17-18 ნოემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი
(UNICEF) მართავენ სემინარს უფროსკლასელებისათვის - “მედიაწიგნიერება
და კრიტიკული აზროვნება”
ორდღიანი სემინარი იმართება თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში.
(მის.: ალ. ჭავჭავაძის 10). პრაქტიკულ ტრენინგებში მონაწილეობენ XI და
XII კლასების მოსწავლეები თბილისისა და რეგიონების სკოლებიდან.
სემინარი იმართება პროექტის - “ბავშვთა საკითხების გაშუქება - კონტენტ
ანალიზი და მედიაწიგნიერება” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის
ფინანსური მხარდაჭერით.
სემინარის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს გახდნენ მედიაწიგნიერები,
კრიტიკულად მოაზროვნენი, რათა შეძლონ იმის ინტერპრეტაცია და გააზრება,
რასაც ხედავენ, კითხულობენ და ისმენენ. სწავლებისას გამოყენებული
იქნება მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავდა გაეროს
ბავშვთა ფონდის კოსოვოს ოფისის მიერ შედგენილი პროგრამის PONDER-ის
ადაპტირების შედეგად. სახელმძღვანელოს ქართული ვერსია მომზადდა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის
საქართველოს ოფისის მხარდაჭერით და მედია ექსპერტთა ჯგუფის
მონაწილეობით.
მედიაწიგნიერების შესახებ სემინარი დაეხმარება ახალგაზრდებს, აიმაღლონ
ცოდნის დონე მასობრივი კომუნიკაციის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ,
გააძლიერებს მათ უნარს კრიტიკულად გაანალიზონ რა კავშირი არსებობს
მედიას, აუდიტორიასა და ინფორმაციას შორის.
პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით მონაწილეები შეძლებენ
დაინახონ:
- როგორ ანიჭებს ადამიანი სხვადასხვა მნიშვნელობას მოვლენას,
საკითხს, მონაცემს თუ ინფორმაციას
- როგორ იცვლება ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მედია და მისი
ურთიერთკავშირი აუდიტორიასთან.
- რა გავლენა აქვს სურათებს მოვლენათა აღქმისას, როგორ შეიძლება
ფოტოები იქნას გამოყენებული მანიპულაციისთვის და როგორ ცვლის
კონტექსტი, დრო, ადგილი, სოციალური გარემო ერთი და იმავე კადრის
აღქმას.
სემინარს გაუძღვებიან:
- ნათია კუპრაშვილი, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის აღმასრულებელი
დირექტორი;
- ნინო დანელია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
***
საკონტაქტო ინფორმაცია
ნინო ნარიმანიშვილი, პროექტის
კოორდინატორი
ტელ: 593926429
ელ.ფოსტა:
narimanishvili.n@gmail.com