  ჟურნალისტმა მეგი საჯაიამ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.  სადავო მასალა "შირაქმა ასავალ-დასავალს და ჯაბა ექიმს სასამართლოში უჩივლა!" 2019 წლის 4 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა და ეხებოდა შპს "შირაქის" მიერ წარმოებულ პროდუქტს და მათ მიერ "ასავალ-დასავალის" მასალის გასაჩივრებას.  განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალაში ინტერვიუს დროს ავტორსა და რესპონდენტს შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია თითქოს შპს "შირაქი" არღვევს კანონს.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.
03.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ. სადავო მასალა, რომელიც ეძღვნებოდა ქალის სასქესო ორგანოს აგებულებას და სექსუალური განათლების თემატიკას, 2019 წლის 17 თებერვალს გადაცემა "კურიერი P.S-ს"  ეთერში გავიდა

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ბავშვთა უფლებები და მსგავსი სიუჟეტები ბავშვთა ფსიქიკაზე მავნე გავლენას ახდენს, შესაბამისად აცხადებს, რომ "რუსთავი 2-მა" და მისმა ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 პრინციპი (ბავშვის ინტერესი) დაარღვიეს.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს მართლაც დაირთვა თუ არა სადავო სიუჟეტში ეთიკური სტანდარტები.
01.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშებად სცნო ლევან ლაზარეშვილის განცხადება საგამოძიებო სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტის, მარიკა დუდუნიას წინააღმდეგ. სადავო მასალა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტენდერებს ეხებოდა, 2018 წლის 15 დეკემბერს გავიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში.  სიუჟეტის მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტენდერებში კორუფცია და ნეპოტიზმია, სახელმწიფო ბიუჯეტი კი მერის გარემოცვის სასარგებლოდ იხარჯება.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია სიზუსტე (პირველი პრინციპი), ამასთან ჟურნალისტმა მიჩქმალა  (მესამე პრინციპი)  მნიშვნელოვანი დეტალები და განზრახ დაამახინჯა ფაქტები (მეთერთმეტე პრინციპი).

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს მართლაც დაირღვა თუ არა სადავო სიუჟეტში ეთიკური სტანდარტები.

სადავო მასალა
28.02.2019

3 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 12:00 საათი - საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია "ასავალ - დასავალის" ჟურნალისტის, მეგი საჯაიას წინააღმდეგ
26.02.2019

ბოლო პერიოდში მედიამ აქტიურად დაიწყო 2018 წლის წლის ივლისში ხადის ხეობაში მოკლული აშშ-ს მოქალაქეების, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის გაშუქება. გამოჩნდა ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების ჩანაწერი, ფოტომასალა, რაც დიდი ალბათობით, თავად ძალოვანი უწყებების მიერ არის მიწოდებული. უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით, ამიტომაც ბუნებრივია პროკურატურის ინტერესი - გამოიყენოს მედია სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად.

26.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამია ფხაკაძის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების, ნოდარ მელაძის და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ. 

სადავო სიუჟეტი, რომელიც 16 თებერვალს გავიდა ეთერში და მოსამართლეთა ძვირადღირებულ სახლებს ეხებოდა, მათ შორის ნახსენები იყო მამია ფხაკაძეც და მის საკუთრებაში არსებული სახლი. ის მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2-მა" არაზუსტი ფაქტები გაავრცელა მის შესახებ საუბრისას, რითიც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაციას. ამასთან, მამია ფხაკაძის განცხადებით, დარღვეულია ქარტიის მესამე პრინციპიც (ფაქტების მიჩქმალვა), ვინაიდან სადავო მასალაში ჟურნალისტემა აუდიტორიას არ მიაწოდეს სრულყოფილად ინფორმაცია და მიქჩმალეს მნიშვნელოვანი დეტალები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს მართლაც დარღვეულია თუ არა ქარტიის პრინციპები სადავო სიუჟეტში.

იხილეთ მამია ფხაკაძის განცხადება

21.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვიეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა:  versia.ge, marshalpress.ge, digest.pia.ge, exclusivenews.ge, resonancedaily.com, ITV.ge. მათ წინააღმდეგ ქარტიას  საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიმართა. 

"ეკა ბესელიას იჭერენ?! რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ბესელიას კომპრომატები" - ამ სათაურით მასალა თავდაპირველად "ვერსიამ" გამოაქვეყნა. დანარჩენმა ზემოთ აღნიშნულმა ვებსაიტებმა კი იდენტური ინფორმაცია "ვერსიაზე" დაყრდნობით გაავრცელეს.  სადავო სტატიებში პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან ერთად "ნახსენები იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მზია თოდუას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი. ამასთან გამოცემებისთვის მიმართვის შემდეგ მასალა სათანადო წესით არ გასწორდა.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ პირველ და მეხუთე პრინციპთან ერთად დარღვეული იყო მესამე პრინციპიც  რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია, თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

21.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო რაშან ზიადალიევის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის, ქეთევან ბუდაღაშვილის წინააღმდეგ.  სადავო მასალა გავიდა გადაცემაში "იმედის დღე" და ეხებოდა ბოლნისს, მის ისტორიას, იქ არსებულ მდგომარეობას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტში ისეა წარმოჩენილი, თითქოს ბოლნისში მხოლოდ ქრისტიანები ცხოვრობენ და არ ჩანს იქ არსებული ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება. ამიტომ, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.

