სიახლეები
ქარტიის მედისკოლა 2018 წლის მეორე ჯგუფის დასაკომპლექტებლად სტუდენტთა მიღებას იწყებს.  მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ 5 თვის განმავლობაში იმუშაონ სხვადასხვა მიმართულებით და გააშუქონ მიმდინარე მოვლენები. კურსის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ 5 მოდულს:

ახალი ამბების გაშუქება
  • რა არის ახალი ამბავი?
  • ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება
  • ინფორმაციის წყაროები
ინფორმაციის გადამოწმება
  • ინფორმაციის გადამოწმების ხერხები
  • არსებული მონაცემთა ბაზების გამოყენება (სახელმწიფო ტენდერები, საჯარო რეესტრი, აუდიტის სამსახური)
  • დოკუმენტებთან მუშაობა
  • კავშირის დადგენა გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და კერძო პირებს/კომპანიებს შორის
წერის ტექნიკა
  • პრაქტიკული მუშაობისას წერის სტილის, სტრუქტურის დახვეწა
  • ფორმების მრავალფეროვნება
ეთიკური დილემები
  • საჯარო ინტერესის ტესტი მედიისთვის
  • ეთიკური საკითხები, რომლის გადაწყვეტაც ჟურნალისტს უწევს მუშაობისას
ამბის მოყოლის ფორმები
  • ინფორმაციის გადაცემის მულტიმედია ხერხები
  • პლატფორმები, რომელიც ვიზუალური მრავალფეროვნებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული
თითოეულ მოდულს გაუძღვებიან გამოცდილი ჟურნალისტები - მაია მეცხვარიშვილი, გიორგი მგელაძე, ნინო ჯაფიაშვილი, ზვიად ქორიძე, ნათია კუპრაშვილი. მათ გარდა მოისმენენ სხვა პრაქტიკოსი რეპორტიორების მასტერ კლასებს და პრაქტიკულად მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს.

პროექტში მონაწილეობა უფასოა. კანდიდატი უნდა იყოს ბაკალავრიატის დამამთავრებელი ან/და მაგისტრატურის სტუდენტი ვისაც სურს, რომ გახდეს ჟურნალისტი.

მედიასკოლაში სწავლის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 3 სექტემბერი, 18:00 საათი

პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან გაიმართება გასაუბრება, რის შემდეგაც 15 საუკეთესო მოხვდება ჯგუფში. სწავლა სექტემბრიდან დაიწყება.

ქარტიის მედიასკოლა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2018 წლის მარტში შექმნა. სკოლა ორიენტირებულია დამწყები ჟურნალისტებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. პირველმა ჯგუფმა  მუშაობა ივლისში დაასრულა.

უფრო ვრცლას სკოლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სტუდენტების მიერ შექმნილ ბლოგზე

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, შიო მღვიმელის ქუჩა 6ბა
ტელეფონი: 2912870
E-mail: ethicscharter@gmail.com
20.08.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს, ეკა გაგუას ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია. მის წინააღმდეგ განცხადება პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ შემოიტანა. ის მიიჩნევდა, რომ საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" 2018 წლის 16 ივნისს გასული სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ეკა ბესელიას კავშირს კომპანია "ქიუნეტთან", არასწორ ინფორმაციას შეიცავდა. მისი აზრით, დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები. 

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი. რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა კი საბჭოს კითხვებს ტელეფონის მეშვეობით უპასუხა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
01.08.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო ვასილ ცინაძის განცხადება პრაიმ ტაიმის ჟურნალისტის, თამთა ონოფრიშვილის წინააღმდეგ. მას მიაჩნია, რომ გამოცემამ პირველი პრინციპი დაარღვია, რადან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა სტატიით "QNET ლეგალური ბიზნესია და ფინანსურ პირამიდასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს". ვასილ ცინაძის აზრით, სტატია ეყრდნობა მხოლოდ "QNET-ის" წამომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და არა ფაქტებს. "კომპანია QNET, რომელსაც ადანაშაულებენ ფინანსური პირამიდის ბიზნესში, სათაურშივე გამოცხადებულია ლეგალურ ბიზნესად."

