სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტმა ანა მარშანიამ დაარღვია ქარტიის მესამე პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.

მის წინააღმდეგ განცხადება სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთმა" შემოიტანა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ 11 დეკემბერს "ინტერპრესნიუსმა" არაზუსტი ინფორმაცია გამოაქვეყნა და მიჩმქალა ფაქტები. სადავო მასალაში ორგანიზაცია IPR & Analytical Center-ის კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნული იყო, რომ თბილისში ყველაზე ხშირად რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ. განმცხადებელი რადიო "ჰერეთი" კი აღნიშნავდა, რომ ასეთი კვლევითი კომპანია არ არსებობს. "არ იძებნება არცერთი საძიებო სისტემით, არ აქვს ვებ-გვერდი, სხვა მისამართები.".

როგორც განმცხადებელმა, ისე მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს უპასუხეს. მსჯელობის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალაში დარღვეული იყო ქარტიის მესამე (მიჩქმალვა) პრინციპი. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
15.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)" განცხადება ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით. სადავო გახდა 2018 წლის 27 თებერვალს გადაცემა "სოციალური თემატიკის" ის სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა მანუჩარ მელიქიძის ცხოვრებისეული ტრაგედიის შედეგებს და აღწერდა მის   ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. 

PHR-ის განცხადების თანახმად, ტრაგედიის სიმძაფრის გადმოცემისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მისი შვილების ემოციურ განცდებს, რა დროსაც ჟურნალისტმა გაავრცელა ბავშვებისთვის საზიანო ინფორმაცია.10 წუთიანი სიუჟეტის განმავლობაში ნახევარზე მეტი დრო ეთმობა კადრებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შფოთავენ და ტირიან ბავშვები.

"იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნები იდენტიფიცირებულები არიან, სიუჟეტი, თავის მხრივ, შეიცავს ბავშვების ცხოვრებისეული დეტალების შესახებ ინფორმაციას, ვიდეო კი, გარდა სატელევიზიო ეთერისა, სოციალურ ქსელშიც გავრცელდა (გასათვალისწინებელია სოციალური ქსელის მასშტაბები - გამოხატული რეაქციების, ნახვის, გაზიარებისა და კომენტარების ველი), ადვილი შესაძლებელია, მათი მდგომარეობა განხილვის საგანი გახდეს სკოლასა თუ მათთვის ნაცნობ სხვა გარემოში როგორც უფროსების, ისე თანატოლების მხრიდან, რაც აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაციისას ბავშვებისთვის განმეორებითი ტრავმისა და სტრესის მუდმივობის საფუძველს ქმნის", - ნათქვამია განცხადებაში.

შესაბამისად PHR-ი მიიჩნევს, რომ  მასალაში დარღვეულია ქარტიის 8 პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის“.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
12.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებას სცნო გიორგი კალატოზიშვილის განცხადება trialeti.ge-ს ჟურნალისტის, ლელა ლობჟანიძის წინააღმდეგ. სადავო მასალა ვებსაიტზე 2 მარტს გამოქვეყნდა სათაურით "საზარელი შემთხვევა ქარელში - ,,ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ნაჯახით დაჩეხა".

განმცხადებელი გიორგი კალატოზიშვილი მიიჩნევს, რომ მასალა არასწორ ინფორმაციას შეიცავს, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ დამნაშავე მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. განმცხადებლის ინფორმაციით, ამის შესახებ სამინისტრომ აცნობა მედიასაშუალებას, თუმცა მასალა არ ჩასწორებულა. შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მე-3 (მიჩქმალვა), მე-5(შესწორება), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11(ფაქტის განზრახ დამახინჯება).

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
07.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით "პრაიმ ტაიმის" ჟურნალისტმა ლილუ მიროტაძემ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვის ინტერესების დაცვა) პრინციპები დაარღვია. 

მის წინააღმდეგ განცხადება ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შემოიტანა. სადავო მასალა ეხებოდა 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის ახლობლის Facebook სტატუსს. PHR-ის პოზიციით, სტატუსი ცალსახად შეიცავდა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს, არასრულწლოვნისთვის საზიანო ინფორმაციას და არღვევდა მის უდანაშაულობის პრეზუმფციას.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
03.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" გასული სიუჟეტით ქარტიის პირველი პრინციპი, სიზუსტე დაირღვა. მასალას არ აქვს მითითებული ავტორი, ქარტიასთან არ ითანამშრომლა ტელეკომპანიამ, შესაბამისად ვერ მოხდა პასუხისმგებელი ჟურნალისტის იდენტიფიცირება. 