 

19.02.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "აქცენტების" წამყვანმა ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. 

გადაცემა „კვირის აქცენტების“ სადავო ნაწილი ეხებოდა განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს, კერძოდ, გამოცდების წესში და სავალდებულო საგამოცდო საგნების ჩამონათვალში შეტანილ/დაგეგმილ ცვლილებებს. აღნიშნული საკითხზე ძირითადად ისაუბრა წამყვანმა ნიკა გვარამიამ, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი ცვლილებების მიმართ და აღნიშნავდა, რომ „არის სოფო გორგაძე, ხელმძღვანელი, რომელიც არ ვიცი კომუნიკაციაზე რატომ არ გამოდის, ვიცნობ არაჩვეულებრივად, ჩემს დროსაც მუშაობდა, ვიცი ზუსტად ეხლა რა ჯგუფია ეს ხომ, მოდი არც ვილაპარაკოთ, ეს არის სიკო ჯანაშია, ეს არის გიგი თევზაძე მათ შორის. ეს გავლენის ცენტრია მარტივად რომ ვთქვათ, სოფო გორგაძე მათი გავლენის ცენტრია, მე განათლების მინისტრი ვიყავი და ვიცი გავლენის ცენტრები როგორ არის გადანაწილებული განათლებაში და მათ შორის დღევანდელი მინისტრი არი ამ ადამიანების გავლენის ცენტრი“, „ვამბობ, რომ ცუდია [იგულისხმება გავლენის ცენტრის არსებობა] ?, არ ვამბობ რომ ცუდია, ფაქტს [იგულისხმება სიკო ჯანაშია, გიგი თევზაძე, სოფო გორგაძე, განათლების მინისტრი როგორც გავლენის ცენტრი] ვამბობ, ერთი გავლენის ცენტრია“. “ძალიან უცნაური ფენომენია ბატონი ბატიაშვილი [განათლების მინისტრი], გავლენის ცენტრი, რომელსაც ეკუთვნის გითხარით“.

განმცხადებელი ამბობდა, რომ იგი თავს არ უკავშირებს არავითარ გავლენის ცენტრს და ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. განმცხადებლის თქმით, არ სურს რომ მას აკავშირებდნენ განათლების სფეროში განხორციელებულ/დაგეგმილ ცვლილებებთან. გადაწყვეტილების თანახმად, საბჭომ ასევე იმსჯელა, ნიკა გვარამია განცხადება, რომ სიკო ჯანაშია, გიგი თევზაძე, სოფო გორგაძეს და განათლების მინისტრი ერთი გავლენის ცენტრია იყო მისი სუბიექტური შეფასება თუ ეს ინფორმაცია ფაქტად გაავრცელა. "ამ შემთხვევაში საბჭო დაეყრდნო თავად ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც აღნიშნავს რომ ეს არის „ფაქტი“, ხოლო იმის გასამყარებლად, რომ ნიკა გვარამია სწორედ ის პერსონაა, რომელმაც შეიძლება ეს ფაქტი იცოდეს, ხაზი გაუსვა რომ „მე განათლების მინისტრი ვიყავი და ვიცი გავლენის ცენტრები როგორ არის გადანაწილებული განათლებაში“, - აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში და იქვე ნათქვამია, რომგადაცემაში საშუალება არ მისცემია არც ერთ დასახელებულ პირს, რომ კომენტარი გაეკეთებინა ნიკა გვარამიას პოზიციაზე. თავად ნიკა გვარამიას არ აღუნიშნავს რამე მტკიცებულება ან გარემოება, რომელიც „ფაქტს“ გაამყარებდა. 

გადაცემის ფორმატთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს, რომ საავტორო გადაცემა, რა თქმა უნდა, განსხვავდება საინფორმაციო გამოშვებისაგან, მაგრამ არა ფაქტების სიზუსტის ნაწილში. საავტორო გადაცემის დროს მის ავტორს/წამყვანს აქვს უფრო მეტი თავისუფლება დააფიქსიროს თავისი პოზიცია, შეფასება, მხარი დაუჭიროს ამა თუ პირს/მოსაზრებას, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმდინარეობას, მაგრამ ვინაიდან საავტორო გადაცემის წაყვანა სრულად ჯდება ჟურნალისტურ საქმიანობაში, მის წამყვან ჟურნალისტს ეკისრება ეთიკური პასუხისმგებლობა, რომ გამიჯნოს ფაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ერთმანეთისაგან, ფაქტის სახით გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ანუ პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სრული დასაბუთება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

18.02.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.