გარდა პირველი პრინციპისა, განმცხადებელს მიაჩნია, რომ დარღვეულია ქარტიის მეცხრე პრინციპიც, რომელიც ჟურნალისტს სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნას ავალდებულებს. მისი აზრით, ეს სტატია "პრაიმტაიმმა" ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ გამოაქვეყნა.

საქმეს ქარტიის საბჭო ღია სხდომაზე განიხილავს.
31.07.2018
26 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს ეკა ბესელიას განცხადებას "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის ეკა გაგუას წინააღმდეგ.

სადავო გახდა 2018 წლის 16 ივნისს, მაუწყებლის ეთერში, საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ გასული სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ეკა ბესელიას კავშირს მარკეტინგულ კომპანია „ქიუნეტთან“.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან კომპანიას არასოდეს ჰქონია და აქვს კავშირი მასთან. ეკა ბესელია მიიჩნნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

საქმის განხილვა საჯაროა და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
24.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მეგი გოცირიძის განცხადება, ონლაინგამოცემა reportiori.ge-ს წინააღმდეგ.

სადავო გახდა ვებგვერდის მიერ 2018 წლის 3 ივლისს გამოქვეყნებული მასალა სათაურით: „მეგი გოცირიძე პარიზში ქურდობისთვის დააკავეს.“

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ „რეპორტიორმა“ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რაც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გადამოწმებას ავალდებულებს. მხარე მიიჩნევს, რომ გამოცემას უშუალოდ მეგი გოცირიძესთან არ უცდია ინფორმაციის გადამოწმება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
24.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი პრინციპი (ინფორმაციის სიზუსტე) დაარღვიეს. ვინაიდან სიუჟეტს არ ეწერა ავტორი, ამასთან არც რედაქციამ მიაწოდა ინფორმაცია, მოპასუხე ჟურნალისტის იდენტიფიცირება ვერ მოხდა.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა ზუგდიდში უფასო სასადილოს და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კვების ხარჯის შემცირებას.

განმცხადებელი, მაგდალინა თოდუა ასევე დავობდა ქარტიის მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპთან დაკავშირებით, მაგრამ საბჭოს ამ პრინციპზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
21.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საინფორმაციო ცენტრმა „ჯიხამ“ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვია.

სადავო მასალა ეხებოდა „ჯიხას“ მიერ სოციალურ ქსელში, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტაბულას მიერ გადაღებულ ვიდეოს გაზიარებას, შემდეგი ტექსტით: „ფრთხილად! საქართველოში ნიღაბახდილი ანტიქრისტეს მიმდევრები მომრავლდნენ.“

განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის პირველ (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებთან დაკავშირებით, მაგრამ საბჭოს ამ პრინციპებზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
21.07.2018
მოგმართავთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად და წარმოგიდგენთ მოსაზრებებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტთან დაკავშირებით:

1. არ ჩანს აღნიშნული დოკუმენტი ეყრდნობა თუ არა რაიმე კვლევას, განსხვავებით დღეს მოქმედი 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტებისგან, რომელიც მომზადებული იყო კვლევის საფუძველზე.

20.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ორი განცხადება ტელეკომპანია თრიალეთის წინააღმდეგ. პირველი განმცხადებელი მაია ტატულაშვილი მიიჩნევს, რომ მალხაზ მიქელაძის სიუჟეტში "საიდუმლო გარიგება და პიარისთვის დახარჯული ხალხის ფული“ დაირღვა პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება), ვინაიდან, მისი აზრით, ინფორმაცია არაზუსტი და დაუსაბუთებელია.