სადავო მასალა ეხებოდა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მცხოვრებლების დაპირისპირებას კორპუსზე დაშენებული ნაგებობის გამო. ქარტიას განცხადებით მომართა მოქალაქე ლალი საყვარელიძემ, რომლის მიმართაც სადავო სიუჟეტში ისმოდა ბრალდებები. საქმის განხილვას თავად განმცხადებელი ესწრებოდა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
03.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა რატი ხვისტანმა და ლიკა ალელიშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გადაცემას ავალდებულებს. 

მათ წინააღმდეგ განცხადება პროფკავშრების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა შემოიტანა. სადავო ორი სიუჟეტი ეხებოდა რკინიგზაში დასაქმებულთა აქციას და პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევას. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა, ასევე დარღვეული იყო ქარტიის შემდეგი პრინციპები 3 (მიჩქმალვა), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 7 (დისკრიმინაცია), 10 (პირადი ცხოვრების დაცვა), 11 (ფაქტის გაზრახ დამახინჯება), თუმცა მსჯელობის შემდეგ ქარტიამ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

სადავო მასალა 1, მასალა 2
03.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ირაკლი მამალაძის განცხადება "ტელეარხი 25-ის" წინააღმდეგ. სადავო გახდა ტელეკომპანიის ეთერში ტოქშოუ "საზოგადოებრივი პოზიციის" 20 თებერვლის გადაცემა, რომელიც ეხებოდა ე.წ. "ციანიდის საქმეში" მსჯავრდებულის ადვოკატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გარკვეული ნორმების გასაჩივრებას.

ირაკლი მამალაძე, რომელიც აღინიშულ საქმეში ერთ-ერთი მოწმე იყო, ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაცემის მსვლელობისას მის მიმართ რამდენიმე ბრალდება გამოითქვა, რასაც ის "ტყუილსა და ცილიწამებას" უწოდებს. "არც წამყვანს და არც გადაცემის პროდიუსერებს არ უცდიათ ირაკლი მამალაძესთან დაკავშირება ან მისი ინტერესების რაიმე ფორმით დაცვა... წამყვანი თავად გამოდის მხარედ და ირონიული რეპლიკით აფიქსირებს საკუთარ პოზიციას", - აღნიშნულია განხადებაში. ირაკლი მამალაძე მიიჩნევს, რომ გადაცემის წამყვანმა და პროდიუსერმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს, რომელიც ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.


02.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას მედიაკრიტიკის პლატფორმა mediachecker.ge-ს რედაქტორის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • რედაქციის მართვა, ჟურნალისტებისთვის დავალებების გადანაწილება
  • მიღებული მასალების რედაქტირება და გამოქვეყნება
  • პასუხისმგებელია პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობის შესრულებაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ჟურნალისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • მედიაგარემოს ცოდნა
  • მედიაზე დაკვირვების და ანალიზის უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 16 მარტამდე გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
28.02.2018
შაბათს, 3 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს 4 განცხადებას:

  • 12:00 საათი- ირაკლი პეტრიაშვილი თამთა სანიკიძის, რატი ხვისტანის, ლიკა ალელიშვილის წინააღმდეგ.
28.02.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს და ითხოვს ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული ბრალდების და მუქარის შემცველი განცხადების შესწავლას. საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისი თუდეის" რედაქტორი ბუბა ჩივაძე აცხადებს, რომ მისთვის ჟურნალისტური საქმინობის ხელის შეშლის მიზნით ანონიმური წყაროები სოციალურ მედიაში მცდარ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც მისი აზრით ზიანს აყენებს პირადად მას და მის მედიასაშუალებას.

ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი, რათა არ დაირღვეს ჟურნალისტის უფლებები.
20.02.2018
აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიიდან გატაცების საქმეზე გამოძიების დაწყებიდან თითქმის 9 თვე გავიდა, თუმცა, ამ დრომდე საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობასა და ზოგადად, აზერბაიჯანელი დისიდენტების საქმეებში საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ გამოვლენილი პოლიტიკური ლოიალობის თაობაზე. მეტიც, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში იდენტიფიცირებული
19.02.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი ყიფიანის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების ქეთი ბრაჭულისა და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ. სადავო გახდა გადაცემა "იმედის კვირაში" გასული მასალა, რომელიც ეხებოდა მარიხუანის გამოყენებას სამედიცინო მიზნებისთვის. 

განცხადების თანახმად, მასალაში წამყვანი ამბობს "გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მარიხუანა საშიში არაა და მეტიც სასარგებლოა". გიორგი ყიფიანის თქმით კი მსგავსი დასკვნა ჯანდაცვის ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოცემულია სრულიად საპირისპირო ინფორმაცია, თუ რა მავნე შედეგებს იძლევა მარიხუანის მოქმედება. ამიტომაც განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

საბჭოს საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს 
09.02.2018

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.