მისი თქმით, ამ სიუჟეტით "თრიალეთი" შეეცადა "რეგიონის მოსახლოებაში მითის შექმნას, თითქოს „დია“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინტერესებს ატარებს და სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები მუნიციპალიტეტს და ქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა ტელევიზიასთან სწორედ ამიტომ, მაღალი თანამდებობის პირების, მერის და რეგიონის გუბერნატორის დავალებით გააფორმეს".

მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი განცხადება ქარტიაში ნოდარ მეტრეველმაც შემოიტანა, მას პრეტენზია აქვს გორის პანთეონის შესახებ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით, სადაც განმცხადებელიც ფიგურირებს. ისიც პირველ, მესამე და მეთერთმეტე მუხლებზე დავობს, რადგან მიაჩნია, რომ ტელეკომპანია მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განხილავს.
18.07.2018
21 ივლისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ საქმეებს:

1. 12:00 საათი - ცოტნე მუსელიანი ეკა გაგუასა და მიშა სესიაშვილის (რუსთავი 2) წინააღმდეგ

სადავო  მასალა, რომელიც "კურიერის“ ეთერში გავიდა, სვანეთში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ეხებოდა. ინფორმაციის თანახმად, მამას უკვე 8 წელია შვილები სახლში ჰყავს გამოკეტილი. განმცხადებელი, ცოტნე მუსელიანი მიიჩნევს, რომ მიშა სესიაშვილმა და ეგა გაგუამ დაარღვიეს ქარტიის რამდენიმე პრინციპი: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მერვე (ბავშვებთა ინტერესები) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

18.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვებ საიტმა news.coa.ge დაარღვია ქარტიის  პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. მის წინააღმდეგ განცხადება გიორგი გაბედავამ შემოიტანა, ის მიიჩნევდა, რომ მის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, როდესაც გამოცემამ ჟურნალისტის, ელისო კილაძის ფესბუკ სტატუსი უცველელად გამოაქვეყნა სათაურით - "გიორგი გაბედავა ბიძინა ივანიშვილს დედას აგინებს ! ეს იცით რატომაა პირადი ფირების ატვირთვის გამო ციხეში რომ არ ზის ". არდა პირველი პრინციპისა, გიორგი გაბედავა მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო მეშვიდე პრინციპიც(დისკრიმინაცია), თუმცა საბჭომ მისი მოსაზრება არ გაზიარა და მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ ვებსაიტის წარმომადგენლებს, მათ არც სადავო მასალაზე პასუხისმგებელი ჟურნალისტის ვინაობა აცნობეს საბჭოს. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.


12.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ და ჟურნალისტმა ქეთი ბრაჭულმა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვიეს. სადავო გახდა გადაცემა "იმედის კვირაში" გასული სიუჟეტი "მარიხუანა სამედიცინო მიზნებისთვის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნა".  მათ წინააღმდეგ განცხადება გიორგი ყიფიანმა შემოიტანა. ის მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და გარდა პირველი და მეხუთე პრინციპისა, მისი აზრით, დარღვეული იყო მესამე პრინციპიც, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, თუმცა, მოგვიანებით მოხსნა ეს მოთხოვნა.

გიორგი ყიფინამა ქეთი ბრაჭულისა და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი განცხადება შეიტანა ქარტიაში. სადავო ამჯერადაც მარიხუანის შესახებ მომზადებული სიუჟეტი იყო - "კანაფი და ქართული ტრადიცია - რისთვის იყენებდნენ მცენარეს სვანეთში საუკუნეების განმავლობაში".  ის მიიჩნევდა, რომ ამ სიუჟეტშიც დარღვეული იყო პირველი (სუზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები. საქმის განხილვისას მან მოხსნა მოთხოვნა მესამე პრინციპთან დაკავშირებით. საბჭომ მიიჩნია, რომ ქეთი ბრაჭულმა დაარღვია პირველი პრინციპი, მეხუთე პრინცპი კი არ დაურღვევია. ირაკლი ჩიხლაძეს კი ამ პრინციპების დარღვევა არ დაუდგინდა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
12.07.2018

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.